ალექსანდრე ბატონიშვილი (იმერეტინსკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბატონიშვილი
(მეფე არჩილ II-ის ძე)

ალექსანდრე ბატონიშვილი - (ბაგრატიონი, იმერეტინსკი) (1674, ქ. თბილისი – 1711, ქ. პიტეო, შვედეთი), მეფე არჩილ II-ის ძე, მეფე თეიმურაზ I-ის შვილთაშვილი. რუსეთის პირველი გენერალ-ფელდცოიხმაისტერი (1700), მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი ძმა მამუკა 1684 წელს მოსკოვს ჩავიდნენ, სადაც ისინი დიდი პატივით მიიღეს. ბრწყინვალედ აღზრდილი ბატონიშვილების გარეგნობამ, გონიერებამ, ქცევამ, სიმარჯვემ, მხედრულმა სიქველემ რუსრთის სამეფო კარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რუსი უფლისწულები – პეტრე და ივანე ალექსის ძენი – მალე დაუმეგობრდნენ მათ. ქართველი ბატონიშვილები რუსეთის სამეფო კარის ყველა ღონისძიებისა და ცერემონიალის აუცილებელი მონაწილენი იყვნენ. საისტორიო წყაროებსა და აქტებში მათ ყოველთვის მოიხსენიებენ დიდი ხელმწიფეების შემდეგ; ციმბირისა და კასიმოვსკის მეფისწულების წინ.

1688 წელს არჩილ II-ის იმერეთში გამეფების შემდეგ, ალექსანდრე ბატონიშვილი და მამუკა საქართველოში დაბრუნდნენ, მაგრამ 1690 წლიდან კვლავ რუსეთში არიან. აქ მას ცოლად შერთეს ბოიარ ივანე მიხეილის ძე მილოსლავსკის ასული თეოდოსია. მეფე ალექსი მიხეილის ძის უფროსი ასულის, სოფიოს დედა მილოსლავსკაია იყო და ამდენად,ალექსანდრე ბატონიშვილი ნარიშკინების (მეფე ალექსი მიხეილის ძის მეორე ცოლი, პეტრე I-ის დედა) მტრების ბანაკში აღმოჩნდა, მაგრამ ამ გარემოებას ალექსანდრე ბატონიშვილისა და პეტრეს ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია. თეოდოსია მილოსლავსკაია 1691 წ. გარდაიცვალა. თეოდოსიას მამის გარდაცვალების შემდეგ (1695) მისი მამულები მემკვიდრეობით ალექსანდრე ბატონიშვილს დაუმტკიცდა. ბატონიშვილებს – ალექსანდრე ბატონიშვილს და მამუკას – პეტრე I-ის ბრძანებით საკუთრების უფლებით ებოძათ რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი გამგებლის, ვ. ვ. გოლიცინის, სასახლე და კარის ეკლესია. პეტრე I-მა ალექსანდრე ბატონიშვილი ჩართო „დიდი ელჩობის“ შემადგენლობაში. მან პეტრესთან ერთად 1697 წელს იმოგზაურა ევროპაშიისლანდიასა და ინგლისში; ალექსანდრე ბატონიშვილი კენიგსბერგსა და ჰააგაში 1699 წლამდე სწავლობდა საარტილერიო საქმეს.

ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეორედ იქორწინა ილია (ელიზბარ) დავითაშვილის ასულ გლიკერიაზე, რომლის მამაც ერეკლე I-ის (ალექსანდრე ბატონიშვილის დედის ძმის) აღმზრდელი იყო. 1700 წ. 19 მაისს პეტრე I–მა ალექსანდრე ბატონიშვილს ფელდცოიხმაისტერის წოდება მიანიჭა და რუსეთის არტილერიის მეთაურად დანიშნა. ამ დროს ქართველი უფლისწული 26 წლის იყო. იგი შეუდგა რუსეთის არტილერიის რეორგანიზაციას შვედეთის წინააღმდეგ მომავალი ომისთვის, რომელიც ჩრდილოეთის ომის (1700-1721) სახელით არის ცნობილი. 1700 წ. 19 აგვისტოს დაიწყო ომი შვედებთან. 1700 წ. 19 ნოემბერს ნარვის ბრძოლაში ალექსანდრე ბატონიშვილი ტყვედ ჩავარდა, სადაც 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ტყვეობაში მყოფს პეტრე I–მა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა. 1711 წ. იგი ტყვეობიდან გამოიხსნა, მაგრამ დაავადებული ალექსანდრე ბატონიშვილი გზაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის ტაძარში. არჩილ მეფემ მის გვერდით დაკრძალა ადრე გარდაცვლილი შვილები, მამუკა და დავითი, რამაც საფუძველი ჩაუყარა მოსკოვის დონის მონასტრის ქართულ ნეკროპოლს.

არჩილ მეფე ცდილობდა მოსკოვში სტამბის გამართვას. ამ მიზნით მან ხელნაწერი ანბანის მიხედვით ქართული ასოების გამოჭრა შეუკვეთა ცნობილ ნიდერლანდელ ასოთმოქანდაკე მ. კიბს. ქართული ანბანის გამოქანდაკებიდან 10 წლის შემდეგ, 1697 წ. რამდენიმე ქართველის თანხლებით ალექსანდრე ბატონიშვილი ამსტერდამში ჩავიდა. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ნ. ვიტსენი, რომელმაც ბატონიშვილისგან ქართული ენის სალექსიკონო მასალა ჩაიწერა. ტყვეობაში მყოფმა ალექსანდრე ბატონიშვილმა სტოკჰოლმში ქართული შრიფტი შექმნა, 1703 წ. სასინჯი ფურცლები დაამზადა და მატრიცები მოსკოვში მამამისს გაუგზავნა. იმავე წელს სტოკჰოლმში ალექსანდრე ბატონიშვილი ბეჭდავს ქართულ ანბანს საკითხავი (სავარჯიშო) ტექსტით. „ანბანი“ თვალსაჩინოების პრინციპით შედგენილი და გამოცემულია მაღალ მხატვრულ დონეზე. 1705 წ. წარმატებით დაგვირგვინდა არჩილ მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მცდელობა მოსკოვში ქართული სტამბის გამართვის თაობაზე. გამოქვეყნდა პირველი ქართული წიგნი „დავითნი“, რაც მოსკოვის ქართული ახალშენის დიდი კულტურული მონაპოვარი იყო. მამა-შვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ენათა სიტყვა-ტერმინების გაქართულებაში. მათი მეოხებით ქართული მასალა შევიდა მსოფლიო ორიენტალისტურ ლიტერატურაში. ამ მხრივ აღსანიშნავია ნ. ვიტსენის წიგნში გამოქვეყნებული სიტყვარი.

თარგმანები

ალექსანდრე ბატონიშვილი ზრუნავდა საქართველოში სამხედრო-ტექნიკური სიახლეების დანერგვაზე. ამ მიზნით თარგმნა ქართულად „საარტილერიო წიგნი“, რომელშიც არის პრაქტიკული ხასიათის დარიგებანი, მაგ., ჭურვის შემადგენლობისა და დამზადების აღწერა. მას დართული აქვს ნახაზები განმარტებებით. ამ წიგნში ახალი იარაღის (საარტილერიო ჭურვებისა და ხელყუმბარების) შექმნა-მოხმარების საკითხებთან ერთად საკმაოდაა მათემატიკის, მექანიკის და ქიმიის საკითხებიც. ალექსანდრე ბატონიშვილი სარგებლობდა მდიდარი უცხოური მასალით, რომელთაგან ერთ-ერთი წყარო სენ-რემის წიგნია (სენ-რემის წიგნი გამოვიდა 1697 წ.). ალექსანდრე ბატონიშვილის წიგნი შეიქმნა შვედეთში 1705-1708 წწ.

ალექსანდრე ბატონიშვილმა ქართულად თარგმნა ბიზანტიის იმპერატორ ბასილი მაკედონელის დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის თხზულება „ტესტამენტი“, რომელიც არის იმპერატორის ანდერძი თავისი ძის ლეონისადმი. მთარგმნელის იდეალი გამოხატულია წინასიტყვაობაში: „კეთილშესწრებულ არს სამეფო იგი, რომელსაც შინა ანუ სიბრძნის მოყვარულნი მეფობენ, ანუ მეფენი სიბრძნისმოყვარეობენ“. თარგმანი შესრულებულია ჩინებული ქართულითა და მხატვრული გემოვნებით. მასვე ეკუთვნის თარგმანი „მეფედ კურთხევის წესისა“, რომლის დედანიც უცნობია. ქართული ტექსტი თავისუფალ თარგმანს წარმოადგენს. ბასილი მაკედონელის შემოქმედებით მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რუსული სასულიერო ლიტერატურის თარგმანებს. ასეთია სვიმეონ პოლოცკის თხზულებანი: „სიტყუალ მიცვალებულისათვის ღმრთისმშობლისა“ და „სიტყუალ დღესა ყოვლად ტაძრად მიყვანებისა“. სვიმეონ პოლოცკი ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო რუსულ საგანმანათლებლო სფეროში. თარგმანი ზუსტია, მთარგმნელი ორივე ენას შესანიშნავად ფლობს და ყველა ნიუანსს გრძნობს. როგორც ჩანს, იგი პოლოცკის ტექსტს ამოწმებდა ბიბლიასა და სხვა წიგნებთან. ბასილი მაკედონელის თარგმანს ავსებს მრავალი საყურადღებო დაზუსტება, რომელიც რუსულ დედანში არ არის. ასე მაგალითად, ს. პოლოცკი თარგმნის ციტატას ბიბლიიდან და ამბობს, რომ იგი წინასწარმეტყველს ეკუთვნის, თუმცა, არ აზუსტებს რომელს. თარგმანში მითითებულია დავით წინასწარმეტყველი და ციტატა მოყვანილია სრულად. ს. პოლოცკი ასახელებს „ცერკოვნიკს“ განმარტების გარეშე, ბასილი მაკედონელთან კი მითითებულია ზუსტი სახელი – „ეკლესიასტე“. თარგმანი შესრულებულია შესანიშნავი ქართულით და აღიქმება, როგორც ორიგინალური ქართული ძეგლი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A 347 ფონდში, რომელშიც მოთავსებულია „სიტყუაჲ მიცვალებულისათვის ღმრთისმშობლისა“, არის ცნობილი „პროლოგ-სვინაქსარი“, რომელიც მეფე არჩილმა თარგმნა, შეასწორა, შეავსო და მასში თავისი ძის, ბასილი მაკედონელის, თარგმანიც ჩართო. ბასილი მაკედონელმა რუსულიდან თარგმნა თეოქტისტე სტუდიელის „სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“. იგი სარგებლობს 1646 წ. გამოცემით, რომელიც „ლოცვის“ სახელწოდებით დაიბეჭდა მოსკოვის სტამბაში 1737-1744 წწ. ეს არის „დასდებელი“, ანუ „მისამატებელი“ ლოცვა, რაომელსაც „აკათისტოს“ უწოდებენ. ქართული და რუსული ტექსტების შედარებისას ნათლად ჩანს, რომ ისინი ემთხვევა ტროპარებში და განსხვავდება ირაგოსებში (ძლისპირები). თარგმანი იმითაც ხასიათდება, რომ არც ერთი ძლისპირი სრულად არ არის მოყვანილი, მხოლოდ ორი სიტყვაა დასაწყისში, შემდეგ კი ტროპარი მიჰყვება. ძველ ქართულ ძლისპირებში ხშირად გვხვდება მსგავსი რამ – საგალობლის წინ არის სტროფები ძლისპირიდან. მკვლევართა აზრით, ეს ან ლექსის ზომას მიანიშნებს, ან მელოდიას, საგალობელს, ან ერთდროულად არის მუსიკისა და ლექსის ზომის მაჩვენებელიც. ალექსანდრე ბატონიშვილის თარგმანში ყველა საგალობლის წინ მოცემულია მოდელი – ძლისპირის დასაწყისი. უდავოა, „სადიდებლნი გალობანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნის“ თარგმნის დროს ალექსანდრე ბატონიშვილს ხელთ ჰქონდა სლავური „სადიდებელნი“ და, როგორც სასულიერო მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, იგი მოხერხებულად უსადაგებდა თავის თარგმანებს ქართული ლიტერატურის ტრადიციებს. ამიტომ ეს არის რუსული საგალობლების არა სიტყვასიტყვითი თარგმანი, არამედ მათი შემოქმედებითი გადამუშავება (ხელნაწ. ინსტ-ის ფონდი A-347). მასვე ეკუთვნის „ლოცვა ახლად თარგმნილი რუსულისგან“. „ლოცვა“ საყურადღებოა თავისი არაორდინარული აგებულებით. მასში მოყვანილი ლოცვები ლიტურგიის დროს წარმოითქმის. ავტორის სურვილია, მლოცველმა ის ლოცვა კი არ წარმოთქვას, რომელსაც მღვდელი კითხულობს, არამედ სხვა. ასეთი აგებულება დამახასიათებელია კათოლოლიკური ლიტურგიისთვის, მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილის თარგმანი არ არის კათოლიკური სულისკვეთების – ძირითადი კრიტერიუმი, „მრწამსი“, მართლმადიდებლურია.

ლ. შენგელია

ლიტერატურა

დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები