ამქამგარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-მქამგარჲა (აფხ. Амқамгарьа) – მესაქონლეობის, განსაკუთრებით მეკამეჩეობის მფარველი ღვთაება, იშვიათად გაიგივებული აერგთან. აბჟუისა და სამურზაყანოს აფხაზთა რწმენით, მისი საბრძანისი გალის რაიონის სოფელ ჩხორთოლთან ახლომდებარე კლდეებია, სადაც მწყემსები სამ წელიწადში ერთხელ მსხვერპლს სწირავენ და ლოცულობენ.

ამქამგარიას კულტის აფხაზეთში დაფუძნებასთან დაკავშირებულია ერთი გადმოცემა: მოხდა ისე, რომ ცხვრები დაავადდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ და უეჭველად დაიღუპებოდნენ, პატრონისათვის რომ არ ერჩიათ, ელოცა ამქამგარიას სახელზე და მისთვის საქონლის გადარჩენა ეთხოვა. მწყემსმა მართლაც ილოცა და ცხვრებს ავადმყოფობა თანდათან გაუქრათ. აქედან იწყება ამქამგარიას თაყვანისცემა აფხაზეთში, სადაც ღრმად სწამდათ, რომ მას გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე საქონლის მფარველ სხვა ღვთაებებს; თვლიდნენ, რომ თუ ამქამგარია წყალობდა ადამიანს, მის საქონელს მგელი არ მიეკარებოდა და ყოველ საქმეში ხელი მოემართებოდა. ამქამგარიას შიშით მწყემსები მთაში არ ბანაობდნენ და შიშველი სხეულით მას არ ეჩვენებოდნენ; სწამდათ, რომ ამქამგარია ტანს მთის წყაროებში იბანდა, ამიტომ ამ წყლების გამურტლება არავის ეპატიებოდა.

გარდა იმისა, რომ ზოგი ოჯახი ყოველწლიურად ლოცულობდა ამქამგარიას სახელზე, მსხვერპლს სწირავდნენ ცხვრების კრეჭისა და საქონლის დაკარგვის შემთხვევაშიც, შესთხოვდნენ კამეჩების მფარველობასა და გამრავლებას. როცა ფურკამეჩი ზაქს მოიგებდა, მის რძეს პირს არ დააკარებდნენ და მთელი კვირა ყველს აგროვებდნენ, გამოაცხობდნენ ფეტვის დიდ პურს, დაკლავდნენ ქათმებს ან ბატკანს და ამ სამსხვერპლოთი მივიდოდნენ კამეჩთან, რომლის რქებზე ორ ანთებულ სანთელს მიამაგრებდნენ და ამქამგარიას სახელზე დაილოცებოდნენ: „დე, ნუ მოგვაკლდება შენი წყალობა, ჯანმრთელად ამყოფე ჩვენი კამეჩი, ბლომად რძე ჩაუდგი“. შემდეგ კამეჩსა და ზაქს ავი თვალისგან დასაცავად ეკლისგან დაგრეხილ გვერგვს ქედზე დაჰკიდებდნენ; მოიწვევდნენ მეზობლებს და პურობას გამართავდნენ. ბზიფის აფხაზეთში ზაქის მოგების კვირის თავზე ფურკამეჩისათვის გამოლოცვის რიტუალს ა-სამგარიას და ა-სქამგარიას უწოდებდნენ.

გ. ჩურსინი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, რომ ამქამგარიას კულტი აფხაზეთში სამეგრელოდან იყო შემოსული, რასაც მხარს უჭერს ენობრივი მონაცემებიც. ტერმინი „ამქამგარია“, როგორც თვლიან, სესხების კანონზომიერებათა დაცვით არის მიღებული მეგრული „მიქამგარიო“ („მიქელ-გაბრიელი“) სიტყვისაგან, „ასამგარია“ მეგრულივე „სამგარიო“, ხოლო „ასქამგარია“ „სამიქამგარიო“ (სამიქელგაბრიელო) ფორმათაგან.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • А.А. Мкамгариа // Мифы народов мира, т. II, М., 1982;
  • თ. სახოკია. მოგზაურობანი. გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი. თბ., 1985;
  • თ. გვანცელაძე. ენობრივი მონაცემები და მათი მნიშვნელობა აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის კვლევისათვის // აფხაზეთის ისტორიის პრობლემები. თბ., 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები