ალუბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუბალი

ალუბალი - მერქნიანი მცენარეების გვარის წარმომადგენელი, ვარდისებრთა ოჯახიდან. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები. ნაყოფი კურკიანია და წვნიანი. ალუბლის გვარს მიეკუთვნება აგრეთვე ბალი. ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ჩვენში გავრცელებულია ალუბლები ჩვეულებრივ ალუბალს (Cerasus vulgaris) განეკუთვნება. ველური ფორმები არ გვხვდება. ვარაუდობენ, რომ ჩვეულებრივი ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. განასხვავებენ ორ ჯგუფს - ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი. ალუბლის ნაყოფი შეიცავს შაქარს, მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებას, კაროტინს, ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, სპილენძის, კალიუმის, რკინის, მაგნიუმის მარილებს.

ალუბლის კულტურა საქართველოს პირობებში სუსტად არის გავრცელებული.

ნარგავები, რომელიც იძლევა სამრეწველო ხასიათის ალუბლის პროდუქციას, შედგება, მხოლოდ ალუბლის ადგილობრივი ჯიშისაგან. ალუბლის ევროპული და რუსული ჯიშები გვხვდება იშვიათად, ისიც უფრო საკოლექციო ნარგავებში.

ჩვენში გავრცელებულია ზოგიერთი ამორელი „შპანკის“ სახელწოდებით და ჰიბრიდული ჯიშები ბალსა და ალუბალს შორის.

ალუბლის მნიშვნელოვანი ფართობები გვხვდება თბილისისა და კასპის რაიონებში, სადაც გავრცელებულია უმთავრესად ადგილობრივი ალუბალი.

ალუბალის ხე

ალუბალი კარგად ჰგვარობს მსუბუქ ნიადაგებზე, უძლებს სიმშრალეს და ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას ნიადაგში.

ალუბალი ყინვის ამტანი კულტურაა, შეიძლება გაშენდეს მაღალ რაიონებშიაც.

ადგილობრივი ალუბალი ადვილად მრავლდება ამონაყარით და ეს წესი მიღებულია მისი გამრავლებისთვის. სხვა შემოტანილ ჯიშებს კი მყნობით ამრავლებენ ბალამწარას და რგავენ ბაღში 1–წლიან ნამყენს ერთმანეთზე 4X4 მ.–ის ან 5X5 მ.ის დაცილებით.

ალუბლის პროდუქცია უმთავრესად მიდის სამურაბედ, წვენების დასამზადებლად და ახმობენ კერკად. კარგ პროდუქტს წვენის დასამზადებლად იძლევა ქართული ადგილობრივი ალუმალი, რომლის წვენი მუქადაა შეთებილი, რაც შეეხება უცხო ჯიშებს, მათი პროდუქცია უმნიშვნელოა და იხმარება ადგილზევე.

ალუბალს საქართველოს პირობებში აზიანებს ცხვირგრძელა (Anthonomus druparum L.), რომლის მატლი იკვებება თესლის გულით და ამით აზიანებს ნაყოფს. ზოგიერთ წლებში ამ მავნებლისაგან შესამჩნევად ეცემა ალუბლის მოსავლის სასაქონლო ღირებულება.

ალუბლის დაავადებებიდან აღნიშნულია სიდამპლე Selerotina cinerea, რომელიც აზიანებს ყვავილებს, ფოთლებსა და ტოტებსაც. ალუბლის კულტურის ფართო გავრცელება ჩვენი მეხილეობის გადაუდებელი ამოცანაა.

ალუბლის კულტურის პროდუქციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და მეტადრე ბავშვების კვებაში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები