აიმუში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲმუშ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Аймуш) – მეცხვარეობის მფარველი ღვთაება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. წარმოდგენილი ჰყავთ მეცხვარედ, რომელიც ოსტატურად უკრავს სალამურზე. ზოგჯერ ოქროსრქებიანი თეთრი ცხვრის სახით ჩნდება, რაც კარგად ჩანს მის ერთ-ერთ სადიდებელში:

ოქროსრქიანი თეთრი ცხვარი აჲმუში
შეიძლება ტბის ნაპირზე შეჩერდეს.
თუ გვაძლევ, მოგვეცი აჲმუშ,
უშენოდ ძალა არ შეგვწევს, აჲმუშ,
მაკე ცხვრების მფარველო აჲმუშ,
უხეში მწყემსის მოძულე აჲმუშ,
შენ, სალამურის მფლობელო აჲმუშ,
ხურლა-ქიოლის ტბაში
შენი ფეხების კვალია, აჲმუშ.

აჲმუში ცხოვრობს დიდი ყარაჩის მაღალმთიანეთში მდებარე ხურლა-ქიოლის წმ. ტბაში. დროდადრო ტბიდან ამოდის და ვინც დაინახავს, მაშინათვე შავი ცხვარი უნდა შესწიროს: მისი პირველი სამი ნეკნი ტბაში უნდა ჩააგდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მნახველის შვილებს ვნებს (სხვა ცნობით, დაქორწინების შემდეგ ღვთაება ჩირიქ-ქიოლის ტბაში ცხოვრობს, საიდანაც მთვარიან ღამეში ნიმფებთან ერთად ამოდის და ფერხულს მართავს. მწყემსები და მონადირეები ნებისმიერ ტბასთან მიახლოებისას მის სადიდებელს მღერიან). აჲმუშს ჰყავს დედა ქემისხანი და ძმები – სიქუნი, სიიმუში, სიინუხი. აჲმუშის შესახებ ლეგენდის ჩამწერი მ. ალეინიკოვი გვამცნობს: „ყარაჩელები დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ აჲმუში ახლაც ნამდვილად ცოცხალია და თავის ფარასთან ერთად ტბის ქვეშ არსებულ რომელიღაც სამეფოში მკვიდრობს. ამბობენ, რომ ცხვართა კრეჭვის დროს მისი ცხვრის მატყლი წყლის ზედაპირზე ჩნდება“.

ბალყარულ-ყარაჩული ეთნოქორეოგრაფია იცნობს აჲმუშის სახელობის ცეკვის რამდენიმე ვარიანტს.


ლიტერატურა

  • Азаматов К. Пережитки язычества в верованиях балкарцев // Из истории феодальной Кабардино-Балкарии. Нальчик, 1980;
  • Алейников М. Карачаевские сказания // Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1983;
  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Кудаев М. Язык охотника // Приложение к журналу „Минги Тау“. Нальчик, 2010, № 7;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები