ამირანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირანი – უძველესი ქართული ეპოსის „ამირანიანის“ უმთავრესი გმირი. ამირანი მარადიული მხატვრული სახეა.

ამირანის მშობლები უცნობნი არიან. დედა მისი შობისას მოკვდა, მამა ვინ იყო, არავინ იცის. მასზე მშობიარე დედა რომ კვდებოდა ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვი ამოიყვანეს დედის მუცლიდან და მონაცვლეობით გამოაშუშეს ჯერ ბატკნის, მერე დეკეულის და, ბოლოს, კუროს ფაშვში (ან ახლადმოკლული ირმის ნედლ ტყავში). ახლადდაბადებული „იამანის წყაროზე“ დააგდეს ბედის ანაბარა: ან უნდა დაღუპულიყო ან გადარჩენილიყო; თუ გადარჩებოდა, მისი მომრევი ძე-ხორციელი არავინ იქნებოდა ამ ქვეყანაზე. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ გადარჩენილს დიდი მომავალი ელოდა. გადაგდებული ბავშვი იპოვნეს და იშვილეს. როცა ნათლობის დრო დადგა, დედობილ-მამობილმა გადაწყვიტა ვინმე მდიდარი ადამიანისთვის მოენათლინებინა ბავშვი, მაგრამ ამ დროს მათ ესტუმრათ მათხოვარი, რომელმაც შესთავაზა, მე ვიქნები მისი ნათლიაო. მათაც უარი ვერ უთხრეს და მოანათლინეს. მათხოვარი ქრისტე ღმერთი გამოდგება, რომელიც თავის ნათლულს დიდ ფიზიკურ ძალას დაანათლავს.

ამირანი იზრდება დედობილ-მამობილის შვილებთან - ბადრისთან და უსუპთან ერთად. ისინი ამირანზე უფროსები არიან, მაგრამ დიდად ჩამოუვარდებიან მას ძალით. ამირანი ჩაგრავს მათ, მოჰკიდებს ხელს და მათ თავებს ერთმანეთზე მიარტყმევინებს. წყაროზე დედაკაცებს კოკებს უმტვრევს. მისი ბავშვობა ბრბო-ქარია, აგრესიულიც კი, რაც თითქოს მიანიშნებს მომავალ ბრძოლებზე, რისთვისაც ძალა მიანიჭა ღვთაებრივმა ნათლიამ. ბოლოს, ერთმა დედაკაცმა, რომელსაც ჩვეულებისამებრ წყლით სავსე კოკა გაუტეხა, გაბრაზებულმა მიაძახა: თუ ასეთი ძალა გაქვს, კოკებს კი არ უნდა ამტვრევდე. თუ ვაჟკაცი ხარ, შენ მამობილს თვალი დაუბრუნე, დევებს რომ აქვთ მოტაცებულიო. ამ სიტყვებმა მთლიანად შეცვალა ამირანის ბუნება: მან უკვე მოწიფულ ვაჟკაცად იგრძნო თავი და გადაწყვიტა, ნამდვილ ბრძოლაში ეცადა თავი, შებრძოლებოდა დევებს, გაერეკა ისინი ადამიანთა მიწიდან და მამობილისთვის მოტაცებული თვალი დაებრუნებინა.

ამირანი მხსნელად მოევლინა არა მხოლოდ მამობილის ოჯახს, რომელსაც უბრუნებს მიტაცებულს, არამედ მთელ ქვეყანას. იგი ათავისუფლებს ადამიანთა საცხოვრებლად განკუთვნილ მიწა-წყალს, რომელიც დევებს ჰქონდათ დაკავებული და ყოველნაირად ავიწროებდნენ მათ. მამობილის ოჯახმა და მთელმა ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ეს იყო ამირანის პირველი გმირობა.

მისი მომდევნო გმირობა იყო გველეშაპთან შებრძოლება. საიდან გაჩნდნენ გველეშაპები? როცა ამირანმა უკანასკნელი დევი მოკლა, დევის მოჭრილი თავიდან სამი ჭია ამოვიდა. ამირანმა ყური არ ათხოვა ძმების თხოვნას და არ იკადრა ჭიების დახოცვა: დევმა რა მიყო და ამ ჭიებმა რა უნდა მიყონო. გავიდა ხანი და ეს თითქოს უვნებელი ჭიები გველეშაპებად გადაიქცნენ. სამი გველეშაპი – თეთრი, წითელი და შავი შეეყარა სამ ძმას – ბადრს, უსუპს და ამირანს და გზა გადაუღობეს. ამირანმა უთხრა ძმებს: თეთრი ბადრს, წითელი უსუპს და შავს მე შევებრძოლებიო. დამფრთხალმა ძმებმა კი მიაძახეს: თეთრიც შენ, წითელიც და შავიცო და გაიფანტნენ. რა გაეწყობოდა, სამთავეს უნდა გამკლავებოდა ამირანი. თეთრი და წითელი გველეშაპები ადვილად დაამარცხა. და, როცა ზღვასავით აბობოქრებულ შავ გველეშაპს მიმართა, გველეშაპმა დააღო პირი და ჩაყლაპა ამირანი. განაპირებულმა ბადრმა ისღა მოასწრო, რომ შორიდან სტყორცნა ისარი და კუდი მოკვეთა გველეშაპს. ეს სამსახური გაუწიეს ძმებმა. ბადრს რომ გველეშაპისთვის კუდი არ მოეჭრა, ცუდად წავიდოდა ამირანის საქმე: გველეშაპს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: როცა ვინმეს გადაყლაპავდა, ერთ უზარმაზარ ბოძს შემოეხვეოდა, რომ მუცელში მყოფი მსხვერპლი დაემტვრია და ადვილად მოენელებინა. მრავალკეცად შემოეგრაგნებოდა ბოძს, კუდს პირში დაიჭერდა. ახლა უკუდოდ დარჩენილმა რამდენჯერ სცადა შემოხვეოდა ბოძს, მაგრამ ბოლო პირამდე ვერ სწვდებოდა, და ძირს ეცემოდა. ვერა და ვერ მოინელა გადაყლაპული ამირანი. მეტი გზა არ იყო: უკან უნდა ამოენთხია იგი. მაგრამ ამირანი უარზე იყო: ნარწყევს დამიძახებენო. ისევ ძმები მიეშველენ: ახლა უსუპმა დაუძახა: „წესია დარეჯანელთა ჯიბეს ჩადება დანისა, ამოღება და გამოჭრა მაგ შავი გველეშაპისაო“ და ამირანმაც გაიხსენა, რომ დედის მუცლიდან დანა ჰქონდა გამოყოლილი. ამოიღო და შუაზე გაფატრა გველეშაპი და სამშვიდობოზე გამოვიდა. მაგრამ რას ხედავენ ძმები: გველეშაპის მუცლიდან თავდახსნილი ამირანი ახალდაბადებულივით შიშველი იყო, და ძმებმა დაცინვა დაუწყეს: „ამირანი დაიბადა, გოჭსა ჰგავდა ხუხალასა; თმა და წვერი გასცვენოდა, ჩაეყარა ტომარასა“. ხელახლა უნდა გაზრდილიყო ამირანი. ძველებურ სახეს მხოლოდ იგრი ბატონის წყალი თუ დაუბრუნებდა. წავიდა იგრი ბატონის საბანელში და ნებით რომ არ ჩაუშვა წყალში იგრი ბატონმა, ამირანმა მას თავი მოჭრა და განიბანა წყალში. იგრის სასწაულმოქმედი საბანელი ამირანისთვის ნათლობის განმეორება იყო: იგი განახლებული ძალით ამოდის იგრის საბანელიდან. განახლება აუცილებელია მისთვის, რადგან მის წინაშე ახალი, ძნელად შესასრულებელი ამოცანაა.

ახლა ამირანი მზად იყო ღრუბელთ ბატონის ასულის, ყამარის მოსატაცებლად. ყამარი მამას ერთ კოშკში ჰყავს გამოკეტილი, კოშკი კი შუაგულ ზღვის ზემოთ ცაშია დაკიდებული. მხოლოდ ფრთიანი რაშით შეიძლება კოშკში ასვლა. ასეთი ცხენი – თეთრონი მხოლოდ ბადრს ჰყავს. ბადრმა ათხოვა ამირანს თეთრონი, ძმებიც თან გაჰყვნენ და გაემართნენ ყამარის მოსატაცებლად. ფრთიან რაშზე ამხედრებულმა ამირანმა შეაღწია კოშკში და გამოიყვანა ყამარი. მაგრამ წინ დიდი ომი ელოდა: ღრუბელთ ბატონმა, რომელიც ამ დროს შინ არ იყო, ქაჯებისა და ეშმაკების ლაშქარი დაადევნა ქალის მომტაცებელს. ამირანმა ძმების დახმარებით მოიგერია ისინი, მაგრამ უკანასკნელი ბრძოლა ღრუბელთ ბატონთან ჰქონდა გადასახდელი. შეიბნენ ამირანი და ღრუბელთ ბატონი: სცეს ერთურთს ხმლები, იფარეს ფარები. ღრუბელთ ბატონს ისეთი ბეგთარი ეცვა და მუზარადი ეხურა, რომ ამირანის დარტყმული ხმალიც კი ვერაფერს აკლებდა. მოხვდებოდა თუ არა ხმალი ბეგთარ-მუზარადს, რკინა ნაპერწკლებს ყრიდა და გველივით წიოდა, აბჯარი კი უვნებელი რჩებოდა. როცა ყამარმა დაინახა, რომ მისი მომტაცებელი ვერაფერს აკლებდა მოწინააღმდეგეს, გაუმხილა მამის საიდუმლო: ურჩია, ფეხებზე შემოეკრა ხმალი, მაღლა რასა სცემ სპილოსა, „დაბლა შამოჰკარ რბილოსაო“ და ასეც მოიქცა ამირანი: შემოჰკრა ფეხებზე ხმალი, წააქცია ქაჯთა ბატონი, მოკლა და ყამართან და ძმებთან ერთად გამარჯვებული დაბრუნდა ქვეყანაზე. მაგრამ წინ კიდევ ერთი, უფრო დიდი განსაცდელი ელოდა.

ამირანმა დევების სახსენებელი ამოაგდო, სძლია უძლეველ გველეშაპებს, დაამარცხა მოურეველი ღრუბელთ ბატონი, მოიტაცა მოუტაცებელი მზეთუნახავი... თავისი მომრევი ქვეყანაზე აღარავინ ეგულებოდა. ამ დროს შემოეყარა თორმეტ უღელ ხარ-კამეჩში შებმუღი ურემი, რომელსაც მკვდარი ამბრი-არაბი მიყავდა დასამარხავად. ურემს გვერდით დედა მოჰყვებოდა. აბი ერთადერთი ფალავანი იყო, რომელთანაც ამირანს თავისი ძალა არ გამოუცდია. გული დასწყდა, რომ მისი მეტოქე მკვდარი იყო და ცოცხალს ვერასოდეს შეერკინებოდა. თორმეტი უღელ ხარ-კამეჩსაც კი გაჭირვებით მოჰქონდა ამბრი-არაბის სხეული. ფეხი მიწაზე სთრევდა და ღრმა ხნულს ატარებდა. როცა შეწუხებულმა დედამ თავისი შვილის უნახავი მეტოქე ამირანი დაინახა, სთხოვა: ამირანო, შვილის ბარკალი გადმომივარდა მიწაზე, დაბლა ეთრევა, უპატიოდ ხდება და, დედაშვილობას, ისევ ურემზე შეუდეო. რამდენიც არ ეცადა ამირანი მკვდარი ამბრი-არაბის ფეხი ისევ ურემზე დაედო, არაფერი გამოუვიდა: ძვრაც ვერ უყო, მიწასაც ვერ ააცილა, არათუ ურემზე ვერ შედო.

„აის ქვეყანამც კრულია, სადაც შენ ამoრანობდი,
თავს იხურავდo ჩაჩქანსა, ბოლოსა ჰჯაჭვიანობდი.
ღმერთმ იცoს, ჩემო ამირან, ამბრის ვერ ედარებოდი,
მკვდარმა გაჯობა ცოცხალსა, ცოცხალს რას ედარებოდი.
თუ მაგის მეტი არ იყავ, ჩემს შვილს როგორა მტერობდი?“

ასე შეარცხვინა უძლეველი გმირი დედაკაცმა. მერე მათრახის წვერი შეუდო ამბრის ფეხს და თვალის დახამხამებაში ურემზე შეაბრუნა. და მწარედ დაღონდა გაწბილებული ამირანი, სასოწარკვეთილებამ მოიცვა. სამზეოზე თავი გამოსაჩენი არ ჰქონდა, საბნელოს ჩაჯდა – გლოვობდა თავის უსუსურობას. ევედრებოდა თავის ნათლიას, ძალა მოემატებინა მისთვის. იცოდა ღმერთმა, რომ მომატებულ ძალას ამირანი სასიკეთოდ არ გამოიყენებდა, მაგრამ ნათლია რისი ნათლიაა, თუ ნათლულს უარს ეტყვის. და მისცა ამირანს ქრისტე-ღმერთმა სამი ადიდებული წყლის დონე და სამი დაქანებული ზვავის სიმარდე და ძალა. ძალ-ღონე გაასკაცებულმა ამირანმა დაინახა, რომ მისი მომრევი არც ადამიანთა, არც მხეცთა, არც სხვა არსებათა შორის ნამდვილად არ იყო. და გაამპარტავნდა ამირანი, გაბუდაყდა, გაიდიდა თავი, ინატრა – ერთი ნათლიაჩემს დამაჭიდაო. ძალა რომ დამანათლა, თავად რა გმირიაო. და ასე, როცა თავისი მომრევი ვეღარ ნახა ქვეყანაზე, თავად უფალი ქრისტე გამოიწვია ორთაბრძოლაში ანუ მან მოინდომა იმაზე მეტი გამხდარიყო, ვისგანაც ძალა ჰქონდა მონიჭებული. ქრისტე ბერიკაცის სახით გამოეცხადა და ბევრი არწმუნა, რომ ნათლიასთან შეჭიდება არ ეგებოდა. ეგ ძალა, რითაც იქადი, ჩემი მოცემულია და, რაც მე დამრჩა, იმას ხომ ვერავინ გაზომავსო. არწმუნა, მაგრამ ვერ გადააფიქრებინა შეჭიდების სურვილი. როცა დაინახა ნათლიამ, რომ ვერ გადაარწმუნა ამირანი, კარგიო, უთხრა, ამ ყავარჯენს, ხელში რომ მიჭირავს, ხომ ხედავო. ჩავარჭობ მიწაში და, თუ ამოიღებ გამარჯვებული იქნებიო. კარგიო, დაეთანხმა ამირანი. ჩაარჭო ქრისტემ ყავარჯენი მიწაში. მივიდა ამირანი, ჩაეჭიდა ყავარჯენს და ადვილად ამოაძრო. ჩაარჭო მეორედ ყავარჯენი ქრისტემ და მეორედაც ადვილად ამოაძრო ამირანმა ყავარჯენი. იუკადრისა, რას მეთამაშები, მეტი ძალა არა გაქვსო? მაშინ ისევ აიღო ქრისტემ ხელში თავისი ყავარჯენი, ჩაარჭო მიწაში და უბრძანა, ისეთი ფესვები გაედგა, რომ მთელ დედამიწას სარტყელად შემოვლებოდა ირგვლივ, კენწერო კი ზეცას მისწვდენოდა. დაეჭიდა ამირანი ყავარჯენს, მაგრამ რამდენიც არ ეწვალა, ძვრა ვერ უყო. არც ეშვებოდა, იმედი კი ჰქონდა, როცა იქნებოდა, ამოაძრობდა. მაშინ ბრძანა ქრისტე-ღმერთმა და გაჯიუტებული ამირანი მჭედლებმა იმ ფესვგამდგარ ყავარჯენზე მიაჯაჭვეს, რომლის ამოძირკვასაც ამაოდ ცდილობდა და ზედ ყინულიანი მთა გადააფარეს, რომ ამგვარად დასჯილს ცა და მიწა ვეღარ დაენახა.

და დარჩა მარტოდმარტო ამირანი. არც ძმები, არც ყამარი. ამ ტყვეობაში მის გვერდით მხოლოდ ერთგული ძაღლია, რომელიც მთელი წელიწადი ლოკავს ჯაჭვს, გაწყვეტამდე მიიყვანს მას. ის-ის არის, თავი უნდა გაითავისუფლოს ამირანმა, რომ მჭედლები დიდ ხუთშაბათს, დილაადრიანად მდუმარედ გრდემლზე უროს დასცემენ თავთავიანთ სამჭედლოებში და ჯაჭვი კვლავ მრთელდება.

ახლა ამირანი მთელი წელიწადი თავად არყევს ყავარჯენს, ცოტაც და ამოძირკვავს მას, რომ ამ დროს საიდანღაც მოფრინდება ჩიტი და დააჯდება ყავარჯენს. გაბრაზებული ამირანი მოიქნევს მუშტს, რომ დასცხოს ჩიტს, მაგრამ ჩიტი აფრინდება, მუშტი კი ყავარჯენს მოხვდება და ისევ ღრმად ჩაერჭობა მიწაში. ასე რომ, ბედკრული გმირი საკუთარი ხელით ჭედავს თავის ტყვეობას.

შვიდ წელიწადში ერთხელ ამირანის გამოქვაბული იდება და ადამიანს, თუკი შეესწრო ამ ჟამს, შეუძლია მიჯაჭვული გმირის ხილვა.

ერთ-ერთ ამ გახსნას შესწრებია ერთი უსახელო მონადირე. ამ მონადირემ ამირანის დავალებით შინიდან უნდა წამოიღოს კერიის საკიდელი (ჯაჭვი). მისი საშუალებით ამირანმა თავისკენ უნდა მიიზიდოს ხმალი, რომელსაც ვერ სწვდება, რათა გაკვეთოს ბორკილები. მონადირემ უბრად, ხმის ამოუღებლად უნდა წამოიღოს ეს საკიდელი, არავის გამოეპასუხოს.

მაგრამ მონადირე ვერ დაიცავს დუმილის აღთქმას. აბეზარი ცოლი დააცდენინებს სიტყვას ამირანის გამოსახსნელად მიმავალ ქმარს. აკრძალვის დამრღვევი მონადირე ვეღარ მიაგნებს კლდეს და ამირანის გათავისუფლების სახსარიც ისპობა.

ხევში არის ასეთი თქმულება: ამირანის გველეშაპი მყინვარის წვერიდან გადმოცოცებულა და მიჯაჭვულ ამირანს შეჭმას უპირებდა. მაგრამ მისი ეს განზრახვა წმიდა გიორგის გაუგია და სწრაფად იქვე გაჩენილა. წმიდანს გველეშაპისათვის თითის დაქნევით უთქვამს: მანდვე გაქვავდი! ამირანი ცოდვების მოსანანიებლად მიაჯაჭვა ღმერთმა, შენს შესაჭმელად კი არაო. ამ სიტყვებზე გველეშაპი იქვე გაქვავებულა. დღესაც ყაზბეგიდან თერგის დაყოლებაზე თუ გაიხედავ, გველეშაპის სახის მთას დაინახავ. ეს არის წმიდა გიორგის ძალით გაქვავებული გველეშაპი. ამირანი კი დღემდე ელის მხსნელს.


იხილე აგრეთვე

ამირანის მთა

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები