ამაცაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამაცაგ-ი(ოს. Æмæцæг), სოფ. ბათაქაურთის მფარველი ხატი; წარმოადგენს ქვის დაბალი ყორით გარშემოვლებულ წაგრძელებული აკლდამის ტიპის ნაგებობას.

გადმოცემის თანახმად, აქ დაასაფლავეს მეხნაკრავი მიცვალებული, ვინმე ტატო ოქროევი, რის შემდეგაც აკლდამა სამლოცველოდ იქცა და ეწოდა „ამაცაგი“.

ყოველწლიურად ზაფხულში სოფელი მართავდა დღეობას და ხატს საერთო სახსრებით შეძენილ ორ ხარს სწირავდა. ამაცაგის მსგავსი ძუარები (ხატები), აგებული მეხნაკრავი მიცვალებულის პატივსაცემად, გავრცელებული იყო დაბლობში მდებარე რიგ სოფლებში მაშინ, როცა მთიან დასახლებებში იგი სრულიად არ არის. ბ. კალოევი აღნიშნულ გარემოებას იმით ხსნის, რომ ბარში მიწათმოქმედება, რომელიც მეურნეობის წამყვან დარგს წარმოადგენდა, ხშირად განიცდიდა სეტყვისგან ან ღვარცოფისგან მიყენებულ ზარალს, რაც ჭექა-ქუხილის, პურეული მარცვლოვანებისა და ზოგადად მოსავლის ღვთაების – ვაცილას რისხვას მიეწერებოდა. იმდენად ძლიერი იყო ვაცილას თაყვანისცემა ოსებში, რომ მისი წყრომის ყოველი გამოვლენა, განსაკუთრებით ადამიანის მოკვდინება, რაც ამ უკანასკნელს ღვთაებასთან წილნაყარს ხდიდა, კულტის რანგში იყო აყვანილი (მეხდაცემული, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ვაცილას რჩეულად და ღვთიური ნიშნის მატარებლად ითვლებოდა). ზემოაღნიშნული ხატების სახელზე აღვლენილ ლოცვაში სწორედ ვაცილას შესთხოვენ სეტყვისაგან ნათესების დაცვას და უხვ მოსავალს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ გვალვის შემთხვევაში ოსები სამლოცველოდან ან უშუალო მეხნაკრავი მიცვალებულის საფლავიდან აღებულ ქვას წვიმის გამოწვევის მიზნით მდინარეში დებდნენ, შედეგის მიღების შემდეგ კვლავ უკან აბრუნებდნენ (შდრ. მრავალ ხალხში ცნობილი ჩვეულება – წვიმის გამოწვევის მიზნით მიცვალებულთა ძვლის გამოყენება).



ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Каргинов С. Г. Похоронные обряды осетин // ТВ. 1901. № 20;
  • Гаглоева З. Д. Культ мёртвых у осетин // ИЮОНИИ. 1987. Вып. XXXI.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები