ანიგოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანიგოლ-ი დიგ., ნიქულა ირ. (ოს. Анигол /Ныкула) – მეფუტკრეობის მფარველი ღვთაება, რომლის წყალობაზე იყო დამოკიდებული თაფლის მოსავალი და ფუტკრის წარმატებული ნაყრიანობა. მისი სახელობის სპეციალური სამლოცველო ან დღეობა ოსებს არასოდეს ჰქონიათ. მეფუტკრეები თაფლის ამოღებისა და სკის გადაადგილების (სტეპში გაყვანის) დროს ანიგოლს (ნიქულას) საერთო სახსრებით შეძენილ ცხვარსა და თაფლის მცირე ნაწილს სწირავდნენ და ავი თვალისაგან სკის დაცვას, ფუტკრის კარგ ნაყრიანობას და ბარაქიან მოსავალს შესთხოვდნენ. დიგორში ფუტკრის გამოჩენისა და ანიგოლის კულტის დაფუძნების თაობაზე ა. მედოევს ჩაწერილი აქვს ერთი გადმოცემა, რომლის თანახმად დიგორში ფუტკრები ყაბარდოდან XIII საუკუნეში გადმოუყვანიათ: ახმათიხოხის (მთის სახელია) შორიახლო ცხოვრობდა ვინმე ღვთისმოშიში წინასწარმეტყველი, რომელსაც ერთხელ ღმერთი გაუწყრა და უამრავი თეთრი ჭია მიუსია. წინასწარმეტყველს მთელი სხეული ჭიებით ჰქონდა დაფარული და იტანჯებოდა, მაგრამ გადმოცვენილ ჭიებს კრებდა, კვლავ სხეულზე ისვამდა და დიდი მოთმინებით ემორჩილებოდა უზენაესის სასჯელს. ბოლოს ღმერთმა მიუტევა ცოდვები ტანჯულს და ბრძანა: „დე, ფრთები შეისხან ჭიებმა, გაფრინდნენ და ადამიანებს ტანჯვის ნაცვლად სიკეთე მოუტანონ!“ ჭიებსაც მაშინვე შეესხათ ფრთები და ახმათიხოხისკენ გაფრინდნენ. მცირე ხნის შემდეგ ამ მთის ნაპრალებში ერთმა მონადირემ უცნაური ბუზების გუნდი შენიშნა და მეგობართან ერთად დიდხანს უთვალთვალა. შემდეგ ახლოს მივიდნენ, ნახეს თაფლიანი ფიჭა, გასინჯეს და ძალზე გაკვირდნენ. გამოზაფხულზე მობრუნებულებს ნაპრალი თაფლით სავსე დახვდათ; წამოიღეს თაფლი და თან კონუსის ფორმით დახვეული ალუბლის ქერქით ფუტკრები წამოიყვანეს. იმ დღიდან მოყოლებული ოსი მეფუტკრეები ანიგოლის სახელზე ლოცულობენ, თუმცა ზუსტად არავინ იცის, ვინ იყო იგი; ზოგნი ამბობენ, რომ ანიგოლი არის ფუტკრების მფარველი ზეციური ანგელოზი, ზოგნიც მთიდან ფუტკრების ჩამომყვან მონადირეს, სხვები კი ღვთისგან შერისხულ წინასწარმეტყველს უკავშირებენ.

როგორც ჩანს, ირონელ ოსთა ნიქულას ქვეშ ქრისტიანული წმინდანი ნიკოლოზი იგულისხმება, ტერმინ Анигол-ის წარმომავლობა კი გაურკვეველია. რ. შტაკელბერგის მიხედვით, იგი შედგენილი სიტყვაა, რომლის პირველი სეგმენტი მომდინარეობს სპარსულიდან – ānig „ფუტკარი“, მეორე კი უკავშირდება არაბულ ğul („დემონის ნაირსახეობა“) ცნებას. ვ. აბაევი უფრო მართებულად მიიჩნევს ჩვენთვის საინტერესო ტერმინი დაუკავშიროს მეფუტკრეობის მფარველი აფხაზური ქალ-ღმერთის „ანანა-გუნდას“ სახელს, რაც ლინგვისტური ანალიზით საეჭვოდ გამოიყურება [ანანა-გუნდა, უფრო სწორად ანა-აგუნდა, ე. ი. ხალხური გაგებით „დედა აგუნდა“, როგორც ჩანს, მიღებულია მეფუტკრეობის მფარველი მეგრული ღვთაების „აგუნას“ (წმ. გიორგის ეპითეტი) სახელწოდებიდან აფხაზურ „აგუნდა“ სახელთან მისი ასოცირების გზით]. ანგარიშგასაწევი ჩანს ხალხური ეტიმოლოგია, რომელიც Анигол-ს რუსულ Ангел ფორმას უკავშირებს. შესაძლოა, ტერმინი Анигол არის კომპოზიტი, რომლის პირველი ნაწილი „Ан“ უკავშირდება ოსურ ენაში „დედის“ აღსანიშნავად ბავშვების მიერ, ასევე მოფერების მიზნით გამოყენებულ სიტყვას „æна“, ხოლო მეორე „гол“ „თაფლის“, „ფიჭის“, „ფიჭიანი თაფლის“ აღმნიშვნელ ქართულ სიტყვას გოლი; ამდენად, Анигол გაიშიფრება როგორც „თაფლის (ფიჭის) დედა“.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Осетинский язык и фольклор. М.-Л., 1949. Т. I;
  • Миллер В. Ф. Дигорские сказания. М., 1902; მისივე, Осетинские этюды. Владикавказ, 1992; 1881. № 11-12;
  • Калоев Б. А. Осетины. М., 1967;
  • Медоев А. Сказание о появлении медоносных пчел в Дигории // ППКОО. Владикавказ. 2006. Кн. 6.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები