ანტონ დიასამიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონი – (დიასამიძე), (XVIII ს. I ნახ. – XIX ს. დასაწყისი), საეკლესიო მოღვაწე, იერუსალიმის არქიმანდრიტი – ჯვარის მამა.

ანტონი არქიმანდრიტად და ჯვარის მამად ჩანს 1755 წ. თებერვალში. მისთვის მიუბარებიათ მოლარეთუხუცეს ელიზბარ გლურჯიძის მიერ ნაყიდი და წმ. საფლავისათვის შეწირული ვენახი ატენში. იგი იხსენიება აგრეთვე ჯვარის მამა გერასიმეს დანატოვარი ნივთების გადაცემის საბუთში. პატრიარქის ვექილის გერასიმეს გარდაცვალების შემდეგ, 1756 წ. მარტში, საქართველოში ჩამოვიდა ასევე ვექილად წარმოვლენილი სვიმეონი, ამ უკანასკნელს გერასიმეს ნაქონი ნივთები გადასცა ჯვარის მამა ანტონმა. ანტონი ჯვარის მამად მოგვიანებითაც გვხვდება, ოღონდ განსხვავებული სტატუსით. 1781 წ., როდესაც გარდაიცვალა ჯვარის მამა არსენიოსი, მისი დარჩენილი ნივთები ჯვარის მამა ანტონს ჩაუბარებია. კიდევ უფრო გვიანდელი ხანის საბუთებიდან ჩანს, რომ ანტონი არის „ქრისტეს წმინდა საფლავის მეურნე“ და „იერუსალიმიდან ვექილად წარმოვლენილი არქიმანდრიტი, იერუსალიმელი ჯვარის მამა“. 1799 წ. 18 ივნისს დათარიღებულ საბუთში ანტონი თავს უწოდებს „ჯვარის მამად ყოფილს“, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი მოღვაწეობა არქიმანდრიტად იერუსალიმში უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო. XVIII ს. 90-იანი წლებისათვის საქართველოში იერუსალიმის საკუთრების გამგებელი უკვე ჯვარის მამა ათანასეა. მართალია, ანტონს 1798 წ. კიდევ ვხედავთ, როგორც ათანასეს თანამწირველს, მაგრამ პატრიარქის ვექილად იგი ამ დროს უკვე აღარ მოიხსენიება. ანტონის ბეჭედზე თარიღად ზის 1779 წ. რაც, შესაძლოა, იერუსალიმელ არქიმანდრიტად დადგინების დროს აღნიშნავს.

XVIII ს. 60-70-იან წწ. ნტონი რამდენჯერმე იყო იერუსალიმში. 1764-1778 წწ. იერუსალიმში ჩასვლისას მან ორი მინაწერი გაუკეთა იერუსალიმის „კლემაქსს“: „რომელნიც მიემთხვივნეთ სულთა განმანათლებელსა წიგნსა ამას, ცოდვილსა ჯვრის მამას ანტონიოსს დიასამიძის შენდობით მოიხსენიებდეთ. 1764 წლის 4 ოქტომბერი. მეორედ ღირს ვიქმენ თაყვანისცემად წმიდათა ამათ ადგილთა 1778 წლის 26 ოქტომბერს, უღირსი ანტონი“. იერუსალიმში მეორედ წასვლისას ანტონს თან წაუღია გარეჯის უდაბნოდან „სადღესასწაულო“, რის შესახებ მინაწერიც გაუკეთებია: „ნათლისმცემლისა არის, მე, ანტონი არქიმანდრიტმა, ნათხოვი წავიდე, ოდეს წარვედ მეორედ იერუსალიმად. ეს სადღესასწაულო ისევ გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოს მოუვიდეს. ვინც არ მისცემს ამ მონასტერს, ნათლისმცემელი რისხავს და იმ მონასტრის მამათ მადლი გაუწყრეს. ამინ. დეკემბრის 12 კვირას 1768 წელს გამოვედ ქალაქით ვიწყე სვლა“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანტონი პირველად ჯვარის მამად გვხვდება 1755-1756 წწ., ხოლო, როგორც იერუსალიმელი არქიმანდრიტი და პატრიარქის ვექილი, იგი 1779-1793 წწ. მოღვაწეობს.

ანტონი იყო თეიმურაზ ბატონიშვილის ნათლია. თეიმურაზმა ბაგრატ ბატონიშვილის სიტყვებით, „წელსა 1810 სექტემბრის 14 აღმოიღო უბით ძელი ჭეშმარიტი, რომელიცა აქვნდა თან მიცემული ნათლისაგან თვისისა ანტონი ჯვარის მამის მიერ დიასამიძისაგან, რომელიცა იყო ესე არქიმანდრიტი იერუსალიმისა და ქართველნი უხმობდნენ ჯვარის მამად და მრავალგზის მოელოცნა წმიდანი ადგილნი იერუსალიმისანი“.

ანტონის და მელიტონ ბერძენის ინიციატივით სტამბოლიდან ჩამოიყვანეს „ბეჭდის მოძღვარი“ პოღოს ოჰანესიანი, რომელმაც თბილისში 1782 წ. გამართა ქართული სტამბა.

1798 წ. ანტონმა პანაშვიდი გადაუხადა მეფე ერეკლე II-ს.
გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • სცსა 1448-627; სცსა 1450-51/215; sd-5113; სცსა 1450-51/194; სცსა 1448-71; Qd-848; Hd-3534.
  • ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ნგ. 1, თბ., 1980; * ხუციშვილი ნ., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში, თბ., 2007.


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები