ალცჰაიმერის დაავადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაავადება, ალცჰაიმერის - (Alzheimer disease), უცნობი ეტიოლოგიის, თავის ტვინის პირველადი დეგენერაციული დაავადება, დამახასიათებელი ნეირომორფოლოგიური და ნეიროქიმიური ნიშნებით, თავის ტვინის ქერქის ატროფიის, ნეიროფიბრილარული გორგლების და ნევროტული არგენტოფილური ფოლაქების ჩათვლით. აგრეთვე დამახასიათებელია ფერმენტ ქოლინაცეტილტრანსფერაზის, აცეტილქოლინის და სხვა ნეიროტრანსმიტერებისა და ნეირომოდულატორების შემცველობის გამოხატული დაქვეითება.

ჩვეულებრივ, დაავადება იწყება შემპარავად, ვითარდება ნელა, მაგრამ მაინც პროგრესირებს რამდენიმე წლის მანძილზე. მოგვიანებით, კერძოდ, 65 წლის ზევით (ტიპი 1) დაწყებული შემთხვევებისათვის დამახასიათებელია ნელი პროგრესირება, ხოლო ძირითადი სიმპტომის როლში მეხსიერების დარღვევა გვევლინება;

65 წლამდე (ტიპი 2) დაწყებულ შემთხვევებში შეინიშნება შედარებით სწრაფი მიმდინარეობა, უმაღლესი ქერქული ფუნქციების მრავლობითი, გამოხატული დარღვევებით. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

1907 წელს ალცჰაიმერმა გამოაქვეყნა დაავადების აღწერა ერთი პრესენილური დემენციის დიაგნოზის მქონე ქალბატონისა (Auguste D), რომლის ტვინშიც დამახასიათებელი ცვლილებები ნახეს. კრეპელინმა ასეთ მდგომარეობას ალცჰაიმერის დაავადება უწოდა (Maurer et al., 1997). დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და, რომ მხოლოდ პრესენილურ დემენციას უდევს საფუძვლად. შემდგომი კლასიკური კვლევებით როტმა (Roth) დაადგინა, რომ ეს დაავადება სენილური დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზია (Blessed et al., 1968). ეს მონაცემები დაადასტურა მოსახლეობის შედარებით ახალმა გამოკვლევამაც, რომლის მიხედვით, დემენციის მქონე პაციენტების 64%-ს აუტოფსიით ალცჰაიმერის დაავადება დაუდასტურდა (Neuropathology Group of the MRC Cognitive Functioning and Aging Study, 2001). დაავადების გავრცელების სიხშირე 65 წლის ასაკისთვის 2-7%-ია, 80 წლისთვის - 8-10%, ხოლო 90 წლისთვის 30-40%-მდე იზრდება (Nassbaum and Ellis, 2003;

სარჩევი

ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური ნიშნები

ალცჰაიმერის დაავადების (უფრო სწორია ვიხმაროთ ტერმინი „ალცჰაიმერის ტიპის დემენცია“, რადგან ფორმალური დიაგნოზისთვის ნევროლოგიური დასაბუთებაა საჭირო) ძირითადი ნიშნები ჩამოთვლილია ცხრილში.

თავდაპირველი ნიშანი, ჩვეულებრივ, გულმავიწყობაა, რომლის განსხვავებაც ნორმალური ასაკობრივი ცვლილებებისგან, თავიდან ძნელია. პირველი 2-4 წლის მანძილზე მდგომარეობა ნელა პროგრესირებს. თანდათან უარესდება მეხსიერება და სპონტანურობა. დაავადების დასაწყისში პაციენტს ჯერ ახლო წარსულის მოგონებები ავიწყდება. მეტყველების პრობლემები ადრეულ ეტაპზევე ვლინდება. აღინიშნება სახელდებისა და საჭირო სიტყვების მოძებნის სირთულეები. პიროვნება კარგავს ინფორმაციული და სხარტი წინადადების შედგენის უნარს. მხედველობით-სივრცითი დარღვევები ვლინდება ფიგურის კოპირების პრობლემების ან უცხო გარემოში გზის გაკვლევის სირთულეების სახით (მაგ., სასტუმროში ან უცხო სახლში). დროში დეზორიენტაცია იწვევს დანიშნულ დროს გამოცხადების უუნარობას და დღეღამური საქმიანობის პატერნების შეცვლას.

ალცჰაიმერის დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები (DSM IV-ის მიხედვით)
მეხსიერების დაქვეითება;

თანდათანობითი დასაწყისი და პროგრესული გაუარესება;

ერთი ან მეტი ქვევით ჩამოთვლილი ნიშნების არსებობა:

დემენციის გამომწვევი სხვა დაავადებები არ აღინიშნება.

დეპრესია

დეპრესიასა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის რთული ურთიერთკავშირი არსებობს. დეპრესია ალცჰაიმერის დემენციის განვითარების რისკ-ფაქტორია. დეპრესია შეიძლება დემენციაში აგვერიოს ან შეიძლება მის ნაწილს წარმოადგენდეს. პაციენტთა 10%-ს დიდი დეპრესია აღენიშნება, ხოლო ნაკლებ გამოხატული ან ცალკეული დეპრესიული სიმპტომები 50%-ს უვითარდება. დეპრესიის მქონე პაციენტებს აუტოფსიით სეროტონინისა და ნორადრენერგული მარკერების დაქვეითება მეტად აქვთ გამოხატული, ვიდრე ალცჰაიმერის დაავადების მქონე სხვა პაციენტებს.

ფსიქოზური სიმპტომები

ბოდვითი იდეები და ჰალუცინაციები, დაავადების გარკვეულ სტადიაზე, იშვიათად ვითარდება. მათი სიხშირის ზუსტი განსაზღვრა ძნელია, კვლევათა უმრავლესობაში არ არის გამიჯნული ალცჰაიმერისა და ლევის სხეულების დემენცია. უკანასკნელი კვლევებით ბოდვითი იდეები შემთხვევათა 10-50%-ში, ხოლო ჰალუცინაციები - 10-25%-შია ნაჩვენები. ყველაზე დამახასიათებელია ქურდობის შინაარსის შემცველი დევნის ბოდვა (თუმცა, თუ ბოდვითი აზრები გულმავიწყობას უკავშირდება, მაშინ გასარკვევია, ეს აზრები ჭეშმარიტ ბოდვას უნდა მივაკუთვნოთ, თუ არა). ფსიქოზის მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ ამ სიმპტომების გარდამავალი ხასიათი და პაციენტის მომატებული მგრძნობელობა ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიმართ.

ქცევა

დამახასიათებელია ქცევითი ცვლილებები და ეს განსაკუთრებით პრობლემატურია მომვლელისთვის. პაციენტი მოუსვენარია და ღამე ხშირად დგება, დეზორიენტირებული და აგზნებულია. მოტორული აქტივობა მომატებულია საღამოს საათებში („მზის ჩასვლის“ სიმპტომი), შესაძლებელია არეული იყოს დღეღამური ციკლი. ხშირია აგრესიულობა - ვერბალურიც და ფიზიკურიც. პირადი ჰიგიენის დაცვის დროს პაციენტი შეიძლება აქტიურ წინააღმდეგობას უწევდეს მომვლელებს. სერიოზული ფიზიკური ძალადობა შედარებით იშვიათია. დამახასიათებელია, როგორც აქტივობის მომატება, ასევე გაღარიბება. სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული უმიზნო საქმიანობა. ხეტიალისკენ მიდრეკილება შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს პაციენტისთვის, ვინაიდან იგი შეიძლება პოტენციურად საშიშ გარემოში აღმოჩნდეს. დემენციის მქონე პაციენტი საკვებს ზედმეტი ან არასაკმარისი რაოდენობით იღებს, რაც იწვევს წონისა და საჭირო ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგების ცვლილებებს. სექსუალური ქცევა უპირატესად გამოიხატება სურვილის დაქვეითებით, თუმცა, შეიძლება გვქონდეს სექსუალური განმუხრუჭებაც. თავის მოვლა და სოციალური ქცევა მნიშვნელოვნად უარესდება, თუმცა, ზოგ პაციენტს გარეგნული ფასადი შენახული აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ამაში მომვლელები ეხმარებიან.


მიმდინარეობა

დაავადების საწყის ეტაპზე კლინიკურ სურათს განსაზღვრავს პაციენტის პრემორბიდული პიროვნული თვისებები და მათი გამკაცრების ტენდენცია. დაავადების მოგვიანებით სტადიაზე გამოხატულია კოგნიტური დაქვეითება, რასაც თან ახლავს, ზემოთ აღწერილი, ნევროლოგიური და ქცევითი ცვლილებები. თანმხლებმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გააუარესოს კოგნიტური მდგომარეობა. დაავადების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 5-8 წელია და მამაკაცებში შედარებით ხანმოკლე, ვიდრე ქალებში. უფრო სწრაფ მიმდინარეობას განაპირობებს ხანდაზმული ასაკი და კოგნიტური დაქვეითების ხარისხი.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები