აინარ იჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აინარ იჟი - ნართი მჭედელი

აინარ იჟი (აფხ. Аинар ажьи) – აინარ მჭედელი, ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიის მიხედვით, მჭედელი, რომელსაც ნართების დედა, სათანეი-გვაშა, ახინაპს – „ოქროსხელიანს“ – უწოდებს.

ფოლადის მუხლები მისი გრდემლია, მარჯვენა მუშტი – თუჯის ურო, მარცხენა – რწუხი. აინარი ნართებისთვის იარაღ-საჭურველს ამზადებს. მან გააკეთა სასრიყვას რკინის აკვანი, რომელსაც ნართებიც კი ადგილიდან ვერ ძრავენ და თავისით ირწევა. აინარმა აწრთო თავის ქურაში სასრიყვა; სპილენძის ფირფიტით შეუკეთა თავის ქალა ნარჯხეუს მიერ დაჭრილ ხვაჟარფისს. მჭედელი აინარი სათანეი-გვაშას მესაიდუმლეა, მის ყოველ დავალებას უყოყმანოდ ასრულებს და ნართების დედას ახიშარგუწას – „ოქროსტერფიანს“ უწოდებს. სათანეი-გვაშას გულისთვის მას „შრომა-გარჯა არ ეზარება, უროს არ ზოგავს, ხოლო გრდემლი მუდამ მზად აქვს და მტერს აჟვეიფშას ცეცხლს აყრის“, – მოგვითხრობს ერთი გადმოცემა.

თქმულების თანახმად, სიკვდილის წინ მჭედელმა ღმერთს შესთხოვა, მისი ხელობა ადამიანებისთვის გადაეცა ისე, რომ მათ ლითონის დაჩრჩილვა არ შეძლებოდათ; ღმერთმა თხოვნა შეუსრულა; „ამიტომ ემჩნევა ჩვენს ქვაბებს ნაკერი“, – ნათქვამია გადმოცემაში.

ნართულ გადმოცემათა გარდა, აინარ მჭედელი ხშირად იხსენიება აფხაზურ საწეს-ჩვეულებო პოეზიაში, რაც მისი სახის არქაულობაზე მიუთითებს. ნართული ეპოსის ოსური ვერსიის ქურდალაგონთან და ადიღეური გადმოცემების თლეფშთან ერთად, იგი მსოფლიო ფოლკლორის ისეთი დიდი მჭედლების გვერდით დგას, როგორებიც არიან ბერძნული მითოლოგიის ჰეფესტო, „კალევალას“ ილმარინენი და სხვები.


ლიტერატურა

  • Приключения нарта Сасрыквы и его девяноста девяти братьев. М., 1962; Сух., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები