ალაგათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაგათა (ოს. Алæгатæ)ნართების სამი გვარიდან ერთ-ერთი. ახსართაგათებისა და ბორათებისგან განსხვავებით, ალაგათების გვარი ეპოსში შედარებით ნაკლებად იხსენიება (ზოგიერთი ვარიანტით, ამ გვარიდანაა თოთრაძი, რომელმაც სახელოვანი ნართი სოსლანი ორთაბრძოლაში დაამარცხა; სხვა ვარიანტებით, თოთრაძი ან ალიმბეგთა გვარს ეკუთვნის ან ალითას გვარს).

საქონლისა თუ ცხენების გამორეკვის მიზნით ალაგათები არ მონაწილეობენ ე. წ. ბალცში – ყაჩაღურ თავდასხმებში. როგორც ჩანს, დანარჩენი ნართების მიერ მოპოვებული ნადავლიდან ისინი გარკვეულ წილს იღებენ, თუმცა ეპოსში არ არის საამისო პირდაპირი მითითება. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას თუ რა საშუალებით აწყობენ ალაგათები ქორწილებს და განსაკუთრებით კულტის რანგში აყვანილ საერთონართულ ნადიმებს, რომლებზეც ხშირად იმართება ნართული სიმდი (ეპოსში ცეკვას აშკარად რიტუალური დანიშნულება აქვს. ნართები მაშინაც კი ცეკვავენ, როცა მათ სოფელში მტრის ლაშქარია შემოსული).

ალაგათებთან ინახება ნართების სასწაულმოქმედი თასინართამონგა („ვაცამონგა“), რომელიც ასეთ თავყრილობებზე საზეიმოდ გამოაქვთ სათანადო რიტუალის ჩასატარებლად. აღნიშნული და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, თვალსაჩინო ფრანგი მეცნიერი ჟ. დჲუმეზილი, მის მიერ შემუშავებული საფუნქციურობის კონცეფციის საფუძველზე, ალაგათების გვარს კულტმსახურთა (ქურუმთა) ფენას განაკუთვნებს. ამ არცთუ უსაფუძვლო თვალსაზრისს მხარს უჭერს ჩერქეზული მასალა, რომლის თანახმად ალაგათების ჩერქეზული გვარი – ალეჯი, ზემოაღნიშნული ფუნქციების გარდა, მოხუცთა მოკვდინების ცნობილი ჩვეულების აღმსრულებელია (ეპოსის ოსურ ვერსიაში ალაგათების ეს ფუნქციაც შეიმჩნევა: ნართები სწორედ ამ მიზნით იწვევენ მოხუც ურუზმაგს ერთ-ერთ ქუვდზე – რიტუალურ ნადიმზე, თუმცა ჩანაფიქრს ვერ ანხორციელებენ). ბუნებრივია, რომ მოგვიანებით ალანოსების სოციალური ორგანიზაციისა და რელიგიური მსოფლმხედველობის ცვლილებებთან ერთად საზოგადოების სტრუქტურიდან ქურუმთა ფენა გაქრა. ეპოსის მატარებელ ხალხს მეომარი ახსართაგათების და მესაქონლე ბორათების ფონზე ალაგათების გვარისადმი ინტერესი შეუსუსტდა და ამიტომაც არის, რომ ამ უკანასკნელებზე გადმოცემები ბევრს არაფერს ყვებიან.

Алæгатæ ნაწარმოებია საკუთარ სახელზე (Алæг-) გვარების მაწარმოებელი -тæ ფორმანტის დართვით (შდრ. ყაბარდოული და აბძახური Алагукъуэ, სადაც къуэ არის „ძე“). ვ. აბაევის აზრით, აღნიშნული სახელი კავკასიური წარმომავლობისაა.



ლიტერატურა

Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976; Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები