ბოჭორიშვილი ანგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანგია ბოჭორიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანგია ბოჭორიშვილი

ბოჭორიშვილი ანგია - Bochorishvili Angia, Бочоришвили Ангия 1902-1982

ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1940), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1928-1933 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე. 1933-1957 წლებში იყო ქუთაისის პედინსტიტუტის პრორექტორი და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. მუშაობდა თბილისის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მისი გახსნის დღიდან (1941), სადაც 1957-1962 წლებში ხელმძღვანელობდა თავის მიერ დაფუძნებულ ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილებას. მომდევნო წლებში მოღვაწეობდა ფილოსოფიის ინსტიტუტში: ჯერ ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების, ხოლო 1967 წლიდან გარდაცვალებამდე, თავისი ინიციატივით ჩამოყალიბებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1955-1957 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ხოლო 1957-1960 წლებში − ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ა. ბოჭორიშვილი სხვადასხვა დროს იყო დ. უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების (1959-1964) და ფილოსოფოსთა (1973-1982) საზოგადოების პრეზიდენტი; რედაქტორობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბეს” და აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ჟურნალ „მაცნეს”. არჩეული იყო რამდენიმე უცხოური სამეცნიერო საზოგადოების წევრად.

ა. ბოჭირიშვილის მეცნიერული კვლევის სფერო უარღესად ფართოა. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომები ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში. ა. ბოჭორიშვილი დ. უზნაძის მოწაფეთა პირველ თაობას მიუკუთვნება. უზნაძის სხვა მოწაფეებთან ერთად ისიც მონაწილეიობდა განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის დამუშავებაში {განწყობის თეორია}. თავისი სამეცნიერო მუშაობის დასაწყისში განწყობის ექსპერიმენტულ კვლევასაც ეწეოდა ფიქსირებული განწყობის მეთოდით კუნთურ მოდალობაში („სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში” − 1927 წ.). ა. ბოჭორიშვილი აქტიურად იცავდა განწყობის თეორიას სხვადასხვა დისკუსიებზე, როდესაც ის საბჭოთა იდეოლოგიური კრიტიკის სამიზნე გახდა {საჯარო დისკუსიები განწყობის ფსიქოლოგიის ირგვლივ}. მიუხედავად ამისა, განსხვავებით უზნაძის სკოლის სხვა წარმომადგენლებისაგან, ა. ბოჭორიშვილი არ ეთანხმებოდა ამ თეორიის ზოგიერთ პრინციპულ დებულებას, კერძოდ განწყობის ფსიქიკურობის დებულებას. ეს დაკავშირებული იყო მის ზოგად უარყოფით პოზიციასთან არაცნობიერი ფსიქიკის არსებობის მიმართ. ა. ბოჭორიშვილს მიაჩნდა, რომ ფსიქიკური სინამდვილისგან განუყოფელია ე.წ. „ატრიბუტულ-პირველადი ცნობიერება”. ფსიქიკა ყოველთვის არსებობს ცნობიერების ფონზე. არ შეიძლება ვილაპარაკოთ, ვთქვათ, ტკივილის ან სიყვარულის განცდის არსებობაზე, რომელსაც არავინ განიცდის, არავისთვის არაა ცნობილი და არავის მეობას არ ეკუთვნის. ა. ბოჭორიშვილის აზრით, უზნაძის თეორიის პირველი ვარიანტი, რომელშიც განწყობა არაფსიქიკურ, „ქვეფსიქიკურ” რეალობად არის გააზრებული {ბიოსფერო}, უფრო ლოგიკურია. ეს ასეა, ვინაიდან განწყობის უზნაძისეული ცნება შემოტანილია უშუალობის პოსტულატის დაძლევის მიზნიდან გამომდინარე. განწყობა შუალედური რგოლია ფსიქიკურ და ფიზიკურ სინამდვილეს შორის და, ამდენად, ვერ იქნება არაცნობიერი ფსიქიკური („განწყობის ფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები” − 1955; „როგორ უნდა შევისწავლოთ დ. უზნაძის განწყობის თეორია” − 1963; „არაცნობიერი პრობლემა დ. უზნაძის განწყობის თეორიაში” − 1966 და სხვა).

ა. ბოჭორიშვილის კვლევა ფსიქოლოგიის დარგში ეხებოდა მეთოდოლოგიის, თეორიის და ისტორიის ძირეულ საკითხებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი კაპიტალური სამტომეული „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები”, აგრეთვე მონოგრაფია „ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისთვის”. მათში შესრულებულია ფსიქოლოგიის საგნის შესახებ შეხედულებათა ღრმა კრიტიკული ანალიზი, დამუშავებულია მრავალი საკვანძო მეთოდოლოგიური საკითხი: თვითდაკვირვების პრობლემა, ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ურთიერთმიმართების პრობლემა, ფსიქიკის ახსნისა და ფსიქიკური კანონზომიერების პრობლემა, ფსიქიკის, განცდის, ცნობიერების, არაცნობიერის კატეგორიები და მრავალი სხვა. ა. ბოჭორიშვილმა მეცნიერებაში შემოიტანა ცნება „ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში”, რითაც ყურადღება გაამახვილა იმ არეზე, რომელიც მანამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. ავტორის აზრით, ფსიქოლოგიზმის საფრთხე ისევე შეიძლება ემუქრებოდეს ფსიქიკის შესახებ მეცნიერებას და არანაკლებ მანკიერი აღმოჩნდეს მისთვის, როგორც მეცნიერების სხვა დარგებისთვის.

ა. ბოჭორიშვილს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ფილოსოფიის მრავალ დარგში: ენის ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია, გნოსეოლოგია, ესთეტიკა. იგი საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელია. მისი აზრით, ფილოსოფიური ანთროპოლოგია ფილოსოფიის დისციპლინაა, რომელიც ადამიანის შესახებ სხვა მეცნიერებათა ლოგიკურ საფუძველს შეადგენს. ცნობიერების ინტენციურ ბუნებაზე დაყრდნობით, ა. ბოჭორიშვილმა შექმნა ადამიანის უშუალო (თავისთავადი) გაგების თეორია. ცნობილია მისი ფუნდამენტური გამოკვლევები ესთეტიკაში: „ი. კანტის ესთეტიკა”, „ფენომენოლოგიური ესთეტიკა”, „მხატვრული ნაწარმოების საწყისის შესახებ მ. ჰაიდეგერის ონტოლოგიაში” და სხვა.

სიტყვის არაყურადღებული აღქმის მეთოდით დამტკიცდა, რომ განწყობისეულ დონეზე, სრულიად გაუცნობიერებლად, შესაძლებელია სიტყვის ამოკითხვაც და მისი „თარგმნაც” კი უცხო ენაზე. ამით უეჭველად და საბოლოოდ დამტკიცდა, რომ განწყობა, ერთი მხრივ, არაცნობიერია, ხოლო მეორე მხრივ, არც წმინდად ფიზიოლოგიურია; ანუ განწყობა ფსიქოლოგიური, ფსიქიკური არაცნობიერის ბუნებისაა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები

  • ფსიქოლოგია. თბილისი: სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა, 1950 (შ. ჩხარტიშვილის თანაავტორობით);
  • ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები. ტ1,2,3. თბილისი: „საქ. მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1957-1962;
  • Проблема бессознательного в психологии. Тбилиси: Изд. Акад. Наук ГССР, 1961;
  • ფსიქოლოგიზმი და ანტიფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში. თბილისი: „მეცნიერება”, 1965;
  • ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიისთვის. თბილისი: „მეცნიერება”, 1966;
  • ფილოსოფიური ანთროპოლოგიის თეორიული საფუძვლები. თბილისი: „მეცნიერება”, 1976;
  • Философия, психология, эстетика. Тбилиси: „Мецниереба”, 1979

იხილე აგრეთვე

ანგია ბოჭორიშვილი

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები