ანტიგონე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიგონე(ბერძნ. Ἀντιγόνη) ) ბერძნული მითების პერსონაჟი, [ოიდიპოსი]]სა და იოკასტეს ასული.

როდესაც ოიდიპოსმა თვალები დაითხარა, თებე მიატოვა, ქვეყნად ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ მიადგა ატიკის დედაქალაქის, ათენის, განაპირა სოფელ კოლონოსს. ამ ხნის მანძილზე ანტიგონე მის გვერდით იყო. ოიდიპოსის მისტიური გაქრობის შემდეგ ანტიგონე თებეში დაბრუნდა.

მისი ძმები, ეტეოკლესი და პოლინიკესი, ერთმანეთს ექიშპებოდნენ თებეს სამეფო ტახტზე აღსაზევებლად. ამასობაში მოეწყო ე. წ. „შვიდთა ლაშქრობა თებეს წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პოლინიკესმა. ეტეოკლესი იცავდა თებეს. ორივე ძმა ბრძოლის ველზე დაეცა.

თებეს მეფე კრეონმა პოლინიკესის დამარხვა აკრძალა. ეს რომ ანტიგონემ შეიტყო, თავის დას, ისმენეს გაენდო და შესთავაზა, ჩვენს ძმას წესი ჩვენ ავუგოთო. ისმენე შეშინდა და ანტიგონესაც დაუშალა განზრახულის აღსრულება. მაგრამ ანტიგონე არ შედრკა და აღასრულა წესი ყოველი ბერძენისათვის ღვთაებრივ, დაუწერელ კანონად რომ ითვლებოდა. როდესაც კრეონმა ეს ამბავი შეიტყო, ანტიგონეს სახელმწიფო კანონთა ღალატში დასდო ბრალი და მისი აკლდამაში ცოცხლად დაქოლვა ბრძანა. ანტიგონემ ღირსეულად მოისმინა განაჩენი და თავად კრეონი დაადანაშაულა ღვთიურ კანონთა ხელყოფაში.

კრეონის ვაჟს, ჰემონს, თავდავიწყებით უყვარდა ანტიგონე. იგი შესთხოვდა მამას, არ დაესაჯა ქალიშვილი, რომელმაც საკუთარი ძმა, ბერძენთა ადათისამებრ, მიწას მიაბარა. კრეონის აზრით, პოლინიკესი, როგორც ქალაქის მოღალატე, საჯაროდ უნდა დასჯილიყო. მეფეს თანამოქალაქენიც ურჩევდნენ, ხელი აეღო განზრახვაზე. ბოლოს, ტირესიასის წინასწარმეტყველებით შეშინებულმა მბრძანებელმა ანტიგონეს გათავისუფლება დააპირა. შევიდა აკლდამაში, მაგრამ იქ საშინელი რამ იხილა: ანტიგონეს თოკით ჩამოეხრჩო თავი. ხოლო ჰემონმა, მამის თვალწინ წამოეგო რა მახვილს, ანტიგონეს გვერდით დალია სული.

ანტიგონეს სახე ლიტერატურასა და ხელოვნებაში

ანტიგონეს მითი დიდი წარმატებით აამეტყველა თავის ტრაგედიებში სოფოკლემ (“ოიდიპოსი კოლონოსში“ „ანტიგონე“). მის მიერ წარმოდგენილი ანტიგონე მამა-შვილური, და-ძმური სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. მას შემდეგ ანტიგონეზე მრავალი ნაწარმოები შეიქმნა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეს სიუჟეტი მე-18 საუკუნის საოპერო ხელოვნებაში (სკარლატი).

მე-20 საუკუნის მწერლები, რომლებმაც ორი მსოფლიო ომი იხილეს, განსაკუთრებით დაინტერესდნენ ამ მითოსით, რადგანაც საშუალება მიეცათ უფრო მძაფრად გამოეხატათ საკუთარი ჰუმანისტური იდეები (რასინი, ალფიერი, ანუი, კოკტო, ბრეხტი).

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები