ამოკირვა (სასჯელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამოკირვა — სასჯელის უმაღლესი ფორმა ძველ საქართველოში.

აჭარის მთიანეთში ამოკირვას თემში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მტრობა მაშინ იწყებოდა, როცა ქალს უმიზეზოდ უწესობასა და ღალატს დააბრალებდნენ და ოჯახიდან გააძევებდნენ, მაგრამ თუ ეჭვი რეალურ საფუძველს ემყარებოდა, ქმარი და ქმრის ახლობლები − „ქალზე მისულ კაცსა” და თავად ქალს სასჯელის უმაღლესი ფორმით სჯიდნენ. დასჯის ეს ფორმა ზემო აჭარაში „ამოკირვის” სახელწოდებით იყო ცნობილი. სასჯელის ამ ფორმას ადრე უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი ქალის ნამუსს ეხებოდა. უნებართვო ინტიმურ კავშირში მყოფ ქალსა და მამაკაცს ოფიციალური მეუღლე და მისი სისხლით ნათესაური წრე — ნოგრო მიწაში ყელამდე მარხავდა და ქოლავდა. ჩაქოლვისას ქმრის ნოგროსთან ერთად ქვების სროლის უფლება სოფლისა და, საერთოდ, თემის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა. სისხლ-მესისხლეობის პროცესში მკვლელის დასასჯელად ანალოგიურ ხერხს არ მიმართავდნენ. მკვლელი „სისხლით”, ე. ი. სისხლის აღებით უნდა მომკვდარიყო. „ჩოღორვა-ჩაქოლვის” საშუალებით მოხევეებიც იმ დამნაშავეს სჯიდნენ, ვინც ნათესავთან იქორწინებდა.

ფშაველებში დამნაშავისათვის სასჯელს მთელი თემი ანდა სოფელი ადგენდა. სცოდნიათ ჩაქოლვა, საზოგადოებიდან მოკვეთაც. ჩაქოლვას ქალისა და მამაკაცის უნებართვო სიყვარული იწვევდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიყვარულის ნაყოფი გამოჩნდებოდა. ამგვარ დამნაშავეს ხიდის თავთან, გზის შესაყარში თუ გზაჯვარედინთან ჩაქოლავდნენ, რათა ისინი გამვლელ-გამომლელთ დაენახათ. განვითარებული შუასაუკუნეების ბექა სჯულმდებლის მიხედვით, თუ ცოლშვილიანი კაცი ქმარშვილიან ქალთან იმრუშებდა, მაშინ დამნაშავე მამაკაცი − „ნიფხვით ოდენ შიშველი და ყელსაბლიანი უბანთა ზედა განჭირებული მოავლონო”.

ამოკირვის სახელწოდებით ეს ჩვეულება ძველ საქართველოში საკმაოდ ცნობილი წესი იყო. კათალიკოზთა სამართალში, ჩაკირვასთან დაკავშირებით ერთი ცნობაა დაცული. სამართლის დასასრულს ვკითხულობთ: „ვინცა ანუ დიდმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან მან, ანუ გლეხმან რძალი შეირთოს შეჩუენებულმცა არის ღთისაგან და მისთა წმინდათაგან. კაციცა და დედაკაციცა გაღმა-გამოღმა დაკირონ. დამკირავნი ჩემგან დალოცვილ და კურთხეულ იყვნენ”-ო. აქედან ჩანს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის აკრძალული და მალული სქესობრივი კავშირი აჭარაშიც ისეთივე ფორმით ისჯებოდა, როგორადაც ძველ საქართველოში. აჭარის ეთნოგრაფიული მასალებისა და საეკლესიო სამართლის დასახელებული ძეგლის ანალიზი თვალნათლივ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ძველ ქართულ ოფიციალურ და ჩვეულებით სამართალში დასჯის ფორმები იდენტური იყო და კანონმდებლობას იგი მოგვიანებით ადათიდან უნდა შეეთვისებინა. დამკირავებად თემისა და სოფლის წევრებთან ერთად მამაკაცთან საქმის დამჭერი ქალის ქმრის სისხლით ნათესავები გამოდიოდნენ და სამართალშიც კათალიკოზების მიერ სწორედ დაკირვის უფლების მქონე ახლო ნათესავებია კურთხეული.

ლიტერატურა

მგელაძე, 1984

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები