ამირსპასალარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირსპასალარი - (არაბ. amīr, საშ. სპარს. spāhsālār - სპასალართა ამირა, უფროსი, მთავარსარდალი სელჯუკთა სახელმწიფოში). ამ სახელწოდების თანამდებობა საქართველოში XII ს-დან ჩნდება. იგი დაკავშირებული ჩანს ცენტრალიზებული სამხედრო უწყების შექმნის აუცილებლობასთან.

ივ. ჯავახიშვილი ტერმინს თამარის მეფობაში შემოღებულად თლიდა, შ. მესხიამ იგი სელჯუკთა სამოხელეო ტერმინოლოგიიდან შეთვისებულად მიიჩნია და დავით აღმაშენებლის ეპოქას დაუკავშირა. საქართველოში ამირსპასალარის სახელო გენეტიკურად უკავშირდებოდა მანამდე არსებულ უაღრესად ხანგძლივი ტრადიციის მქონე, „სპასპეტის“ ადგილობრივ ინსტიტუტს და, შესაბამისად, არსობრივად განსხვავდებოდა სელჯუკური ინსტიტუტისაგან (შ. მესხია).

XI ს-ში, დავითის მეფობამდე, უმაღლესი სამხედრო ხელისუფალი იყო „სპასალარი“, რომელსაც, სპასპეტის მსგავსად, შენარჩუნებული ჰქონდა ერისთავთა „უხუცესობა“, „მთავრობა“. „სპასალარად“ იწოდებოდა ლიპარიტ (IV) ბაღვაში და მისი ძე ივანე ბაღვაში, რომლებიც თავიანთი სპასალარობით სამეფოს „თავადთა“ შორის პირველ მოხელეებს წარმოადგენდნენ (ი. ანთელავა).

ქვეყნის გაერთიანების კვალად, რამდენიმე სასპასალაროს თავმოყრამ ერთიან სამხედრო ორგანიზაციაში გამოიწვია სპასალართა „უხუცესის“ - ამირსპასალარის სახელოს შემოღების აუცილებლობა. დავით აღმაშენებელმა გაითვალისწინა რა უახლოესი წარსულის გამოცდილება სპასპეტ-სპასალართა მწვავე დაპირისპირებისა სამეფო ხელისუფლებასთან, ცენტრალური აპარატის ორგანიზაციაში პირველი ადგილი არა ამირსპასალარს, არამედ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს მიაკუთვნა; მასვე მიაკუთვნა სპასპეტ-სპასალარების ტრადიციული პრეროგატივა „მეფის მამობისა“. ამ გზით მან შეძლო სპასპეტ-მამამძუძის ინსტიტუტის ლიკვიდაცია და მის საპირისპიროდ მწიგნობართუხუცესის, „მეფის მამის“ სახელოს შექმნა (ნ. ბერძენიშვილი, ი. ანთელავა).

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამირსპასალარი იყო „თავადი ლაშქართა“, რომლის თანხმობის გარეშეც მიწის „გაცემა“ და „სამამულო“ შეწყალება არ ხდებოდა; ლაშქრობის „თათბირიც“ ამირსპასალარის პრეროგატივა იყო: „ლაშქრობაჲ და ლაშქრობის ვაზირობა ამირსპასლარის ჴელთ არს. მას წინათ არავინ იტყვის, რაჲ ვეზირობა იყოს“. ამგვარად, „ვეზირობაზე“, ანუ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მამულის გაცემასთან და ლაშქრობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას გადამწყვეტი სიტყვა ამირსპასალარს ეკუთვნოდა.

სასახლის უწყებრივ სტრუქტურაში ამირსპასალარს ექვემდებარებოდა „საჯინიბოს“ და „ზარადხანის“ შიდასაუწყებო დაწესებულებანი, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა ამილახორის მეშვეობით. ამირსპასალარს, როგორც უმაღლეს სამხედრო ხელისუფალს, ემორჩილებოდნენ ერისთავები და „საქვეყნოდ გამრიგე“ ის მოხელეები, რომლებიც საერისთავოებში სამხედრო საქმეს განაგებდნენ. სამხედრო ბირთვს, „სამეფოს სპას“ სწორედ საერისთავოებიდან გამოსული ლაშქარი შეადგენდა. მას ამირსპასალარი სარდლობდა, როგორც ერისთავთა „უხუცესი“ და მთავარი ერისთავი. ამირსპასალარის სახელოში შედიოდა აგრეთვე ფულად სარგოზე დამყარებული „როქის სპა“ და დავით ამაშენებლის დროს ჩამოყვანილი ყივჩაღთა ლაშქარი; რაც შეეხება „ტაძრეულ სპას“ (დომენის ლაშქარს) და ციხე-ქალაქთა გარნიზონებს, სავარაუდოდ, ისინი მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ (ი. ანთელავა). ამირსპასალარი როგორც მთავარსარდალი, ემორჩილებოდა მხოლოდ მეფეს და (თამარის მეფობაში მეფე-ქმარსაც). მას დამოუკიდებლად უფლება არ ჰქონდა შეეყარა ლაშქარი, ან გაეტარებინა რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება (შ. მესხია).

დავით აღმაშენებლის დროიდანვე ამირსპასალარს, სავარაუდოდ, ეპყრა მეორე ძალოვანი უწყების, მანდატურთუხუცესის თანამდებობაც. ორივე ხელი XII ს-ის დასაწყისიდან ვიდრე 1177 წ-მდე ორბელთა საგვარეულოს ხელში იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, „პატივი მისი (ამირსპასალარის) და მანდატურთუხუცესისა სწორი“ იყო. XIII ს-ის დამდეგს, როდესაც თამარმა შემოიღო ათაბაგის სახელო და ივანე ათაბაგის ხელში ფაქტობრივად შეაერთა ამირსპასალარობასთან, თავიდან „აღდგა უძველესი ტრადიცია „სპასპეტ-მამამძუძისა“. საქართველოს მეფეს ერთდროულად „ორი მამა“ გაუჩნდა მწიგნობართუხუცესისა და ათაბაგ-ამირსპასალარის სახით“ (შ. მესხია). მონღოლთა ბატონობის ხანაში ათაბაგ-ამირსპასალარის ინსტიტუტმა უკიდურესად შეავიწროვა და საბოლოოდ გაუქმებამდე მიიყვანა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის ინსტიტუტი.

სამეფო კარის სამოხელეო ეტიკეტი საუკეთესოდ გამოხატავს ამირსპასალარის მაღალ მდგომარეობას სახელმწიფოში. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამირსპასალარი ათაბაგთან და მანდატურთუხუცესთან ერთად შედიოდა სამთა ვაზირთა - „საბატიო დარბაისელთა“ შემადგენლობაში. მისი სასახლეში მიწვევა ვაზირთა სათათბირო სხდომებსა თუ საზეიმო დარბაზობებზე, მომსახურება და გაცილება სასახლის საპატიო მოხელეების მოვალეობას შეადგენდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამირსპასალარის სახელოსთან ხშირად შეერთებული იყო მანდატურთუხუცესის (XII ს.) ან ათაბაგის (XIII ს.) სახელოები, გამოდის, რომ ამირსპასალარი უაღრესად ფართო უფლებამოსილებებით იყო აღჭურვილი სახელმწიფო მოხელე იყო. ამირსპასალარის ინსტიტუტმა არსებობა შეწყვიტა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დაშლის შედეგად.

საქართველოს ამირსპასალარები. XII-XIV სს.

წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები