ალის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალის ეკლესია. XVII საუკუნე

ალის ეკლესია - XVII საუკუნე ისტორიული შიდა ქართლი, ახლა - ხაშურის რაიონმია, გომიდან საჩხერისკენ მიმავალ გზაზე. წინათ ალი ქალაქად ითვლებოდა. ვახუშტის თანახმად, „ბროლის წყლის შესართავს ზეით არის ალის წყალზედა, დასავლით, კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე, მსახლობელნი არიან სომეხნი და ურიანი, მცირედ ქართველნი“.

ეკლესია სომხურია. ამას ამტკიცებს საკურთხევლის იატაკის ამაღლება, ემბაზი ჩრდილოეთ კედელში და სომხური ასოები სამხრეთ კედლის მზის საათისა. მაგრამ არქიტექტურის მხრივ ძეგლი არ განსხვავდება იმდროინდელი ქართული ტაძრისაგან. ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციის ფარგლებში ექცევა. მთლიანად მისი გეგმა, აგებულება, დეტალები. ეს ნიშანდობლივი და დამახასიათებელია.

ეს გუმბათიანი შენობაა ორი თავისუფალი გუმბათქვეშა ბურჯით, თერთმეტსარკმლიანი გუმბათის ყელით, უაფსიდო პასტოფორიებით, უპატრონიკეოდ, სამხრეთი და დასავლეთი შესასვლელებით. გარეთ მოხაზულობა - ჩვეულებრივი სწორკუთხედია, კარიბჭისა და სხვა მინაშენთა გარეშე, საერთო აღნაგობა - ასევე ჩვეულებრივი ქართული ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესიისა არის.

საშენი მასალა ნარევია: დიდი ლოდები, ნატეხი ქვა, აგური. გარედან ნატეხი ქვისაა კედლების დიდი ნაწილი, მხოლოდ აქა-იქ არის ჩართული აგურის ფენები; აგურისავეა შესასვლელთა წირთხლები და მთელი მოჩარჩოება, მთავარი კი ის არის, რომ მთლიანად აგურისაა გუმბათის ყელი. აქ ნათლად ჩანს რამდენად უფრო „საპატიო“ და საპასუხისმგებლო გახდა აგურის როლი XVI საუკუნის შემდეგ: თუკი შენობაში აგური ნახმარია, მას კონსტრუქციულად და მხატვრულად უფრო მნიშვნელოვანი ნაწილებისათვის იყენებენ. აგური ქართულია, კვადრატული; დუღაბის ფენა აგურისავე სისქისაა.

შენობის გარეგნობისათვის მშენებელს დიდად არ შეუწუხებია თავი. ახლა ორივე შესასვლელი გამონგრეულია - აქ შესაძლებელია რაიმე სამკაული ყოფილიყო. მაგრამ ეს ვერ უცვლიდა სახეს მონოტონურ მასიურ კედლებს. რაიმე მხატვრული ამოცანა, როგორც ზოგ მაშნდელ ძეგლებში ისახება, აქ სულ არ ჩანს. აღმოსავლეთი ფასადების ტრადიციული ნიშები აქაც უარყოფილია, როგორც ჯვარის მამას და „ორმოცთა“ ეკლესიების ფასადებზე მორთულობა არ არის.

მხატვრული თვალსაზრისით უფრო საინტერესოა ინტერიერი. მთავარი ღირსებაა კარგად გამოზომილი პროპორციები, სიმაღლისა და სიგანის ზომიერი, მშვიდი შეფარდება. ახლა კედლები სრულიად გაშიშვლებულია, თუმცა ასეთი შერეული წყობის დროს, უეჭველია, შელესვა ნავარაუდევი უნდა ყოფილიყო. თვალში საცემია ჩამოყალიბებული ისლამური მოტივები - სწორკუთხა ჩაღრმავებაში ჩასმული ისრული თაღები, რომლებიც გუმბათქვეშა ბოძებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებთან აკავშირებს. ასეთივეა დასავლეთი კედლის დაბალი კედლის თაღებიც. გუმბათის ყელის დამუშავება გარედაან ისეთივეა, როგორც ჯვარის მამასი, ორმოცთაში და აგრეთვე, თბილისის მეტეხში. გუმბათის ყელი შენების უკეთესი ხარისხითაც გამოირჩევა შენობის სხვა ნაწილთაგან.

გარშემო შენობათა კომპლექსია, აწ ნანგრევებად ქცეული (ბაზილიკა, ზედ მიშენებული სამრეკლო, სხვა შენობები). ძეგლს დამათარიღებელი წარწერა არ გააჩნია, არც სხვა წერილობითი საბუთები არსებობს მის შესახებ. ხუროთმოძღვრულ მონაცემთა და სხვა ძეგლებთან შედარების საფუძველზე თარიღდება XVII საუკუნის შუა ათეული წლებით.



ბიბლიოგრაფია

  1. ალი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.108. მოკლე ცნობები სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლების: ალის ციხის, დედაღვთისას, კვირაცხოვლის, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის სახ. ეკლესიებისა და ალის საყდრის შესახებ.
  2. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.30-32. სოფ. ალის სომხური ეკლესიის ხუროთმოძღვრება. ერთვის ფოტომასალა.
  3. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ფრონის ხეობა.-თბ.,1963.-გვ.85. ცნობები სოფ. ალის წმინდა გიორგის სახ. ერთნავიანი ეკლესიისა და სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ეკლესიების შესახებ. ტექსტს ახლავს უსანეთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევების ფოტო.
  4. უსანეთის ბაზილიკური ეკლესია და მისი სამრეკლო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.422. სოფ.ალის მატერიალური კულტურის ძეგლების: დედაღვთისას, სოფლის ცენტრში მდგარი 1810-1822 წწ. გუმბათიანი კვირაცხოვლის სახ. ეკლესიის, მიშენებული ეგვტერის, სამრეკლოს, ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ღვთისმშობლის სახ.გუმბათიანი ეკლესიის, უსანეთის ბაზილიკური ეკლესიის, ულუმბის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიისა და სამრეკლოს, სოფლის გარეუბანში მდგარი , XVIII საუკუნის ჯანიაურების ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა.
  5. სოფ. ალი. ძველი შენობები //დროება.-1881.-27 ნოემბ.(N248).
  6. [გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი. ახალციხური ფელეტონი. მგზავრის ბიჭი //დროება.-1881.-11 აგვ.(N166).-გვ.1-3; 12 აგვ.(N167).-გვ.1-3. ალისა და ვალეს ეკლესიების აღწერილობა.
  7. ურბნისისა და რუისის ეპარქია: ულუმბოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი: მამათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.123-124. VI საუკუნეში აგებული ეკლესიის მოკლე ისტორია შემორჩენილი ამირეჯიბთა სიგელის მიხედვით, წარწერის ანალიზი, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ასურელი მამა მიქაელ ულუმბოელი (VI ს.), ქუცნა ამირეჯიბი (XV ს.), პლ. იოსელიანი, ალექსი კევლიევი (კევლიშვილი, XIX ს.), იღუმენი გაბრიელი (ტაბატაძე).
  8. [მთავრიშვილი თომა] ზიარელი ს. ზიარი (სიღნაღის მაზრა) //ივერია.-1888(27აგვ.).-N180.-გვ.2-3. მოკლე ცნობა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის შესახებ.
  9. ქანდაკება და მხატვრობა ქართული ხელოვნების განვითარების ძველ ხანაში //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.212-213. უსანეთის მონუმენტის კომპოზიციების შედარებაითი ანალიზი იმავე პერიოდის სხვა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების კომპოზიციებთან. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.166, 167).
  10. გვასალია ჯ. ფრონის ხეობის ისტრიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.VII.-თბ.,1989.-გვ.27. მოკლე ცნობა ალის დედაღვთისას, კვირაცხოვლისა და წმ. გიორგის სახ.ეკლესიბის შესახებ.
  11. უსანეთის გორა //ქართული წარწერების კორპუსი.I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.123-1309. ეკლესიისა და სტელა-ჯვრის წარწერების აღწერილობა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, შესრულების სავარაუდო თარიღი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.31-36).
  12. Закарая П. Крепостные сооружения Картли.-Тб.-1968.-с.106-108.
  13. МАК.Вып.4.-М.-1894.С таб.
  14. Месхиа Ш. Города и городской строй феодальной Грузии.-Тб.-1959.-с.11-112.
  15. Такайшвили Е. Археологические экскурсии, разыскания и заметки.Вып.3.-Тфл.-1907.-56 с. С илл.
  16. Такайшвили Э. Древности Посховского участна-Крепость Мере, Альская церковь. Крепость в ущелье речки Джак-су в Месхетии //Сборник Материалов для описания местностей и племен Кавказа.Вып.35.-Тфл.-1905. # # ალის ქართველთა კვირაცხოვლის ეკლესია. ალის უსანეთის ეკლესია. მიქელ-გაბრიელის ეკლესია. დედაღვთისას ეკლესია. ალის ჯანოაანთ ეკლესია. ალის გვარამაძეების ეკლესია. ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.220-225.

წყარო

  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები