ამილახვარი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ამილახვარი

ამილახვარი ალექსანდრე - (20. 10. 1750 – 1802), მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე.

1765 წ. მამასთან, დიმიტრი ამილახვართან ერთად, მონაწილეობდა ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რისთვისაც მკაცრად დასაჯეს – მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი. 1771 წ. პატიმრობიდან გაიქცა და რუსეთში გადასახლდა. იქ დაუკავშირდა ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტ ალექსანდრე ბაქარის ძეს და მასთან ერთად ემზადებოდა ქართლში სალაშქროდ. 1783 წ. რუსეთის მთავრობამ ალექსანდრე ერეკლე II-ის თხოვნით შეიპყრო და ვიბორგის ციხეში ჩასვა. 1801 წ. ამნისტიით პატიმრობიდან გათავისუფლდა და საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ გზად, ასტრახანში გარდაიცვალა.

ალექსანდრე ამილახვარი საკუთარ თავგადასავალს მოგვითხრობს რუსეთში ყოფნისას დაწერილ პოლიტიკურ პამფლეტში „გეორგიანული ისტორია“ (გამოიცა რუსულ ენაზე პეტერბურგში, 1779). ალექსანდრე უარყოფითად ახასიათებს XVIII ს. II ნახ. ქართლის პოლიტიკურ მდგომარეობასა და სახელმწიფო წყობილებას, კრიტიკულადაა განწყობილი ერეკლე II-ის მოღვაწეობისადმი. ალექსანდრეს სახელმწიფოებრივი აზროვნება პრინციპულად მიმართულია შეუზღუდავი თვითმპყრობელური მმართველობის წინააღმდეგ. ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის საინტერესოა ალექსანდრე ამილახვარის პოლიტიკური ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“, რომელშიც აყალიბებს სახელმწიფო წყობისა და მართვა-გამგეობის მისეულ სქემას. იგი ცენტრალიზებული სახელმწიფოს წინააღმდეგია და მოითხოვს თავადების პოლიტიკური უფლებების გაძლიერებას. ამ თხზულების მეოთხე თავს ალექსანდრე ამილახვარი უძღვნის ეკლესიასა და მის ადგილს სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში. ალექსანდრე ამილახვარის აზრით, „საეკლესიო წესები“ დასაბამიდანვე კეთილი განზრახვით იყო შემოღებული, რათა ადამიანთა ბოროტება შეეზღუდა და დაეთრგუნა. მისი აზრით, მღვდელმთავრები „ქვეყნის მეურვეებად არიან დადგინებულნი“ და მათ პატივი და ღირსება უნდა მიეგოთ. ამავე დროს იგი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი სიმშვიდის ნაცვლად შფოთს თესავს. იგი თვლის, რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები არ უნდა შეავიწროონ და უნდა „ნება დავრთოთ, თავისი რჯულის შესაბამისად ილოცონ“, მაგრამ მათ უნდა დაუდონ გარკვეული ზღვარი, რომელსაც არ გადავლენ, „რადგანაც ქვეყანაზე არაფერია უსაზღვრო და არაფრის კეთება არ გამოდგება უზომოდ“. ალექსანდრე ამილახვარი თავისი თხზულების მიხედვით, გვევლინება ღრმად მორწმუნე ქრისტიანად. მისთვის ღმერთი, შემოქმედი ყველაზე მაღალია და მის წინაშე ყველა თანასწორია. ალექსანდრე ამილახვარის მიხედვით, ღმერთი ადამიანებს ეხმარება, რომ ამქვეყნიური სიცოცხლის დღენი მშვიდობით განვლონ, ხოლო იმქვეყნიური, საუკუნო ცხოვრების დროს უფალი ღმერთის წინაშე უნდა წარდგნენ „არაწინააღმდეგობით აღსავსენი“.

ხ. ბაინდურაშვილი

თხზულებები

  • ბრძენი აღმოსავლეთისა, ანუ სახელმწიფო მმართველობის მოწყობის მისი განსაზღვრა, „მოამბე“, 1902, #2;
  • გეორგიანული ისტორია, თარგმ. გ. ქიქოძისა, „მნათობი“, 1939, #8.

ლიტერატურა

  • აკოფაშვილი გ., საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან საქართველოში XVIII ს. დასასრულს, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები, 1955, ტ.1;
  • ანანია (ჯაფარიძე) მიტრ., საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, თბ., 2010;
  • ასათიანი ლ., ვოლტერიანობა საქართველოში, თბ., 1933;
  • გელეიშვილი პ., ალექსანდრე ამილახორი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და მოაზროვნე, თბ., 1936.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები