ანგლიკანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანგლიკანელობა - ინგლისის ეკლესიის ინსტიტუციათა და მოძღვრებათა ერთობლიობა. იგი 1534 წ. მეფე ჰენრი VII-დან დაწყებული ეკლესიის ერთადერთ და უზენაეს მეთაურად აღიარებს მეფეს.

ისტორია

ანგლიკანური ეკლესია თავისი არსებობის 440 წლის მანძილზე ხან პროტესტანტულ ტრადიციას უახლოვდებოდა, ხან - კათოლიკურს. მიმართულებას ძირითადად იმჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებდა. როცა ცნობილი ისტორიული სკანდალის შედეგად ჰენრი VIII-მ პაპისაგან განქორწინების უფლება ვერ მოიპოვა, ჟინიანმა მონარქმა თავი ინგლისის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. იგი სიკვდილამდე პროტესტანტებს სდევნიდა და იმ რწმენით დაამთავრა სიცოცხლე, რომ ჭეშმარიტი კათოლიკე იყო. მისი ქალიშვილის, ელისაბედ I-ის, დროს პროტესტანტულმა ტენდენციამ იმძლავრა - მთავარეპისკოპოსმა პარკერმა დედოფლის დავალებით 39 პუნქტიანი წესდება შეადგინა, რომელიც დღემდე მოქმედებს და რომელიც ანგლიკანიზმის საფუძველთასაფუძველს წარმოადგენს. ეს მოძღვრება აშკარად განსხვავდება როგორც კათოლიკობისაგან, ისე - პროტესტანტიზმისაგან, მაგრამ ორივე ამ წყაროთი საზრდოობს. როცა ინგლისი თავისი სამხედრო ძალით ჰაბსბურგების დინასტიას აღუდგა წინ, რომის პაპმა ელისაბედ I შეაჩვენა. თავის მხრივ, სამეფო ხელისუფლებამ მკაცრი დევნა გააჩაღა იმათ წინააღმდეგ, ვინც ანგლიკანურ ღმრთისმსახურებას არ ესწრებოდა (რამდენჯერმე ეს სიკვდილით დასჯითაც კი დამთავრდა). შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ანტიკათოლიკური კანონმდებლობას ძალა არ დაუკარგავს, - მართალია, XVII საუკუნის მიწურულისათვის რჯულთშემწყნარებლობა გამოცხადდა, მაგრამ სინდისის ფაქტობრივი თავისუფლება ინგლისელმა კათოლიკეებმა მხოლოდ 1829 წელს მოიპოვეს.

ანგლიკანობა და კათოლიციზმი

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კათოლიკე და ანგლიკანური ეკლესიები ერთმანეთისაკენ სულ უფრო და უფრო დაახლოების გზით მიდიოდნენ, მაგარამ ქალთა მღვდლად ხელდასხმამ ანგლიკანური ქანქარა ისევ პროტესტანტიზმისაკენ გადახარა. სიმართლე რომ ითქვას, სხვაგვარად კათოლიკეებსა და ანგლიკანებს ერთმანეთისაგან უმნიშვნელო განსხვავებანი მიჯნავს (მაგალითად, ანგლიკანები, მართლმადიდებლების მსგავსად, არ ცნობენ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის სალხინებელს ანუ განსაწმენდელს ანდა პაპის უცდომელობის დოგმას). რაც შეეხება ღმრთისმსახურებას, ლიტურგიკაში განსაკუთრებით ღრმად უნდა იყოს ჩახედული ადამიანი, რომ ვესტმინსტერის სააბატოდან ტელევიზიით გადმოცემული რიტუალი რომელიმე კათოლიკური ტაძრის წირვისაგან გაარჩიოს, - განსხვავება მხოლოდ რამდენიმე წინადადებას შეეხება. ზოგიერთ რადიკალ ინგლისელ კათოლიკეს ხან იმის თქმაც უყვარს ხოლმე, რომ ანგლიკანური ეკლესია ცოტათი ხუმრობას ჰგავს, რომელიც ნამდვილად არ აღმოცენდებოდა, რომ არა ჰენრი VIII-ის მრავალცოლიანობა და დინასტიური ამბიციები.

სოფლად საზღვარი ანგლიკანებსა და კათოლიკეებს შორის არც შეიმჩნევა, საქველმოქმედო რელიგიური ორგანიზაციებიც ერთად მოქმედებენ და ერთადაც ლოცულობენ. განსხვავება და შეუთავსებელი მენტალობა ძირითადად ინტელექტუალთა შორის მჟღავნდება. მაგალითად, ანგლიკანისათვის საფუძველშივეა მიუღებელი რომის ეკლესიის დამოკიდებულება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა, აბორტების, ცელიბატისა და ჰომოეროტიზმის მიმართ. - თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მრავალსაუკუნოვან თეოლოგიურ ბრძოლებში გამოწრთობილ და დახვეწილ კათოლიკობას დღეს ყველაზე მეტი თავისმტვრევა და ოფლისღვრა სწორედ ამ საკითხების გამო უხდება და საკუთარ რიგებშიც უთანხმოებას, უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემები წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვატიკანმა ნება დართო ზოგიერთ ცოლიან ყოფილ ანგლიკან მღვდელს - კათოლიკობის მიღების შემდეგ - სასულიერო პირად გაეგრძელებინა მოღვაწეობა. ამიტომ იმ ინგლისელებმა, ვინც სამღვდელო მოწოდებას გრძნობს, მაგრამ დაქორწინება სურს, ამგვარ ხერხს მიმართეს: ცოლის მოყვანის შემდეგ ანგლიკან მღვდლებად ეკურთხებიან, შემდგომ კი კათოლიკე ეკლესიას მიაშურებენ ხოლმე.

ანგლიკანების სიამაყე პატრიოტულ გრძნობებთანაა შერწყმული, - მათ მიაჩნიათ, რომ ინგლისმა თავისი ენის, პოლიტიკური სისტემისა და კანონმდებლობის წარმატებული ექსპორტირება სწორედ არაკათოლიკური გზით სიარულის გამო მოახერხა, ხოლო ამ გზიდან გადახვევა კარგი ინგლისური ტრადიციების ღალატის ტოლფასია. ანგლიკანური ეკლესია მჭიდროდაა გადაჯაჭვული სახელმწიფო სტრუქტურასთან, - ეკლესიის სულიერი მეთაურის, კენტერბერის მთავარეპისკოპოსის, არჩევისას გადამწყვეტი სიტყვა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეპისკოპოსებს პარლამენტი ამტკიცებს, ეკლესიის სათავეში კი ფორმალურად მონარქი დგას - მეფე ან დედოფალი, თუნდაც თავად იგი ურწმუნო იყოს. თუმცა ბევრ ინგლისელს მიაჩნია, რომ დღევანდელი მონარქი - ელისაბედ II სწორედ სახარების მიხედვით ცხოვრობს, თუნდაც იმიტომ, რომ სამეფო ოჯახში იგი ერთადერთია, რომელიც ქრისტიანული ცოლქმრობის პრინციპებს მისდევს.

ბევრისათვის მაინც გაუგებარი და მიუღებელია ანგლიკანური ეკლესიის მეთაურთა მეტისმეტი ლიბერალიზმი, - ინგლისელები დემოკრატიასთან ერთად ტრადიციასაც სცემენ პატივს, - ამიტომ ანგლიკანი ეპისკოპოსის, ჯენკინსის, სენსაციურმა შეხედულებებმა მხოლოდ ავნო მის ეკლესიას: იგი ხან უბიწოდ ჩასახვაში შეეჭვდებოდა ხოლმე, ხან აღდგომა ან უფლის მეორედ მოსვლა მიაჩნდა სათუოდ. სანამ დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე გაისტუმრეს, მან ის მაინც მოასწრო, რომ ბეთლემის ვარსკვლავის და აღმოსავლელი მოგვების ისტორიულობა უარეყო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები