ალხაზიშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალხაზიშვილი არჩილ

ალხაზიშვილი არჩილ (ვახტანგი) - Alkhazishvili Archil, Алхазишвили Арчил, 1925-2014

ქართველი ფსიქოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1980). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1955 წლიდან მუშაობდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1971 წლიდან მუშობა დაიწყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1975-1990 წლებში ხელმძღვანელობდა მეორე ენის სწავლების ფსიქოლოგიის ლაბორატორიას.


ა. ალხაზიშვილი სისტემატურად იკვლევდა უცხო ენების სწავლების მეთოდიკის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, მუშაობდა ემოციის (კერძოდ შფოთვის), ობიექტივაციისა და მოტივაციის მიმართულებით, განწყობის თეორიის საფუძველზე. ავტორისთვის ძირითადი და საკვანძო მაინც ფსიქოლინგვისტიკა იყო. გამოყენებითი მიმართულებით − უცხო ენის სწავლების მეთოდიკა, რომლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გადაწყვეტა წარმოუდგენელია ფსიქოლოგიის მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე. ამ კონტექსტში ა. ალხაზიშვილი აქცენტს აკეთებს მეტყველების, როგორც ადამიანის გარკვეული სახის აქტივობის ბუნების გარკვევაზე, ანუ მეტყველების დახასიათებაზე ქცევის ტერმინებში. ავტორი ამოდის იქიდან, რომ საკომუნიკაციო მეტყველება, ვითარც ქცევის ექსტროგენური ფორმა ანუ ინსტრუმენტული აქტივობა, არ არის ცალკე გამოყოფილი, დამოუკიდებელი ქცევა. ხოლო უცხო ენაზე მეტყველება, როგორც წესი, სწორედ ექსტროგენურ-ინსტუმენტული აქტივობაა, მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა. ასეთი მეტყველება ქცევის აქტის იერარქიულ წყობაში („ქცევა-მოქმედება-ოპერაცია”) მოქმედებათა სისტემაა. ეს ნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციაში არ არსებობს ენობრივი აქტუალური განწყობა, ვინაიდან აქტუალური განწყობა ქცევის დონის შესაბამისი ცნებაა. განწყობა იმდენად „განაგებს” სამეტყველო აქტივობას, რამდენადაც ჩართავს მოცემულ ქცევაში მისი სიტუაციის შესაბამის სამეტყველო უნარჩვევებს. აქტუალიზებული უნარჩვევა კი მოქმედებაა. სამეტყველო მოქმედება ჩაერთვება ქცევის აქტში ისევე, როგორც ყოველგვერი სხვა, არასამეტყველო მოქმედება. მაგრამ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, სამეტყველო მოქმედება, ასე ვთქვათ, უნივერსალური ხასიათისაა, რადგანაც ის ადამიანური ქცევის თითქმის განუყოფელი მდგენელია. იქიდან გამომდინარე, რომ ზეპირი მეტყველება კომუნიკაციის მიზნით ხორციელდება და მთქმელისა და მსმენელის ერთდროულ მოცემულობას გულისხმობს, ენის სწავლებისადმი ტრადიციული მიდგომა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. უცხო ენაზე ლაპარაკის სწავლებისას ვერ შემოვიფარგლებით სასწავლო ქცევით, ესეიგი ვერ დავრჩებით უცხოური ენის, როგორც რიგითი სასწავლო საგნის ფარგლებში. საჭიროა, მასწავლებელი სასწავლო ვითარებაში გასცდეს სასწავლო ქცევის ფარგლებს და შეუქმნას მოსწავლეს ბუნებრივი საურთიერთობო სიტუაციები. ამ საკითხისადმი მიძღვნილ მრავალრიცხოვან ნაშრომებში ა. ალხაზიშვილმა დაწვრილებით აღწერა ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება სასწავლო ვითარებაში ამგვარი სიტუაციების შექმნა {ენის დაუფლების ბუნებრივი გზა}. ავტორის მიერ შემუშავებული უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგიური მოდელი მოიცავს აგრეთვე მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ აზრებს ენა-მეტყველების სხვა სახეობებთან (კითხვა, წერა) და ბილინგვიზმის პრობლემასთან დაკავშირებით, სწავლაზე შფოთვის ზემოქმედებისა და სწავლის ქცევის მოტივაციური საფუძვლების შესახებ.

მოტივაციის პრობლემატიკას ა. ალხაზიშვილი უფრო ფართო კონტექსტშიც განიხილავს. სახელდობრ, მას ეკუთვნის დ. უზნაძის მიერ გამიჯნულ სუბსტანციურ მოთხოვნილებათა და ფუნქციონალურ მოთხოვნილებათა ფრიად ნაყოფიერი ანალიზი ჰომეოსატაზურობის მახასიათებლის თვალსაზრისით. სუბსტანციური მოთხოვნილებები დახურული სისტემებია, ხოლო ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომელთა სათავე სპეციფიკურ ადამიანური ფუნქციები ან უნარებია, გამოხატული ღიაობის პოტენციალით ხასიათდება {ღია თეორია / დახურული თეორია}. ეს გამოიხატება ადამიანურ მოთხოვნილებათა მუდმივობაში, არაციკლურობაში, დაკმაყოფილების ფიქსირებული დონის უქონლობაში, რეალიზაციის სულ უფრო მაღალი დონეებისკენ, ახალი პრობლემების გადაწყვეტის მისწაფებაში და ა.შ. {მოთხოვნილებათა იერარქია}.

ამ იდეებმა შემდგომი განვითარება ნახა ა. ალხაზიშვილის საყურადღებო აზრებში განწყობის თეორიის, კერძოდ ობიექტივაციის ცნების დაზუსტებისა და სრულყოფის მიმართულებით. გავრცელებული თვალსაზრისის საპირისპიროდ, რომელსაც ობიექტივაციის საწყისად მხოლოდ აქტივობის შეფერხება მიაჩნდა, ა. ალხაზიშვილმა შეიმუშავა შეხედულება, რომ ობიექტივაცია შეიძლება დაიწყოს გარეგანი დაბრკოლების გარეშეც − ე.წ. „თავისუფალი ტიპის ობიექტივაცია”. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოქმედებს როგორც ღია სისტემა. „აზროვნების პროცესი, რომელსაც ობიექტივაცია განაპირობებს, სუბიექტს ქმნადობის ახალ პერპექტივებს უქმნის, ესეიგი აღძრავს მასში ახალ მოთხოვნილებებს, გააუმჯობესოს თავისი შინაგანი წყობა”.

ამის გარდა, ა. ალხაზიშვილმა მართებულად გააკრიტიკა განწყობის თეორიის ტრადიციული შეხედულება, რომ ობიექტივაციის განწყობის პირველი ფაქტორი „თეორიული მოთხოვნილებაა“. ეს მცდარი შეხედულება განწყობის სტატიკური მოდელის კანონზომიერი შედეგია. თეორიული მოთხოვნილება მხოლოდ უკიდურესად იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში იჩენს თავს − როდესაც სუბიექტი მეცნიერია და თანაც თეორიული განაზრებისკენაა მიდრეკილი. უფრო მეტიც, უფრო ხშირად არც შემეცნებითი მოთხოვნილება მოქმედებს. ჩვეულებრივ, სუბიექტის მთავარი მოტივია არა შემეცნებითი ინტერესი თუ ცნობისმოყვარეობა, არამედ გარე დაბრკოლების გამო შეჩერებული ქცევის რაც შეიძლება მალე გაგრძელების სურვილი, ანუ დაბრკოლების საჩქაროდ მოცილება. ესეიგი, აქტუალური განწყობის პირველი ფაქტორი არსებითად იგივეა, რაც ძირითადი (იძულებით შეჩერებული) ქცევის დროს იყო − თავდაპირველი მოტივაცია {აქტუალური განწყობის ფაქტორები}. ხოლო შემეცნების მოთხოვნილება მხოლოდ ინტროგენური ქცევის, „თავისუფალი ტიპის ობიექტივაციის“ დროსაა წამყვანი.

ა. ალხაზიშვილს ეკუთვნის აგრეთვე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ფსიქოლინგვისტიკაში {სინტაქსური გამორჩევადობა ქართულ ენაში}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები