ალავერდის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალავერდი.
კათედრალი. საერთო ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

ალავერდი - წმ. გიორგის ტაძარი XI საუკუნის პირველი მეოთხედი მდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას, ახლანდელ ახმეტის რაიონში; ალავერდი შუა საუკუნეების საქართველოს ერთი ყველაზე სახელგანთქმული სალოცავთაგანი იყო, ხოლო ალავერდობას (სექტემბერ-ოქტომბერში) დიდად, პოპულარული იყო საეკლესიო და სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველები (გარე-კახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან), არამედ, ქისტები და დაღესტნელებიც. იმართებოდა ბაზრობაც.


სარჩევი

ისტორია

ამ ადგილას პირველი ეკლესიის აგება უკავშირდება ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის (VI ს.) სახელს. მაშინ ეს სოფელთაგან დაშორებული, უკაცრიელი ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ არსებობდა წარმართული სალოცავი, რომელიც მრავალრიცხოვან მორწმუნეს იზიდავდა. სწორედ ამიტომ უნდა აერჩია ეს ადგილი ეკლესიის ასაშენებლად ახალი სარწმუნოების მქადაგებელს, მისიონერ იოსებს. ალავერდის დიდ სახელსა და პოპულარობას ზოგი ძველი წერილობითი საბუთიც მოწმობს, მაგალითად, სოფელ ერედვის (ქართლშია) ეკლესიის წარწერა 906 წლისა, რომელშიაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მეფემ კონსტანტინემ, ჰერეთში ლაშქრობის დროს, „ცისკრად ალავერდს ილოცა“.

ალავერდი.
კათედრალი. სიგრძივი განაკვეთი. ნ. სევეროვის მიხედვით.

ტაძარი აგებულია კახეთის სამეფოს ძლიერების ხანაში - ეს ყველაზე დიდი საეკლესიო ძეგლია კახეთში და ერთი უდიდესთაგანი მთელ საქართველოში. ძეგლი დათარიღებულია, უპირველეს ყოვლისა, მისი არქიტექტურის ანალიზის საფუძველზე. გარდა შენობის ტიპისა, საერთო სტრუქტურისა და პროპორციებისა, მორთულობის სისტემისა (ეს მონაცემები უეჭველად განსაზღვრავს ტაძრის აგების ეპოქას), გ. ჩუბინაშვილმა ყურადღება მიაქცია ზოგ ხუროთმოძღვრულსა და დეკორაციულ ელემენტს, რომლებიც ტაძარს აახლოებს X-XI საუკუნის მიჯნასთან (მაგ., ნახევარწრიული კედლის სვეტები, დამახასიათებელი X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის ექვსაფსიდიანი ეკლესიებისთვის, და სხვა), აგრეთვე იმასაც, რომ აღმოსავლეთი ფასადის კომპოზიცია, თავისი განვითარების დონით, აშკარად წინ უსწრებს ისეთი ძეგლის აღმოსავლეთი ფასადისას, როგორიც არის 1030 წლით დათარიღებული სამთავისის კათედრალი.

აღმოსავლეთ ფასადზე, ძალიან მაღლა, რელიეფური ჯვრის ქვემოთ, გვიანდელი შელესილობის მოშორების შემდეგ აღმოჩნდა ძალიან ლამაზი მთავრული ასოებით შესრულებული წარწერა, რომლის ნაწილიც დაღუპულია, გადარჩენილი ნაწილი კი ასე იკითხება: „წმიდაო გიორგი, მეხვაიშნე ეყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენსა გიორგი აბაის, დისწულსა გოდერძი ერისთავისასა, რომელმან აღაშენა... კონქი ესე ამინ“. პალეოგრაფიული ნიშნებით ნაწერი ტიპურია XI საუკუნის პირველი ნახევრისათვის. იმ დროის საბუთებში იხსენიება ვინმე გოდერძი ერისთავ-ერისთავიც (აბაი = აბა = აბბა = ამბა, ნიშნავს მამას; მეხვაიშნე უნდა ნიშნავდეს შემწეს, შუამდგომელს).

ძირითადი ნაწილები რიყის ქვით არის ნაშენი, მაგრამ თავდაპირველად კედლები გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებული იყო შირიმის თლილი ფილებით. 1476 და 1495 წლებს შუა ძლიერ დაზიანდა და აღდგენილ იქნა (კედლის დანგრეული ნაწილი და გუმბათი ყელითურთ): ცნობა ამის შესახებ შემოგვინახა ქართლის ცხოვრების. ანასეული ნუსხის გადამწერმა თავის ანდერძში: „ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთავე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთა დედოფალი ნესტან-დარეჯან და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა... ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა ვერ ხელ ეყო განწმენდად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმინდეს ყოვლისაგან ღუარძლისა, აღაშენნეს ცაი და გუმბათი და სამხრონი ... და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა... შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა... „ და სხვა (ცა აქ კამარას უნდა ნიშნავდეს, სამხრო - ტაძრის მკლავს);

ალავერდი.
კათედრალი. აღმოსავლეთი ფასადი.

ახლა იკონოსტასი მოხსნილია, ხოლო 1967 წელს, კედლების გაწმენდის შედეგად გამოჩნდა ძველი ფრესკების ნაწილი - ყველაზე მნიშვნელოვანი (აფსიდში) - XI საუკუნისა, აგრეთვე XV-XVI საუკუნეებისა (კონქსა და სამხრეთ მკლავში) და XVI-XVII საუკუნეებისა (დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე).

XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდში დაარსდა დედათა მონასტერი, რომელშიც ცხოვრობდნენ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წეერები. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწიგნობარნი, კალიგრაფები, მწერლები.

ალავერდის გალავნის ფარგლებში კიდევ მოთაესებულია:

  • ფეიქარ-ხანის სასახლე (ფეიქარ-ხანი ირანის შაჰის აბასის ნაცვალი იყო კახეთში 1616- 1623 წლებში): აგურის რვაკუთხა კიოსკი, მასზე მიშენებული დაბალი ოთხკუთხა შენობა და ყაზარმა.
  • სატრაპეზო, მარანი, ესენიც სპარსთა ბატონობის დროინდელი, XVII საუკუნისა.

გალავნის გარეთ აბანოს შენობაა, აგრეთვე გვიანდელი. გალავანი უსწორო მოხაზულობისაა, ადგილმდებარეობასთან და არსებულ შენობებთან შეფარდებული და მრგვალი კოშკებით გამაგრებული (XVII-XVIII საუკუნეებისა).

ეკლესიის გარეთა ზომებია (მინაშენთა გარეშე): 25,20 x 41,0 მ., სიმაღლე შიგნით, უგუმბათოდ (კამარებამდე) - 23,0 მეტრამდე, გუმბათიანად - 42,5 მეტრამდე, გარედან 51,5 მეტრამდე.

ძეგლი რამდენიმეჯერ ჩამოინგრა, განსაკუთრებით საგრძნობლად 1742 წლის მიწისძვრის დროს, და კვლავ აღადგინეს („ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ტექსტში და საბუთებში ალავერდის გაძარცვის, დაზიანებისა და აღდგენა-განახლების შესახებ ბევრი ცნობაა, „ახალი ქართლის ცხოვრება“ აღნიშნავს მის შემუსრვას შაჰ-აბასის მიერაც).

XIX საუკუნის ორმოციან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს არსებული სტოები მოსპო. შიგნით კედლები შეათეთრეს და ძველი ფრესკები დაფარეს. აღმართეს უზარმაზარი იკონოსტასი, რომელიც საკურთხეველს ძირითადი სივრცისგან თიშავდა და ძალიან უშლიდა ინტერიერის ნამდვილი მასშტაბისა და პროპორციების სწორ აღქმას.

არქიტექტურა

გეგმის საფუძველს, ისევე როგორც ოშკისა და ქუთაისში, ალავერდშიაც ტრიკონქი წარმოადგენს. მაგრამ აქ სამივე აფსიდი გარე კედლების სწორკუთხედშია მოქცეული. ჯვრის სახე მიწის დონეზე კი არ ისახება, არამედ სივრცეში იქმნება შენობის მასებით, როდორც ეს არაერთხელ გვხვდება წრომის ტაძრიდან მოყოლებული. აფსიდები ერთმანეთს მიუახლოვდა და მძლავრ გუმბათქვეშა ბოძებს მიებჯინა. სადიაკვნე და სამკვეთლოც აფსიდებიანია, მაღალი თაღოვანი გასასვლელებით დაკავშირებული მთავარ სივრცესთან. დასავლეთის მკლავის გარშემო სამმხრივი პატრონიკეა, მისი სამხრეთი და ჩრდილოეთი მონაკვეთები ნამდვილ დარბაზებს წარმოადგენს (პარტონიკეზე ასასვლელი ტაძრის დასავლეთი შესასვლელის მარცხნივ არის, ჩრდილოეთ კედელში). დროთა განმავლობაში აქ ზოგი რამ შეიცვალა: პატრონიკეს ჩრდილოეთი დარბაზი ყრუ კედლით გამოთიშეს დასავლეთი მკლავისაგან, სამხრეთი დარბაზის თაღები კი (დასავლეთ მკლავთან დაკავშირებული) ამოაშენეს და ოთხი ღია თაღის ნაცვლად მხოლოდ სამრეკლოები დატოვეს; არსებითად პატრონიკეს ეს ნაწილიც გამოეთიშა ტაძრის ინტერიერს. თითქმის აღარ გადარჩენილა კედლების მოხატულობა (მხოლოდ საკურთხევლისა და სამხრეთ მკლავში გაიხსნა ძველი ფრესკების ნაწილები) და მის ნაცვლად შეთეთრებული სიბრტყეებიღაა. ეს ყველაფერი ცხადია ვნებს საერთო სურათს. და მაინც, ტაძრის სიდა სივრცე უძლიერეს შთაბეჭდილებას ტოვებს. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის გრანდიოზულობით ალავერდის ტაძარს, რომელიც ყველაზე მაღალია საქართველოში (შიგნით გუმბათის წვერამდე დაახლ. 45 მეტრია), ვერც ერთი ქართული ძეგლი ვერ შეედრება; მნიშვნელობა აქვს არა მარტო სიმაღლეს, არამედ ძირითად ნაწილთა ურთიერთშეფარდებასაც: სივრცე კომპაქტურია, მთლიანი, მძლავრად აზიდული და, იმავე დროს, მასიური ბოძებისა და კედელ-კამარათა დიდი სიბრტყეების წყალობით, ძალიან მატერიალური, სოლიდური; იგი ურყევი ძალის შთაბეჭდილებას ქმნის. ხუროთმოძღვრული ფორმები მსხვილია, განზოგადოებული. ბაზისები - დაბალი და მარტივი (თარო-ლილვი), ასევე სვეტისთავებიც - ორი ლილვითა და მათ ქვეშ ჩამწკრივებული, თითქმის მათზე დაკიდული ნახევარდისკოებით.

ალავერდი.
კათედრალი. საერთო ხედი დასავლეთიდან.

ინტერიერი უხვად არის განათებული გუმბათის ყელის 16 სარკმლით (თავდაპირველად სარკმელების რაოდენობა ნაკლები იქნებოდა) და ოთხი მკლავის სამ-სამი დიდი, ერთ დონეზე განლაგებული სარკმლით. სხვა სარკმელების მნიშვნელობა ნაკლებია.

ალავედრის ტაძარმა, რომელიც გარედანაც და შიგნიდანაც მთლიანად მოპირკეთებულია (მეორეხარისხოვან სადგომთა გარდა) ნახვრეტიანი ტუფის, ე.წ. შირიმის ფილებით (თავდაპირველად ფასადები შეთეთრებული არ იყო), გარედანაც განიცადა ზოგი ცვლილება: მას სამხრივ სტოა-გალერეა უვლიდა; ახლა გადარჩენილია მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილი; კედლების დაზიანებული ნაწილები აგურითაა აღდგენილი; მთელი თექვსმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი (და გუმბათქვესა თაღებიც), აგრეთვე აგურისაა, ხელმეორედაა აშენებული XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში (მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ თავისი სიდიდითა და პროპორციებით შეესატყვისება თავდაპირველს).

ტაძრის გარეთა მასები სავსებით დასრულებული სახით წარმოგვიდგენს „ჩხაზული ჯვრის“ ტიპის ქართული ტაძრის ფორმულას, რომელიც ამიერიდან კანონიკურად იქცევა და მომდვენო საუკუნეებში, არსებითად, უცვლელი დარჩება (ცალკეულ „გადახვევათა“ გამოკლებით); წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაკეტილი გეგმა, ოთხი, ოთხკალთიანი სახურავით გადახურული, მკლავის მიერ სივრცეში გამოსახული ჯვრის ფორმა, მკლავების გადაკვეთაზე აღმართული მაღალი გუმბათის ყელი, კუთხეებში კი ცალფერდ გადახურული უფრო დაბალი ნაწილები. ოთხივე მკლავი თითო ფრონტონით არის დასრულებული.

ტაძარი გარედან არანაკლებ გრანდიოზულ შთბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე შიგნით. აქ განსაკუთრებით იგრძნობა კახური ძეგლების დამახასიათებრლი ტენდენცია, რომელიც გვიან ფეოდალურ ხანაში კიდევ უფრო მკვეთრად იჩენს თავს - პროპორციების აზიდულობა, ვერტიკალის ხაზგასმა.

კახეთის ნაგებობათა ასევე დამახასიათებელი თვისებაა ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმების უქონლობა - აქაური საშენი მასალა ჩუქურთმის კვეთის საშუალებას არ იძლევა. მიუხდავად ამისა, ხუროთმოძღვარი მთლიანად იყენებს ფასადით დეკორაციული დანაწევრების ამ დროისთვის შემუშავებულ პროგრამას და ზოგი ახალი ელემენტითაც ამდიდრებს მას.

უპირველეს ყოვლისა ეს არის აღმოსავლეთი ფასადის ხუთთაღედი ორი ღრმა ნიშით. მაგრამ შუა, მაღლ თაღს ერთსა და მეორე მხარეს ებმის ორ დონეზე შემოხაზული დამატებითი თაღები, ხოლო მის ქვეშ, ე.ი. მთავარი სარკმლის თავზე, ლილვებით გამოყვანილი მაღალი ჯვარი გაჩნდა. ამ დეკორაციული თაღების „ქსელში“ განლაგებულია, სრულიად სიმეტრიულად, ყოველგვარ სამკაულს მოკლებული სარკმლები: სამი სარკმელი საკურთხევლისა, სამივე ერთ დონეზე (ორი მათგანი ნიშებშია) ორ-ორი - ორ დონეზე, მაგრამ არა ერთ ღერძზე - საკურთხევლის მეზობელი სათავსოებისა.

დეკორაციული თაღების სიტემა, ისევე როგორც ბაგრატის ტაძრის ფასადებზე, აქაც არ იფარგლება მხოლოდ საკურთხევლის ფასადით, არამედ სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებსაც მოიცავს. ახლა აქ სურათის მთლიანობა დარღვეულია, რაკი სტოა-გალერეების დანგრევის შემდეგ ფასადთა დასავლეთ ნახევრებში ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წინათ ფასადებს კი არ ეკუთვნოდა, არამედ გალერეის ინტერიერში იმალებოდა; მაგრამ შერჩენილია სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავებისა და ფასადთა აღმოსავლეთ მონაკვეთთა დამუშავება. თუ ამ მონაკვეთებზე დეკორაციული თაღების თნაბარი, მშვიდი რიტმია, მკლავების საფასადო სიბრტყეებზე, ფრონტონის ქვეშ, ხუროთმოძღვარი ნამდვილ დეკორაციულ ფანტაზიებს ქმნის: აქ სამი ერთნაირი მაღლი სარკმელია ერთ ხაზზე, მათ ზემოთ და ქვემოთ კი, სამ დონეზე, სხვადასხვა ზომის თაღების განსხვავებული რიტმი იქმნება. გუმბათის ყელი, თუმცა კი, როგორც ითქვა, თავისი ზომითა და პროპორციებით სავსებით ეგუება ტაძრის მთლიან სახეს, დამუშავების მხრივ, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ეს უპირველესად ეხება მის დანაწევრებას. თავდაპირველად, უეჭველია, აქ 16 სარკმელი კი არ იქნებოდა, არამედ არა უმეტეს თორმეტისა, ე.ი. გუმბათის ყელის ზედაპირი ნაკლებად იყო დაქუცმაცებული; აგურის წყობით გამოყვანილი დეკორაციული ელემენტებიც უცხოა XI საუკუნისათვის და ტიპური გვიანი ხანისთვის.

ბაგრატის ტაძარი და ალავერდის კათედრალი უკანასკნელი ტრიქონქებია საქართველოში.

მხატვრობა

ალავერდი. ფრესკა წმ. გიორგის გამოსახულებით

წმ. გიორგის საკათედრო ტაძრის შეთეთრებული კედლების „გახსნა“ რესტავრატორებმა (შ. აბრამიშვილი, კ. ბაკურაძე, გ. ჭეიშვილი) 1965 წ. დაიწყეს და რამდენიმე სეზონის განმავლობაში კირით შელესილობის 3-4 ფენა მოიხსნა. 1965 და 1967 წწ. გაიწმინდა სამხრეთ მკლავი და საკურთხეველი, 1968 წ. – ჩრდილოეთ მკლავი, ხოლო 1969 წ. – დასავლეთ მკლავი და ნართექსი. ამ სამუშაოების შედეგად ტაძრის კედლებზე ფრაგმენტულად შემორჩენილი XI-XVIII სს. მოხატულობის საკმაოდ დაზიანებული ფრაგმენტები გამოვლინდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გადაწერილიც კია.

ყველაზე უკეთ ფრესკები საკურთხეველსა და სამხრეთ მკლავს შემორჩა. საკურთხევლის კონქში მოჩანს აღსაყდრებული ღვთისმშობელი მაკურთხებელი ყრმა ქრისტეთი, რომელსაც მიქაელ, გაბრიელ, სორიელ და რაფიელ მთავარანგელოზები სცემენ თაყვანს. ღვთისმშობლის თავს ზემოთ წარმოდგენილია ყოვლადწმინდა სამების სიმბოლური გამოსახულება – საყდარი გამზადებული (მამა ღმერთი), სახარება (ძე ღმერთი) და მასზე მჯდარი მტრედი (სულიწმინდა). სტილის ნიშნებით მხატვრობის ეს ნაწილი XV საუკუნით თარიღდება. ქვემოთ, კედელზე და სარკმლის წირთხლებში შემორჩენილია თავდაპირველი, XI ს., მოხატულობის ფენა – მოციქულთა, მღვდელმთავართა და წმ. ბერმონაზონთა ფრაგმენტული გამოსახულებებით, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში რამდენჯერმე დაუკეჭნიათ, შეულესავთ და ხელახლა მოუხატავთ. როგორც ჩანს, ახალი ფენების გამოსახულებები ძირითადად მიჰყვებოდა ქვედა ფენის მოხატულობას, თუმცა ფიგურების ზომები, პროპორციები, სამოსის ფერადოვნება და დამუშავების მანერა ეპოქების სტილის შესაბამისად იცვლებოდა.

ტაძრის სამხრეთ მკლავში მხატვრობა ხუთრეგისტრიანია. კონქის თაღის ცენტრში გაირჩევა ქრისტეყოვლისმპყრობელოს ნახევარფიგურა, მის ქვემოთ კი – ე.წ. ნიშიანი ღვთისმშობელი, „პლატიტერა“. კონქში ფართოდაა გაშლილი „ღვთისმშობლის შობის“ კომპოზიცია. მეორე რეგისტრში სცენები არ შემორჩენილა, მაგრამ სარკმლებს შორის მოჩანს ერთმანეთისკენ მიმართული მაკურთხებელი მაცხოვრისა და წმინდანის გამოსახულება. მესამე რეგისტრში მარცხნიდან მარჯვნივ განაწილებულია „ლაზარეს აღდგინება“ და „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“. აქვე, სარკმლებს შორის, მარცხნივ წარმოდგენილია ზეციდან მაკურთხებელი უფლის წინაშე ვედრებით მდგარი წმ. მეფე (სავარაუდოდ, სოლომონი) ხოლო მარჯვნივ – წმ. მარიამ ეგვიპტელი, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. მეოთხე რეგისტრში განთავსებულია „უფლის ამაღლება“, „სულიწმიდის გარდამოსვლა“ და თითქმის მთლიანად წარხოცილი „ღვთისმშობლის მიძინება“. ქვედა, მეხუთე რეგისტრის” გამოსახულებებიც ძლიერაა დაზიანებული, მაგრამ მაინც იკითხება მეფეთა ჯგუფური პორტრეტი და მის ორ მხარეს განაწილებული რიგი მთელი ტანით მდგარი ექვსი წმ. მეომრისა, რომელთაგან ერთი, რომელსაც მეფისკენ გაშლილი გრაგნილი გაუწვდია, უეჭველად ტაძრის პატრონი და „მეფეთა წინმძღოლი“ წმ. გიორგია. მოხატულობის ამ ნაწილს განასრულებს დეკორატიული ფარდის იმიტაცია, რომელიც იატაკიდან დაახლოებით 2 მ სიმაღლეზე წყდება ისე, რომ მეფეები და მათი „ამალა“ მიუწვდომლები ჩანან. რაც შეეხება გვირგვინოსნებს – ისინი სამნი არიან და საკმაოდ უჩვეულო ჯგუფს ქმნიან. ორი მათგანი, შუახნისა და ახალგაზრდა, ერთმანეთისკენ პირშექცევით, გამართულად დგას და ზეციდან, ქრისტე-ევმანუელისგან იღებს კურთხევას. მათ შორის გამოსახული ჭაღარაშერეული მეფე კი წახრილია, ჯოხს ეყრდნობა და თავს შარავანდი არ ადგას. მის ფიგურას ახალგაზრდა მეფე ნაწილობრივ ფარავს. შუახნის მეფეს ბიზანტიური სამეფო სამოსი და ლორი მოსავს, ახალგაზრდასა და უფროსს – მეომრის მდიდრული კაბა. წარწერა მხოლოდ შუახნის გვირგვინოსნის თავს ზემოთ, რეგისტრების გამყოფ ზოლზე მოჩანს, რაც საკმაოდ უჩვეულოა და მიგვანიშნებს, რომ იგი გვიან მიუწერიათ (სამხრეთ მკლავში ფრესკებს განმარტებითი წარწერები, საერთოდ არ ახლავს). მინაწერი დაზიანებულია და მხოლოდ „მეფე ქართველთა და კახთა“ იკითხება. სამოსით, წარწერითა და შესრულების მანერით ეს გამოსახულება სხვათაგან გამორჩეულია. კახეთის სამეფოს ისტორიის გათვალისწინებითა და მხატვრობის სტილის მიხედვით, იგი „ალავერდის“ აღმდგენელ-გამამშვენებელი ლევან კახთა მეფე (1520-1574) უნდა იყოს, რომელიც გამოსახულია მემკვიდრე ალექსანდრე II-სა და მამასთან – მამის მკვლელ, მეფობის მიმტაცებელ, მაგრამ ცოდვის დიდად მონანულ და ეკლესიის მიერ შენდობილ, ავგიორგისთან ერთად.

ალავერდი. წმ. გიორგის ხატი

მეფის გამოსახულება მოპირდაპირე, ჩრდილოეთ მკლავის აღმოსავლეთ კედლის ზედა მონაკვეთშიც მოჩანს. იგი ხელებშეკრული ზის და თავს ხმალშემართული ახოვანი ჯალათი ადგას. აქვე, ცენტრალურ თაღში, იოსებ ალავერდელის განსასვენებელთან, 2010 წლამდე წარმოდგენილი იყო ყოვლადწმინდა სამების გვიანი, XVII-XVIII სს. დამახასიათებელი იკონოგრაფიული რედაქცია – „თანამესაყდრეობა“, რომელიც XVIII ს. კედელთან ერთად მოიხსნა და ამჟამად ტაძარშივე ინახება. მის ქვეშ გამოჩნდა წმ. მეომრის გამოსახულება.

ტაძრის სხვა ადგილებში შემორჩენილი XVII-XVIII სს. მხატვრობის ფრაგმენტებიდან აღსანიშნავია: დასავლეთ კარის ტიმპანში ჩაწერილი მაკურთხებელი მაცხოვრის მონუმენტური ნახევარფიგურა და მის ზემოთ გაშლილი, არქიტექტურული კულისების ფონზე წარმოდგენილი ღვთისმშობლის ხარების გავრცობილი სცენა, მოწამეთა ფიგურები (დასავლეთ კედელი და ბურჯები), სამება (ჩრდილოეთ კარის ტიმპანი) და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკურთხევლის მიმდებარე ბურჯებზე ნახატი ორნამენტი – ვაზის ხვეულებში ჩაწერილი დიდი ზომის ყურძნის მტევნების რიგი, რომელიც XVI ს. ფენას უნდა ეკუთვნოდეს და ხაზს უსვამს კახეთსა და „ალავერდის“ სავანეში მევენახეობა-მეღვინეობისადმი დამოკიდებულებას (ქვაში ნაკვეთი ბარელიეფური ყურძნის მტევნები ამკობს ტაძარში გარედან შესასვლელი კარის ჩარჩოსაც).

ტაძრის დასავლეთ ფასადზე, სტოაში, დარჩენილია ფრაგმენტები XVI-XVII სს. მოხატულობისა. მათგან მთავარია კარის ტიმპანში მოთავსებული წმ. გიორგის სასწაულების ამსახველი სცენა, რომელშიც გაერთიანებულია ლასია ქალაქის მოქცევა და ყრმის ტყვეობიდან გამოხსნა, რომელიც შინაარსის გარკვეული დეტალებით (ყრმის იმ დროს გატაცება, როცა მას სუფრაზე ღვინო მიჰქონდა) თვით ლევან მეფის ყმაწვილობის ეპიზოდს ეხმიანება (გარსევან ჩოლოყაშვილის მიერ მის სახლში მისულ მდევართათვის ლევანის ღვინის მომტან მსახურად წარდგენა და ამ გზით გადარჩენა). სცენის თავზე გამოსახულია ხელებგაშლილი იესო ქრისტე თაყვანისმცემელ ანგელოზებს შორის, რომლიც სამეუფეო კურთხევას უგზავნის წმ. გიორგისაც და ტაძარში შემსვლელებსაც. ქვემოთ, კარის ორ მხარეს, წარმოდგენილია წმ. პეტრე და რამდენჯერმე გადაწერილი წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ფიგურა. მარჯვნივ შემორჩენილია გაურკვეველი სცენისა და წმინდანთა გამოსახულების ფრაგმენტები, რომელთა იდენტიფიკაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

თქმულება ალავერდის ტაძარზე

კახეთში, ალავერდის ჭალაში ცხოვრობდა ერთი წმიდა ბერი, იოსებ ალავერდელი. იმ დროსვე ცხრაკარაში (წოვა და ჩაღმა-თუშების საზღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს. სასახლის გასწვრივ მეორე მთის კალთაზე არის გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია ნათლისმცემლის სახელზე, სადაც თამარ მეფის სახეა გამოსახული.

ეს ნაღარა-ხანი ერთხელ სანადიროდ წასულა, გაუშვია მიმინო. მიმინო გამოეკიდა ერთ ხოხობს. ხოხობი გაექანა და ბერს შეეფარა კალთაში. მიმინო შემოჯდა ხეზე და იქიდან დაუწყო ლოდინი თავის მსხვერპლს.

ნაღარა-ხანი მივიდა ბერთან და, როგორ თუ გაბედე ხოხბის შეფარებაო, იშიშვლა მახვილი მოსაკლავად. მაგრამ მოღერებული ხელი იმწამსვე გაუშეშდა. ხანმა რომ ეს სასწაული დაინახა, შეევედრა ბერს, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ, მოგცემო. ბერმა ლოცვის ძალით განკურნა ხანი და სამაგიეროდ ერთი ფიცრის ეკლესიის აშენება სთხოვა. ხანმა შეუსრულა ბერს ეს თხოვნა. ასე აშენდა ალავერდში ეკლესია წმიდა გიორგის სახელზე.

ეკლესიის ეზოში ხშირად თამაშობდნენ, ჭიდაობდნენ და ძიძგილაობდნენ ყმაწვილები. ერთი მათგანი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა და, რომ ვერას გზით ვერ გაიმარჯვა, ასეთი ხერხი მოიგონა: მოსწვა ერბო-კვერცხი და მიიტანა ეკლესიის კარებთან, წმიდა გიორგის მიართვა ძღვნად: ღონე მომეცი და გამამარჯვებინეო... ამ დროს ეკლესიაზე მდიდარმა ბერძნის ვაჭრებმა ჩამოიარეს და, როცა საყდრის კარებთან ერბო-კვერცხი დაინახეს, ჩამოხდნენ ცხენებიდან, დასხდნენ და შეექცნენ. ჭამა რომ მოამთავრეს, ადგნენ და გაუდგნენ გზას. გზაში ყველანი ავად გახდნენ. მობრუნდნენ ვაჭრები ბერთან, უამბეს ყველაფერი და იკითხეს მიზეზი. ბერმა წმიდა გიორგის წყრომას მიაწერა მათი ავადმყოფობა. ვაჭრებმა აღთქმა დადეს, თუ მოვრჩებით, დიდ ტაძარს ავაშენებთ და შევამკობთო. მართლაც, ყველანი განიკურნენ, დაბრუნდნენ და აღასრულეს თავისი აღთქმა – ააშენეს ეს ახლანდელი ალავერდის ტაძარი...

ამაზეა გამოთქმული ქართული ანდაზა: „წმიდა გიორგის ერბო-კვერცხი არავის შერჩებაო“. ალავერდის დასავლეთის შესავალ კარის თავზე მოთამაშე ყმაწვილებია დახატული...

ბიბლიოგრაფია

  1. აბრამიშვილი შ. ალავერდის ახლად გახსნილი კედლის მხატვრობა //ძეგლის მეგობარი.-X-XI.-თბ., 1967. ალავერდის გადათეთრებული კედლების გახსნითი სამუშაოების შედეგად გამოვლენილი მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები (XV ს.).
  2. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო).-თბ.,1987.-გვ.45-47. სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია, საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და ცნობები კომპლექსში შემავალ XVII-XVIII საუკუნეთა ნაგებობებზე.
  3. ალავერდი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.I.-თბ.,1975.-გვ.260-261. ცნობები ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრებასა და ისტორიაზე.
  4. ალავერდი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.86-87. მოკლე ცნობები ტაძრის შესახებ.
  5. ალავერდი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ქალები.-თბ.,2003.-გვ.108. მოკლე ცნობები ძეგლის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  6. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1971.-გვ.236-237.
  7. ანდღულაძე ნ. ალავერდი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე).-თბ.,1984. ტაძრისა და ანსამბლში შემავალი ნაგებობების შესახებ.
  8. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.237-239. ალავერდის მონასტრის დაარსების, დაზიანებისა და აღდგენის შესახებ.
  9. ალავერდი //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.10-31. ალავერდის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის კედლებზე გარედან შემორჩენილი სამი ისტორიული ხასიათის წარწერის, აგრეთვე, საფლავის ქვებსა და საეკლესიო ნივთებზე შემორჩენილი წარწერების სტილისტურ-პალეოგრაფიული ანალიზი.
  10. ალავერდი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.53-54; 134-136. ალავერდის ტაძრის აგების მოკლე ისტორია, სამშენებლო მასალები, მიწისძვრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები - ზოგადი მიმოხილვა. ერთვის ნახაზები (ნ.სევეროვი)და ილუსტრაციები.
  11. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1983.-გვ.162. ცნობები ალავერდის ტაძრის გალავნის შესახებ.
  12. ბერიძე ბ. ხელოვნება (XI-XII სს.) //საქართველოს ისტორიის ნარკვევები.- ტ.III.-თბ.,1979.-გვ.481. დახასიათებულია XI საუკუნეების პირველ მეოთხედში აგებული ალავერდის კათედრალური ტაძრის ხუროთმოძღვრება.
  13. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.- ტ.I.-თბ.,გვ.35-37. მოკლე ცნობები ალავერდის ტაძრის შესახებ.
  14. გოგებაშვილი ი. საგანძური.-თბ.,1982.-გვ.230-231. ალავერდის ტაძრის მოკლე დახასიათება.
  15. გრიგოლია გ. ალავერდის ტაძრის კომპლექსის ერთი სატკივრისათვის //ძეგლის მეგობარი.- კრ.81.-1988.-გვ.26-29. ალავერდის ტაძრის კომპლექსის გალავნის გასწვრივ მდინარის კალაპოტის შეცვლის შესახებ.
  16. ვირსალაძე თ. ალავერდის კათედრალის ახლად გახსნილი მხატვრობა //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. XXII სამეცნიერო სესია.-1967 წლის 22 და 23 ივნისი მუშაობის გეგმა და თეზისები.-თბ.,1967. საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელოვნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს მიერ ალავერდის ტაძრის შეთეთრებული მოხატულობის გაწმენდის თაობაზე.
  17. ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობები.-თბ.,1962.-გვ.95-101. რეზ.რუს.ენაზე. ალავერდის ტაძრის გეგმა და ხუროთმოძღვრული დახასიათება. ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.27,28; ტაბ.XIX/1,2; XX/1,2)
  18. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში გამაგრებული ეკლესია-მონასტრები: ალავერდის გალავანი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.501-504. გალავნის გეგმა და ხუროთმოძღვრული ფორმები. ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული ცნობები (XVII-XVIII სს.). მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, გორგიჯანისძე; მ.ბროსე. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.256,257; ტაბ.191,192).
  19. კ.კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.-თბ.,1981. ალავერდის ტაძრის კ.კოხისეული (XIX ს. გერმანელი მოგზაური) დახასიათება და ამ ძეგლის შესახებ არსებული ხალხური თქმულება.
  20. ლაგაჩიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების უნიკალური ქმნილება //ექო.-1971.-N3.-გვ.22-23. ალავერდის ისტორია საისტორიო წყაროების მიხედვით.
  21. ალავერდის ტაძარი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა.-თბ.,1983.-გვ.84-89. XI საუკუნის პირველ მეოთხედში აგებული ალავერდის საეპისკოპოსო ტაძრის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ტაძრის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები.
  22. სილოგავა ვ. XII საუკუნის ქტიტორული წარწერის ფრაგმენტები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დავით აღმაშენებლის მოხსენიებით //საქართველოს მეცნიერებათა აკადემისს მაცნე: ენის...სერია, 1992, N4.-გვ.83-96.რეზ. რუს. და ინგლ.ენებზე.
  23. ღვინეფაძე ნ. შუქი ალავერდს ჩადგება //დროშა.-1969.-N1.-15. ალავერდის ტაძრის ფრესკების აღდგენას თაობაზე.
  24. ალავერდი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.327. მოკლე ცნობები ალავერდის ტაძრის ბერძნული წარწერების შესახებ.
  25. ალავერდი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004,-გვ.317. განხილულია ტაძრის მოკლე აღწერილობა, რესტავრაციის დროს გამოვლენილი XI,XV-XVI საუკუნეების ფრესკული წარწერების ფრაგმენტები.
  26. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში //არილი.-თბ.,1925.-გვ.107-126. საშუალო საუკუნეების სამი ტაძრის:ალავერდის, სვეტიცხოველისა და ბაგრატის შედარებითი ანალიზი.
  27. ჩუბინაშვილი გ. ქართული არქიტექტურის გზები.-თბ.,1936.-გვ.83-95. მოცემულია სამი კათედრალის: ალავერდის, ბაგრატისა და სვეტიცხოველის ხუროთმოძღვრული ანალიზი.
  28. ჩხარტიშვილი ა. ალავერდი //ფრესკა.-1977.-გვ.8-10. კახეთის კათედრალური ტაძარის მოკლე ხუროთმოძღვრულ-ისტორიული დახასიათება.
  29. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.90-91. ალავერდის ხუროთმოძღვრული და მხატვრული ფორმების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ტაძრის საერთო ხედის ფოტო.
  30. განვითარებული ფეოდალიზმი: ალავერდი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.62. მოკლე ცნობები ალავერდის ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციოპ მასალა (ტაბ.XXV. სურ.2)
  31. ციხიშვილი ზ. ალავერდი //საქართველოს ბუნება.-11973.-გვ.22. ალავერდის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
  32. ხელაევი მ. საისტორიო მასალა ალავერდის სობორს //მწყემსი.-1885.-N3.-გვ.6-8. ალავერდის ტაძრის ისტორია. აღწერილია მასში დაცული საეკლესიო ნივთები, წიგნები და ხელნაწერები.
  33. სულხანოვი ი. ეკლესია ალავერდისა და წმინდა მოწამე დედოფალი ქეთევანი //საქართველოს სასულიერო მახარობელი.-1865.-იანვარი. ტაძრის აღწერილობა და ისტორია. მასში დაცული საეკლესიო ნივთები და მთავარი სიწმინდე-დიდი ტრაპეზის ქვეშ მდებარე წმინდა მოწამე ქეთევანის ნაწილები.
  34. ახალი ამბავი //ცნობის ფურცელი.-1901.-N1527.-გვ.3. ცნობა ალავერდის ტაძრის გადახურვის შესახებ.
  35. დღიური //დროება.-1879,1 ნოემბ.(N226).-გვ.2. ალავერდის ეკლესიის დაზიანების შესახებ.
  36. თელავი //ივერია.-1899.-N82.-გვ.2. ეპისკოპოს კირიონის მიერ ალავერდის ტაძრის შეკეთება.
  37. თელავიდან გვწერენ //ცნობის ფურცელი.-1900.-N1241.-გვ.3. ეპისკოპოს კირიონის განკარგულება ალავერდის ტაძრის კედლის მხატვრობის აღდგენის შესახებ.
  38. ი[ნასარიძე] ტ[რიფონ] წერილი თელავიდგან //ივერია.-1897.-N222.-გვ.3. ალავერდობა და ალავერდის ტაძარი.
  39. მაღაროელი. თბილისიდამ თელავამდე მგზავრის შთაბეჭდილებანი....ალავერდის ტაძარი //დროება.-1885.-13 ივლ.- ი(N149).-გვ.2-3.
  40. მგზავრის შენიშვნებიდან (კახეთში) //დროება.-1884.-22 მაისი(N109).-გვ.1-2. ალვერდის ტაძრის მდგომარეობის შესახებ.
  41. ჩხიკვაძე ზ.[ნალბანდი]კახეთი //დროება.-1884.-10 ოქტ.(N218).-გვ.2-3. უბედური შემთხვევა ალავერდის ტაძარში.
  42. ძამსაშვილი [ცამცევი] რ[ომან] ზოგიერთი რამ //დროება.-1880.- 21 სექტ.(N200).-გვ.1-3. ძველი ქართული ძეგლების დაცვის აუცილებლობისა და ალავერდის ტაძრის დაზიანების შესახებ.
  43. მთაწმინდელი[ჭიჭინაძე ზ.] ალავერდობა კახეთში //დროება.-1879.-12 ოქტ.(N211)გვ.1-3.13 ოქტ.(N212).-გვ.1-3.
  44. ვადაჭკორია მ. XI საუკუნის ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ძეგლების გარე მოცულობათა პროპორციების ზოგიერთი საკითხი //ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი. საერთაშორისო სიმპოზიუმი.-თბ.,2000.-გვ.40. ალავერდის, სვეტიცხოველის, სამთავისისა და სამთავროს გარე მოცულობათა და დეკორის პროპორციების ანალიზი.
  45. ციცხვაია ხ. ალავერდის ტაძარი //ბახტრიონი.-ახმეტა.-1968.-18 მაისი. ალავერდის ტაძრის ისტორია.
  46. ბურჭულაძე ნ. მეფეთა პორტრეტები ალავერდის ტაძრის მოხატულობაში //ალავერდის ეპარქიის ისტორიის ფურცლები ნაწ.1: საეცნიერო კონფერენციის მასალები.-თბ.,2007.-გვ.53-63. წმ. გიორგის სახ. ტაძრის ფრესკული დეკორის ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: თ.ვირსალაძე, შ. აბრამიშვილი. ტექსტს ერთვის ფრესკების ათი ფოტო(გვ.60-62).
  47. გაგოშიძე გ. ალავერდის ტაძრის თავდაპირველი კანკელის ფრაგმენტები //ალავერდის ეპარქიის ისტორიის ფურცლები ნაწ.1:სამეცნიერო კონფერენციის მასალები.-თბ.,2007.-გვ.9-17. ალავერდის მონასტერში შემონახული სხვადასხვა დროის ქვაზე კვეთილობისა და ეპიგრაფიკის ნიმუშთა აღწერილობა. ტექსტს ერთვის კანკელის ფრაგმენტების ფოტოები (სურ.1-8).
  48. მერკვილაძე დ. ალავერდის სავანის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების შესახებ //ალავერდის ეპარქიის ისტორიის ფურცლები ნაწ. 1:სამეცნიერო კონფერენციის მასალები.-თბ.,2007.-გვ.9-17. ასურელი მამის-ამბა იოსების მიერ VI საუკუნის 30-იან წლებში დაარსებული ალავერდის ტაძრის ისტორია, ისტორიული და ლიტერატურული წყაროები ძეგლის შესახებ, სახელის ეტიმოლოგია.
  49. სილოგავა ვ. XII საუკუნის ქტიტორული წარწერის ფრაგმენტები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დავით აღმაშენებლის მოხსენიებით //ალავერდის ეპარქიის ისტორიის ფურცლები ნაწ.1:სამეცნერო კონფერენციის მასალები.-თბ.,2007.-გვ.32- 1967 წელს გამოვლენილი საკურთხევლის ფრესკული წარწერის ანალიზი. მოხსენიებულნი არიან:ი.გილგენდორფი, შ. აბრამიშვილი. ტექსტს ერთვის წარწერების ფოტოები (სურ.22-9).
  50. იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.15-17. ტაძრის შესახებ არსებული ლეგენდები. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
  51. „მარადის იქმს სასწაულთა საკვირველთა“. ალავერდი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.167-171. წმინდა ამბა იოსების დამკვიდრება ალავერდში, ძეგლის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასაითება, შემკულობა. მოხსენიებული არიან: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ნიკიფორე ირბახი(ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVIII ს.) და სხვები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებეზე. დართულია ტაძრისა და სიძველეების ფოტოები.
  52. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.84-85. კომპლექსში შემავალი XVI საუკუნის სასახლის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს კომპლექსის ფოტოები.
  53. ალავერდის ეპარქია: ალავერდის წმ. გიორგის მონასტერი //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.9-11. იოსებ ალავერდელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული მცირე ტაძრის მოკლე ისტორია, მშენებლობის ეტაპები, მის ტერიოტორიაზე ჩატარებული გაწმედითი სამუშაოები და სიძველეები-ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, ვახუშტი ბატონიშვილი, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი), მღდელმთავარი პიროსი (ოქროპირიძე, რომელიც საჯაროდ მოკლეს 1921 წ.)ტექსტს ახლავს სამონასტრო კომპლექსის ფოტო.
  54. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.10-34. ალავერდის ტაძრის წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული ანალიზი.
  55. ალავერდი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.45-53. კომპლექსში შემავალი ნაგებობების: VI საუკუნეში იოსებ ალავერდელის მიერ დაარსებული წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ადგილზე კვირიკე კახთა მეფის მიერ XI საუკუნეში აგებული ტაძრის, გალავნის, სამრეკლოს, პალატის(ორსართულიანი, მოგრძო მოგრძო ნაგებობა), სასახლის (აგებულია XVII ს.-ში, მარნისა და აბანოს (გეგმით რთული მოხაზულობის) ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს მდიდარი საილუსტრაციო მასალა.
  56. ალავედრის ახალი ცხოვრება //გაზ. "კომუნისტი".-1988.-5 ნოემბ.-გვ.4.
  57. ანდღულაძე ნ. თეთრი გედივით დგას ალავერდი //გაზ. "სოფლის ცხოვრება".-1988.-30 ნოემბ.-გვ.3
  58. ბიწაძე დ. ღმერთო და ალავერდის წმ. გიორგი! //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-1992.-29 იანვ.-გვ.1.
  59. ვარდოსანიძე ო. წარსული დიდების ცოცხალი მოწმე //გაზ. "ლენინური გზა"(თეთრიწყაროს რ-ნი).-1963.-13 ოქტომბერი.
  60. ლაბაძე თ. ალავერდი - "დიდშენი, ზღუდე პალატებიანი, გუმბათიანი.." //გაზ. "ახალი 7 დღე".-2000.-29 სექტემბერი-6 ოქტომბერი.-გვ.15.
  61. ლაგაზიძე ვ. ალავერდის ტაძარი //გაზ. "გამარჯვება"(ახმეტა).-1960.-25, 28 სექტემბერი.
  62. ლომაშვილი ჯ. რას ნიშნავს სიტყვა ალავერდი //გაზ. "კომუნისტი".-1970.-2 სექტ.-გვ.2.
  63. მაისურაზე ი. გამოიყენეთ ჩვენი მზადყოფნა //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1988.-28 მაისი.-გვ.4.
  64. მაკარაძე ზ. ალავერდის განსაცდელი //გზა. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1989.-1 აგვ.-გვ.3.
  65. ქებურია ს. ალავერდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კარედი ხატი //"მადლი".-1994.-N3.-გვ.7.
  66. შათირიშვილი გ. ალავრდის ფრესკები //გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1966.-9 დეკ.-გვ.4.
  67. ჩიგოგიძე ნ. ცას სვეტად შედგომია ალავერდი //გაზ. "ავტოტრანსპორტელი".-1969.-26 აპრილი.
  68. ციცხვაია ხ. ალავერდის ტაძარი //გაზ. "ბახტრიონი"(ახმეტა).-1968.-18 მაისი.
  69. წულეისკირი ნ. მტერი შორიდან არ მოვა //გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1975.-10 ოქტ.-გვ.3.
  70. ჭიჭინაძე ე. მოვუაროთ ჩვენც ჩუქურთმას //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი'.-1963.-7 მარტი.
  71. ჯავახიშვილი გ. ალავერდის "მარად საუვიწყოისა" სახელთათვის //სახალხო გაზეთი.-1997.-14-20 ოქტ.-გვ.33. ტაძრის საძვალეში დაცული რამდენიმე ეპიტაფია გადმოწერილი ექვ. თაყაიშვილის მიერ.
  72. ალავერდის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.თბ.,2010.-გვ.203-207. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მხატვრული მორთულობის თავისებურება.ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
  73. Абрамишвили Ш. Раскрытие фресковой стеннописи Алаверди //ძეგლის მეგობარი.-1967.-N10-11/-с.89.
  74. Новый расцвет архитектуры в Грузии // Агабабян Р. Композиция купольных сооружении Грузии и Армении.-Ереван.,1950.-с.86-87.
  75. Алаверди //Джанберидзе Н., Цицишвили И. Архитектурные памятники Грузии.-М.,1996.-203-210. С илл.
  76. Алавердский собор //Записки общества любителей Кавказской археологии.Кн.1.-Тфл.,1875.-с.22-23.
  77. Алавердский собор //Пастырь.-1900.-№11-12.-11.
  78. Амиранашвили Ш. История грузинского искусства.Т.1.-М.,1950.-с.161-163. С.274-275. С.203-204.
  79. Амиранашвили Ш. История грузинского искусства.-М.,1963.-с.197-200; с.231; с.308-309.
  80. Андгуладзе Н. Алаверди.-Тб.,1984.-22с.
  81. Бабуров А. Архитектурно-планировочные проблемы сохранения гродостроительного наследия Грузии //2-ой Международный симпозиум по грузинскому искусству.-Тб.,1977.-13 с.
  82. Бакрадзе Д. Кавказ в древних памятниках христинства //Записки общества любителей кавказской археологии. Кн.1.-Тфл.,1875.-с.22-23. С илл.
  83. Берже Ад. Кавказ в археологическом отношении.-Тфл.,1874.-с.34.
  84. Алаверди // Беридзе В. Грузинская архитектура.-Тб.,1967.-с.48.
  85. Алаверди, кафедрал //Беридзе В. Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половины 10-ого в. до конца 13-ого в.-Тб.,1976.-с.52.
  86. Беридзе В. Архитектура Грузии.-М.,1948.-с.56.
  87. Беридзе В. Древнегрузинсая архитектура.-Тб.,1959.-с.18.
  88. Беридзе В. Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половины 10-ого в. до конца 13-ого в. //Доклад на междуранодном симпозиуме по грузинскому искусству в г. Бергамо.-1976.-13 с. Табл., илл.
  89. Беридзе В. Памятники культуры Грузии и их охрана //Литературная Грузия.-1970.-№11.-с.70-80.
  90. Вейденбаум Е. Путеводитель по Кавказу.-Тфл.,1898.-с.385-386.
  91. Гелашвили М. Алаверди // газ. "Молодежь Грузии".-1989.-29апр.-с.6.
  92. Герценштейн. В. Илюстрированный спутник по Тифлису и его окрестностях.-Тфл.-1899.-с.139. С илл.
  93. Григолия Г. Об одном пороке сооружения собора Алаверди //ძეგლის მეგობარი/-1988.-N3(981).-с.73.
  94. Джанберидзе Н. Архитектурные памятники Грузии .-Л.-1973.-100 с. с илл.
  95. Джорбенадзе В.Из Алазани в Тушетию //ж. "Декоративное искусство".-1966.-N8.-с.25.
  96. Иоселиани П. Алавердский храм в Кахетии //ж "Кавказский календарь".-СПБ.-1846.-с.148-153.
  97. Иоселиани П. Путевые записки по Кахетии .-Тфл.-1846.-144 с.
  98. Карбелашвили М. Тбилиси-Телваи.-Тб.-1966.-с.8-13 с илл.
  99. Каспари А. Покоренный Кавказ.-СПБ.-1904.-с.598-599.
  100. Кахетия.-Тфл.-1891.-с.52-54.
  101. Материалы по археологии Каказа. Вып. 7.-М.-1898.с.8-20.
  102. Муравьев Грузия и Армения. Ч.1.-СПБ.-1848.-с.156-190.
  103. Мухранели М. Сквозь время //газ. "Молодежь Грузии".-1976.-29 янв.
  104. Мшвениерадзе Д. Строительное искусство в древней Грузии.-Тб.-1959.-с.72-73.
  105. Полиевктов М. Новые данные о московских художниках XVI-XVII вв. в Грузии.-Тб.-1941.-22 с. с илл.
  106. Путеводитель к выставке древне-грузинской архитектуры.-ТФЛ.-1935.-32 с.с илл.
  107. Природа и люди на Кавказе и за Кавказом.-СПБ.-1869.-с.183.
  108. Толстой И., Кондаков Н. Русские древности в памятниках искусства. Вып.IV. Христианские древности Крыма, Кавказа и Киева.-СПБ.-1891.-с.76 с илл.
  109. Саникидзе Т. Памятники зодчества Кахетии //ж. "Агитатор Грузии".-1968.-N14.-с.31-32.
  110. Султанов Н. Русские шатровые церкви и их соотношение к грузино-армянским пиромидальным покрытиям //Труды 5-ого Археологического съезда в Тифлисе.-М.-1887.-с.230-244.
  111. Розенберг Л.Сохраним для народа //газ. "Молодежь Грузии".-1972.-19 февр.
  112. Уманец С. В Кахетии.-с.219-234. С илл.
  113. Хаханов А. Христианские памятники. Телавский уезд //Материалы по археологии Кавказа.-М.-1898.-вып.7.-с.1-20.
  114. Чарквиани Г. Белый лебедь //газ. "Заря Востока.-1975.-12 окт.
  115. Чубинашвили Г. Архитектура Кахетии. Исследование развития архитектуры в восточной провинции Грузии в IV-XVIII вв.-Тб.-1956.-с.417-425, с илл.
  116. Чубинашвили Г. Вопросы истории искусства. Исследования и заметки. Т.1.-Тб.-1970.-320 с. с таб
  117. Чубинашвили Г. Крепости, замки и дворцы Кахетии.-Тб.-1959.-с.262-278.
  118. ჯაბუა ნ. ტრიკონქის ტიპის შესახებ სამხრეთ კავკასიის ხუროთმოძღვრებაში //სამეცნიერო შრომების კრებული: თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა.-2000.-გვ.333-345.
  119. ჯამბურია ზ. ალავრდის საეპისკოპო შუა საუკუნეებში //კლიო.-2004.-N21.-გვ.36-47. რეზ. რუს. ენაზე. ალავერდის ეპარქიისა და მისი ცენტრის - ალავერდის ტაძრის ისტორია.
  120. ს[ულხანოვი] ი. ეკკლესია ალავერდისა და წმინდა მოწამე დედოფალი ქეთევან //საქართველოს სასულირო მახარებელი.-1865(იანვ.).-გვ.177-187.
  121. ალავერდი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.37. ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა, აღდგენითი სამუშაოების ეტაპები. მოხსენიებულნი არიან: ასურელი წმინდა მამა იოსებ ალავერდელი, რანთა და კახთა მეფე კვირიკე მესამე (1010-1037), ერეკლე მეორე, ალექსანდრე პირველი (1476-1511). ტექსტს ერთვის ალავერდის მონასტრის საერთო ხედის, ინტერიერისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ფოტოები.
  122. ალავერდი //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი.-თბ.,2012.-47-49. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
  123. ალავერდი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.100-102. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
  124. ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების პერიოდი (X1 საუკუნის პირველი მესამედი). ალავერდის ტაძარი // მოსულიშვილი ჰ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სტრუქტურა.-თბ.,2012.-გვ.91-98. ალავერდის ტაძრის შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი. ტექსტს ახლავს ნახაზები.
  125. ალავერდი//უჯარმიდან ალავერდამდე.-თბ.,2013.-გვ.52-60. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასურელი მამის-ამბა იოსების მიერ დაარსებული ალავერდის ტაძრის ისტორია, მშენებლობის ეტაპები, წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მხატვრული და ხუროთმოძღვრული თავისებურებები. ტექსტს ახლავს მდიდარი ფოტომასალა.
  126. ალავერდის ტაძარი//გველესიანი გ. საქართველოს ეკლესია-მონასტრები.-ქუთაისი.,2013.-გვ.21-23. მოკლე ისტორიული მიმოხილვა.

იხილე აგრეთვე

წყარო

  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
  • მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები