ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი - (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (7.X.1861, მარტვილი - 29.III.1927, თბილისი)

ბიოგრაფია

1871-1873 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის პირველდაწყებით სკოლაში, ხოლო 1873-1879 წლებში - მარტვილის სასულიერო სასწავლებელში. 1879 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1900 წლიის 11 თებერვალს ბესარიონი ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა ამბროსი. ამბროსი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ერთ-ერთი დაუცხრომლად მებრძოლი სასულიერო პირი იყო.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამბროსის საშუალება მიეცა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი აქტიურად ჩაერთო ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1917 წლის 12 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. ამბროსი აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის საქმიანობაში. პირველმა საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაამტკიცა ამბროსი ხელაია, რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა კირიონმა იმავე დღეს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1918-1921 წლებში ამბროსი ხელაია განაგებდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, აქტიურად იბრძოდა ადგილობრივი ქართველი და აფხაზი მოსახლეობის დასახმარებლად, ამ პერიოდის მისი ქადაგებების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პათოსით არის განმსჭვალული, გარდა ამისა, იგი აქტიურად ამხელდა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკას და მათ მეტი დახვეწილობისაკენ მოუწოდებდა.

საქართველოს გასაბჭოებიდან მალევე, 1921 წლის 11 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე. საეკლესიო კრებამ იმსჯელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატების - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაზარის შესახებ. ფარული კენჭისყრით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი. იგი აქტიურად ილაშქრებდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 1995 წლის 18 სექტემბერს იგი წმინდანად შერაცხა და მის მოსახსენებელ დღედ დაწესდა 29 მარტი.

მიხეილ ქართველიშვილი


ლიტერატურა

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • ს. ვარდოსანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წწ. ), თბ., 2009.


Logo1.JPG ამბროსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები