ალავერდის მაცხოვრის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალავერდის მაცხოვრის ხატი

ალავერდის მაცხოვრის ხატი - (XVI ს. I ნახ.), წარმოადგენს ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძრის და ზოგადად, კახეთის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდეს, რომელიც 1924 წლამდე ამ ტაძარში იყო დასვენებული, ხოლო დღეს დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ზომა: 57.5 X 41 სმ, მასალა: ხალასი ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები, მარგალიტი, ხე, ცვილი, ტემპერის საღებავები. ტექნიკა: თეგვა, ტემპერა.

ალავერდის მაცხოვრის ხატის მხატვრულ-სტილისტური თავისებურებები, ისე, როგორც ისტორიული ხასიათის წარწერა, მიუთითებენ ხატის დაწერის თარიღზე. ვერცხლის ფირფიტით შეჭედილ ზურგზე, მის ცენტრში, ხის საფუძველზე ამოკვეთილია რვამკლავიანი ჯვარი და მის ორივე მხარეს 29-29 სანაწილე ბუდე. ჯვარი და ბუდეები ამოვსებულია ცვილით, მასში ჩაძირული წმ. ნაწილებით, რომელთაც განმსაზღვრელი წარწერები არ ახლავს. ფონი დაფარულია დაბალი რელიეფის მქონე მცენარეული დეკორით. ზურგის მოჭედილობის ვერცხლის ფირფიტის ზედა და ქვედა არეებზე განაწილებულ ცხრასტრიქონიან ქართულ ასომთავრულ საქტიტორო წარწერაში მოხსენიებული არიან კახთა მეფე ლეონ (ლევან) II (1520- 1574) და მისი თანამეცხედრე დედოფალი თინათინი, მამია I გურიელის ასული, რომელთაც ხატი მოუჭედვინებიათ მათი მეფობის „წარსამართებლად და ცოდვათა მათთა შესანდობელად“. წარწერაში მეფე ლეონსა და დედოფალ თინათინთან მათი მემკვიდრეები ჯერ კიდევ არ მოიხსენიებიან. ეს სამეფო წყვილი ძეებთან – გიორგისა და იესესთან ერთად პირველად 1532 წ. დათარიღებულ სიგელში ჩნდება, ხოლო 1527 წ. შედგენილ საბუთში ლეონთან თანამეცხედრე ჯერ კიდევ არ არის დასახელებული. ამდენად, საფიქრებელია, რომ ალავერდის მაცხოვრის ხატი 1528-1530 წწ. შორის დაიწერა და მოიჭედა.

ალავერდის მაცხოვრის ხატის ზურგი (სანაწილე)

ალავერდის მაცხოვრის ხატი XVI ს. კახეთის საოქრომჭედლო კერაში შექმნილი ხატების რიგში ყველაზე ადრეული ხანის რგოლია, რომელშიც თავი იჩინა აღნიშნული ეპოქისათვის დამახასიათებელმა ახალმა მხატვრულმა მიდგომამ. ხატის შემკობაში შეინიშნება აღმოსავლური, კერძოდ, სეფიანთა ირანის კულტურული ელემენტების გავლენა. ეს ნათლად ჩანს ხალიჩოვან ორნამენტულ დეკორსა და ფერადოვან აქცენტებში. ლეონ კახთა მეფის ეპოქის შესაბამისად ხატის ფონსა და მაცხოვრის შარავანდზე დაბალი რელიეფის მქონე „ხალიჩოვან“ მცენარეულ დეკორს უპირისპირდება ჩარჩოს ზოლების რელიეფურად ამოზიდული ხვიარა ყვავილოვან – ფოთლოვანი ორნამენტი.

ფერადოვანი აქცენტების გაძლიერების თვალსაზრისით ხატზე ჭარბადაა გამოყენებული თვალ-მარგალიტი, რომელთა შორის განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ფირუზი, ამ დროის სპარსეთში ფართოდ გავრცელებული ქვა. ოქროს ნათელ ფონზე ფირუზის დახშულ და იაგუნდის გამჭვირვალე მოციმციმე ტონებს ამდიდრებს მარგალიტის რძისფერი, თბილი ტონალობა. ეს ფერადოვანი ლაქები ხატის ფონზე მომცრო, ხოლო შარავანდზე მოზრდილი ქვების სახითაა მიმობნეული (ერთი მოზრდილი ქვა დამაგრებულია ჩარჩოს ზედა ზოლზე). ხატის ფერადოვან ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს მაცხოვრის ფერწერული სახე.

მაცხოვრის ფრონტალური ნახევარფიგურა მწყობრი ბარელიეფით გადმოიცემა, რითაც ოსტატი ერთგვარად აგრძელებს შუა საუკუნეებში შემუშავებულ ტრადიციებს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, აქ რელიეფი სიმშრალით, ხოლო ხაზი სიხისტით ხასიათდება. განსაკუთრებული გულმოდგინებითაა მოდელირებული მაკურთხებელი მარჯვენა და მარცხენა ხელი სახარებითურთ.

ე. კავლელაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები