ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.
VIII-IX საუკუნეები

ალვანის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - VIII-IX საუკუნეები გარდამავალი ხანის დამახასიათებელი სამნავიანი ბაზილიკა კახეთში, ახმეტის რაიონში. მდებარეობს მთაზე, სოფელ ზემო ალვანის მახლობლად. იქვე დგას ცხრაკარას სასახლე, XVI ს-ში აგებული კახთა მეფის ლეონის მიერ, ხოლო ზედ ეკლესიის სამხრეთით XVI საუკუნისავე სამრეკლო აქვს მიშენებული.

არქიტექტურული აღწერა

როდესაც ეკლესიის გეგმას ვეცნობით, უპირველეს ყოვლისა, ყურადდებას იპყრობს მისი სიგრძე-სიგანის შეფარდება: გარედან იგი თითქმის კვადრატულია (1,18:1) შიგნით კი, საკურთხევლის ნაწილის გამოკლებით, სიგანე სჭარბობს კიდეც სიგრმეს. თუ ვაზისუბანში შუა ნავის სიგრძე სამჯერ მეტია, ვიდრე მისივე სიგანე, აქ ეს შეფარდებაა 2,16:1; ასევე ვაზისუბანში შუა ნავის სიგანე სამჯერ და მეტად აღემატება გვერდის ნავებისას, რომლებიც, არსებითად, დამოუკიდებლობას მოკლებული, ვიწრო და გრძელი სათავსებია. ნათლისმცემლის ეკლესიის გვერდის ნავების სიგანე შუა ნავის სიგანის ნახევარს აღწევს, ისინი გარკვეულად ჩამოყალიბებული სივრცის შთაბეჭდილებას ქმნიან. ამგვარად, ამ მხრივ ნათლისმცემლის ეკლესია უფრო ახლოა აშხანის ბაზილიკასთან.

ცხრაკარას სასახლე.
XVI საუკუნე.


ნავებს შორის ორ-ორი ჯვაროვანი გეგმის მქონე მასიური ბოძია, ე. ი. სამ-სამი მალი, ნახევარწრიული თადებით. კვადრატული, უაფსიდო პასტოფორიები მხოლოდ ნავებს უკავშირდება. შესასვლელი ერთია, სამსრეთიდან, სწორედ შუა მალების პირდაპირ, რაც აგრეთვე ანელებს ეკლესიაში შემსვლელისთვის სიგრძივობის შთაბეჭდილებას, პირიქით, ცენტრალური სივრცის იერს ანიჭებს ინტერიერს. შუა ნავის კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, მაგრამ მისი ფორმა დამახინჯებულია, ალბათ, გვიანდელი გადაკეთების წყალობით - ახლა ნამდვილი კამარის ნაცვლად ორი სიბრტყეა, ერთმანეთთან კუთხით შეერთებული; გვერდის ნავების კამარები სხმულია, „მცოცავი“ მოხაზულობისა, საბჯენი თაღების გარეშე. საშენი მასალა ორგვარია - კახეთისთვის ტრადიციული რიყის ქვა და აგური (ბოძები და თაღები).


XVI ს-ში, ლეონ მეფის დროს, ეკლესია შეაკეთეს, შუა ნავი მოხატეს (დარჩენილია თვით ლეონის პორტრეტი დასავლეთ კედელზე; ლეონს, ქტიტორების წესისამებრ, ხელთ ეკლესიის მოდელი უჭირავს, თუმცა იგი მხოლოდ აღმდგენი, „მეორედ მაშენებელი“ იყო, და არა მაშენებელი), ჩადგეს მოხატული კანკელი, მიაშენეს სამრეკლო. არც შიგნით და არც ფასადებზე ეკლესიას სხვა რაიმე თავდაპირველი სამკაული არ გააჩნია. გარედან ეს საკმაოდ ამორფული, მძიმე მასაა, მით უფრო რომ შუა ნავი სიმაღლით მაინცდამაინც არ გამოიყოფა გვერდის ნავებისგან.

ბიბლიოგრაფია

  1. ალვანელი დ. ალვანის ძველი ნაშთები //კვალი.-1897.-N6.-გვ.128-130; N7.-გვ.145-148. ალვანის ისტორია. აღწერილია ალვანის მოსაზღვრე ტყიან ქედზე მდებარე ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები.
  2. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები .-თბ., 1962.-გვ.31. ნათლისმცემლის ეკლესიის კედლის მოხატულობაზე ლეონ მეფის გამოსახულებასთან შემორჩენილი წარწერის ანალიზი.
  3. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.134-135. ალვანის სამების ტაძრის აღწერილობა. განხილულია სამშენებლო ტექნიკა, გეგმა, ფასადთა მორთულობა.დათარიღებულია XVI საუკუნით.
  4. ბოჭორიძე გ. თუშეთი.-თბ.,1983.-გვ.63. ალვანის მატერიალური კულტურის ძეგლების:ნათლისმცემლის ეკლესიის, ცხრაკარის, კაკლიანის სასახლის მახლობლად მდებარე კოშკის, ეკლესიისა და სამების ეკლესიის მოკლე აღწერილობები.
  5. ვაჩნაძე მ. მოხატული კანკელი ალვანის ნათლისმცემლის ეკლესიიდან //ძეგლის მეგობარი.-1979.-N50.-გვ.56-62. XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დაკვეთით მოხატული კანკელის მხატვრული ანალიზი.
  6. ვაჩნაძე მ. კედლის მხატვრობის ძეგლები //ძეგლის მეგობარი.-1973.-გვ.41-49. ალვანის იოანე ნათლისმცემლის, გრემისა და ახალი შუამთის ეკლესიათა კედლებზე შემორჩენილი ლევან კახთა მეფისა და თინათინ დედოფლის პორტრეტულიგამოსახულებათა განხილვა.
  7. ზაქარაია პ. XVI-XVIII საუკუნეების სასახლეები //საქართველოს მუზეუმის მოამბე, XXIV.B.-1963.-გვ.106-107. მოცემულია ალვანში "ცხრაკარას" სახელით ცნობილ ნაგებობათა კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  8. ქადეიშვილი ი. ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი.-თბ.,1964.-გვ.71. მოხსენიებულია ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია.
  9. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.329-332. ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მდებარეობა, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, კანკელზე და სვეტებზე შემორჩენილ ფრესკულ წარწერების პალეოგრაფიულ-ენიბრივი ანალიზი.
  10. ალვანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.316-319. განხილულია იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველში, დასავლეთის კედელზე, თაღებსა და სვეტებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერები.
  11. შავხელიშვილი ა. თუშეთი.-თბ.,1987.-გვ.125-127. ზემო ალვანში მდებარე ორი ეკლესიის: სამებისა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება და კედლებზე შემორჩენილი წარწერების ანალიზი.
  12. ხელაშვილი მ. საისტორიო მასალა //გაზ. "ივერია".-1890.- 8 ივნ.(N119).-გვ.2-3. სოფ.ალვანში, "ტახტის გორზე" აგებული ძველი ეკლესიისა და პალატის შესახებ.
  13. რჩეულიშვილი ლ. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე //ქართული ხელოვნება.-1987.-N9.-გვ.75-88. სოფ.ალვანის კიჩხოვანის მიდამოებში აგებული ხუროთმოძღვრული კომპლექსის (საკულტო-ბაზილიკური, ცალნავიანი ეკლესია და მრავასართულიანი საცხოვრებელი ციხე-კოშკი)მხატვრულ-ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
  14. ციცხვაია ხ. ლევან მეფის სასახლე //ბახტრიონი (ახმეტა).-1966 (22 დეკემბერი). ალაზნის პირას, ალვანის ახლოს აშენებული, ცხრაკარას სახელით ცნობილი სასახლის აგების თარიღის განსაზღვრა.
  15. საყვარელიძე თ. ზემო ალვანის ბაზილიკა //ჟღერს ქვის ჰარმონია.ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.-თბ.,2007.-გვ.48. მოკლე ცნობა VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული, იოანე ნათლისმცემლის სახ. სამნავიანი ბაზილიკის შესახებ. ტექსტს ერთვის ბაზილიკის აღმ. ფასადის ფოტო. 6.სივსივაძე შ. ალვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია //"მადლი".-1991.-28 მაისი.-გვ.7.
  16. Вачнадзе М. Некоторые стенные росписи в Кахетии //ძეგლის მეგობარი.-1973.-N31-32.-с.106.
  17. Вачнадзе М. Некоторые особенности и хронологическая исследовательность группы кахетинских росписей XVI в.//Международный симпозиум по грузинскому искусству.-Ть.-1977.-15 с.
  18. Вачнадзе М. Росписная алтарная преграда в церкви Иоанна Крестителя в Алвани //ძეგლის მეგობარი.-1979.-N50.-с.72.
  19. Чубинашвили Г. Архитектура Кахетии.-Тб.-1956.-с.380 с илл. 11.Крепости, замки и дворцы Кахетии //Чубинашвили Г. Архитектура Кахетии.-Тб.-1959.-455-457.



წყარო

  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები