ანპილოგოვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ანპილოგოვი - მონრეალის ოლიმპიადის ოქროს და მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი

ალექსანდრე ანპილოგოვი — (დ. 18 იანვარი 1954, თბილისი), ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში” (1970-85) და გერმანიის „ლანდცხუტში” (1987-92). მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 29 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ-ის თასის მფლობელი (1978). 1974-84 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი). იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-01). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

ალექსანდრე ანპილოგოვის სპორტსმენობისა ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა. ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა, ექიმებმა დისტროფია დაუდგინეს. 196 სანტიმეტრი სიმაღლისა სულ რაღაც 43 კილოგრამს იწონიდა. სკოლაში, გაკვეთილებზე იშვიათად დადიოდა. სახლში მეცადინეობდა და მერე გამოცდებს ექსტერნად აბარებდა. თანატოლი ბიჭები ეხუმრებოდნენ — ქარს ერიდე, ჰაერში არ აგიტაცოსო. ცხრა წლით უფროსი და ჰყავდა — რაია, რომელიც ხელბურთს საკმაოდ კარგად თამაშობდა. ერთხელ რაიას ხელბურთის ბურთი ჩამოუტანია საწვრთნელი შეკრებიდან და საშასთვის უთქვამს, აბა, ერთი კარში ჩადექი, ვნახოთ, რა ბიჭი ხარო. მეორე თუ მესამე ნასროლი ბურთი პირდაპირ შუბლში მოხვედრია და ძირს დაცემულა. ძლივს მოუსულიერებიათ. ასე დაწყებულა „ნაცნობობა`“ ხელბურთთან.

„ერთხელაც მეგობრებთან ერთად წავედი სპორტულ სექციაში ჩასაწერად. ისინი მიიღეს, მე – არა. ჩათვალეს, რომ ძალიან სუსტი ვიყავი. ვზივარ ტრიბუნაზე და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. მწვრთნელმა გარი მაჭავარიანმა ჩემს საცოდაობას ვეღარ გაუძლო – ჯანდაბას, ჩამსვან ციხეში, მოდი შემდეგ ვარჯიშზეო... გარი მაჭავარიანმა და ჯანო ბაგრატიონმა, არ ვიცი როგორ, ალბათ რაღაც წინათგრძნობით, ჩემში, წიწილასავით მოზარდში, თავისი ნამდვილი მოწაფე ამოიცნეს და დაწყებული საქმე იმით დაამთავრეს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გამხადეს. ბატონმა ჯანომ მე და ჩემი მშობლები დაგვარწმუნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გავაგრძელებდი სწავლას. მაშინ უკვე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი ვიყავი. 1970 წელს პირველად გავემგზავრე შეჯიბრებაზე ლიტვაში. ეს იყო საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა პირველობა.”

იმავე წელს თბილისის „ბურევესტნიკში“ ჩაირიცხა – ტიტულიან და პოპულარულ კლუბში, რომლის ძველი, ნაჯაფი თაობა უკვე ტოვებდა სარბიელს. არადა, მაშინ ხელბურთის ნამდვილი ბუმი იყო, რასაც ძალიან უწყობდა ხელს თბილისის საერთაშორისო ტურნირი ზარია ვოსტოკას“ პრიზზე. თბილისში სათამაშოდ ჩამოდიოდნენ მსოფლიოს უძლიერესი ეროვნული ნაკრები გუნდები. სწორედ ამ გუნდებთან შეჯიბრებაში დაოსტატდნენ ალექსანდრე ანპილოგოვი და მისი თაობის სხვა ცნობილი ხელბურთელები. 1975 წლის 19 დეკემბერს, სსრ კავშირის მთავარ გუნდში მიიწვიეს. მისი კოზირი მარტო სიმაღლე არ ყოფილა. ის კარგად ერკვეოდა სათამაშო სიტუაციებში, ზუსტად აფასებდა ვითარებას შეტევისას თუ თავდაცვის დროს და, როგორც წესი, რაციონალურ გადაწყვეტილებას ღებულობდა.

ალექსანდრე ანპილოგოვის სპორტული გზა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მონდომებას, თავდაუზოგავ შრომას, ნებისყოფის სიმტკიცეს. ის ჯერ თბილისის „ბურევესტნიკის“ ლიდერი გახდა, მერე კი საბჭოთა ნაკრების უპირველესი თავდამსხმელი, ერთ­ერთი ყველაზე გამორჩეული გოლეადორი. რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ: როცა ჩვენმა „ბურევესტნიკმა” კაუნასში ადგილობრივი „გრანიტასი“ დაამარცხა – 33:31, ამ 33 ბურთიდან 30 (?!) ანპილოგოვმა გაიტანა; საკავშირო ჩემპიონატის ერთ­ერთ თამაშში კი, რომელიც ჩვენმა გუნდმა 21:22 დათმო, ანპილოგოვმა გაიტანა ყველა ბურთი, ერთის გარდა, ანუ 20 გოლი (?!). მისმა მონაგარმა სპორტული კარიერის მანძილზე 7 ათას გოლს გადააჭარბა.

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ანპილოგოვი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები