ანანა-გუნდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანანა-გუნდა (აფხ. Анана-Гәында) – ნადირობისა და მეფუტკრეობის მფარველი ქალ-ღვთაება, რომელიც აბჟუის აფხაზთა წარმოდგენით, ნადირობისა და ნადირთმფარველი ღვთაების – აჟვეიფშაას დედად ითვლება (შდრ. სვანური დალი – აფსასთის დედა). ზოგიერთი გადმოცემით, ანანა-გუნდა „ანან-შაცვადაც“ იწოდება და ოჯახის გამრავლების მფარველიც არის, შესთხოვენ შვილების გაჩენას; წარმოდგენილი ჰყავთ დედა ფუტკრის სახით. მის საბრძანისად ანუ „ანანთვარად“ (ანანას საჯდომი), ერთი ვარიანტით, მდ. გუმისთის ხეობაში მდებარე დოუს კლდეა მიჩნეული, მეორეთი – დალის ხეობაში არსებული ქუანაჩხირის მთის მწვერვალი. გადმოცემის თანახმად, ანანა-გუნდას მხოლოდ ერთადერთი მონადირე, აფხაზური ფოლკლორის ცნობილი გმირი – აკუნ-იფა ხათაჟყვა შეხვდა მაშინ, როცა ქალ-ვთაება წყლის პირად იჯდა და თმებს ივარცხნიდა (შდრ. ტყაში მაფა, წყლის ალი).

უძველესი დროიდან ნადირობა და ტყიური მეფუტკრეობა (ეს უკანასკნელი აფხაზებს ბოლო დრომდე შემორჩათ) ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საქმიანობა იყო და, ბუნებრივია, რომ ნადირობის მფარველი ღვთაება იმავდროულად მეფუტკრეობის მფარველიც იქნებოდა. ამ მხრივ საინტერესოა წარმოდგენები მეფუტკრეობის მფარველ ოსურ (დიგორულ) ღვთაებაზე – ანი-გოლზე. ზოგიერთი ცნობით, ანი-გოლი არის მონადირე, რომელმაც პირველმა შეძლო ფუტკრის დაჭერა და მოშინაურება. როცა აფხაზი მონადირე ტყეში, ხის ფუღუროში ნაპოვნი ფუტკრის ოჯახის სახლში გადაყვანას დააპირებდა, უპირველეს ყოვლისა, აჟვეიფშაას სადიდებელ სიმღერას იტყოდა, შემდეგ კი ანანა-გუნდას შესთხოვდა ხელშეწყობასა და მის გამრავლებას. მრავალრიცხოვანი მასალა იმაზე მოწმობს, რომ პირველი მეფუტკრეები სწორედ მონადირეები იყვნენ (საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით სვანეთში და გურიის მთიან რეგიონში უკანასკნელ დრომდე შემორჩა ტყიური მეფუტკრეობის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მონადირეები მისდევდნენ. ფუტკრით მდიდარ ტყეებში მონადირეთა ჯგუფი 8-10 დღით მიდიოდა, ნადირობდა და თაფლ-სანთლის წლიურ მარაგსაც ამზადებდა).

ანანა-გუნდას სახელზე ლოცვა ე.წ. „ფუტკრის ლოცვა“ („შხანიჰვა“) წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და ზაფხულში იცოდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეფუტკრეობის მფარველი ღვთაებისა და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ მდიდარ წეს-ჩვეულებათა არსებობა, ასევე თაფლის პროდუქციის ფართო გამოყენება როგორც საკვებად, ისე სხვა საჭიროებისათვის, ამ საქმიანობის ამსახველი უხვი ტერმინოლოგია მიუთითებს მეფუტკრეობის (ტყიური და შინაური) სიძველესა და აფხაზთა სამეურნეო ყოფაში მის განსაკუთრებულ როლზე.

ღვთაების სახელის პირველ ნაწილს (ანან, ანანა) მეცნიერები აფხაზურ ენაში დედის აღმნიშვნელი სიტყვიდან („ან“) მომდინარედ მიიჩნევენ, ხოლო მეორე ნაწილს (გუნდა), ზოგი ავტორი, ქართულ „გუნდს“, ზოგიც სომხურ gund-ს (სკა) უკავშირებს და „ანანა-გუნდას“ შიფრავს როგორც „სკის დედას“, ზოგიც ამ უკანასკნელში ნართულ გადმოცემათა პერსონაჟის – გუნდას სახელს ხედავს. ვ. აბაევი თვლის, რომ მეფუტკრეობის მფარველი ოსური (დიგორული) ღვთაება ანი-გოლი ტიპოლოგიურად, შესაძლოა მატერიალურადაც ახლოს დგას აფხაზურ ანანა-გუნდასთან.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Материалы и исследования. Сух., 1969;
  • Л.Х. Акаба. Из мифологии абхазов. Сух., 1976;
  • А. Медоев. Сказание о появлении пчел в Дигории // Отчет кавказского сельского хозяйства. 1881. №11-12; К.Ф. Ган. Первый опыт объяснения кавказских географических названии. СМО-МПК. 1909. Вып. 40;
  • В.И. Абаев. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1958;
  • ალ. რობაქიძე. მეფუტკრეობასთან დაკავშირებული ერთი წეს-ჩვეულების შესახებ // მიმომხილველი. თბ., 1953. III.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები