ანტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტეანტიქრისტე, მაცხოვრის ღვთაებრივ საქმეთა ანტაგონისტი ძველქართულ ხალხურ რწმენა-წარმოდგენათა მიხედვით. ამ წარმოდგენათა თანახმად, ანტე, რომელიც მომავალში უნდა დაიბადოს, მაცხოვრის ანტიპოდი იქნება: მახინჯი, არაადამიანური გარეგნობის, არაჩვეულებრივად მაღალწვივებიანი (იოანე-ზოსიმე. კალანდაი. III. მთოვარისა ბედნიერებაჲ და უკუღმართობაჲ...“).

მაღალწვივებიანი ანტეს შესახებ წარმოდგენის ილუსტრაციაა შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტრიქონი, რომელშიც ნათქვამია: „ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით“ (ე. ი. ანტედ ვაქციეთ, ანტეს დავამსგავსეთ). ტარიელმა და ფრიდონმა თავიანთი მტრები ანტეს იმით დაამსგავსეს, რომ მათ წვივები დაულეწეს (ხალური შეხედულებით, მომავალში ანტე წვივებდალეწილი უნდა დაღუპულიყო). შ. რუსთაველმა, რა თმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ანტიქრისტე უნდა მოკვდეს არა ისე, როგორც ქრისტე გარდაიცვალა, – მაცხოვარმა პილატესა და მრავალ სხვა თვითმხილველთა გასაკვირად, წვივების დალეწვის გარეშე განუტევა სული (მარკოზი. XV, 44), „... რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ ძვალი მისი არა შეიმუსროს“ (იოანე. XIX, 36).

ახალი „ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტში საქართველოში თემურ-ლენგის შემოჭრის აღწერას წინ უსწრებს მისი წინაპრის – ჩინყიზ სამარყანელის – უწმინდური, სატანისეული ჩასახვის შესახებ ამბის თხრობა. ტექსტის ავტორი ჩინყიზ სამარყანელის დედის დაორსულებას ანტესებრივ დაორსულებას („მიდგომილება ანტესებრივი“) უწოდებს და, ამდენად, თემურ-ლენგს ანტიქრისტედ სახავს (თემურ-ლენგს ანტიქრისტეს უწოდებს ძველი სომხური საისტორიო ტრადიციაც).

საკითხთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ, ძველ ქრისტიანთა წარმოდგენით, ანტიქრისტე უნდა დაიბადოს ქალწულად მიჩნეული მეძავი ქალისაგან (ქრისტეს უმანკო ჩასახვის პაროდია); სხვა ვერსიით, აღქმაგატეხილი მონაზვნისაგან (როგორც განდგომის სამომავლო ხორცშესხმა), ან სისხლაღრევითი კავშირით (ინცესტით). როგორც ჩანს, ძველ საქართველოში ანტეს დაბადება სწორედ ასე ესახებოდათ.


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. ახალი „ქართლის ცხოვრების“ ერთი ადგილის გაგებისათვის („მიდგომილება ამტესებრივი“) // საისტორიო შტუდიები. V. თბ., 2004, გვ. 39-42;
  • ახალი „ქართლის ცხოვრება“. მეორე ტექსტი // „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ., 1965, გვ. 446-448;
  • თ. მეწოფელი. ლენგ-თემურის ისტორია. თარგმანი, შესავალი და კომენტარები პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგისა. თბ., 1937, გვ. 22;
  • შ. რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. პ. ინგოროყვას რედაქტორობით და შენიშვნებით. თბ.,

1953, გვ. 412.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები