ანისის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანისის ეპარქია - საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის (მცხეთის საკათოლიკოსო) ერთ-ერთი საეპისკოპოსო XIII-XVI სს. ეპარქიის ცენტრი – ანისი, (ამჟ. – ნაქალაქარი, თურქეთის რესპუბლიკა) მდებარეობს ქ. ყარსიდან დაახლოებით 50 კმ დაშორებით, მდინარე ახურიანის (არპას) მარჯვენა სანაპიროზე. საეპისკოპოსო საყდარი იდენტიფიცირებული არ არის. სავარაუდოდ, ის უნდა ყოფილიყო „ქართველთა ეკლესიად“ ცნობილი ტაძარი, სადაც აღმოჩნდა ეტიფანე (ეპიფანე) კათალიკოსისა და საჰმადინის წარწერები.

„ანისს“ XVIII ს. რუსი მოგზაურები „წმ. ანას ქალაქად“ მოიაზრებდნენ, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში მას წარმართულ ღვთაებათა (ანაჰიტი, ან//ჰან) ან ტომთა (აინიანები) სახელებს უკავშირებენ.

სარჩევი

საზღვრები

ანისის ეპარქია მოიცავდა შირაკის პროვინციას, რომელიც XII ს. ბოლოს საქართველოს სამეფომ შემოიმტკიცა. საეკლესიო საზღვრები მოცემულია „სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა და მწყემსთა ნუსხაში“, რომელიც XVI ს. დასაწყისით თარიღდება. ამ დოკუმენტის თანახმად, ანელის სამწყსო ყოფილა „სულა ზარიშტიანი (ახლანდელი ქ. არპაჩაის სანახები) და შირაკოანი (შირაკის ჩრდილოეთ ნაწილი ცენტრით შირაკავანში, ახლანდელი სოფელი ბაშ-შორაგელი გიუმრისთან) და მაღასბერთი (შირაკის სამხრეთ თემი; მაღასბერდის ციხე მდებარეობს ანისიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 6 კმ-ზე)“. ანისის ეპარქიას დასავლეთიდან მდინარე ყარსისა და მდინარე არპას წყალგამყოფი მთები კარელის სამწყსოსგან გამოყოფდა, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩილდირის ქვაბული (სადაც ეს უკანასკნელი ყარსის ზეგანს უერთდება) – წყაროსთავის ეპარქიისგან; ჩრდილოეთით, შირაკის ქედს გადაღმა აბოცი მდებარეობდა, სადაც მცხეთის სვეტიცხოველს საკათალიკოსო მამულები ჰქონდა; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ბამბაკის ქედი ანისის ეპარქიას ჰიუნევანის (ძელი ჭეშმარიტის) საეპისკოპოსოსგან (XIII ს. ბოლოს ამ უკანასკნელი ეპარქიის ცენტრმა ახტალაში გადაინაცვლა) მიჯნავდა, შირაკის აღმოსავლეთით (ამბერდის პროვინცია) და სამხრეთით (არშარუნიქის თემი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიების არსებობა წერილობითი წყაროებით არ ჩანს. შირაკში კათალიკოს-პატრიარქთა სამამულე მფლობელობაც დასტურდება. 1392 წ. გუჯარში ჩამოთვლილია სვეტიცხოვლის კუთვნილი შემდეგი სოფლები: „მარმარაშენის თავს: სოფელი წყარომრავალი და წინუბანს სოფელი ფუძემარგი, სოფელი ველთა, სოფელი მთავარანგელოზისა“. დამოწმებულ ტოპონიმთა ზუსტი ლოკალიზაცია არ ხერხდება; ცნობილია მხოლოდ მარმარაშენის – მარმაშენის მდებარეობა, გიუმრიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კმ დაშორებით. დღეს ანისის ეპარქიის ტერიტორია შედის თურქეთის რესპუბლიკის ყარსის ილსა და სომხეთის რესპუბლიკის შირაკის მარზში.

ისტორია

ანისის ქვეყანა (შირაკი) სომხეთის ისტორიული მხარეა. მასზე გადიოდა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმთავრესი მაგისტრალი, რომელიც მატიანეებში „ანისის გზად“ იწოდებოდა. წერილობით წყაროებში შირაკი ახ. წ. II ს., ხოლო ანისი V საუკუნიდან იხსენიება. ადრე შუა საუკუნეებში ეს ქვეყანა და მის სამხრეთით მომიჯნავე არშარუნიქის ოლქი კამსარაკანთა გვარს ეკუთვნოდა. ეკლესიურად ის ექვემდებარეობდა სომეხ მღვდელმთავარს, რომელიც არშარუნიქის ან არშარუნიქისა და შირაკის ეპისკოპოსად იწოდებოდა. VIII საუკუნის ბოლოს შირაკის ოლქს ბაგრატუნები დაეუფლნენ. შირაკი სომხეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი ხდება. 961 წ. ანისი სომხეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ამ დროიდან დაიმკვიდრა მან „ათასერთი ეკლესიის ქალაქის“ სახელი. მის გამშვენებასა და განმტკიცებაზე საგანგებოდ ზრუნავდნენ სომეხი მეფე-მთავრები. X საუკუნის II ნახევრიდან, სომეხ ავტორთა მოწმობით, ანისის სამეფოში ძლიერდება ქალკედონური აღმსარებლობა. დამახასიათებელია, რომ არგნიში (ქ. ანისთან) აღსაყდრებულმა სომეხთა კათალიკოსმა ვაჰანიკ სივნიელმა (965/7-969 წწ.) სარწმუნოებრივი კავშირი შეკრა ქართველებთან და სომხურ ეკლესია-მონასტრებში ხატების თაყვანისცემა შემოიღო.

შიდადინასტიური ბრძოლები სომეხ ბაგრატუნთა სამეფო სახლში ქართველ მეფეებს მათ შინაურ საქმეებში ჩარევისა და სასურველი საეკლესიო პოლიტიკის წარმართვის საშუალებას აძლევდა. აღსანიშნავია ბაგრატ IV-ისა (1027-1072) და მარიამ დედოფლის მოღვაწეობა ქართული და სომხური ეკლესიების დასაახლოებლად. მარმარაშენის მონოფიზიტური მონასტრის 1033 წ. წარწერაში მარიამის „აფხაზთა და სომეხთა დედოფლად“ მოხსენიება კარგად წარმოაჩენს საქართველოს სამეფო კარის შორსმიმავალ გეგმებს. პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაფლული და ბიზანტიური აგრესიის პირისპირ მდგარი სომხეთი ისევ საქართველოსთან ურთიერთობას არჩევდა და 1045 წ. „მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა...“. ანისში მარიამ დედოფალი დამკვიდრდა, ხოლო ქალაქის დაცვა აბუსერ აბუსერიძეს, ივანე ერისთავს, ივანე დადიანსა და გუარამ გოდერძის ძეს დაეკისრათ. ქართველთა ეს ხანმოკლე ბატონობა საეკლესიო ისტორიის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იყო – სწორედ ამ დროს აიგო ანისში პირველი ქართული ტაძარი („ქართველთა ეკლესია“).

1045 წ. ანისის სამეფო ბიზანტიელებმა დაიპყრეს და იბერიის თემს შეუერთეს. ბიზანტიის სახელმწიფო და საეკლესიო მესვეურნი სომხების მართლმადიდებლობაზე მოქცევას ცდილობდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ დროს უნდა დაარსებულიყო ანისში კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებული დიოფიზიტური საეპისკოპოსო კათედრა. 1064 წ. თურქ-სელჯუკებმა ანისი აიღეს და მიწასთან გაასწორეს. 1072 წ. ანისი სელჩუკიან სულთნებისგან შადადიდებმა გამოისყიდეს. ახალი დინასტიის დამკვიდრებით ანისის ეკონომიური და კულტურული აყვავების ხანა დაიწყო.

ანისი. ტიგრან ჰონენცის ეკლესიის მოხატულობა. დეტალი

1124 წ. ქალაქის უხუცესთა თხოვნით, დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) „გაათავისუფლა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანისი, რომელიც 60 წელს იმყოფებოდა ტყვეობაში, აგრეთვე საკვირველი და დიდებული ეკლესია ანისისა, რომელიც მიზგითად ექციათ“. წმ. დემეტრე I-მა (1124-1156) ქალაქი ვასალობის პირობით შადადიდებს დაუბრუნა. იმავდროულად, საქართველოს მეფე ანისის ქრისტიანულ მოსახლეობის მფარველად და მათი რელიგიური უფლებების დამცველადაც რჩებოდა. გიორგი III-მ (1156-1184) ორჯერ შემოიერთა ანისი, მაგრამ ორჯერვე დათმო. საქართველოს მეფეს დიდად უჭერდნენ მხარს ანისელი ქრისტიანები, ამიტომ გიორგი III-მ „ქართველთა ხელისუფლების ქვეშ მყოფი მთელი სომხური საქრისტიანოს გამგებლობა“ ანისის არქიეპისკოპოსს მიანდო. ანისი საბოლოოდ წმ. თამარმა (1084-1207-1213) შემოიერთა 1199 წ. ის სამართავად ზაქარია მხარგრძელს, ამირსპასალარსა და მანდატურთუხუცესს (გ. 1212 წ.) გადაეცა. 1206-1207 წწ., დიდ შაბათს, არდებილის სულთანი მოულოდნელად შეიჭრა ანისში, ქალაქი მოაოხრა, ხოლო 12 ათასი ქრისტიანი ეკლესიებში მახვილით განგმირა. ამას მოჰყვა მხარგრძელთა საპასუხო ლაშქრობა არდებილს. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ანისის კედლებთან მტერი აღარ გამოჩენილა.

საქართველოს სამეფოში ანისი აღმავლობას განიცდის. ქართული სახელმწიფოს იდეოლოგთათვის მას განსაკუთრებული დატვირთვაც ჰქონდა: ის იყო „დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა“, „რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო“, რომელსაც „მირიდებითა ბერძენთათა და მიმოცვალებითა ჟამთათა“ მაჰმადიანები დაეპატრონნენ, ხოლო ქართველებმა ურჯულოთაგან გამოიხსნეს. ამდენად, ანისი ქართველთათვის ბიზანტიელებზე უპირატესობის სიმბოლოდაც იქცა. ამიტომ ქართულმა სახელმწიფომ ანისის საეკლესიო მოწყობასაც სათანადო ყურადღება მიაპყრო (საქართველოსთან შემოერთების დროისთვის ანისში სრულიად წარხოცილია ბერძნული საეპისკოპოსოს კვალი). სწრაფად დაიწყო გავრცელება მართლმადიდებლობამ: აშენდა მართლმადიდებლური ტაძრები, მართლმადიდებლურად ეკურთხა ადრე აგებული მონოფიზიტური ეკლესიები (მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია 1215 წ., ტიგრან ჰონენცის საფასით აგებული გუმბათიანი ტაძარი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში), რომელთა არქიტექტურასა და დეკორში საგრძნობია ქართული საეკლესიო ტრადიციების გავლენა; გაჩნდა მართლმადიდებლური მხატვრული ტრადიციის შესაბამისად შექმნილი მოხატულობები, რომელთა იკონოგრაფიული პროგრამა და სქემა ქართული ეკლესიების მოხატულობების ანალოგიურია; აშკარაა, რომ მათ შექმნაში ქართველი ოსტატები იღებდნენ მონაწილეობას. მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები, ზოგჯერ, დიდძალ ყმა-მამულს ფლობდნენ. მრევლის დიდ ნაწილს სომეხი ქალკედონიტები შეადგენდნენ. მათი უმრავლესობის საღვთისმეტყველო და სახელმწიფო ენა სომხური იყო, თუმცა ლექსიკაში ქართული საეკლესიო ტერმინოლოგია (ხატი, ხუცი, კრულვა...) იკიდებდა ფეხს. ნაწილი კი ქართველდებოდა და ქართულ ენაზე ასრულებდა წირვა-ლოცვას. ანისში ქართველებიც (მეციხოვნენი, აზნაურები, ვაჭარ-ხელოსნები და ხუცეს-მონაზვნები) ცხოვრობდნენ, რასაც ანისის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები (განჩინება-დამტკიცებები, ფრესკული წარწერები, ეპიტაფიები) და არაბული წყაროები მოწმობს. მათი ძირითადი კვარტალი, სავარაუდოდ, ანისის ახალი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, „ქართველთა ეკლესიის“ მიდამოებში მდებარეობდა. 1392 წ. საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში დამოწმებული ქართული ტოპონიმები (წყარომრავალი, წინუბანი, ფუძემარგი, ველთა, სოფელი მთავარანგელოზისა) იმის მაჩვენებელია, რომ ქართული თუ ქართულენოვანი მრევლი ანისის ოლქის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდა. ანისის ქართულ და სომხურ -დიოფიზიტურ თემს კრებითად „ქართველი“ ეწოდებოდა. ეკლესიურად ის ქართულ ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა. ანისის მართლმადიდებლური მრევლი სომეხ მონოფიზიტთა წრიდანაც ივსებოდა. ამ პროცესს დიდად შეუწყო ხელი ივანე მხარგრძელის მიერ „ქართველთა სჯულის“ აღიარებამ. დიოფიზიტობაზე მოქცევა მონღოლთა ბატონობის დროსაც გრძელდებოდა.

1218 წ. ანისში ტაძრების საკურთხევლად ეტიფანე (ეპიფანე) კათოლიკოსი (1210-1220) ჩავიდა. მან განაჩენი გამოიტანა ანისის მართლმადიდებელ მოსახლეობასა და ანელ ხუცესთა შორის ატეხილი დავის გამო, რაც მრევლისათვის საეკლესიო მისაცემელთა (ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგება) გადიდებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ამ დროს გადაწყდა ანისის ქართული საეპისკოპოსოს დაარსება. ჩვენთვის ცნობილი პირველი და, ჯერჯერობით ერთადერთი, ანელი მწყემსმთავარია დავითი, რომელიც რუსუდანისა (1222-1245) და ივანე მხარგრძელის რომის პაპისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში (საპასუხო წერილები 1224 წ. მაისით თარიღდება) იხსენიება. ირკვევა, რომ დავით ანელი სამეფო კართან მეტად დაახლოებული პირი ყოფილა და სწორედ მისთვის მიუნდიათ ჰონორიუს III-თან (1216-1227) ელჩობა მოსალოდნელ ჯვაროსნულ ლაშქრობაში საქართველოს მონაწილეობის პირობების დასაზუსტებლად. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანელ ეპისკოპოსს მეფის კურთხევის დროს ლიხთამერის მღვდელმთავრებს შორის 27-ე ადგილი ეკავა – ბოლნელის შემდეგ და კარელის წინ. ეს მოსაზრება ეყრდნობა XIII ს. შუახანებით დათარიღებულ ქართულ სამართლის ძეგლს „კურთხევა მირონისა და განგება დარბაზობისა“, თუმცა აღნიშნული წყაროს კრიტიკულად დადგენილი ტექსტი ამგვარი ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.

ქ. ანისში ქართულ საეპისკოპოსო ტაძართან ერთად აღმართული იყო მონოფიზიტ სომეხთა საეპისკოპოსო კათედრალი და ორი მეჩეთი. ქართული სახელმწიფო თანაბრად მფარველობდა ანისის დიოფიზიტურ, მონოფიზიტურ და მაჰმადიანურ თემებს. XIII ს. შეკეთდა და გამშვენდა სომეხ მონოფიზიტთა საკათედრო ტაძარი, რომლის რესტავრაციისას ხუროთმოძღვარნი და ქვითხურონი ქართულ საეკლესიო არქიტექტურულ გამოცდილებასაც ითვალისწინებდნენ. ქართული საეკლესიო გავლენით უნდა აიხსნას ტაძრის შემკობა კედლის მხატვრობის ნიმუშებით, რომელთა მკრთალი კვალი XX ს. დასაწყისშიც შეიმჩნეოდა. განახლებულ ტაძარზე ქართული წელთაღრიცხვაც ამოკვეთეს. ანისის ყადი და ანისის ეპისკოპოსი, საქართველოს სხვა სასულიერო და საერო ფეოდალებთან ერთად მონაწილეობდნენ საეკლესიო დავების განხილვაში. მოსახლეობის ზედაფენებში გავრცელებული იყო არაბული და სპარსული ენები. XIII ს. შუახანებში ანისში კათოლიკე მისიონერებიც გამოჩნდნენ, თუმცა მათ საქმიანობას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

1236 წ. მონღოლებმა აიღეს და დაარბიეს ქ. ანისი, მოგვიანებით ის დაუბრუნეს შანშე ზაქარიას ძეს, საქართველოს მანდატურთუხუცესს. უზენაეს ხელისუფლად საქართველოს მეფე ითვლებოდა, ხოლო შანშე მხარგრძელი, უცხოელ მოგზაურთა დაკვირვებით, იყო ქართველი მთავარი, რომელიც „სარკინოზთაგან“ გათავისუფლებულ სომხურ მიწა-წყალს განაგებდა. ანისში მონღოლი ნოინიც იჯდა. 1245 წ. ანისში ნმ. ცოტნე დადიანმა მოყვასთა გადასარჩენად თავი გაწირა.

შანშეს გარდაცვალების (1262) შემდეგ მისმა მრავალრიცხოვანმა სახლმა სწრაფად იწყო დაკნინება და გაყიდა ქ. ანისი. XIII ს. 60-70-იან წწ. წარწერებში ანისისა და მისი შემოგარენის ბატონ-პატრონად საჰიბ დივანი, საჰმადინი და ქარიმადინი გვევლინებიან. თავის ერთადერთ ხელმწიფედ ისინი ირანის ილხანებს ცნობდნენ და გარკვეული პოლიტ-ავტონომიითაც სარგებლობდნენ. 1288 წ. საჰმადინმა ანისის ქართული (მართლმადიდებლური) სამღვდელოება და მრევლი გაათავისუფლა სხვადასხვა მონღოლური გადასახადებისგან, რის შესახებაც გვამცნობს „ქართველთა ეკლესიის“ სამხრეთ კედელზე ამოკვეთილი 23-სტრიქონიანი ქართული წარწერა.

XIII ს. ბოლოს მონღოლთა ყაენებმა ანისი ისევ ქართველ მეფეებს დაუმტკიცეს. ირანის ილხანთა ტახტზე ახლად ასულმა არღუნ-ყაენმა (1284-1291) წმ. დემეტრე II-ს (1272-1289) უბოძა „ყოველი ქვეყანა სომხეთისა“, მათ შორის შანშეს სახლი და ანისი.

XIII-XIV სს. მიჯნიდან კვლავ აღზევდნენ მხარგრძელები, მათ ანისი ხასინჯუდ, ანუ მონღოლთა ყაენზე უშუალოდ დამოკიდებულ ქვეყნად” გადააქციეს და ილ-ხანებისგან საკუთარი მონეტის მოჭრის უფლებაც მოიპოვეს. ანისში, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ზარაფხანების მსგავსად, მონეტები ყაენთა სახელზეც იჭრებოდა, მაგრამ მხარგრძელთა „დამოუკიდებლობა“ საკმაოდ ეფემერული იყო. თანამედროვეთა მოწმობით „ანისი იქცა ხასინჯუდ ამ ქვეყანაზე ქართველთა ბატონობის დროს“. თავად მხარგრძელებიც კვლავინდებურად ქართულ სამოხელეო წოდებებს (ათაბაგი, ამირსპასალარი, ამილახორი) ატარებდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში; მათ კარზეც ქართული სამოხელეო ინსტიტუტები ბატონობდა („მწიგნობართუხუცესი მათე“). ამიტომაც სომხური მოსახლეობა ანისსა და მის ქვეყანას “საქართველოდ“, ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად თვლიდა. ასეთივე იყო მონღოლთა ოფიციალური თვალსაზრისიც. ირანის ილხანის, აბუ-საიდ ბაჰათურ ყაენის მიერ 1330 წ. გამოცემულ ბრძანებაში (იარლიყში), რომელიც ანისის მანუჩეს მეჩეთზე იყო ამოკვეთილი, ანისი საქართველოს ვილაიეთად მოიხსენიებოდა. იარლიყს ახლავს ზაქარია ათაბაგის დამტკიცება არაბულ, ქართულ და სომხურ ენებზე. ჰამდალლაჰ ყაზვინი, მონღოლთა სამსახურში მდგარი სპარსელი დიდმოხელე, 1340 წ. შედგენილ გეოგრაფიულ ტრაქტატში თბილისს, ანისსა და ყარსს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქალაქებს მიაკუთვნებს. საინტერესოა, რომ ისტორიულ შრომებშიც, როდესაც თურქ-სელჯუკთა მიერ ანისის აღების ამბებია გადმოცემული, თანადროული პოლიტიკურ-გეოგრაფიული ტერმინოლოგიის გამოყენებით „საქართველოს სამეფოს“ დაპყრობაზეა საუბარი.

ამ პერიოდში ქართულ თემს მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ანისის ცხოვრებაში. ათაბაგ შანშეს მეუღლის, ხუანძეს 1320 წ. განჩინებაში ანისის უმთავრეს ეთნოკულტურულ ჯგუფებად დასახელებულნი არიან ქართველები, ტაჯიკები ანუ მაჰმადიანები და სომხები. ქართული და ქართულენოვანი მოსახლეობისთვის სრულდება ზაქარია ათაბაგის 1330 წ. ხელრთვაც ქართულ ენაზე.

მონღოლთა გადასახადებმა და 1319 წ. მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქი, თუმცა ცხოვრება აქ ამის შემდეგაც გრძელდებოდა. XIV ს. შუახანებში ანისი სამცხის მთავრებმა, ჯაყელებმა შეიერთეს. სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავრებს შორის ანისის ეპისკოპოსს მე-10 ადგილი ეკავა ვალაშკერტელის შემდეგ და კარელის წინ.

XIV-XV სს. მიჯნაზე, თემურლენგის შემოსევების შედეგად, საქართველომ დაკარგა ანისი. მას მორიგეობით ეპატრონებოდნენ ჯალაირიდები, შავბატკნიანები, თეთრბატკნიანები, ყიზილბაშები. 1639 წ. ირან-ოსმალეთის ზავით ანისის პროვინციის დასავლეთ ნაწილი, კერძოდ ზარუშატის, მაღასბერდის (აქვეა ანისიც) და შურაგელის ციხეები ოსმალეთს დარჩა. XVII ს. ოფიციალური თურქული ისტორიოგრაფიის თანახმად, „მაღაზბერდის ციხე ძველი კანონის მიხედვით საქართველოს მიწაზე იყო“; „საქართველოდანაა“ შურაგელიც. თურქი ისტორიკოსები განმარტავდნენ, რომ „მდინარე არეზისა (არაქსის) და ზანგის (რაზდანის) ჩრდილოეთით ორმოცი დღის სავალი კავკასიის მთების ჩათვლით, ხაზართა ზღვამდე (კასპიის ზღვამდე) დაღისტნად და საქართველოდ ითვლება“. XII-XIII სს. მიჯნაზე ისლამურ სამყაროში შემუშავებული ეს პოლიტიკურ-გეოგრაფიული ფორმულა საუკუნეთა განმავლობაში ცოცხლობდა მახლობელი აღმოსავლეთის იმპერიებში.

პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მცხეთის საკათოლიკოსო XVI ს. დასაწყისშიც ინარჩუნებდა თავის იურისდიქციას ანისზე. მაგრამ საქართველოსგან მოწყვეტილ ანისში ძლიერდებოდა თურქმანული მოსახლეობა, ქართველობა ნელ-ნელა ილეოდა, სომეხი დიოფიზიტებიც მონოფიზიტობას უბრუნდებოდნენ. მრევლის გაქრობასთან ერთად საქართველოს ეკლესიამაც დაკარგა ეს მხარე. როდის გაუქმდა ანისის ეპარქია ზუსტად არ არის ცნობილი. ანელს, სამცხე-საათაბაგოს სხვა მწყემსმთავრებთან ერთად, ახსენებს არქანჯელო ლამბერტი (XVII ს. 30-იანი წლები). მაგრამ იტალიელი მისიონერის ცნობები მეტად არეულია და ჭირს იმის თქმა, ის თანადროულ ვითარებაზე საუბრობს თუ ზეპირი, არცთუ ზუსტი, გადმოცემით ხელმძღვანელობს. უკანასკნელად ანელის სამწყსო დამოწმებულია მცხეთის ერთ საბუთში, რომელსაც მკვლევართა ნაწილი XVIII ს. I მეოთხედით ათარიღებს. ამ დოკუმეტის თანახმად, VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (680-681) ქართლის კათოლიკოსისთვის სხვა ტერიტორიებთან ერთად „მიუციათ სამწყსოდ და: ჴელქვეშ კარი და იმისი გარეშამო, ანისი [და] იალათი აზრუმისა და საქართველოს სამზღვარს იქით ზემო საქართველო...“. VI მსოფლიო საეკლ. კრების ჩვენამდე მოღწეული აქტები ცნობას არ ადასტურებს. მკვლევრები სამართლიანად ფიქრობენ, რომ დომენტი IV კათოლიკოსის (1705-1741) მიერ შედგენილი ეს სიგელი მიზნად ისახავდა სულთნის კარზე ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის დასაბუთებას და ყოფილი სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენას მეექვსე მსოფლიო კრების ავტორიტეტის მოხმობით.

XVIII ს. 80–იან წლებში ერეკლე II-მ (1744/1761-1798) შემოიერთა შორაგელი, ყოფილი ანისის ეპარქიის აღმოსავლეთ ნაწილი, მაგრამ დემოგრაფიული ვითარების გამო ქართული ეკლესია იქ აღარ აღორძინებულა.

XIX ს. დასაწყისში რუსეთის იმპერიის მიერ სამხრეთ კავკასიის დაპყრობამ გაუადვილა რუს და ევროპელ მოგზაურებს ანისის ნაქალაქარის მოხილვა და შესწავლა. ანისის სიძველეთა საქართველოს ისტორიის კონტექსტში გასააზრებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მ. ბროსეს არქეოლოგიურ მოგზაურობებს. 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მთელი ანისის მხარე რუსეთის იმპერიაში მოექცა. 1892 წლიდან დაიწყო ანისის არქეოლოგიური გათხრები ნ. მარის ხელმძღვანელობით. ამ აღმოჩენების შედეგად გადაიშალა ახალი ფურცელი არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს, ირანისა და ბიზანტიის ისტორიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918) ანისი კვლავ თურქებმა აიღეს.

სომხურ მწერლობაში არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, თუ როგორ გადმოაბრძანა სომეხთა კათოლიკოსმა ბარსეღმა (XI ს. ბოლო) ყარსში დავანებული წმ. ნინოს (მცხეთის) ჯვარი (იგულისხმება არა ჯვარი ვაზისა, არამედ ქართველი განმანათლებლის მიერ აღმართული ერთ-ერთი ჯვარი თუ მისი ნაწილი) ანისის საკათალიკოსო ტაძარში და განუწესა მას დღესასწაული. მონღოლთა შემოსევების დროს ჯვარი ანისიდან გაუჩინარდა.

გ. ჭეიშვილი

ლიტერატურა

  • კეკელია ვ., ანისის ტიგრან ჰონენცის ეკლესიის კონფესიონალური კუთვნილების საკითხისათვის, საქართვ. ისტორიის ინ-ტის „შრომები“, 2012, №5;
  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • საქართველოს ისტორიის ატლასი, დ. მუსხელიშვილის რედ., თბ., 2003;
  • სილოგავა ვ., ანისის და ყარსის ქართული ეპიგრაფიკა (მოკლე მიმოხილვა), ახალციხე-ყარსი, ახალც., 2001;
  • ჭეიშვილი გ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები სომხეთში, „ლოგოსი“, 2013, №97;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2-3, თბ., 1983-82 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2-3);
  • Марр Н.Я., Ани. Книжная история города и раскопки на месте городища, Л.М., 1934;
  • Тьерри Н., Роспись церкви Св. Григория Тиграна Хоненца в Ани (1215) (ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  • BROSSET m., Les ruines d’ani, I-Ii, St. Petersburg, 1860-1861.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები