ამირეჯიბი ეკატერინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინე ამირეჯიბი

ამირეჯიბი ეკატერინე (ცაცა) გიორგის ასული - (22.II.1889, სოფ. ხურვალეთი, გორის მაზრ. - 17.XI.1975, თბილისი) - ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950).

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი თავადიშვილის ოჯახში. 1896 სწავლა დაიწყო თბილისში, კორგანოვის კერძო პანსიონში. მე-4 კლასიდან სწავლა განაგრძო თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში. ერთნაირად კარგად დაეუფლა ქართულ და რუსულ ენებს. 1906 წლდან მუშაობდა სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1909 მოსკოვში მიემგზავრება და იწყებს სწავლას მოსკოვის თეატრალურ სტუდიაში. სტუდიას ვერ ამთავრებს უსახსრობის გამო და ბრუნდება საქართველოში. 1911 ლადო მესხიშვილისგან ღებულობს თეატრში მიწვევის ბარათს. 1911 წელს მისი დებიუტი შედგა სუმბათაშვილ-იუჟინის პატრიოტულ დრამაში „ღალატი“, სადაც მან ზეინაბი განასახიერა. შემდგომ ამისა იგი გადადის სამუშაოდ ქუთაისის თეატრში მიხეილ ქორელის მიწვევით. ამას მოჰყვა ბაქოს დრამატული თეატრი, სადაც მან წარმატებით განასახიერა ქეთევანი დ. ერისთავის პატრიოტულ დრამაში „სამშობლო“. მერე ისევ თბილისი და ისევ ბაქო. მუშაობდა შალვა დადიანთან და ალექსანდრე წუწუნავასთან. შალვა დადიანის პიესაში „გუშინდელნი“ შექმნა „კნეინა ჩიტუნიას“ უაღრესად დასამახსოვრებელი სახე.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში ე. ამირეჯიბი გიორგი ჯაბადარის სტუდიის თანამშრომელი ხდება. ამავე წლებში მან იქორწინა ვასო არაბიძესთან და მასთან ერთად გაატარა 32 წელი. 1920-1921 წლებში იწყებს მუშაობას რუსთაველის თეატრში

1932 წლიდან სახკინმრეწვის (ახლანდელი კინოსტუდია „ქართული ფილმი“) მსახიობია. პარალელურად მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. ე. ა. ასრულებდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს. ამასთან ერთად, იგი მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოში. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას. მის წარმატებას ხელს უწყობდა კარგი სცენური გარეგნობა, მომხიბლავი ხმა და გამომსახველი დიქცია. იგი შესანიშნავად ათავსებდა სცენურ ბუნებრიობას რომანტიკულ-პათეტიკურ სტილთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია



ლიტერტურა

ნ. ურუშაძე, ცაცა ამირეჯიბი, თბ., 1958.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები