ამირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ამირათ-ამირა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირა/ამირათ-ამირა - (არაბ. amīr - მეთაური, მმართველი) მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში. VII ს-მდე, ისლამამდელ პერიოდში და, ასევე, პირველი ოთხი ხალიფას მმართველობის დროს ამირები ეწოდებოდა სარდლებს და ლაშქრის საბრძოლო ქვედანაყოფების მეთაურებს, რომლებიც შემდგომ არაბთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიების მმართველები გახდნენ.

ომაიანთა ეპოქაში (661-750) პროვინციის გამგებელ ამირების ხელში თავმოყრილი იყო სრული ადმინისტრაციული, საფინანსო და სასულიერო ხელისუფლება. ისინი პასუხისმგებლები იყვნენ ლაშქრის ორგანიზებაზე, ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ექპედიციებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, უძღვებოდნენ ლოცვებს, აშენებდნენ მეჩეთებს და თავიანთ საგამგებლო ტერიტორიაზე ზრუნავდნენ ისლამის გავრცელებისათვის. ამირა ზედამხედველობდა ზარაფხანას, სადაც ხალიფას სახელზე იჭრებოდა ფული, იგი პასუხისმგებელი იყო გადასახადების აკრეფასა და სახალიფოს ცენტრში გაგზავნაზე.ამირას ხელში იყო სასამართლო სისტემა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამირა ნიშნავდა ყადის (მუსლიმთა მოსამართლეს), იცავდა წესრიგს. მისი მითითებით მოქმედებდა პოლიციის უფროსი. თავის საგამგებლო ოლქში ამირა ნიშნავდა ფოსტის უფროსს, რომლისგანაც იღებდა დაწვრილებით ინფორმაციას ქვეყნის შიდა მოვლენებზე. ამირას ემსახურებოდა ცერემონმეისტერი და დაცვა. აბასიანთა მმართველობის ხანაში (749-1258) ამირებს თანდათან ჩამოსცილდა გადასახადის აკრეფის, ყადის დანიშვნისა და ზოგიერთი სხვა ფუნქცია.

არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ (IX-X სს.) ამირას ტიტული შეინარჩუნეს ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მმართველებმა, რომლებიც ერთდროულად საერო და სასულიერო ხელისუფლებას ფლობდნენ. მოგვიანებით ამირას საპატიო ტიტული ისლამის მქადაგებლის, მუჰამადის ჩამომავლებს ენიჭებოდათ.

სარჩევი

ამირა საქართველოში

ასეთივე უფლებებით სარგებლობდა თბილისის ამირაც, რომლის მმართველობა აღმოსავლეთ საქართველოში VIII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში დამყარდა. მას ნიშნავდა ხალიფა ან ამიერკავკასიის ვალი. ამირა იყო ქართლის უზენაესი მმართველი - ქართლში მდგომი არაბული გარნიზონის სარდალი, უზენაესი სამოქალაქო ხელისუფალი და მოსამართლე. ქართული წყაროები ამირას მოიხსენიებდნენ, როგორც „ხელმწიფეს ქვეყანისა“ და „მსაჯულს“. ქართულ ისტორიულ წყაროებში თბილისის ამირას ზოგჯერ ქართლის ამირასაც უწოდებენ. ამირას სასარგებლოდ ქართლის მოსახლეობა იხდიდა „საამირო“ გადასახადს.

გარდა თბილისისა, არაბი ამირები ისხდნენ რუსთავში, ხუნანსა და დმანისში. ისინი თბილისის ამირას ხელქვეითებად ითვლებოდნენ. IX ს-ის დასაწყისიდან, არაბთა სახალიფოს რღვევის კვალდაკვალ, თბილისის საამირო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად, ხოლო თბილისის ამირა დამოუკიდებელ მმართველად იქცა.

არაბთა ბატონობის დასრულების შემდეგ ტერმინი ამირა ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა. ზოგჯერ იგი საზოგადოდ გამგებელს აღნიშნავს. მაგ., კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში ქართლის ამირას (აქ: ქართლის ერისთავი) ტიტულსაც ატარებს, მაგრამ ამირა, როგორც სპეციალური ტერმინი, თბილისის საამიროს გაუქმების (1122) შემდეგაც თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში ქალაქის გამგებლის სახელწოდებად დარჩა, თუმცა, იგი ადგილობრივ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაზე მორგებულ თანამდებობას წარმოადგენდა. თანდათანობით ამირას ჩაენაცვლა ქართული სამოხელეო ტერმინი მოურავი. ქართული მონარქიის ზრდასთან ერთად განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინეს დიდმა ქალაქებმა, რომელთა მმართველებს გაორმაგებული ტერმინი, „ამირათ-ამირა“ ეწოდებოდა. თამარის დროს ასეთი ტიტულით იხსენიებოდნენ თბილისის გამგებელი (აბულასანი), კარის (ყარსი) მმართველი (ივანე ახალციხელი). ასეთივე სამოხელეო ტიტულს ატარებდნენ საქართველოს სამეფოს ფარგლებში ანისის მმართველები, თუმცა იმავე კარის 1237 წ-ის ციხის კარიბჭის წარწერაში მოხსენიებული კარის ამირა რაჲრაზა გაორმაგებული სამოხელეო ტიტულის გარეშეც იხსენიება. თბილისის გამგებლის ტიტულად ამირა ტრადიციის ძალით, დიდხანს, XVII ს-ის დასაწისამდე შემორჩა (ზოგჯერ ასე უწოდებდნენ თბილისის მოურავ გიორგი სააკაძეს).

XIII ს-დან ამირები ჰყავდათ უფრო მცირე ქალაქებსაც - ქუთაისი, გორი, ჟინვანი. ქალაქის ამირა დიდი და ანგარიშგასაწევი ხელისუფალი იყო. ამირას უპირველესი მოვალეობა იყო უშუალოდ ქალაქისა და მისი შემოგარენის დაცვა, საქალაქო წესრიგის, მართლმსაჯულების, ვაჭრობისა და სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების მართვა-ზედამხედველობა, ქალაქისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოების (გზების, ხიდების, სასტუმროების, სამეურნეო, და სხვ. ნაგებობების) შესრულება, ქალაქის კეთილმოწყობა. ამირას განკარგულებაში იყო სამოხელეო აპარატი, რომლის სტრუქტურაზე საკმაოდ ბუნდოვანი ცნობებია შემონახული. XII-XIII სს-ში ამირას ხელქვეით მოხელეთა აღმნიშვნელი ტერმინოლოგიაც არაბული იყო. მათ შორის გვხვდება ამიდი, რაისი, მუჰთასიბი, შურტა. ამირა ანგარიშვალდებული იყო მეჭურჭლეთუხუცესის წინაშე. ქალაქის ამირას სასამსახურო სარგო მრავალი წყაროდან იკრიბებოდა. მისი წილი გადაკვეთილი იყო ყოველი სახეობის საქალაქო შემოსავალში. XVII ს-ის 40-იან წწ-ში ქართულ ისტორიულ საბუთებში ვხვდებით ამირა-ქეთხუდას, რაც სპარსული ენის ტერმინოლოგიურ გავლენას ასახავს და შინაარსობრივად იგივეა, რაც ქეთხუდა, რომელიც ქართულ სინამდვილეში XVI ს-დან დამკვიდრდა.

საქართველოს ქალაქების ამირები

წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 36;
ქისკ1984: 68, 175, 183;
ქისკ 2013: 38.65, 67.201;
ქისკ 2014: 31, 46, 116, 311;
გაბაშვილი 1964: 331-358;
ისლამი 1999: 24-25;
ლორთქიფანიძე 1951: 185-204;
ლორთქიფანიძე 1954: 143-156;
Месхия 1959: 65-80, 90;
მუსხელიშვილი 1966: 199-213;
ანთელავა 1983: 217-227.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები