ამფიტრიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამფიტრიონი(ბერძნ.) ტირინსის მეფის, ალკეოსის ძე, პერსევსის შვილიშვილი.

ამფიტრიონმა მონაწილეობა მიიღო მიკენის მეფის, ელექტრიონის მიერ კუნძულ ტაფოსის მკვიდრთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში. ამ ომში დაიღუპნენ ელექტრიონის ვაჟები, ხოლო ამფიტრიონმა იქორწინა მის ერთადერთ ქალიშვილზე, ალკმენეზე. ამფიტრიონს უნებლიედ შემოაკვდა სიმამრი, რის გამოც იძულებული გახდა ალკმენესთან ერთად გაქცეულიყო თებეში. აქ ამფიტრიონმა საგმირო საქმე განახორციელა: ტევმესიუსი მელა, ურჩხული, რომელიც ანადგურებდა თებეს შემოგარენს, მოაცილა ქალაქს. ამფიტრიონმა მრავალი ქალაქი დაიპყრო და ვიდრე იბრძოდა, ზევსმა მისი მეუღლის სარეცელი გაიზიარა. ღმერთთა მეუფემ ამფიტრიონის სახით აცდუნა ალკმენე, რომელმაც სულ მალე შვა ტყუპი ვაჟი: ჰერაკლე – ზევსის ძე და იფიკლესი – ამფიტრიონის ძე.

ამფიტრიონმა საკუთარი შვილივით აღზარდა ჰერაკლე, თავად ასწავლა ეტლის მართვის ხელოვნება. იგი დაიღუპა ბეოტიელთა წინააღმდეგ ბრძოლის ჟამს.

ამფიტრიონის მითოსზე შეუქმნია სოფოკლეს ერთ-ერთი ტრაგედია, ხოლო პლავტუსს – კომედია. სწორედ პლავტუსის კომიკური სახე დაედო საფუძვლად მომდევნო ხანებში შექმნილ იმ ნაწარმოებებს, რომლებშიც ამფიტრიონი სტუმართმოყვარე და მიამიტ პიროვნებად წარმოგვიდგება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები