ანტონ დადიანი (სამეგრელოს ეპისკოპოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონი – (დადიანი) (1796 – 09.12.1852, დაბა მარტვილი)), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, სამეგრელოს ეპისკოპოსი.

დაიბადა თავად გიორგი დადიანის ოჯახში. წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში მიტროპოლიტ იოანეს (დადიანი) ზედამხედველობით შეისწავლა. 1812-1814 წწ. ამავე მონასტერში გადიოდა საბერო მორჩილებას. 1814 წ. 25 მარტს ქუთაისის მთავარანგელოზთა საკათედრო ტაძარში კაცხის მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პეტრემ, ბერად აღკვეცა და სახელად ანტონი უწოდა. იმავე დღეს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1820 წ. 22 მაისს ცაგერელმა მიტროპოლიტმა იოანემ (დადიანი) ბერ-დიაკონი ანტონი მღვდლად აკურთხა, იღუმენის წოდება მიანიჭა და ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ ძველ ხელნაწერზე, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა, არის მინაწერი: „მივიღე შრომა და გადმოვიღე წიგნი ესე, ყრმათათვის სასწავლო, მე, იღუმენმა ანტონ დადიანოვმა 1821 წლის მარტის 11 დღესა სამთავროს პალატს ზუგდიდსა“.

1810 წლიდან, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთს შეუერთდა, იქ ქრისტიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო. ამ პროცესის დაჩქარებაში დიდი როლი შეასრულა აფხაზეთის მაშინდელი მთავრის, შარვაშიძის ოჯახმა, რომელშიც ქართული კულტურისა და ქრისტიანობის გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო. ქრისტიანობის გაძლიერებას მტრულად შეხვდა აფხაზ თავადთა ერთი ნაწილი. მათ 1824 წ. აჯანყებაც მოაწყვეს, თუმცა მარცხი განიცადეს. 1831 წლიდან იწყება ახალი პროცესი ქრისტიანობის ქადაგებისა, რაც სწორედ ანტონის სახელს უკავშირდება. აფხაზეთის მთავარმა, მიხეილ შარვაშიძემ, მოითხოვა აფხაზეთის ეპარქიის შექმნა და იქ მღვდელმთავრად ანტონის დანიშვნა, მაგრამ საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ეკლესიებისა და მრევლის სიმცირის გამო მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ეტაპზე ეპარქიის ჩამოყალიბება. პირველ ეტაპზე სამეგრელოდან იქ მღვდლების გაგზავნა გადაწყდა.

1833 წ. 19 მაისს საქართველოს მთავარმართებელ ბარონ როზენის წარდგინებით ანტონი აფხაზეთის ეპარქიის მთავარ მისიონერად დაინიშნა და დაევალა ქრისტიანობის გავრცელება-განმტკიცება ამ მხარეში. 1834 წ. იანვარში ანტონი აფხაზეთში ჩავიდა და საქმეს შეუდგა. იგი კარგად იცნობდა აფხაზ ხალხს, მის სულიერ მოთხოვნილებებსა და მიდრეკილებებს, მათი ყოფა-ცხოვრების წესებს. თავისი ზნეობრივი მრწამსითა და ქცევით ანტონი ნამდვილად იმსახურებდა აფხაზთა სიმპათიებს, იყო აფხაზეთის და სამეგრელოს მთავრების ახლო ნათესავი, მიხეილის მეუღლის ღვიძლი ბიძა, იცოდა აფხაზური ენა. 1834 წ. მაისში ანტონი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) უკვე პირველ წარმატებებს აცნობებს. იგი წერდა, რომ მარტიდან მაისამდე ლიხნში უკვე 155 კაცი მოინათლა. უფრო მოგვიანებით კი წერდა, რომ მთელი წლის განმავლობაში 233 მოსახლე გაქრისტიანდა.

1834 წ. მიწურულს ანტონი არქიმანდრიტის პატივში აიყვანეს და ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, თუმცა იგი კვლავ ასრულებდა აფხაზეთის მისიონერის მოვალეობას. 1835 წ. ანტონი საქართველოს ეგზარქოსს ნებართვას სთხოვდა, აღედგინა მღვდელმსახურება ბიჭვინთის საკათედრო ტაძარში და ამ საქმეში თანაშემწედ ერთ მღვდელს ითხოვდა. იმავე წელს ბიჭვინთის გვერდით მდებარე სოფელ ლიძავაში 216 ადამიანი მოინათლა, ხოლო ლიხნსა და მის მიმდებარე სოფელ ებერნუხვაში 108 კაცი მოიქცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.

შედარებით გართულდა მისიონერული ქადაგება მთის მოსახლეობაში. მისი გაქრისტიანება ადვილი საქმე არ იყო. ამასთან დაკავშირებით ანტონი საქართველოს ეგზარქოსს სწერდა: „უმეტეს და უმეტეს ძნელდების მონათვლა მათი. მიზეზთა ამით, რომელთა არიან მოსანათლავნი მთის ხალხი და უმეტეს მაჰმადიანობის მქონებელნი, და ამისათვის, თუმცა არა ვრიდებთ თავსა ჩვენსა და შრომასა, გარნა ძნელდების მოქცევა და მოყვანა მათი ჩვენთანა მართალსა სარწმუნოებასა ზედა“.

ანტონი ზრუნავდა არა მარტო აფხაზი მოსახლეობის გაქრისტიანებაზე, არამედ იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთებაზე, ახლების აშენებაზე. მის მიერ შედგენილი ცნობები ტაძრების შესახებ დღესაც არ არის მეცნიერულ ინტერესს მოკლებული.

1837 წ. 6 მაისს იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებით ანტონი აფხაზეთში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისა და ათასობით აფხაზის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1842 წ. 23 მაისს უბოძეს წმ. ანას II ხარისხის ორდენი საიმპერატორო გვირგვინით. 1843 წ. 14 თებერვალს სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის რეკომენდაციით, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი), იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) და გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) ანტონი ეპისკოპოსად აკურთხეს და იგი სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ამავე წლის 2 მარტს ანტონი თბილისიდან გაემგზავრა და ჩაიბარა ხსენებული ეპარქია. 1847 წ. 5 აპრილს წმ. ანას I ხარისხის, ხოლო 1851 წ. 8 აპრილს წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ანტონს 19 დეკემბერს წესი აუგეს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი), გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) და აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი). დაიკრძალა მარტვილის საკათედრო ტაძარში.

გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №2185, საქმე №8031, საქმე №65409.
  • „დიოსკურია“, 2004, №14.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები