წულუკიძე ალექსანდრე
წულუკიძე ალექსანდრე პეტრეს ძე - (დ. 1888 - გ. 1967) - ქირურგ-უროლოგი, საქართველოში მეცნიერული უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955).
სარჩევი |
ბიოგრაფია
1913 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1919 თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა სამკურნალო ფაკულტეტზე გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად. 1922-1924 წლებში გერმანიასა და საფრანგეთში დახელოვნდა უროლოგიაში. 1925 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია, იყო პროფესორი (1930).
1930-1959 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ქირურგიისა და უროლოგიის კათედრებს, 1949-1953 წლებში - ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს, 1953-1967 წლებში მისივე ინიციატივით დაარსებულ უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.
მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- დ. მურვანიძე, აკადემიკოსი ალექსანდრე წულუკიძე, თბ., 1978;
- ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი