ამბროსი ნეკრესელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამბროსი ნეკრესელი - (მიქაძე ზაქარია იოსების ძე, ქ. თბილისი, 1728 – 11.03.1815) – საეკლესიო მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, კალიგრაფი, მიტროპოლიტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. მის მიერ 1742 წ. გადაწერილ კონდაკზე არის გადამწერის ხელით შესრულებული მინაწერი: „აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან“, საიდანაც დგინდება მისი დაბადების თარიღი.

წინაპრები

გადმოცემით ზაქარიას წინაპარი – ამბროსი მიქაძე, XIII საუკუნეში დადიანმა აჩუქა ქართლის მეფეს, დედოფალმა კი ის სამღვდელოდ აღზარდა და სიონის დეკანოზად აკურთხა. XVII საუკუნიდან მიქაძეების ოჯახში მემკვიდრეობით გადადიოდა სიონის დეკანოზობა. ამ ოჯახის წარმომადგენლები ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდნენ და თავი გამოიჩინეს, როგორც შესანიშნავმა კალიგრაფებმა. მათი შთამომავალია ამბროსი ნეკრესელი ნ. ბერძნიშვილის ცნობით – ზაქარიას მამა, იოსებ მღვდელი, სიონის დეკანოზი იყო. სიონშივე მსახურობდა ზაქარიას პაპაც, მისი მოსახელე ამბროსი. 1771 წელს ამბროსი, მიტროპოლიტ ამბროსის პაპა, უკვე გარდაცვლილია, მას დარჩა ქვრივი მარიამი და ობოლი იოსები. ვ. ბერიძის ცნობით კი – XVII საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა სიონის დეკანოზი იესე, რომელსაც რამდენიმე ვაჟი ჰყავდა: მათ შორის გაბრიელი (დაბ. 1687) და ოსე (1698-1758). გაბრიელის შვილები ყოფილან: დეკანოზი ნიკოლოზი და ზაქარია, იგივე ამბროსი ნეკრესელი.

მღვდლად ხელდასხმა

ახალგაზრდა ამბროსი ნეკრესელმა მიიღო ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო განათლება. დ. ჯანაშვილის ცნობით, მისი მასწავლებლები აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები: ბ. ორბელიშვილი და ნ. ხერხეულიძე ყოფილან. მეორე ვერსიით – იგი კათოლიკოს ანტონ I-ის აღზრდილია. ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის მოხდა მისი ხელდასხმა, შემორჩენილი არ არის. მის მიერ გადაწერილ ძველი ქართულ ხელნაწერებზე არსებული მინაწერებით დგინდება ზოგიერთი ფაქტი. მაგ: XVIII საუკუნის 50-იან წლებში გადაწერილ ხელნაწერში „იოანე ოქროპირი, თარგმანება იოანეს სახარებისა,“ – იგი წერს: „რაოდენიმე დაკლებულნი გამოვაცოცხლე მე, უღირსმან სიონის დეკანოზის შვილმან ზაქარიამ, და ლოცვით მოხსენიებას გევედრები, აღმომკითხველნო წმიდანო, რომ აწ მინდა ვცხონდე და თუკი ვცხონდები, თქვენ რაი გენაღვლებათ“. 1757 წლით დათარიღებულ ხელნაწერზე „პროკლე დიადოხოსის, კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ იგი ხელს აწერს როგორც სიონის ტაძრის დიაკონი, ხოლო 1769 წ. გადაწერილ „ანტონ I-ის კატეხიზმო“-ში ამბროსი ნეკრესელი თავის თავს სიონის ხუცესს და სიონის დეკანოზისშვილს ხუცეს ზაქარიას უწოდებს. სავარაუდოა, რომ მისი მღვდლად ხელდასხმაც 1757-1769 წლებში მოხდა.

კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ვაჟი იოანე ბატონიშვილი თავის წიგნში „მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის“ ამბროსი ნეკრესელის შესახებ წერდა: „ესე ზაქარია, ზედწოდებით ამბროსი, ძმა იყო სიონის დეკანოზის ნიკოლოზისა. იყო მეცნიერი, საღმრთო წერილსა შინა გამოცდილი! კვალად უცხო მწერალი, ვითარცა ხუცურისა, ეგრეთვე მხედრულისა ხელისა. ამანაც მრავალნი საღმრთონი წერილნი და ისტორიები გარდასწერნა. ესე იყო კარგი პიიტიკოსი, მუსიკოსი და სრული მგალობელი. ამან აღაზრდა რაოდენიმე მოწაფენი. და უკანასკნელ მეფემან ირაკლი დაადგინა მწყემსმთავრად ნეკრესის ეკლესიისა ნეკრესელად და მუნცა იღვაწა კეთილად“.

ცნობილი ისტორიკოსი და მეცნიერი პ. იოსელიანი ამბროსი ნეკრესელთან დაკავშირებით თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ საპირისპირო მოსაზრებას გვთავაზობს: „1788 წელსა მოვიდა მეორედ მეფის ძე გიორგი დუშეთსა და თანა ჰყვა მას წილკნელი ამბროსი, კაცი სათნო და კეთილი, არა დახელოვნებული სწავლათა შინა, გარნა ყოვლად ტკბილი, დუმილისა მოყვარე და მშვიდი“.

ეპისკოპოსად კურთხევა

XVIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, დაქვრივების შემდეგ მღვდელი ზაქარია გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობს, სადაც ამბროსის სახელით ბერად აღიკვეცა. მონასტერში ყოფნის პერიოდში მან გადაწერა „ითიკა“ და „დაუჯდომელი ჯვრისა“. ეს უკანასკნელი თხზულება მას ნინოწმიდელ მიტროპოლიტ საბას (ტუსიშვილი) დავალებით გადაუწერია. აქვე გადაწრა მან ამავე მონასტრის საბუთები. სავარაუდოდ, 1775-1776 წწ. იგი იკორთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ეს დასტურდება 1777 წ. და 1781 წლის მის მიერ გადაწერილი კრებულიდან, სადაც ანდერძის სახით წერია: „აღვწერე წილკნელმან, გარნა პირველ იკორთის არქიმანდრიტმან უღირსმან ამვროსიმ, პალატასა საპატრიარხოსა, თვესა აგვისტოსა 4, წელსა 1777“. აქედან ჩანს, რომ, 1777 წ. 4 აგვისტოს ის უკვე წილკნელი ეპისკოპოსია. საქართველოს ისტორიის მკვლევარის, დეკანოზ წმ. პ. კარბელაშვილის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) არქიმანდრიტ აამბროსი ნეკრესელს 1777 წ. 9 აპრილს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის კათედრა ჩააბარა.

ეპარქიაში ჩასვლისთანავე ამბროსი ნეკრესელმა საკათედრო ტაძრის აღდგენა დაიწყო, მანვე წამოიწყო წმ. ისე წილკნელის საფლავის შეკეთება. იმჟამად წილკანი ლეკთა შემოსევების გამო მეტად საშიში ადგილი ყოფილა. ეპისკოპოსი ხშირად ვერ წირავდა, არც ქადაგების მსმენელი ჰყავდა, არც მგალობელი, ენატრებოდა დღესასწაულის რიგზე გადახდა: „ქადაგების გარდაგდება, ლექსთა თქმა რა სახელია, წლამდის უწირავად დგომა ეპისკოპოსთ რა ხელია, და სხვა ცოდნა, ტიბიკონი, გალობა გარდამელია, და დღესასწაულთა გარდახდა თვალით არღა მნახველია.“ ამბროსი ნეკრესელი მაინც დიდი ენერგიით მოქმედებდა, მოგზაურობდა თავის სამწყსოში, როგორც მისიონერი, კერძოდ, ცდილობდა ქრისტიანობის განმტკიცებას მთიულეთში, ეკლესიების მდგომარეობის მოწესრიგებას.

ამბროსი ნეკრესელი ხელნაწერ წიგნებსაც ამზადებდა. 1782 წელს წილკანს გადაწერილ სადღესასწაულოს ანდერძში იგი აღელვებით ამბობს: „ეს ჩემმა მოსაყდრემ ეპისკოპოსმა სცნას, რაზე ვიწყალებ თვალებს. შუაღამეა, რომ ვსწერ წილკანს, 1782. სეკდემბერს კდ, წილკნელი ამვროსი, ამიტომ, რომ ღმერთი გაუწყრა რომელთამე აქაურთ, წიგნი აღარ დამახვედრეს მოხელეთ და არც ერთი სახმარი საყდრისა და სახლისა, და ყოვლითურთ ყოველივე გაკრებული დამხვდა, მაშ რა ვქნა, ამ სატანჯველში ვარ“. 1787 წელს ამბროსი ნეკრესელმა გამოისყიდა „სამოციქულო“ და წილკნის საკათედრო ტაძარს შესწირა. ამის შესახებ ვგებულოთ თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ III ტომში: „მე ყოვლადსამღვდელოს წილკნელს ამვროსის მომიტანეს ქალაქიდამ ეს სამოციქულო. ერთს ვისმე სომეხს სახლში ჰქონებოდა და დიაღ მრავალი მწუხარება და სნეულება შემთხვეოდა. აქ წილკანს მე მომიტანეს და მე ისევ ამ ეკლესიაში დამიდვია. ამ ეკლესიის მნემ იცის ახლა, 1787 წელი“.

ამბროსი ნეკრესელმა არაგვის ხეობაში 15 წელი იმსახურა. 1792 წლის 16 თებერვალს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ ის თბილისში დაიბარა: „ცისკრის ალილო ” აღარავის ახსოვს, ჩამოდი და გვასწავლე და იშოვნი რასმეო“. თბილისში ჩასულ ამბროსი ნეკრესელმა შაირი უთხრა მეფეს:

„რა თქვენი ოქმი მებოძა, აღარ მივეც თავი ძილსა,
უდაბნოში წინამძღვარსა, გამომახვეს სიტყვა ტკბილსა,
იქ იკორთა დაუტევე ვერც იქ ვენდე ლეკის კბილსა
წილკანს უარესი მიყვეს, ვერც აქ უძლებგუთნის თხრილსა.
კვალად ისმინე ხელმწიფევ, აღარ ვსდგები წილკანს მეო,
ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო,
ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლო მიმაგდეო,
საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცველად დამაგდეო“.

ერეკლე II-მ შეისმინა ამბროსი ნეკრესელის თხოვნა და 1792 წ. 1 მარტს იგი მანგლისის კათედრაზე დაადგინა. 1794 წ. 2 დეკემბერს (სხვა ცნობით 1793 წ. ოქტომბერს -Q-845, აღწ. 2. მინაწ. 1) ამბროსი ნეკრესელი ნეკრესის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 1794 წ. 4 დეკემბერს ახალი მღვდელმთავარი ნეკრესის ეპარქიაში ჩაბრძანდა და სოფელ შილდას მივიდა, მას ციხის კარზე დახვდა მისი წინამოადგილის მიტროპოლიტ დოსითეოსის (ჩერქეზიშვილი) შესრულებული წარწერა:

„შემდგომად ჩემსა მოსრულო, ეკლესიისა სიძეო,
თუ ჩემებრ ქცევით იცხოვრო, დოსითეოსმან გიძეო,
იყავ ცნობითა მადლითა, გონება განაღვიძეო,
და, აწ თუ ჰსცნობ სიბრძნით ადვილ არს, არა მცირე უნჯი გიძეო“.

პასუხად კი ამბროსი ნეკრესელს დაუწერია:

„მე შემდგომ შენსა მოსრული, მიქაძე ამვროსიძეო,
წილკნელ მანგლელ ნეკრესელი, ვის ამვროსი სახელ მძეო,
აქ მყოფს არ მცირედ გიღვწია, დიდად ვმადლობ შენი ძეო,
და, აწ დამხვდა ციხე განძრცვილი, შესამოსი კარგი ძეო“.

მსახურება ნეკრესის ეპარქიაში

ნეკრესის ეპარქიაში გახშირებული ლეკიანობის გამო კათედრა დაცემული და გაპარტახებული იყო, ამიტომ ამბროსი ნეკრესელმა სოფელ შილდაში მოაწყო რეზიდენცია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარიც ააშენა. 1795 წ. ჩამოასხმევინა ზარი ეკლესიისათვის. 1808 წ. ტაძარს შემოავლო გალავანი. ამ დროს ნეკრესის ეპარქიაში შედიოდა 86 კომლი ყმა-გლეხი, საეკლესიო შემოსავალი იყო 1200 მანეთი, მოქმედებდა 56 ეკლესია, მსახურობდა – 49 მღვდელი, 17 დიაკონი და 42 მედავითნე-მგალობელი. „აღწერა საქართველოს საკათალიკოზო უწყებისა და მის ხელქვეითთა“ გვაუწყებს, რომ 1800 წ. ამბროსი ნეკრესელის სამწყსოში 14 სოფელი და 5 თავადი შედიოდა.

ამბროსი ნეკრესელის ნეკრესის ეპარქიაში მსახურება განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჰომილეტიკური მოღვაწეობით. მღვდელმთავარი ერთიანი გულმოდგინებით ზრუნავდა სამღვდელო დასისა და ერისკაცთა განათლებისათვის, თხზავდა და წარმოთქვამდა ქადაგებებს. სადაც თვითონ ვერ ახერხებდა მისვლას, წერდა ქადაგებებს რამდენიმე ცალად და მოძღვრებს ავალებდა საჭიროების შემთხვევაში წაეკითხათ მრევლისათვის, ადგენდა კრებულებს ახლად დადგენილ მღვდელთა განსასწავლად, განმარტავდა სახარების ტექსტებს, შექმნა სწავლა „ყრმათათვის“ და სხვა. ამავე დროს მუშაობდა განათლების ხაზითაც.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები

1801 წ. როდესაც მეფობა გაუქმდა, ამბროსი ნეკრესელი მოითხოვდა ერეკლე II-ის ანდერძის დამტკიებას და მეფობის დატოვებას (ე.ი. ი. ბატონიშვილის გამეფებას), მან სათანადო პეტიციასაც კი მოაწერა ხელი. ამით განრისხებულმა საქართველოს რეგენტმა, დ. ბატონიშვილმა კათოლიკოს ანტონს ამბროსი ნეკრესელის ეპარქიის მმართველობიდან გადაყენება მოსთხოვა. ამბროსი ნეკრესელი თავიდანვე რუსული ორიენტაციის მომხრე იყო. 1804 წ. მთიულეთის აჯანყების დროს, მეფის რუსეთმა გამოიყენა მისი გავლენა და როგორც ადრე წილკნელად ნამყოფი, მემამულე რ. ერისთავთან ერთად მეამბოხეთა გადმოსაბირელად გაგზავნა. ამბროსი ნეკრესელმა ეს მისია წარმატებით შეასრულა.

1812 წ. 14 აპრილს მან გულნატკენმა დატოვა თავისი სამწყსო: „მოხუცსა აღეშურნენ ვიეთნიმე უცებნი.“ თუმცა მალევე, 1812 წ. კახეთის აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ, როცა მეფის ჯარმა კახეთი აიკლო, კერძოდ კი ნეკრესელი მღვდელმთავრის რეზიდენცია სოფელ შილდა გადაწვა და დააქცია, მხცოვანი ამბროსი ნეკრესელი კვლავ დაუბრუნდა თავის ნაამადგარ კათედრას და მიუხედავად ქვეყნის აოხრებით გამოწვეული მწუხარებისა, სნეულებისა და მოხუცებულობისა, კვლავინდებური ენერგიით შეუდგა მის განახლება-მოწყობას.

სიცოცხლის უკანასკნელი თვეები ამბროსი ნეკრესელმა თბილისში გაატარა. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1815 წ. 11 მარტს იგი გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.

ამბროსი ნეკრესელის ოჯახი

ამბროსი ნეკრესელის ასული თინათინი ცოლად ჰყავდა სიონის დეკანოზ ი. ფალავანდიშვილს, რომელიც იშვილა ამბროსი ნეკრესელის ძმამ, სიონის დეკანოზმა ნ. მიქაძემ და ამიტომ იგი ატარებდა ორ გვარს: მიქაძე-ფალავანდიშვილი. მისი შვილები იყვნენ: მიხეილი (სასულიერო უწყების თარჯიმანი), ნიკოლოზი (XIX ს. 30-იან წლებში თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი), ზებედე (ტყვეობაში დაკარგული) და იესე (1832 წ. შეთქმულების გამომმჟღავნებელი).

ამბროსი ნეკრესელს ჰყავდა ორი ძმა:
1) სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზი, რომელიც საუკეთესო კალიგრაფი იყო. მისი გადაწერილი წიგნები აღწერილი აქვს თ. ჟორდანიას და მ. ჯანაშვილს. დეკანოზი ნიკოლოზი იყო ა. თბილელის (ამილახვარი) ამალაში 1752 წ. მოსკოვში, სადაც მან გადაწერა ხელნაწერი A – 20, ამავე დროს ის არის ს. ბატონიშ– ვილის მეუღლის, ანა პაატას ასულის მოძღვარი. დეკანოზი ნიკოლოზი სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზად მსახურობდა 1746-1752 წწ. და 1754-1767 წწ-ში, სავარაუდოდ, 1767 წ. შემდეგ იგი ისევ რუსეთში წასულა, სადაც მიიცვალა 1789 წ. იანვარს ბოგოიავლენსკის მონასტერში.
2) არქიმანდრიტი კირილე, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა და იქვე აღესრულა. 1766 წ. მან გადაწერა ანდრია კრიტელის დიდნი გალობანი – „მხილველთ მვედრი ვარ, ესრეთ უგვანად მწირობის ჟამს ვწერე მე, უღირსმან ბერმა არქიმანდრიტმა კირილე ქალაქსა მოსკოვს, ოკტონბერს ე, წელსა 1766“.

ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი

ამბროსი ნეკრესელი საუკეთესო მქადაგებელი იყო. მისი ქადაგებანი, მარტივი ენით ნაწერ-თქმული, თავისი შინაარსით ორგვარია: საკუთრივ რელიგიურ-დოგმატური და ისტორიულ-პუბლიცისტური. უკანასკნელი შინაარსის ქადაგებებში იგი ებრძოდა იმდროინდელი ქართველობის ცრუმორწმუნეობას (მკითხაობას, სიზმარს, ჯადოქრებს, ხევისბერებსა და დეკანოზებს) და აგრეთვე თვალნათლივ გვაცნობს იმ დროის ქართველის პოლიტიკურ სულისკვეთებას.

1881 წ. თბილისში დაიბეჭდა ამბროსი ნეკრესელის ქადაგებათა კრებული სათაურით: „სიტყუანი და მოძღვრებანი თქმულნი ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის მიერ“, მღვდელ დ. ჯანაშვილის წინასიტყვაობით და გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) საფასით. ამ კრებულში შესულია 41 მოძღვრება. მისი დანარჩენი ქადაგებები გამოიცა 2004 წ. მარნეულისა და რუსთავის ეპარქიაში მოღვაწე, დეკანოზ მ. ჭაბაშვილის მიერ.

დეკანოზი მ. ჭაბაშვილი
გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • ბაგრატიონი ი., მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, თბ., 1982;
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები; თბ.,1967;
  • ბერძნიშვილი მ., მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1980;
  • იოსელიანი პ., ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბ., 1978;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, თბ., 1962;
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ტ. 1-3, 1960-63, ტ. 1 (მეორე ნაწ.), 1976;
  • ჭაბაშვილი მ., ამბროსი ნეკრესელი – ქადაგებანი, თბ., 2004.

იხილე აგრეთვე

ამბროსი ნეკრესელი


Logo1.JPG ამბროსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები