ალარდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალარდი ირ., ალაურდი დიგ. (ოს. Аларды, Алаурды) – ინფექციურ (ყვავილბატონები, წითელბატონები) და თვალის დაავადებათა მფარველი ღვთაება ოსურ მითოლოგიაში [მისი ეპითეტებია „წითელი“ (сырх), „ნათელი“ (рухс), „ოქროსი“ (сыгъзæрин); ამავე ფუნქციის მატარებელი აფხაზური ღვთაება „ოქროს ზოსხანი“. ამ ეპითეტს ოსები იყენებენ მაცხოვრის მიმართაც – „сыгъзæрин чырысти“. გარდა აღნიშნულისა ღვთაებისადმი მიძღვნილ სიმღერებში ალარდი იხსენიება, როგორც „ფრთოსანი“ (базырджын)]. ზოგიერთი ვარიანტით, იგი წარმოდგენილი ჰყავთ ძალზე უშნო შესახედაობის არსებად, რომელიც ადამიანებს შიშის ზარს სცემს. ალარდი ცხოვრობს ზეცაში, საიდანაც არცთუ იშვიათად ოქროს ან ვერცხლის კიბით ეშვება. ალარდის თაყვანს სცემდნენ და მის სახელს იფიცებდნენ ქალები, თუმცა ღვთაებისადმი მიძღვნილ ქუვდზე (საწესო ლოცვა-ნადიმზე) ისინი არ დაიშვებოდნენ. ეპიდემიისა და ბავშვის ბატონებით დაავადების შემთხვევებში ალარდს ცხვარს ან ბატკანს სწირავდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის თითქმის ყველა ხეობაში (განსაკუთრებით ზაყისა და სადონის ხეობებში) იყო მისი სახელობის საერთოსასოფლო და საგვარეულო სალოცავები, რომლებიც, როგორც წესი, სოფლისკენ ზურგშექცევით იდგნენ.

ალარდის სახელობის დღეობას წელიწადში ერთხელ, მაისის ბოლოს და ივნისის თვის დასაწყისში იხდიდნენ; სწირავდნენ თეთრი ფერის კრავს და ინფექციური და თვალის დაავადებებისგან დაცვას შესთხოვდნენ. ალარდის კულტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი სალოცავის ახლოს ოსები სპეციალურ კარვებს აგებდნენ და ზოგჯერ მთელი თვის განმავლობაში ღვთაებისადმი პატივისცემის ნიშნად, დღითა და ღამით მხიარულობდნენ – ცეკვავდნენ და მღეროდნენ. განსაკუთრებული იყო ალარდის თაყვანისცემა ეპიდემიების დროს. ერთი გადმოცემით, XIX საუკუნის დასაწყისში დარგავსის ხეობაში რაღაც ეპიდემია გავრცელებულა, რაც ალარდის რისხვისთვის მიუწერიათ და ღვთაების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მისი სახელობის სალოცავი – „ნოგ ძუარი“ აუშენებიათ. ამ დღიდან მოყოლებული სოფ. დარგავსის მოსახლეობა ალარდის სახელობის დღეობას – „ნოგ ძუარს“ ყოველწლიურად აგვისტოს თვეში აღნიშნავდა, მსხვერპლად ხარებს სწირავდა და ავადმყოფობისაგან დაცვას შესთხოვდა. ტერმინი Аларды, რ. შტაკელბერგიდან მომდინარე აზრით, წარმომდგარია თელავის რიაონის სოფ. ალავერდის სახელიდან. აღნიშნულ სოფელში დგას აღმოსავლეთ საქართველოში ფრიად თაყვანცემული ქრისტიანული წმინდანის იოანე ნათლისმცემელის სახელობის ტაძარი, სადაც ყოველწლიურად სასექტემბრო დღეობაზე სალოცავად მრავალი ადამიანი იკრიბება, მათ შორის ავადმყოფები, რომლებიც მკურნალი წმინდანისაგან შველას ითხოვენ (ქრისტიანულ ტრადიციაში იოანე ნათლისმცემელი ცნობილია, როგორც მკურნალი). რ. შტაკელბერგის თვალსაზრისის მართებულობაზე მიუთითებს ღვთაების სახელის დიგორული ფორმა „Алаурды“ (← ქართული „ალავერდი“). აქვე უნდა ითქვას, რომ ადგილის სახელის ქცევა ღვთაების სახელად ჩვეულებრივი მოვლენაა კავკასიურ, მათ შორის ქართულ სინამდვილეში. თვით სიტყვა „ალავერდი“ არაბულ-თურქული წარმომავლობისაა: ალაჰ ვერდი – „ღმერთმა მომცა (მოგვცა)“.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1958;
  • Тменов В. Х., Уарзиаты В. С. К вопросу о происхождении и датировке осетинских святилищ Рыныбардуаг и Аларды // Вопросы осетинской археологии и этнографии. I. Орджоникидзе, 1980;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С. Избранные труды: Этнология. Культурология. Семиотика. Владикавказ, 2007;
  • Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. М., 2008;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Дарчиева М. В. Вербальный код осетинского обрядового текста. Владикавказ, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები