ანტონ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კათოლიკოსი ანტონ I (1720-1788)

ანტონ I, (თეიმურაზ ბაგრატიონი) - (17(28).10.17201(12).- 03.1788, ქ. თბილისი), ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - (1754-1755; 1764-1788);

სარჩევი

ბიოგრაფია

ვახტანგ VI-ის ძმის, მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის (ელენეს) ვაჟი თეიმურაზ ბაგრატიონი მამის გარდაცვალების შემდეგ, 1727 წლიდან თელავის სასახლეში, თეიმურაზ II-ისა და მისი მეუღლის, თამარის მზრუნველობით ბიძაშვილთან, ერეკლე II-სთან, ერთად იზრდებოდა. სასახლეში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდა უფლისწული სწავლის გასაგრძელებლად გარეჯის მონასტერში გაგზავნეს, რომელიც განთქმული იყო მდიდარი ბიბლიოთეკითა და სწავლების მაღალი დონით. მისი მასწავლებლები იყვნენ არქიმანდრიტი სპირიდონი, პამფილიის მიტროპოლიტი პართენი და სხვ. ანტონ I-მა მიიღო ფართო განათლება, რადგან დიდი საერო კარიერისთვის ამზადებდნენ.

ვახტანგ VI-ის შთამომავლების რუსეთში გადახვეწის შემდეგ დედოფალი ელენე მიიჩნევდა, რომ სამეფო ტახტი შეიძლება მას დაეკავებინა. ამ მიზნით იგი ქართლის გავლენიანი თავადის, გივი ამილახვრის ასულზე დანიშნეს, მაგრამ 1735 წ. თბილისს შემოესია თამაზ-ხანი (შემდგომში — ნადირ-შაჰი), რომელმაც ანტონ I-ის საცოლე ირანში წაიყვანა, გივი ამილახვარი დაატყვევა, ხოლო ქართლის გამგებლად ანტონ I-ის გამაჰმადიანებული ძმა აბდულ-ბეგი დაადგინა. ამის შემდეგ ელენე ანტონ I-თან ერთად იმერეთში გადავიდა, იქიდან კი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ იმპერატორ ეკატერინეს ბრძანებით საზღვრის გადალახვა აეკრძალათ და ჩერქეზეთს დაასახლეს. იქიდან დედოფალმა ელენემ ანტონ I მალულად იმერეთს გაამგზავრა. იმერეთში მყოფი თეიმურაზი 1738 წ. გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა ანტონის სახელით.

1739 წ. ანტონ I გელათის წინამძღვარი გახდა. 1740 წ. იგი აფხაზეთის კათოლიკოსმა, გრიგოლმა ეპისკოპოსად აკურთხა და ქუთ. მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. ანტონ I იძულებული გახდა, კათედრა მალევე დაეტოვებინა, რადგან იმერეთში არეულობა დაიწყო: 1741 წ. იმერეთის მეფის მოწინააღმდეგე თავადებმა ახალციხის ფაშის დახმარებით მეფე ალექსანდრე V განდევნეს და ტახტზე მისი ძმა გიორგი აიყვანეს. ანტონ I თავდაპირველად თელავში ცხოვრობდა, ხოლო 1743 წლიდან კვლავ გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა.

1744 წ. აგვისტოს ანტონი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. აღსაყდრებას ესწრებოდა ერეკლე II.ანტონ I-ის კათოლიკოსად არჩევა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა. აღმოსავლეთ საქართველო გაერთიანდა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მმართველობის ქვეშ. ანტონ I-ის საეკლესიო და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს გაძლიერებისათვის თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ბრძოლასთან.

ანტონ I-ს მემკვიდრეობით წილად ხვდა დასუსტებული საეკლესიო მმართველობა, გაჩანაგებული ეპარქიები, გაუქმებული მონასტრები, მორღვეული სასულიერო განათლება. ანტონ I-მა დაიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება, გარს შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. ცენტრალური საეკლესიო მმართველობის აღსადგენად ა.შ. საყრდენად სამეფო ხელისუფლებას მიიჩნევდა. იგი მტკიცედ იღვწოდა სამეფო ძალაუფლების განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის, რასაც, მისი აზრით, უნდა აღედგინა და გაეძლიერებინა საეკლესიო წესრიგი. ამ მიზნით იგი ყოველთვის გვერდში ედგა თეიმურაზსა და ერეკლეს მათი პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში.

1744 წ., მართალია, თეიმურაზ II-მ ქართლის ტახტი მოიპოვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ შეილახა ქართლის ბაგრატიონთა ინტერესები, არ ემორჩილებოდა ქართლის დიდ ფეოდალთა ნაწილი. ანტონ I-მა თეიმურაზ II-ის ავტორიტეტის ასამაღლებლად მოაწყო მისი საზეიმო კურთხევა ქართლის მეფედ გვირგვინი დაადგა და მირონი სცხო, რასაც მთელი ქართლის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.ანტონ I-მა საზეიმო ცერემონიალი საგანგებოდ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს დაამთხვია, რომლის დროსაც მცხეთაში დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. მემატიანის შენიშვნით, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს არ ენახა მირონცხებული მეფე, ხალხი ადიდებდა და მადლობას სწირავდა ღმერთს, რადგან თეიმურაზ მეფის სახით მხსნელი მოუვლინა.

საეკლესიო გარდაქმნები

სამეფო კარი აფასებდა კათოლიკოსის ამგვარ თანადგომას და სწორედ სამეფო ხელისუფლების მფარველობითა და მხარდაჭერით დაიწყო ანტონ I-მა საეკლესიო გარდაქმნები. 1744 წ. და 1749 წ. ჩატარებულ საეკლესიო კრებებზე მკაცრად იქნა დადგენილი მღვდელმთავართა დგომის რიგი საზეიმო ღვთისმსახურების დროს. ანტონ I-მა თავი მოუყარა მეფეთა ნაბოძებ ყველა სიგელს საეკლესიო მამულების შესახებ და მეფეს დასამტკიცებლად წარუდგინა, რის საფუძველზედაც განახლებულ იქნა საკათოლიკოსო და საეპარქიო მიწისმფლობელობა, აღდგა ეპარქიები, რომელთა საზღვრები მკაცრად განისაზღვრა.ანტონმა მოაწესრიგა საეკლესიო მამულების მართვა. მიწები პატრიარქის ხელში მოაქცია და ეპარქიათა მღვდელმთავრებსა და ბერმონაზვნებს მკაცრად შეუზღუდა საეკლესიო თუ სამონასტრო ქონებით თვითნებურად სარგებლობის უფლება. დააარსა საეკლესიო სასამართლო-დიკასტერია, რამაც ხელი შეუწყო კათოლიკოსის ცენტრალიზებული ხელისუფლების განმტკიცებას. დადგენილ იქნა ჯარიმები საეკლესიო წესდების დარღვევისათვის.

სასულიერო განათლების განვითარება

მაგრამ ყველაზე მეტად ანტონი ყურადღებას აქცევდა საქართველოში სასულიერო განათლების განვითარებასა და გავრცელებას. მან მოიძია მთელ საქართველოში გაბნეული ხელნაწერები და მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შექმნა ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 7000 ტომს აღწევდა. მნიშვნელოვანი კულტურულ ცენტრებად აქცია იოანე ნათლისმცემლისა და გარეჯის სხვა მონასტრები. ერეკლე II-ის თანადგომით დაიწყო საეპარქიო სკოლების გახსნა. ეპისკოპოსებს დაევალათ ხალხისთვის წერა-კითხვის სწავლება. თელავსა და თბილისში გაიხსნა საუკეთესოდ ორგანიზებული სკოლები, რომელთა ბაზაზედაც შემდეგ სემინარიები დაარსდა. 1749 წ. საეკლესიო კრების დადგენილების საფუძველზე აღდგა ვახტანგ VI-ისეული სტამბა.

ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო, იგი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც სამეფო კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა. ანტონ I-ს გაკათოლიკება დასწამეს და „მწვალებლად“ გამოაცხადეს. მცხეთის საგანგებო საეკლესიო კრებამ 1755 წ. იგი კათოლიკოსობიდან გადააყენა.


1756 წ. ანტონ I რუსეთს გაემგზავრა, სადაც იგი ვლადიმირის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს (1757-1762). აქ გატარებული წლები მისთვის მემოქმედებითი თვალსაზრიაით ნაყოფიერი აღმოჩნდა და) საქართველოში ახალი ტიპის - სკოლების გახსნისათვის საჭირო ნიადაგის მოამზადებას მოახმარა. მან ლათინურიდან თარგმნა „ღვთისმეტყველება“, ფილოსოფიური ტრაქტატები, - კურციუსის ისტორია, შეადგიანა საქართველოს ისტორიის მოკლე კურსი, ლოგიკის, მეტაფიზიკის, თეორიული ფიზიკის, პრაქტიკული ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოები და სხვ. 1763 წ. ერეკლე II-მ ანტონ I საქართველოში დააბრუნა, ხოლო საეკლესიო კრებამ 1764 წ. კვლავ დაადგინა კათოლიკოსად.

ანტონ I-მა განაგრძო ინტენსიური სახელმწიფო-საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. 1772 წ. ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც აანტონ I-ის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 წ. რუსეთ-საქართველოს ტრაქტატისათვის. მისი მეცადინეობის შედეგად აღდგენილი ვახტანგ VI-ისეული სტამბა 1782 წ. „ახალ სტამბად“ გადააკეთეს. ერეკლე II-სთან ერთად შეიმუშავა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტი (თბილისში, გორსა და თელავში). ხელს უწყობდა კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. მკვიდრ ნიადაგზე დააყენა განათლების საქმე. ერეკლე II-ის დახმარებით საეპარქიო დაბალი სასწავლებლები თანდათან გარდაქმნა სახელმწიფო ტიპის სკოლებად. სემინარიებში სწავლება ორგანიზებული იყო რუსული სქოლასტიკური სკოლების მაგალითზე და უმთავრესად აგებული იყო მოსკოვის სლავურ-ბერბნულად. აკადემიის პროგრამის ნიმუშზე. ანტონ I-მა აუცილებელ საგანთა წრეში შეიტანა რიტორიკა, ფილოსოფია, ღვთისმეტყველება. მან თავად შეადგინა „ქართული ღრამატიკა“ (1753; მეორე მოკლე რედაქცია – 1767), რომელიც პირველი სრული სასკოლო გრამატიკა და ქართული ენის პირველი გრამატიკაც იყო. განსაცვიფრებელი ენობრივი ინტუიციის წყალობით ანტონ I ამჩნევს და აღნუსხავს ქართული ენისათვის ნიშანდობლივ მნიშვნელოვან მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს (მაგ.: სახ. და მოთხრ. ბრუნვების ფუნქციები, აკუზატივის უქონლობა, ზმნის მრავალპირიანობა). ანტონ I ღრმად იყო განსწავლული ბუნებისმეტყველებაში. თბილისის სემინარიაში თვითონ ასწავლდა ფიზიკას. მის ლექციებს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. ანტონ I-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში.

სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა

ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიური თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მის დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებაში „მზამეტყველება“ საეკლესიო საკითხებთან ერთად განხილულია ფილოსოფიური პრობლემები. „წყობილსიტყვაობაში“ (50–60-იანი წწ.) ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განხილულია რუსთაველის, პეტრიწის, სარგის თმოგველის, ჩახრუხაძის, სულხან-საბა ორბელიანის მემკვიდრეობა. მის ენციკლოპედიურ ნაშრომში „სპეკალი“ თავისებურად არის მორიგებული ეკლესია და „გარეშეთა“, ე.ი. ფილოსოფოსთა მოძღვრება. განხილულია არისტოტელეს, პლატონის, ამონიოსის, პორფირიოსის, გრიგოლ ნოსელისა და სხვათა შეხედულებები. „კატიღორია-სიმეტნე“, რომელიც ანტონ I-მა ლოგიკის სახელმძღვანელოდ გამოიყენა, დაწერილია არისტოტელესა და პორფირიოსის შეხედულებათა ახსნა-განმარტების მიზნით. ანტონ I-მა ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაუმაისტერის, ვოლფის, ლაიბნიცის, მხითარ სებასტიელის, სვიმონ ჯულფელისა და სხვათა ნაწარმოებებს. მისი „ღვთისმეტყველება“ შედგენილია ოთხ ტომად (დაასრულა 1779), ვარაუდობენ, ფრანგული საღვთისმეტყველო ენციკლოპედიის მიბაძვით. ანტონ I-ის ორიგინალურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული „მარტირიკა“ წარმოადგენს „საკითხავებს“ წმინდანთა დღესასწაულებზე.

მნიშვნელოვანია ანტონ I-ის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა. ქართველი წმინდანებისადმი მიძღვნილ იამბიკოებში იგი ჰიმნოგრაფიისათვის დამახასიათებელ რელიგიურ თემატიკასთან ერთად ავითარებს სამოქალაქო მოტივებს, ეხმაურება თანამედროვეობის პრობლემურ საკითხებს. მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ორიგინალური ჰომილეტიკის განვითარებაში. მისი ქადაგებები და ეპისტოლარული მემკვიდრეობა გამოირჩევა მხატვრული ოსტატობით. ანტონI-მა სცადა საქართველოში სამი სტილის თეორიის დანერგვა, რომლის თანახმად, „მაღალ მატერიაზე“ „მაღალი სტილით“ უნდა ეწერათ, საისტორიო თხზულება „საშუალო სტილს“, საყოფაცხოვრებო მოვლენები კი „დაბალ სტილს“ მოითხოვდა.

ანტონ I-მა შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას, აზროვნებასა და მწერლობას ღრმა კვალი დააჩნია. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ: იოანე გედევანიშვილი, ფილიპე ყაითმაზაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, გაიოზ და დავით რექტორები და სხვ. ანტონი გარდაიცვალა „ანჩისხატის“ საკათოლიკოსო სახლში. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

მ. ქავთარია

ლიტერატურა

  • ბაბუნაშვილი ე., ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ., 1970;
  • დუმბაძე მ., ქართლ-კახეთის განთავისუფლება ირანის ბატონობისაგან, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • კეკელიძე კ., ქართულლი ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჟორდანია თ., ანტონ I, „საქართველოს კათოლიკოსი და მთავარეპისკოპოსი ვლადიმირისა და იეროპოლისა“, ნაწ., 1, „საღვთისმეტყველო კრებული“, 1991, ნაწ., 2, „საისტორიო მოამბე“, 1997, # 69-70;
  • ფრანგიშვილი ა., ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში (XVII-XVIII სს. და XIX ს. დასაწყისი), თბ., 1959.

იხილე აგრეთვე

Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები