ალავერდის ოთხთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალავერდის ოთხთავი

ალავერდის ოთხთავი - (XI ს.), კლასიკური ხანის ქართული ხელნაწერი წიგნის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში. შეიცავს ოთხთავის ქართულ თარგმანის X-XI სს. ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელების მიერ დაზუსტებულ, უტყუარ რედაქციას: „ესე უწყოდეთ, წმიდანო მამანო, რომელნიცა მოემთხჳნეთ წმიდასა ამას სახარებასა. ფრიად მართალ და წრფელ არს მამისა ეფთჳმეს სახარებათა და შეწამებული ბერძულსა ორჯერ და ქართულსა ყოვლითურთ უნაკლოჲ რიცხჳთა და კანონითა“ (314 r]. ამავე დროს, იგი წარმოადგენს იმ მცირერიცხოვან ოთხთავთაგან პირველს (ასეთი სულ ოთხია), რომელშიც სახარების ტექსტს ახლავს მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებული აპოკრიფული თხრობა „ავგაროზის ეპისტოლე“. ეს მისი არქაული, ადრეული რედაქციაა, რომელიც მხოლოდ ამ ხელნაწერმა შემოუნახა ბიზანტიურ სასულიერო მწერლობას.

მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით შემკული, მაღალი ხარისხის ეტრატზე კალიგრაფიული ხელწერითა და ოქრომელნის გამოყენებით გადაწერილი „ალავერდის ოთხთავი“ განეკუთვნება ე.წ. „საზეიმო“ წიგნთა რიცხვს, რომლებიც იქმნებოდნენ საგანგებო დაფინანსებითა და გამორჩეულ მწიგნობართა მონაწილეობით. „ალავერდის ოთხთავი“ გადაიწერა 1054 წ. შავი, ანუ სასწაულთმოქმედი მთის (ისტ. ანტიოქია, ახლანდ. თურქე. რესპ.) ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავანეში – ღვთისმშობლის კალიპოსის ლავრაში. მისი გადამწერია სამი პირი: გიორგი, მიქაელი (241v, 314v) და იოვანე დვალი (323V); მომგებელი, ანუ ფინანსურად უზრუნველმყოფი – სვიმეონ მღვდელი (9v, 100r, 323v]. წიგნზე დართული თანადროული ანდერძის თანახმად, იგი შეიქმნა ბაგრატ IV-ის, აფხაზთა და ქართველთა მეფისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსის ბიზანტიაში ჩასვლის აღსანიშნავად: „დაიწერა კალიპოსს, ლავრასა წმიდისა ღვთისმშობელისასა, მეფობასა კონსტანტინე მონომახისასა, ანტიოქიას პატრიარქობასა პეტრესსა და ბაგრატ აფხაზთა მეფისა ნოველისიმოსისა სამეუფოსა ყოფასა“ (313V). 1059 წ. სამეფო კარსა და ლიპარიტ II ბაღვაშს შორის არსებული კონფლიქტის სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად დასრულების აღსანიშნავად ბაგრატ IV-ის ნებით მეამბოხე ფეოდალის მემკვიდრემ, ივანე ლიპარიტის ძემ, წიგნი ჩაასმევინა ოქროთი დაფერილ ვერცხლის ერთიან ჭედურ ყდაში, ჩამოიტანა საქართველოში და სხვა დიდძალ საეკლესიო საგანძურთან ერთად შესწირა კაცხის ღვთისმშობლის მონასტერს. გადანაცვლების შემდეგ, XVI ს., წიგნი მცირე ხნით გამოჩნდა ხანცთის წმ. გიორგის მონასტერში; XVII ს. იგი კერძო პირისგან გამოისყიდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანის კარის წინამძღვარმა ზებედემ. დადიანთა კარზე, პირველადი ყდის დაკარგვის გამო, ოთხთავი ხელახლა ჩაისვა 70 ძვირფასი ქვით მოჭედილსა და წმ. გიორგის მინანქრული გამოსახულებით შემკულ ვერცხლის ყდაში – წინა ფრთაზე მაცხოვრის, ხოლო უკანა ფრთაზე ღვთისმშობლის ფერწერული გამოსახულებებით. შაჰ-აბასის მიერ კახეთის მოოხრებისა და კახთა დედოფალ ქეთევანის წამების (1624) შემდეგ, ალავერდელმა ზებედემ წიგნი შესწირა ალავერდის მონასტერს; XIX-XX სს. მიჯნაზე ოთხთავმა ბინა დაიდო საეკლესიო მუზეუმში. 1921 წ. საქართველოს განძეულობასთან ერთად იგი გაიტანეს საფრანგეთში, საიდანაც დაბრუნდა საქართველოში 1945 წ. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ფონდებში.

მიუხედავად ასეთი რთული და ხანგრძლივი მოგზაურობისა, „ალავერდის ოთხთავი“ კარგად შემონახული ხელნაწერი წიგნია, რაც განაპირობა მისი შემქმნელი ჯგუფის – მომგებლის, კალიგრაფების, მხატვარ-მინიატიურისტის, საწერი მასალის შემამზადებლისა და მმოსველის, ანუ მკინძავის – პასუხისმგებლობამ და ოსტატობამ. წიგნი გადაწერილია კარგად დამუშავებულ თხელ სპილოსძვლისფერ ეტრატზე ორ სვეტად. ტექსტი ნაწერია ნუსხურით, ხოლო „ავგაროზის ეპისტოლე“ – მთავრულით. საწერად გამოყენებულია ოთხი ფერის მელანი: ტექსტისთვის – ყავისფერი, სათაურებისა და მომგებლის მოსახსენებლისთვის – ოქრომელანი, თავსართი ორნამენტებისა და საზედაო ასოებისთვის – წითლისა და ლურჯის კომბინაცია (სულ 34 საზედაო ასოა). სახარების ტექსტს წინ უძღვის მხატვრულ მოჩარჩოებაში ჩასმული „ევსებიოსის წერილი კარპიანესადმი“ და სახარების 14 კამარა, ანუ კანონი. კანონები დასრულებულია გოლგოთის აყვავებული ჯვრის გამოსახულებით, რომელიც კამარაშია ჩასმული და ორივე მხარეს ახლავს ბერძნულ-ქართული წარწერები: „იესუ ქრისტეს ძლევაჲ“. ჯვრისგამოსახულებიანი ფურცელი წინა გვერდებისგან გამოიყოფა ნათელი, მბრწყინავი ფერადოვნებით.

წიგნი შემკულია ცხრა მინიატიურით, რომელთაგან მხოლოდ ოთხი ეკუთვნის ოთხთავს. თავის დასაწყისში ცალკე ფურცელზე განთავსებულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მახარებელთა მინიატიურები; მარჯვენა კუთხეში გამოსახული არიან შთამაგონებლები: წმ. მათესთანიესო ქრისტე, წმ. მარკოზთან – წმ. პეტრე მოციქული, წმ. ლუკასთან – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმ. იოანესთან – მაკურთხებელი მარჯვენა. ხუთი მინიატიურა ერთვის „ავგაროზის ეპისტოლის“ ტექსტს, ოთხი მათგანი ჩართულია თავად თხზულებაში. ცალკეა გამოყოფილი აპოკრიფის თავფურცლად გამიზნული პირველი მინიატიურა მწოლიარე ავგაროზისა, მასთან მდგომი მალემსრბოლის თანხლებით. კამარებში ჩაწერილია წარწერა: „ავგაროს სამეუფოჲ მეფისაჲ“. „ალავერდის ოთხთავი“ ერთადერთი ხელნაწერი წიგნია, რომელშიც დაცულია ხელთუქმნელი ხატის, ანუ მანდილიონის გამოსახულება (320V). მანდილზე აღბეჭდილი მაცხოვრის სახე გარშემორტყმულია სიმეტრიულად განლაგებული, წრეში ჩახატული რვა ტოლფერდა ჯვრით, რომელთა მოხაზულობაც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლნური ჯვრის სახელწოდებითაა ცნობილი და რომელიც სათავეს სირია-პალესტინური გარემოდან იღებს. კამარათა არქიტექტონიკა, რაოდენობა, „ევსებიოსის წერილის“ დეკორი მოჩარჩოება, მანდილიონის სიმბოლიკა და „ავგაროზის ეპისტოლის“ რედაქციული თავისებურებები შავი მთის სკრიპტორიუმებისა და იქ მოღვაწე ქართველი მწიგნობრების ღვაწლის საუკეთესო დასტურია.

ნ. ჩხიკვაძე

ლიტერატურა

  • ავგაროზის ეპისტოლე, ძველი ქართული რედაქციები, თბ.,2007;
  • ქავთარია მ., ალავერდის ოთხთავის (454) მხატვრული გაფორმების თავისებურებები, „საქართველოს სიძველენი“, 2006, #9;
  • Шмерлинг Р., Художественное оформление грузинской рукописи книги IX-XI столетий, Тб., 1979;
  • Skhirtladze Z., Cannonizing the Apokripha the Abgar cycle in the Alaverdi and Gelati Gospels, VIIIa Spelman Coloquia, v. 6, Nuova Alfa Editoriale, Bologna, 1998.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები