ალემ დუნია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალემ დუნია (ნოღ. Аьлем дуныя) – სამყარო, ყველა კოსმიური სივრცე ნოღაურ მითოლოგიაში. ნოღაელების, ისევე როგორც ძველ-თურქული, წარმოდგენით, სამყარო სამი ზონისაგან შედგება: ზესკნელის, ქვესკნელისა და შუასკნელისაგან. ზესკნელი და ქვესკნელი შვიდსფეროიანია. შუასკნელი, რომელსაც ერსუც (Ер-су – „მიწა-წყალი“) ეწოდება, სააქაო – ყოველი სულდგმულის სამკვიდროა. მიწასა და წყალს თავისი გამგებელი ჰყავს.

მართალია, ნოღაური მითოლოგია დეტალურად ვერ ასახავს შესაქმის ყველა ეტაპს, მაგრამ ზოგი რამის რეკონსტრუქცია მაინც შესაძლებელია. სამყაროს წარმოშობასთან არის დაკავშირებული მითები კოსმიურ გედზე, რომლის მიერ გამოჩეკილ კვერცხში სამყაროა მოთავსებული. მიწის შემქმნელად შავი იხვი გვევლინება („ყარა-ბაფიი“). მითის თანახმად, როცა ყოველგან წყალი იყო, მასში მხოლოდ ყარა-ბაფიი დაცურავდა. მან წყალში სამჯერ ჩაყვინთა და ამოიღო ლამი, რომლითაც ბუდე გაიკეთა; ბუდე გაიზარდა და მიწად იქცა. ამიტომაა, რომ წყალში ჩაყვინთვისაგან ცხვირი დღემდე წითელი და გრძელი აქვს.


მითოსური სამყაროს ცენტრი მიწისა და ცის შეერთების ადგილზე მდებარეობს.; აქვეა მსოფლიო მთა ასყარ-თაუ (ვარიანტები: სარიარქა – „ყვითელი ქედი“, სარი-თობე – „ყვითელი ყორღანი“, ქჲოქ-თობე – „ციური ყორღანი“). კოსმიურ მთაზე მსოფლიო ხე – ბაითერექი – ხარობს, რომლის ხატში აბსტრაქტულად სამყაროს ვერტიკალური სტრუქტურა მოინიშნება. ბაითერექზე, როგორც სიცოცხლის ხის სიმბოლოზე, განთავსებულ აკვნებში ჯერაც დაუბადებელ ბავშვთა სულები იმყოფებიან, ხოლო მის ფოთლებზე ადამიანთა ბედ-იღბალი წერია. ხის ტანი შუასკნელში დებარეობს, ტოტები – ზესკნელში, ფესვები კი – ქვესკნელში. ტოტებიდან ზემოთ ციური სფეროებია განლაგებული, ფესვებიდან ქვემოთკენ – მიწისქვეშეთის სფეროები. ტოტებიდან ნამი და წვიმა ეშვება და მიწაზე სიცოცხლე მოაქვს. ფესვები აკავშირებს მიწას წყლის საბადოებთან, საიდანაც მითიური ტბა მანასი (ვარიანტი: თოგასი) სამკურნალო წყლით ივსება. ფესვების მეშვეობით წყალი ქვესკნელთან და მიცვალებულთა საუფლოსთან არის დაკავშირებული. წყალს ერთდროულად მოაქვს და მიაქვს სიცოცხლე. ნოღაურ ფოლკლორში ნახსენებია მსოფლიო მდინარე თოჲმადიქი („გაუმაძღარი“), რომლის სათავე ზესკნელშია, ხოლო ვიწროები ქვესკნელში. ამიტომ სიცოცხლის მომნიჭებელი წყალი, იმავდროულად სიკვდილის სიმბოლოსაც წარმოადგენდა.

სამყაროს სამივე დონე ხილულ და უხილავ ზონებად იყოფა. ზესკნელის ყველაზე მაღალ, უხილავ ადგილზე ცის სული თანგრი (თენგრი) მკვიდრობს. უხილავია ღვთაებებისა და დემონების საუფლოც. ხილულ ადგილზეა განთავსებული ვარსკვლავები და დიდი მნათობები, აქ ჩნდება ცისარტყელა, აქედან აქუხებს ციური დედაბერი თავისი რუმბებით, აქედანვე მეხს ისვრის საზაღანი და წვიმას ასხამს ანდირ-შოფა.

ქვესკნელი მთლიანად უხილავია, ხოლო ერლიქ-ხანისა და ოლგენის აქ არსებული სამკვიდრო ყოვლად მიუღწეველია. დემონურ არსებათა უმრავლესობა მიწისქვეშეთიდან ამოდის. ქვედა სამყაროშია ელმაუიზების, დევების საუფლო და ჯუჯათა ქვეყანა. ჯუჯათა წინამძღოლი ერღეჟეილი ხშირად ხვდება მითიურ პერსონაჟებს, იტაცებს მათ ფასეულობებს, ქალიშვილებსა და ცხენებს, რომლებიც თავის სამეფოში მიჰყავს.

შუასკნელის უხილავ ნაწილს მოჩვენებათა ქვეყანა – სულდერი, ასევე ღვთაებრივი სულებისა და დემონების სამკვიდრო წარმოადგენს. ნოღაურ მითოლოგიას თითქმის უკანასკნელ დრომდე შემორჩა ისეთი სულებისა და დემონების არსებობის შესახებ რწმენა, როგორიც არის: ერ-იესი (მიწის გამგებელი), სუ-იესი (წყლის გამგებელი), ოთ-იესი (ცეცხლის გამგებელი), ქი-იესი (ყორღანულ სამარხთა მფარველი), უჲ-იესი (საცხოვრებლის, ფუძის მფარველი), აღაჩ-ყისი („ტყის კაცი“ – ტყის გამგებელი), აღაჩ-ანღალაქი („ტყის ქალი“ – ტყის გამგებელი), ალბასლი, ანდირ-შოფაჲ, არნაუთი, საზაღანი, სარიღიზი, სუ-ყიზი, ქირ-ყოჲლექი, ყოლ-ბუღა. გაუგებარია ადგილსამყოფელი ისეთი დემონური არსებებისა, როგორიცაა: აზდაღა, დაუ, თოფექოზი, თოფანა, ამან-ბიიქე, ელმაუზი, ეზთირნაქი, ემეგენი და სხვ. ისინი სხვადასხვა სამყაროში ჩნდებიან.

შუასკნელს ოთხი კუთხე აქვს: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ყველა მახარეს გარკვეული ფერი შეესატყვისება: აღმოსავლეთი ლურჯია, დასავლეთი – თეთრი, ჩრდილოეთი – შავი, სამხრეთი – წითელი. აღმოსავლეთის მხარეს ზესკნელიდან მზე ამოდის. სამხრეთს ნოღაელები ქუბლას, ხოლო სივრცეს „წინა მხარეს“ (Алды бети) უწოდებენ (ნოღაელთა ჲურთების კარი სამხრეთის მხარეს იღებოდა). ქვესკნელის შესასვლელი დასავლეთში, მზის ჩასვლის ადგილზე მდებარეობს. მიწას ქვედა სამყაროსგან ყოფს წყალი – ზღვა, რომელზედაც გადებულია დაუ-ხიდი (ზოგიერთი მითის მიხედვით, ქვესკნელის შესასვლელი „უკანასკნელი ჭის“ ფსკერზე მდებარეობს). ჩრდილოეთის სივრცეს ნოღაელები „უკანა მხარეს“ (Сырт бети) უწოდებდნენ; თვლიდნენ, რომ ამ მხრიდან ვრცელდებოდა ღამე. ზღაპრებსა და მითებში ჩრდილოეთი საშიშ სივრცედ მიიჩნევა და ამ მიმართულებით სვლა იკრძალება, თუმცა ზღაპრის გმირები და შამანები მას სტუმრობენ. ჩრდილოეთში მდებარეობს ბნელეთის ქვეყანა, ლანდებისა და მოჩვენებების საუფლო. სულდერში, ანუ მოჩვენებათა ქვეყანაში იმყოფებიან იმ ადამიანთა სულები, რომლებიც სააქაოში ახსოვთ. ესენი არიან ხანები, თავგანწირული გმირები, ცნობილი მხედართმთავრები, წესიერი და სამართლიანი პიროვნებები, რომლებიც ყველა ტრადიციული წესის დაცვით დასაფლავდნენ. ნოღაელები ეთაყვანებოდნენ მათ, სწირავდნენ მსხვერპლს და სადიდებელ სიმღერებს უძღვნიდნენ; სწამდათ ამ სულების ადამიანური სახით აღდგომა. შთამომავლების მიერ დავიწყებული მოჩვენებები გადადიოდნენ ქვესკნელში, რომლის ერთ-ერთ ღრმა სფეროში მიცვალებულთა საუფლო (Оьлик ер, Барса-кельмес) – საიქიო – მდებარეობდა.

ქვესკნელს ძლევამოსილი ღვთაება ერლიქხანი/ერქე-ხანი მართავდა. ადამიანებს ამ ღვთაების განსაკუთრებული შიში ჰქონდათ, რადგან იგი შუასკნელში დროდადრო თავის მორჩილ დემონებს აგზავნიდა და მის მკვიდრებს მიწისძვრით, ქარიშხლებითა და წარღვნით სჯიდა (აკონტროლებდა სულდერში არსებულ წესრიგსაც). მკვდართა საუფლო ერლიქ-ხანის სამყაროში მდებარეობდა, მაგრამ იქ ღვთაება ოლგენი ბატონობდა. ეს ღვთაება სიკეთისა და ბოროტების მიმართ თანაბრად ერთსულოვანი იყო. ცივსა და ბნელ საიქიოში მიცვალებულებს არც სიხარული ჰქონდათ და არც სინანულის გრძნობა. ეს ადგილი არც დემონებისთვის იყო საინტერესო და არც ღვთაებებისთვის, საიქიოს ზღაპრის თითოოროლა გმირებიღა თუ სტუმრობდნენ.

სამყაროს უზენაესი ღვთაება, ზესკნელის გამგებელი ღმერთი თანგრია, რომელმაც შექმნა ცის მნათობები და ყოველი სულდგმული, მათ შორის ადამიანი. შექმნა რა მნათობები, იგი უდროობიდან დროში გადავიდა და დროის მდინარების წეს-რიგი განსაზღვრა: დაადგინა დღეები და ღამეები, თვეები და წლები. ნოღაელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის დაბადებისთანავე ცაზე მისი ვარსკვლავი ინთება, რომელიც მისი სიკვდილის დროს ქრება. ლეგენდარული პიროვნებები გარდაცვალების შემდეგ თანგრის მიჰყავს და ვარსკვლავებად აქცევს (მაგალითად, თანგრიმ სილამაზით გამორჩეული ქალიშვილი შოლფანი [ნოღაური ვენერა] ზეცაში აიყვანა და ვარსკვლავად აქცია). ყოვლისმხედველი და ყოველგან მყოფი უსახო თანგრი ცასთან იყო გაიგივებული (თეონიმის ფუძეა თანგ [танг] – „განთიადი“). ნოღაელებში ალიონისწინა საათი ღვთითკურთხეულ დროდ იყო მიჩნეული და „სამარადისო განთიადად“ (танг манги) იწოდებოდა. ზესკნელში მკვიდრობენ ღვთაებები – უმაჲ, ანდირ-შოფაჲ, ქუნ-იესი და აჲ-იესი, მითიური არსებები – საზაღანი, ელმაიუზი, ყარაქუსი. ზეცას დროდადრო ღვთაება უმაჲს ფრინველები – გედები, მერცხლები, ბატები და იხვები, ასევე ფრთოსანი სამირებიც სტუმრობენ.


ლიტერატურა

  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები