ანტონ ცაგერელის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ ცაგერელის წარწერა - (XI ს. მესამედი), წმ. სვიმეონ საკვირველმოქმედის ხატის: ცენტრალურ ნაწილში, წინა მხარეს განთავსებული წარწერა, რომელიც შესრულებულია რელიეფურად 16 სტრიქონად. ხატზე გამოსახულია წმ. სვიმეონი ანფასში წელზევით, კალათში მჯდომარე, მძლავრი რვაწახნაგა სვეტის თავზე. გამოსახულების ორივე მხარეს, მხრების დონეზე, მოთავსებულია რელიეფური ასომთავრული წარწერა: „წმიდან სამეონ საკრველმოქმედი“. გამოსახულების ქვემოთ, მარცხენა მხარეს, წარმოდგენილია სასულიერო პირის გამოსახულება მთელი ტანით, მიბრუნებული მარცხნივ წმ. სვიმეონისკენ ვედრების პოზაში. ახლავს ასომთავრული, რელიეფური წარწერა: „ანტონი ცაგერელი“. სვეტის მეორე მხარეს კი მთავარი წარწერაა: „მე, გლახაკმან ანტონი ცაგერელმან, იშხანს ყოფასა ჩემსა, მხატვრული ადგილი ოჴერი ვნახე და ვაშენე და წმიდასა სჳმეონს შევწირე, და ხატი ესე შევქმენ, ეკლესიასა მისსა დაუსაგენე საჴსრად სულისა ჩემისა. ვინცა კნინი ნამსახურები ესე ჩემი შეცვალოს, წმიდაჲ სჳმეონ არს-მცა დამსჯელი მისი წინაშე ქრისტესა დღე სა მას განკითხვისასა, ამენ“. კიდევ ერთი წარწერა, ოღონდ ჩაჭედვით შესრულებული სამ სტრიქონად, იკითხება სვეტის ცოკოლის საფეხურებზე: „ქრისტე, შეიწყალე ფილიპე ოქრომჭედელი. წმიდაო სჳმეონ, შეიწყალე ანტონი“.

მაშასადამე, XI ს. მესამედის ეს ვერცხლის ჭედური ხატი მღვდელმთავარმა ანტონ ცაგერელმა შეუკვეთა ფილიპე ოქრომჭედელს თავისსავე აშენებული ეკლესიისათვის. ხატი პირველად ექვთიმე ღვთისკაცმა (ე. თაყაიშვილი) აღწერა 1910 წ. ზემო სვანეთში, მესტიის სოფელ ლაღამში. ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ანტონ ცაგერელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილი იერარქია. იგი შემდეგში იშხნელი ეპისკოპოსი, ხოლო მოგვიანებით მთავარეპისკოპოსი იყო. ეს ჩანს იმ წარწერებიდან, რომლებიც იშხნის ტაძარზეა ამოკვეთილი და რომლებიც გადმოგვცემს ანტონის მიერ აქ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ, მათ შორის, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაჲსძის ხელით.

ანტონ ცაგერელის წარწერა ლითონზე (ვერცხლი) შესრულებული კიდურწაისრული დამწერლობის კლასიკური ნიმუშია.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარ., 1937;
  • Чубинишвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Tб., 1959; Sanikidze T., Abramishvili G, Orfivrerie georgienne du VII siècle, Cieneve.,1979.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები