ანთროპოსოფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთროპოსოფია - გნოსტიკურ-სპირიტუალური მსოფლმხედველობაა, რომლის ცენტრში ადამიანი დგას. ჩამოყალიბდა თეოსოფიური საზოგადოების ბაზაზე, როგორც მასთან დაპირისპირების შედეგი.

დამაარსებელი: დოქტ. რუდოლფ შტაინერი (1861-1925). მისი თეორიისა და პრაქტიკის მიმდევრებს შტაინერელებსაც ეძახიან.

მსჭვალავს და მოიცავს სულიერი, ინტელექტუალური და პრაქტიკული ცხოვრების მრავალ დარგს. მიმდევრები სხვადასხვა რელიგიასა და სოციალურ ფენაში ჰყავს.

სარჩევი

ცნება

სიტყვა ბერძნულია: ანთროპოს - ადამიანი და სოფია - სიბრძნე, ე.ი. სიბრძნე ადამიანის შესახებ. ამდენად, ანტროპოსოფია წარმოადგენს ანტროპოლოგიის (ადამიანთმცოდნეობის) ნაწილს და გულისხმობს მოძღვრებას მისი ფენომენის, მისი არსების, მისი ადგილის შესახებ მიკრო და მაკრო კოსმოსში. ამ სახელწოდების ქვეშ ადამიანი, ჩვეულებრივ, მოიაზრება როგორც სულიერი და ღვთიური მოვლენა.

ტერმინი ანთროპოსოფია შედარებით ახალია. იგი პირველად 1575 წლის ერთ ანონიმურ წიგნში დასტურდება და აქვს (თეოსოფიის პარალელურად) „სიკეთის მეცნიერების“, „ადამიანურ საქმეთა სიბრძნის“ მნიშვნელობა. ეს სიტყვა XIX საუკუნის დასაწყისში შვეიცარიელმა ექიმმა და ფილოსოფოსმა იგნაც ტროქსლერმა ბიოსოფიის (სიცოცხლის სიბრძნის) გვერდით იხმარა. მას ხშირად იყენებენ აღნიშნული საუკუნის ფილოსოფოსები და განმანათლებლები: შელინგი, ფიხტე, გიდეონ სპიკერი, რობერტ ჰიმერმანი და სხვ. რუდოლფ შტაინერი ამ სიტყვაში თავიდან ფართო შინაარსს დებდა. ამას 1902 წელს ბერლინში წაკითხული მოხსენებების სათაურიც ადასტურებს: „ზარატუსტრადან ნიცშემდე. კაცობრიობის განვითარების ისტორია იდეოლოგიათა, შემწეობით უძველესი აღმოსავლეთის დროიდან თანამედროვეობამდე, ანუ ანთროპოსოფია“. აქ ანთროპოსოფია იდეოლოგიათა, ანუ მსოფლმხედველობათა ისტორიის სინონიმია. სულის მეცნიერების, როგორც კონკრეტული დარგის, აღმნიშვნელად შტაინერმა ეს სახელწოდება პირველად 1909 წელს გამოიყენა (ფსიქოსოფიისა და პნევმატოსოფიის პარალელურად) და წარმოაჩინა, როგორც ხიდი თეოსოფიასა და ანთროპოლოგიას შორის. მას შემდეგ, რაც მან თეოსოფიურ საზოგადოებასთან კავშირი გაწყვიტა, თავისი მოძღვრებისა და მიმართულების აღსანიშნავად ეს ცნება და ტერმინი გამოიყენა.

თანამედროვე გაგებით, ანთროპოსოფიის ინტერესების სფეროში შემოდის ყველაფერი, - ბუნებრივიც (ემპირიულიც) და ზებუნებრივიც (სულიერიც), რასაც პიროვნებასთან და მის სულთან ქმედითი კავშირი აქვს. ანთროპოსოფია არის არა მხოლოდ მოძღვრება, არამედ, აგრეთვე, მეთოდი, რითაც წარიმართება თვითმყოფადი გამოკვლევები სულიერ სფეროსა და მეტაფიზიკაში. მის სინონიმებად თავად შტაინერი სხვა ცნებებსაც იყენებდა - „თეოსოფია“, „იდუმალთმცოდნეობა“, „სულის მეცნიერება“. ამდენად, თეოსოფია და ანთროპოსოფია ზოგჯერ ერთი და იმავე მნიშვნელობით იხმარება.

ისტორია

ანთროპოსოფიის, როგორც თეორიისა და მეთოდოლოგიის, დამფუძნებელი და მიმართულების განმსაზღვრელი არის მსოფლიო სახელისა და ავტორიტეტის მქონე ეზოთერიკოსი და ფილოსოფოსი, მეცნიერების სხვადასხვა დარგში საყურადღებო შრომების ავტორი რუდოლფ შტაინერი (Rudolf Joseph Lorenz Steiner).

რუდოლფ შტაინერი ავსტრიაში, ქ. კრალევიჩში (უნგრეთის საზღვართან), 1861 წლის 25 თებერვალს დაიბადა. მამა რკინიგზის სადგურის უფროსად მსახურობდა და იმდენი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ შვილებისათვის სათანადო განათლება მიეცა, მაგრამ აკადემიური ცოდნის წყურვილი მხოლოდ რუდოლფმა გამოამჟღავნა.

შტაინერის ბიოგრაფები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ ზეგრძნობადი სამყაროს აღქმის უნარი მან თავის თავში შვიდი წლის ასაკში შენიშნა. იგი იმასაც გრძნობდა, რომ ეს უნარი მის ირგვლივ არავის ჰქონდა და ამის გამო დუმილს არჩევდა. ყმაწვილი განსაკუთრებით მუსიკამ და ხატვამ გაიტაცა, თუმცა მათემატიკურ და ტექნიკურ საგნებშიც გასაოცარ ნიჭს იჩენდა. როდესაც იგი რეალური სასწავლებლის შეგირდი იყო, - 14 წლისა, ატომებისა და მოლეკულების შემადგენლობით დაინტერესდა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო. 16 წლისამ კანტის „წმინდა გონების კრიტიკის“ წაკითხვა და დამუშავება შეძლო. 19 წლის რ. შტაინერი შეხვდა პიროვნებას, რომელსაც საკუთარ ზეგრძნობად განცდებზე უამბო. ამ პიროვნებამ იგი სულიერ მოძღვარს შეახვედრა, რომელმაც ურჩია, რომ მატერიალური სამყაროს კანონზომიერებები შეესწავლა.

1879-1883 წლებში რ. შტაინერი ვენის ტექნიკურ ინსტიტუტსა და, პარალელურად (თავისუფალი მსმენელის სტატუსით), უნივერსიტეტში სწავლობს. ისმენს ლექციებს ფიზიკა-მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ფილოსოფიაში და მიდის დასკვნამდე, რომ მატერიალური სამყაროს კანონზომიერებანი ზეგრძნობადი სამყაროს კანონზომიერებათა გამოვლინებაა. 1883 წელს მან როსტოკის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „შემეცნების თეორიის ძირითადი საკითხები“ და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

1884-1899 წლებში რ. შტაინერი ინტენსიურ სამეცნიერო-საგამომცემლო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 1899 წელს იგი დაოჯახდა.

იმავე წლიდან დოქტ. შტაინერის ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაში გარდატეხა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შტაინერს ზეგრძნობადი სამყაროს არსებობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია, რელიგიის მიმართ მას კრიტიკულად დისტანციური დამოკიდებულება ჰქონდა. იყო ნიცშეანელი და თვლიდა, რომ „ღმერთი მოკვდა“. 1900 წელს იგი თეოსოფიურ საზოგადოებას და მის პრეზიდენტს, ანი ბეზანტს, დაუახლოვდა და ბერლინის ერთ-ერთ კლუბში ქრისტიანული მისტიკის შესახებ ყოველკვირეული ლექციების კითხვა დაიწყო („ქრისტიანობა, როგორც მისტიკური აქტი“). ეს იყო ვრცელი კურსი, რომელზე მუშაობის დროსაც შტაინერი |ქრისტიანობას რწმენით ეზიარა. ამ მომენტს მან ავტობიოგრაფიაში „ღრმა შემოტრიალება“ დაარქვა. შტაინერის გზას ნიცშეანელობიდან თეოსოფობამდე მკვლევრები „ახალი დროის დამასკოს განცდას“ უწოდებენ და მას პავლე მოციქულის მოქცევას ადარებენ (საქ. 9:19).

1902 წელს დოქტ. შტაინერი ოფიციალურად გახდა თეოსოფიური საზოგადოების ადიარის ფრთის (AdyarTG) წევრი და გერმანული სექციის ხელმძღვანელი, მაგრამ ქრისტოლოგიის საკითხში (ძირითადად) მას ამ საზოგადოებასთან რამდენიმე წლის შემდეგ კონფლიქტი მოუვიდა. მან ირწმუნა ბიბლია და ქრისტეს ღვთაებრიობა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თეოსოფების ხედვა, რომ ქრისტე ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ავატარაა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის საფუძველზეც რუდოლფ შტაინერი აღნიშნულ საზოგადოებას 1912 წელს გამოეყო და 1913 წელს „საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოება“ დააარსა. ამ წელს თეოსოფიური საზოგადოების გერმანული სექცია 2500 წევრმა დატოვა - ისინი ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში შევიდნენ. პირველი სექცია კიოლნში ჩამოყალიბდა. რ.შტაინერმა პრეზიდენტობაზე უარი თქვა. საზოგადოებას პრეზიდიუმი მართავდა. მას მარი სივერსი (შტაინერის მეორე ცოლი, იქორწინეს 1914 წ.), მიხაელ ბაუერი და კარლ უნგერი წარმოადგენდნენ. შტაინერი საპატიო პრეზიდენტი და მთავარი მომხსენებელი იყო.

ამის შემდეგ შტაინერი ხელოვნებითა და არქიტექტურით დაინტერესდა. 1910-1913 წლებში მიუნხენში მისი ოთხი მისტიკური დრამა დაიდგა, ხოლო ქ. დორნახში (შვეიცარია), სადაც ის გადასახლდა და დამკვიდრდა, 1922 წელს საკუთარი პროექტითა და ინჟინერიით ხის სახლი (გოეთეანუმი ანუ გოეთეანელთა სახლი) ააგო. იქ ანთროპოსოფიული საზოგადოების ცენტრი და სკოლა განთავსდა, მაგრამ შენობა მომდევნო წელს ხანძარმა იმსხვერპლა. მის ადგილზე მან ახალი, უფრო დიდი, ერთობ ორიგინალური სტილის ბეტონის სახლის მშენებლობა წამოიწყო, მაგრამ დამთავრებას ვერ მოესწრო (დაასრულეს 1928 წ.). ეს ნაგებობა, გოეთეანუმი, არქიტექტურულ შედევრადაა მიჩნეული.

1914-1922 წლებში ლექციების წასაკითხად შტაინერმა დასავლეთ ევროპის ბევრ ქალაქში იმოგზაურა. იგი ომის საწინააღმდეგო მოწოდებით გამოდიოდა და ამ პოზიციას ანთროპოსოფიის პრინციპებით ამყარებდა. მის საჯარო გამოსვლებს იმდენი მსმენელი ესწრებდა, რომ წესრიგის დასამყარებლად ხშირად პოლიციას იძახებდნენ.

რუდოლფ შტაინერი 1925 წლის 30 მარტს რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ დორნახში გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე, გოეთეანუმის ბაღში. დიაგნოზი და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის (ზოგიერთი ანთროპოსოფი მოწამვლას ასახელებს).

დამაარსებლისა და წინამძღვრის გარადაცვალების შემდეგ ანთროპოსოფიული საზოგადოება კრიზისმა მოიცვა. შტაინერს არ დაუტოვებია ანდერძი, თუ ვის უნდა დაეკავებინა მისი ადგილი როგორც საზოგადოებაში, ისე სკოლაში. ხუთკაციან პრეზიდიუმში, რომელიც შტაინერმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ჩამოაყალიბა, მალე უთანხმოებამ იჩინა თავი. შტაინერის მემკვიდრედ ალბერტ შტეფენი გამოცხადდა, მაგრამ მან ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. დორნახმა მსოფლიოს ანთროპოსოფთა გამაერთიანებლის ფუნქცია თანდათან დაკარგა. სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებები წარმოიშვა: ჰოლანდიაში, ინგლისში, რუსეთსა და ა.შ. ამის მიუხედავად, შტაინერის მოძღვრება და მისი კულტურული იმპულსები საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილში ფართოდ ვრცელდებოდა. ინერგებოდა სწავლების ახალი მეთოდოლოგია (ვალდორფისეული სკოლა) და ახალი ინიციატივები ხელოვნებაში, რომელთა პროპაგანდას მარი სივერსიშტაინერი ემსახურებოდა.

ანთროპოსოფიული საზოგადოების საქმიანობა გერმანიაში 1935 წლის 1 ნოემბერს რაინჰარდ ჰაიდრიხის დეკრეტით აიკრძალა. მიზეზად ამ საზოგადოების არაეროვნულობა და ინტერნაციონალურობა, „უცხო ქვეყნების მასონებთან, ებრაელებთან და პაციფისტებთან ურთიერთობა“, ანთროპოსოფიულ სასწავლებლებში შემოღებული „ინდივიდუალური და არა კოლექტიური, ნაციონალ-სოციალიზმის პრინციპებთან შეუსაბამო მეთოდი“ და „ეროვნებისა და სახელმწიფოს მოძულე იდეოლოგია“ დასახელდა. დაიწყო ანთროპოსოფების, განსაკუთრებით „ებრაელობაში ეჭვმიტანილების“, დაპატიმრება და განადგურება. პრეზიდიუმის წევრები, რომლებიც საქმიანობას იატაკქვეშეთში განაგრძობდნენ, იძულებულნი გახდნენ, რომ ადოლფ ჰიტლერისათვის წერილი მიეწერათ და ემტკიცებინათ, რომ შტაინერი არიული წარმოშობისაა და ებრაელობასთან კავშირი არა აქვს. ბევრმა იმის მტკიცებაც დაიწყო, რომ შტაინერის საბუნებისმეტყველო შეხედულებები ახლოს დგას კაცთა მოდგმის ჯიშებად დაყოფის ნაცისტურ თეორიასთან. თუმცა ასეთი კოლაბორაციონიზმის მცდელობამ მიზანს ვერ მიაღწია და თეოსოფთა და ანთროპოსოფთა მასონობაზე ჰიტლერმა აზრი არ შეიცვალა. გერმანელი ანთროპოსოფების დევნა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მათმა ლიდერმა რუდოლფ ჰესმა სამშობლო დატოვა და ინგლისში გადაიხვეწა (1941 წ.). ის და მისი თანამოაზრეები მოღალატეებად გამოცხადდნენ.

ომის დამთავრებისა და ნაცისტური რეჟიმის განადგურების შემდეგ ანთროპოსოფთა მოძრაობა ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. განახლდა დორნახის გოეთეანუმი (1939 წლიდან დაკეტილი) და შეიქმნა შტაინერის მემკვიდრეობის ინსტიტუტი, რომელსაც დღეს რუდოლფ შტაინერის გამომცემლობა ჰქვია (დააარსა მარიე შტაინერმა. იგი გარდაიცვალა 1948 წ.).

დღეისათვის ანთროპოსოფიული საზოგადოებები, ამა თუ იმ ფორმით, 103 ქვეყანაში მოქმედებს, დაწესებულებების რიცხვი 10 000ს აღწევს.

ანთროპოსოფიული საზოგადოებების ცენტრად კვლავ დორნახი რჩება, ფილიალები კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს, მათ შორის - საქართველოში.

შტაინერის მემკვიდრეობა. რ. შტაინერის კვლევის სფერო მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის არსება, ბუნება და მიზანი თავისუფლებისა, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, ევოლუციის აზრი, სიცოცხლე დაბადებამდე და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. შტაინერმა სულ 6000-ზე მეტი ლექცია წაიკითხა, რომლებიც თემატურ ციკლებად არის შესული მისი შრომების 354 ტომში. ძირითადი ნაშრომებია: „იდუმალთმეტყველება“, „თეოსოფია“, „სამყაროს მატიანე“, „ქრისტიანობა როგორც მისტიკური ფაქტი“, „როგორ შევიცნოთ ზეგრძნობადი სამყარო“ და სხვ. შტაინერის შრომებში გამორჩეული ადგილი უჭირავს ლექციათა ციკლებს ძველი და ახალი აღთქმის შესახებ, რომლებშიც შტაინერი ცდილობს ნათელი მოფინოს ეზოთერულ ბიბლიას.

შტაინერის მოძღვრებაზე დაყრდნობით, ანდა ამ მოძღვრების გავლენით, ახალი დარგები და სფეროები განვითარდა, კერძოდ: სასკოლო რეფორმა, ანუ იგივე სულიერი ბედნიერების პედაგოგიკა (Heilpädagogik, ვალდორფის სკოლა), ბიოდინამიკური სოფლის მეურნეობა და მებაღეობა, ანთროპოსოფიული მედიცინა, ანთროპოსოფიული ფინანსისტიკა, ანუ საზოგადო ბანკი სესხისა და დახმარებისათვის (Finanzwesen für Leihen und Schenken) და სხვ. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოქმედებს ანთროპოსოფიულ-თერაპიული კლინიკები და საავადმყოფოები. გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთა მკურნალობის ცენტრები. გაჩნდა კვლევის ახალი მიმართულებები მათემატიკაში, ფიზიკაში, ასტრონომიაში, ეკონომიკასა და ფსიქოლოგიაში, ასევე - მხატვრობაში, სკულპტურაში. მანვე შექმნა ევრითმია, ანუ მოძრაობის ხელოვნება (Bewegungskunst), რომელიც თვითონ ხილულ მეტყველებად და ხილულ სიმღერად განსაზღვრა.

ანთროპოსოფებს ბევრი თანამდგომი ჰყავდათ და ჰყავთ კულტურის დარგში, განსაკუთრებით - ხელოვნებაში: იოსებ ბოისი, ვასილი კანდინსკი, ქრისტიან მორგენშტერნი, ალბერტ შვაიცერი, ხორგე ლუის ბორხესი, ერიხ მენდელსონი, ბრუნო ვალტერი, ოსკარ ლიუთი, მიხაელ ენდე, ანდრეი ბელი, სოლ ბელოუ, ჰერმან ჰესე და ბევრი სხვა.

მოძღვრება და პრაქტიკა

ანთროპოსოფია არ არის რელიგია. იგი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, არის სიბრძნე ადამიანის შესახებ. ესაა ქრისტიანულ რელიგიაზე დაფუძნებული სულიერი სიბრძნე, რომლის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც ღვთიური ქმნილება. ანთროპოსოფია თავის თავს განიხილავს როგორც უმაღლეს ცოდნას, რომლის წვდომა შესაძლებელია სულიერი ხილვების, ანუ მედიტაციის გზით.

„თეოსოფიაში“, რომელიც პირველად 1904 წ. გამოქვეყნდა, შტაინერმა ადამიანის არსება სამ ნაწილად დაყო: სხეული, სამშვინველი და სული (Leib, Seele, Geist). შესაბამისად, ანთროპოსოფია ადამიანში სამ მხარეს განასხვავებს: ფიზიკურს, ფსიქიკურს (სამშვინვლისეულს) და პნევმატურს. შტაინერი დაეყრდნო მის დროს საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციას, რომლის მიხედვით ბუნება სამნაწილიანია: მინერალი, მცენარე, ცხოველი. ამ სისტემას ანთროპოსოფია მეოთხე ნაწილს, ანუ მეოთხე სამყაროს (Viertes „Reich“) უმატებს. ესაა „მე“, ანუ ადამიანი, რომელიც სამყაროს სამივე ნაწილს (Naturreiche) მოიცავს და სამივეში ნაწილდება. ამის მიხედვით, ადამიანი სამი სხეულისაგან და ერთი პიროვნებისაგან შედგება: ფიზიკური, ეთერული, ასტრალური სხეულები და „მე“ (Physischer Leib, Ätherleib, Astralleib, Ich). ეთერული სხეული ცოცხალი არსებაა, ასტრალური - გასულიერებული („beseelt“) - საერთო ცხოველისა და ადამიანისათვის. ამ სხეულს ადამიანობას ინდივიდუალური სული („მე“) ანიჭებს, რომლის მეშვეობით პიროვნება ყალიბდება.

ქრისტოლოგია.

შტაინერი ერთმანეთისაგან განაცალკევებს იესოს და ქრისტეს და თვლის, რომ ქალწულისაგან იშვა კაცი იესო, რომელსაც უმაღლესი სულიერი არსება ქრისტე ნათლისღების ჟამს შეუერთდა. მაშასადამე, ღვთის ინკარნაცია (ხორცშესხმა) იორდანეში მოხდა. ჯვარცმით სიკვდილის მერე ქრისტე დედამიწას შეუერთდა და იგი ყოველი ადამიანის შინაგანი და მისტიკური სახილველისათვის (გარეგანი კონფესიურობისაგან დამოუკიდებლად) აღქმადია, შეცნობადია. გოლგოთის მისტერიას შტაინერმა კაცობრიობის ისტორიის ცენტრალური მოვლენა უწოდა და მასთან ზიარება იმ მეთოდისა და გზის მთავარ მიზნად წარმოაჩინა, რომელიც პიროვნების სულიერ დახელოვნებას, დაოსტატებას (Schulungsweg) ითვალისწინებს. ესაა თვითშემეცნების გზა, რომელიც საფეხურებისაგან (წინაპირობებისაგან) შედგება და ზეაღმავალია. ამ საფეხურების გასავლელად საჭიროა ბოროტი ფიქრებისაგან, გრძნობებისა და სურვილებისაგან ცნობიერების გათავისუფლება და ინიციაცია.

ანთროპოსოფია ეფუძნება ქრისტიანული რელიგიის ფუნდამენტურ დოქტრინას, რომლის თანახმად, ადამიანი არის ღვთის ხატი. მისი მიზანი სულიერი ამაღლება და ღმერთთან პირველქმნილი ჰარმონიის დაბრუნებაა. ანთროპოსოფიის მიხედვით, ადამიანი თავადაა თავისი კარმის, თავისი ბედის შემოქმედი. იგი სულიერი ამაღლებისა და სრულყოფისთვისაა მოწოდებული. ესაა იდეალი, რომლის ხორცშესასხმელად ერთხელ დაბადება საკმარისი არ არის. მისი მიღწევა, დაბადებათა და გარდაცვალებათა ციკლის გავლით, ანუ რეინკარნაციით ხდება შესაძლებელი. რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა და „ხელახალ განსხეულებას“ ნიშნავს. ანთროპოსოფებს მიაჩნიათ, რომ რეინკარნაციის იდეა და ფაქტი სახარებაშიცაა მოცემული. იგულისხმება: 1) კითხვა, რომელსაც მოწაფეები მაცხოვარს უსვამენ შობითგან ბრმის განკურნების წინ: „რაბი, ვინ სცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“ (იოანე 9:2) და 2) კითხვები, რომლებიც იოანე ნათლისმცემელს დაუსვეს: „ელია ხარ? წინასწარმეტყველი ხარ? მაშ, ვინ ხარ?“ (იოანე 1:21).

კარმისაგან გათავისუფლება ცხოვრების გასულიერებით ხდება. იგულისხმება ინტელექტის განწმენდა, რომლის საუკეთესო საშუალებაა სულიერი მარხვა. ამიტომაა, რომ შტაინერელები, მეტწილად, ხორცს არ ჭამენ. მათ აქვთ თავიანთი ეკლესიები, სადაც მსახურება ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით სრულდება (ცხადია, ეპისკოპოსის მოხსენიების გარეშე).

ანთროპოსოფიის კრიტიკა.

კათოლიკურმა ეკლესიამ შტაინერის მოძღვრება გნოსტიციზმს შეადარა და ერესის კვალიფიკაცია მისცა. იგი ხშირად გამხდარა თავდასხმის ობიექტი როგორც რაციონალურ-ემპირიული მეცნიერების, ისე სოციოლოგებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. მის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ როგორც რასისტები და ნაცისტები, ისე ანტირასისტები და გლობალისტები. თუკი ნაციონალ-სოციალისტები ანთროპოსოფებს ბრალდებად იმას უყენებდნენ, რომ ისინი „სისხლს (გენს), რასას და ნაციას“ პრიმიტივიზმად მიიჩნევდნენ და იდეალად ყოველივე ამაზე ამაღლებას წარმოსახავდნენ, ინტერნაციონალისტები შემდეგს ამტკიცებდნენ: შტაინერი იმდენს ლაპარაკობს და ისე ლაპარაკობს ადამიანების ჯიშებზე, რომ შეგვიძლია მის თეორიას „რასისტული მისტიკა“ ვუწოდოთ. აზრთა სხვადასხვაობამ და კამათმა იმ მასშტაბს მიაღწია, რომ ამ საგანზე მსჯავრის გამოსატანად 1997 წელს ნიდერლანდებში სწავლულ კაცთა კომისია შედგა. მან დაადგინა: „ადამიანთა სურათი, წარმოსახული რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიაში, ეფუძნება ყველა ადამიანური ინდივიდუალობის თანაბარღირებულებიანობის პრინციპს და არა ერთი რასის მოჩვენებით უპირატესობას მეორესთან შედარებით”.

ანთროპოსოფია საქართველოში

ცნობებმა ანთროპოსოფიისა და ანთროპოსოფიული საზოგადოებების არსებობის შესახებ საქართველოში XX საუკუნის 10-იან წლებში შემოაღწია, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მოდერნისტული ხელოვნებით გატაცებულმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს - კ.გამსახურდიამ, კ.ჭიჭინაძემ, გ.ტაბიძემ, ს.თვარაძემ და სხვებმაც, მაგრამ ამ მიმდინარეობის პირველი და ყველაზე აქტიური ქომაგი გიორგი ერისთავი აღმოჩნდა.

გ. ერისთავი 30-იან წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც იქაურ ანთროპოსოფებს დაუახლოვდა, ეზიარა შტაინერის იდეებსა და მათი გავრცელებაც დაიწყო, რაც უშიშროების სამსახურს არ გამოეპარა და ახალგაზრდა კაცი ციმბირში გადაასახლეს. იგი თავისი მსოფლმხედველობის ერთგული დარჩა და, როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, დოქტ. შტაინერის წიგნების პოპულარიზაციას მიჰყო ხელი. რამდენიმე წიგნი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამაც თარგმნეს (დაიბეჭდა მოგვიანებით). ამ საქმეს ერთგულად ემსახურებოდნენ, აგრეთვე, ი. რამიშვილი და ვ. დარსანია. დორნახში მუშაობს და აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა ზ.გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე (კოკო).

ქართულ ენაზე რ. შტაინერის წიგნების ინტენსიური თარგმნა 1991 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში 17 წიგნის ქართული თარგმანია.

საქართველოში არსებობს ანთროპოსოფიული საზოგადოება, რომელსაც დორნახის ცენტრთან მჭიდრო კონტაქტი აქვს, ფუნქციონირებს ვალდორფის რამდენიმე სკოლა.

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები