ალაფეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაფეჴ-ი (ლეზგ. Алапехъ – „წითელი ყვავი“) – ფრიად საინტერესოა შედგენილი ტერმინი „ალაფეჴ“, რომლის პირველი სეგმენტია ალა „წითელი“, მეორე კი – ფეჴ „ყვავი“. ვარაუდობენ, რომ სიტყვის პირველი ნაწილი ნასესხებია ირანულიდან ან თურქულიდან, სადაც იგი „ალისფერს“ აღნიშნავს. როგორც ჩანს, ლეზგები ერთმანეთთან აკავშირებდნენ მზესა და ყვავს, რომელიც გრძნეულ ფრინველად ითვლებოდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ რიტუალის მონაწილეები მხოლოდ გოგონები არიან, რადგან სამურის დაბლობისა და დანარჩენი ლეზგების წარმოდგენაში მზე მდედრობითი ბუნებისა იყო („გუნ-ი“).

ხშირი წვიმების დროს მზის გამოსაწვევად შესრულებული დაღესტნური (ლეზგიური) რიტუალი და ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟი-დედოფალა. ამინდის გამოკეთების მიზნით, შეკრებილი სამურის დაბლობში მცხოვრები ლეზგი გოგონების ჯგუფი ჯვარედინად შეკრულ ორ ჯოხს ან ხის დიდ ციცხვს ქალის წითელი კაბით შემოსავდნენ, თავზე წითელ თავსაფარს შემოახვევდნენ და ასე გამოწყობილი დედოფალათი სოფელს კარდაკარ დაივლიდნენ, თან მზის გამოსაწვევ სიმღერას მღეროდნენ. ამ საწესო მსვლელობის მონაწილეებს ყოველი ოჯახი ჩუქნიდა საკვებ პროდუქტებს (კვერცხს, ყველს, პურს, ფქვილს, ერბოს, ხილსა და ტკბილეულს), რომლებსაც ისინი ერთმანეთში იყოფდნენ.



ლიტერატურა

Гаджиев Г. А. Мифические персонажи и их названия у лезгин // Отраслевая лексика дагестанских языков. Материалы и исследования. Махачкала, 1984.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები