ამირანაშვილი შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ამირანაშვილი

ამირანაშვილი შალვა - (26.03/07.04.1899, ქ. ონი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 09.02.1975, ქ. თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სამუზეუმო საქმის ორგანიზატორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა პედაგოგ იასონ ამირანაშვილის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღიო ფოთის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1918-1922 წწ. სწავლობდა ახლად დარსებული თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიის განხრით. მისი პედაგოგები იყვნენ ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (ე. თაყაიშვილი), კ. კეკელიძე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას საპროფესოროდ ამზადებდნენ და 1923-1925 წწ. ნ. მარის, ბ. ფარნაკოვსკის, დ. აინალოვისა და ლ. მაცულევიჩის ხელმძღვანელობით სასწავლებლად მოსკოვსა და პეტერბურგში გაგზავნეს, სადაც იგი ბიზანტიურ და რუსული ხელოვნების ისტორიას დაეუფლა. 1936 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. იყო თსუ-ის (1932-1975) და, პარალელურად, თბილისის სამხატვრო აკადემიის (1932-1954) ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრების გამგე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1939-1975). 1943 წ. აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად, 1955 წ. – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებელი მოღვაწის წოდება (1959). 1957 წლიდან იყო მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს, 1969 წლიდან – საფრანგეთის სააზიო საზოგადოების წევრი.

ამირანაშვილი იკვლევდა ქართული აგრეთვე ბიზანტიური, რუსსული, ირანნული, ხელოვნების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი არქიტექტურის, კედლის მხატვრობის, მინიატიურის, ჭედური ხელოვნების, თანამედროვე ფერწერის ისტორიის პრობლემებზე. 1944 წ. გამოიცა ა-ის ფუნდამენტური თხზულება – „ქართული ხელოვნების ისტორია“, რომელიც პირველი განმაზოგადებელი ნაშრომი იყო ქართული ხელოვნების ისტორიაში [რუსულ (1950, 1963) და პოლონურ (1973) ენებზე]. 1962 წ. პარიზში გამოიცა ამირანაშვილის მონოგრაფია „ქართული მინანქარი“ (1963 – იტალია, 1965 – აშშ), რომელშიც ამირანაშვილმა, პირველმა ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში, დაასაბუთა ქართული მინანქრის ორიგინალურობა და ადგილო ბრივი წარმოება. 1971 წ. ჩეხოსლოვაკიაში გამოიცა ამირანაშვილის მონოგრაფია ქართულ ლითონქანდაკებაზე (ჩეხურ, გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე). 1967 წ. მოსკოვში დაისტამბა მისი წიგნი ნ. ფიროსმანზე. ამირანაშვილმა პირველმა მიუძღვნა მონოგრაფიული ნარკვევი ბექა ოპიზრის შემოქმედებას (1937).

ამირანაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხელოვნების ნიმუშთა შეგროვებისა და დაცვის საქმეში. ჯერ კიდევ სტუდენტმა წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (ე. თაყაიშვილი) დავალებით, მასთან და ი. სონღულაშვილთან ერთად, რუსეთის ბოლშევიკური არმიის საქართველოში შემოჭრისას (1921 წ. თებ.) აღწერა და შეფუთა საფრანგეთში შესანახად წასაღები ქართული ეროვნული განძეულობა (ამ საქმისთვის წმ. ექვთიმემ ა. ფრონტიდან გამოიხმო). 24 წლის შემდეგ განძი, მის მცველ წმ. ექვთიმესთან ერთად, საქართველოს დაუბრუნდა და ესეც ამირანაშვილის უშუალო მონაწილეობით მოხდა – პარიზში განძის აღსაწერად და ჩამოსატანად მიავლინეს მაღალი რანგის პარტმუშაკი პ. შარია და ამირანაშვილი, როგორც 1921 წ. ნივთების ერთ-ერთი აღმწერი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.

1923-1924 წწ. ამირანაშვილი ს. გორგაძესთან, კ. კეკელიძესთან, დ. ჯგუშიასთან, ა. შანიძესა და კ. ინგოროყვასთან ერთად იყო იმ კომისიის წევრი, რომელსაც ევალებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში არსებულ ქართულ სიძველეთა აღნუსხვა და სამშობლოში დაბრუნება. ამ სიძველეთა დიდი ნაწილი დ. ჯგუშიასთან ერთად საქართველოში ამირანაშვილმა ჩამოიტანა.

ამირანაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მინიჭებული აქვს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს და თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კაბინეტს.

ლ. მელიქიშვილი

თხზულებები

  • უბისი, ტფ., 1929; ბექა ოპიზარი, თბ., 1956;
  • ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • ხახულის კარედი, თბ., 1972;
  • საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება, თბ., 1978;

ლიტერატურა

შალვა ამირანაშვილი 110, თბ., 2009.

იხილე აგრეთვე

შალვა ამირანაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები