აიობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აიობა (აფხ. Аиоба)ბზობის (ბაიობის) წინა კვირა. ამ დღეს აფხაზები თავიანთ საცხოვრებლებს გაზაფხულის პირველი ყვავილებით მორთავდნენ, მსხვერპლშეწირვა ან სხვა რამ საკულტო მსახურება არ იცოდნენ; დილიდანვე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრიბებოდნენ და საღამომდე ბურთის თამაშით, ჭიდაობით, ქვებისა და იარაღის მიზანში სროლით, ცხენების ჯირითით ერთობოდნენ.

დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობისწინა კვირა სამეგრელოში ცნობილია „აიობის“ სახელწოდებით. აიობაზე მეგრელები საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს ყვავილებით შეამკობდნენ, მეზობლები ერთმანეთს აუცილებლად ყვავილებით, განსაკუთრებით იებით მოიკითხავდნენ, ყვავილები მიჰქონდათ ნათესავთა საფლავებზეც; ლელობურთს ამ დღემდე არ ითამაშებდნენ, ბოლოს ბურთი, ყოველმიზეზგარეშე, მდინარეში უნდა გადაეგდოთ; იცოდნენ ასევე მარულა, მიზანში სროლა, ჭიდაობა და სხვა სახის შეჯიბრებები. აიობა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეობათაგანი იყო, რადგანაც იგი იხსენიება განსაკუთრებით მნიშვნელოვან დღესასწაულთა ჩამონათვალში, რომელიც ძალზე გავრცელებულ ხალხურ ლექსშია მოცემული:

„აია რე, ბაია რე,
ბაიაში წორი თანაფა რე,
ქირსე რენი დო კალანდა რე,
წაკურთხია ჯგირი დღა რე“.
„აიაა, ბაიაა (ბზობაა),
ბაიას (ბზობის) სწორი აღდგომაა,
ქრისტეშობაა და კალანდაა,
წყალკურთხევა კარგი (წმინდა) დღეა“.

აქვე უნდა ითქვას, რომ მეგრელები დიდმარხვის მესამე კვირადღეს – „მუთა ჟაშხას“ („არაფერი კვირადღე“), მეოთხეს – „ყურუ ჟაშხას“ (სიტყვასიტყვით „ყრუ კვირადღე“, შეიძლება გავიგოთ, როგორც „ბავშვი კვირადღე“), მეხუთეს – „აია ჟაშხას“ („აია კვირადღე“) და მეექვსეს – „ბაია ჟაშხას“ („ბაია კვირადღე“ – „ბზობის კვირადღე“) უწოდებენ. ასეთი ეპითეტები კვირადღის ანუ მზის დღის თანდათანობით გამნიშვნელოვანებას გულისხმობენ, რაც შესაძლოა აღდგომის მოახლოებას უკავშირდება, თუმცა არც სახელწოდებაში და არც საამდღისო ღონისძიებებში არ ჩანს ზოგადად ქრისტიანობასთან, კერძოდ კი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებული საკულტო ქმედებები. მეგრელის აზრით, „მუთა ჟაშხადან“ მოკიდებული აღდგომამდე მზე ცაზე ყოველ კვირა თითო ორგიით მაღლა იწევს და, როგორც ჩანს, ეს მნათობი აიობის დღისთვის ცაზე მნიშვნელოვან სიმაღლეს აღწევს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არაა გამორიცხული, აიობა გაზაფხულის ბუნიობისადმი მიძღვნილ დღესასწაულთა ციკლის ერთ-ერთ დღეობას წარმოადგენდეს. ამ აზრს უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ სწორედ აიობაზე იცოდნენ ბურთის (ბურთი კი მზის სიმბოლოა) პირველი თამაში და ეს დღე ყვავილების დღედ ითვლებოდა. უნდა ითქვას, რომ ბუნებაში ციკლურად მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის ბუნიობის პერიოდი ისევე, როგორც ადამიანთა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი (დაბადება, ქორწილი, სიკვდილი და მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები, ძველი და ახალი წლების მიჯნა და სხვ.) აღქმულია კრიტიკულ დროდ, როცა ქაოსის დამანგრეველ ძალთაგან კოსმიური წესრიგის, წონასწორობის რღვევის საშიშროება დგება. სწორედ იმიტომ ეწყობა აიობის დღეს მაგიური ხასიათის თამაშები, რომ დაძლიონ დემონური ძალები (საერთოდ უნდა ითქვას, რომ გასაგები მიზეზების გამო ადრესაგაზაფხულო და საგაზაფხულო ციკლის დღეობებსა და წეს-ჩვეულებებში მაგიურ ქმედებებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ). ტერმინი „აიობა“ და აიობასთან დაკავშირებული ჩვეულება აფხაზებს მეგრელებისგან აქვთ ნასესხები.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960; И. Кобалия. Из мифической Колхиды // СМОМПК. Тф., 1903. Вып. 32.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები