ანაღაუჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაღაუჯ-ი (ადიღ. Iанэгъэудж) − ინკორპორაციული ხასიათის ადიღური რიტუალი, რომლის მიზანი იყო ოჯახის (გვარის) შემადგენლობაში ახალი წევრის – ახალრძლის, მიღების სანქციონირება. ქორწილის მეორე დღეს ლაგუნაში (ახალდაქორწინებულთა ოთახი ან ცალკე მდგარი წნული ნაგებობა) მყოფი პატარძალი მუსიკის თანხლებით შემოჰყავდათ ძირითადი საცხოვრებლის სამზარეულოში, სადაც მხოლოდ ოჯახის ნათესავი და მეზობელი ქალები იყვნენ შეკრებილნი, და კარებთან ახლოს დააყენებდნენ; შემდეგ მიჰყავდათ იქ მყოფ დედაბრებთან, რომელთაც ჩახუტებითა და კოცნით უნდა მისალმებოდა და უკუსვლით კვლავ პირვანდელ ადგილს უნდა დაბრუნებოდა. ნეფის ერთ-ერთი ნათესავი ქალი მას ტუჩებზე თაფლისა და კარაქის ნაზავს წაუსვამდა. კერაზე კერძებით დატვირთულ სამფეხა ტაბლას დადგამდნენ და ლოცვას შეუდგებოდნენ. საამისოდ შერჩეული ერთ-ერთი მხცოვანი ქალი, რომელსაც იმავდროულად ტაბლის რყევაც ევალებოდა, ყურანის ლოცვებს წარმოთქვამდა და ალაჰს ახალშექმნილი ოჯახი კეთილდღეობასა და გამრავლებას შესთხოვდა და ლოცვას შემდეგი სიტყვებით დაასრულებდა: „დე, აღსრულდეს ყველა ჩვენი სურვილი, რომელიც ტაბლასთან ითქვა“. შემდეგ იგი კერაზე დადგმულ ტაბლას მთელი ძალით იმდენხანს არყევდა, ფეხები არ მოტყდებოდა და ნაცარი არ აიშლებოდა, თან მღეროდა საწესო სიმღერას („ანაღაუჯს“), რომლის მისამღერს („ოდიდა, ორიდა“) იქ მყოფი ფერხულში ჩაბმული ქალები ასრულებდნენ. რიტუალი გამასპინძლებით მთავრდებოდა და პატარძალი კვლავ ლაგუნაში მიჰყავდათ.

თემირგოელებში, აბძახებსა და ბჟედუღებში სხვადასხვა ვარიანტების სახით გავრცელებულ „ანაღაუჯით“ სახელდებულ რიტუალს შაფსუღები „ნისეუჯს“ (нысэудж – „რძლის ფერხული“) უწოდებდნენ. ნისეუჯის წეს-ჩვეულებას რიგი თავისებურებანი ახასიათებდა. როცა ახალღძალი სამზარეულოში შემოჰყავდათ, მას გზაზე ნეფის ნათესავი გოგო-ბიჭები (ძმიშვილ-დიშვილები) გადაეღობებოდნენ და, ერთ რიგში ჩამწკრივებულები, ვიდრე მოთხოვნილ გამოსასყიდს არ მიიღებდნენ, ფეხს არ მოიცვლიდნენ. სხვადასხვა სახის საჩუქრების დარიგების შემდეგ, ახალრძალი დანიშნულ ადგილზე მიჰყავდათ. პატარძლის მშობლები სხვა საჩუქრებთან ერთად აგზავნიდნენ ე. წ. „დედამთილის თავსაფარს“ (ГощэIэплъэкI), რომელსაც დედამთილი რძალს მხრებზე მოახურავდა და მცირე ხნის შემდეგ დანის ბოლოთი ჩამოხსნიდა. საჩუქრებს შორის იყო აგრეთვე სპეციალურად ლოცვისთვის განკუთვნილი გრძელი პირსახოცი (тхьэпшыIуапкIэ – „ლოცვის წარმოთქმისთვის განკუთვნილი“), რომელიც მლოცველს მხრებზე ჰქონდა მოსხმული. მას ერთ ხელში ეჭირა თეფში, რომელზედაც კვერები იდო, ხოლო მეორე ხელში – ბოზა თასით. ყოველი ლოცვის შემდეგ ქალები „ამინ“ სიტყვას წარმოთქვამდნენ. ლოცვის დასრულებისთანავე გაიმართებოდა ქალთა ფერხული, რომლის პროცესში საწესო სიმღერას – „ნისეუჯს“, მღეროდნენ და მღერიან დღესაც. აი, მისი ტექსტი:

ორედე-ორედე აშაე,
ორედე, აშაევების სახლი ოქროს წნელებითაა შექმნილი,
ორედე, არყიეთ ტაბლის ოქროს ფეხები,
მოგიყვებით, როგორია ჩემი რძალი:
|აბრეშუმშია ჩემი რძალი ჩამჯდარი,
წარბები ნახევარმთვარეს მიუგავს,
მისი წარბები მერცხლის ფერია,
ვინც მასზე დაქორწინდა, მერცხალივით მოძრავია,
დე, დიდხანს იცხოვრონ ერთად,
დე, იგი [რძალი] დედამთილს პატივს მიაგებდეს,
დე, პატივს მიაგებდეს მულსაც.
მის [პატარძლის] ქორწილში ხალხი მრავლადაა,
ყველანი დიდად აქებენ მას,
მისი ზანდუკი ჯერაც გაუხსნელია,
მე ვცეკვავ „უჯს“, საჩუქრად პატარძლის კაბა რომ მივიღო.

ცეკვა-სიმღერის დასრულებისთანავე, ერთ-ერთი ქალთაგანი პატარძალს პირბადეს აუწევს, რათა ყველამ შეხედოს და შეაფასოს მისი სილამაზე. დედაბრები დალოცავენ ახალრძალს, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერ ცხოვრებას და ნათესავებისა და მუსიკოსების თანხლებით ახალდაქორწინებულთა ოთახში წაიყვანენ.




ლიტერატურა

  • Меретуков М. А. Культ очага у адыгов // Ученые записки Адыгейского НИИ. Т. XIII. Этнография. Майкоп, 1968;
  • Меретуков М. А. Семья и брак у адыгских народов (XIX – 70-е годы XX в.). Майкоп, 1987.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები