ანტონ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კათოლიკოსი წმ. ანტონ II (1762-1827)

ანტონ II – თეიმურაზ ბაგრატიონი მრავალვნებული - (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი) (08.01.1762-21.12.1827 ქ. ნიჟნი ნოვგოროდი), წმ. (ხსენ. დღე 21.12/03.01)], აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1788-1811 წწ. ერეკლე II-ისა (17441798) და დარეჯან დედოფლის ძე. პაპის - მეფე თეიმურაზ II-ის (1745-1762) — პატივსაცემად დაარქვეს თეიმურაზი.

პირველდაწყებითი განათლება ანტონ I-ის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1784 წ. ეკატერინე II-თან მოლაპარაკების მიზნით რუსეთს ეწვია ქართული დიპლომატიური მისია, რომელშიც შედიოდა ამ დროისათვის ანტონის სახელით შემონაზვნებული თეიმურაზი. 1784 წ. ერეკლე II-ის თხოვნით, რუსეთში ანტონი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდის (კახეთი) ეპისკოპოსად. ქიროტონია ჩატარდა ცარსკოე სელოს კარის ეკლესიაში ეკატერინე II-ისა და სამეფო კარის თანდასწრებით. იმავე წელს, ჯერ ისევ რუსეთში მყოფი ანტონი მეფე ერეკლეს თხოვნით, დაუსწრებლად აიყვანეს ალავერდელი მიტროპოლიტის კათედრაზე, ხოლო ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1789 წ. 29 ოქტომბერს, მცხეთაში აკურთხეს კათოლიკოსად. 1801 წ. საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ რუსეთის ტახტის ერთგულებაზე ხალხის დაფიცებისთანავე ანტონ II-მ მიიღო სერაფიმებით გამშვენებული თეთრი ბარტყულა და ბრილიანტის ჯვრით შემკული ალექსანდრე ნეველის ორდენი. მთავარმართებლები (კ. კნორინგი, პ. ციციანოვი, ა. ტორმასოვი) ხშირად ერეოდნენ საეკლესიო საქმეებში. ცდილობდნენ შეეზღუდათ კათოლიკოსის უფლებები, კონტროლი დაეწესებინათ საეკლესიო შემოსავალზე, მოითხოვდნენ მათთან შეთანხმებით სასულიერო პირთა თანამდებობაზე დანიშვნას, ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ, რათა ეპისკოპოსებს ნებაყოფლობით უარი ეთქვათ სამწყსოზე; ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრების გარდაცვალების შემთხვევაში ანტონ II-ს არ აძლევდნენ ახალი ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებას; დაქვრივებულ ეპარქიებს აუქმებდნენ და ამ გზით თანდათან ამცირებდნენ ეპარქიათა რიცხვს.

ანტონ II ვერ ეგუებოდა საეკლესიო მმართველობის რუსულ წესებზე გარდაქმნას. განუხრელად იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ანტონ II არ დაემორჩილა რუსთა მოხელეებს და საქართველოს ეკლესიებში წირვა-ლოცვის დროს მეფედ იულონ ბატონიშვილს მოიხსენიებდა. რუსეთის ხელისუფლება ეძებდა გზებს, რათა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) გაეუქმებინა და საბაბს ეძებდა, რათა ანტონ II მშვიდობიანად ჩამოეცილებინა საკათოლოკოსო ტახტისათვის. მას ბრალი დასდეს ქართული სამართლის მიხედვით მიწისმფლობელობის წესის დარღვევაში; დაუპირისპირეს ტფილელ-ბოლნელი მიტროპოლიტი არსენი, რომელმაც, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმპერატორ ალექსანდრე 1-ს (1801-1825) გაუგზავნა წერილობითი აპელაცია, რამაც რუსეთის მთავრობას საშუალება მისცა, ანტონ II რუსეთში გაეწვია და მის არყოფნაში ეკლესიის ავტოკეფალია გაეუქმებინა (1811 წ. 30 ივნ.). იმპერატორის დაჟინებული „მიპატიჟებით“ ანტონ II 1810 წ. 3 ნოემბერს სვეტიცხოველში წირვისა და პარაკლისის გადახდის შემდეგ სამუდამოდ გამოეთხოვა სამშობლოს. მას გაჰყვნენ თბილისის კვირაცხოვლის ტაძრის დეკანოზი აარონ ალექსის ძე მესხი, დეკანოზი გიორგი (მცხეთელი), თბილისის ყოფილი მოურავი ესტატე ციციშვილი (ანტონის დისწული, მარიამ ბატონიშვილის შვილი) და სხვ. რუსეთის იმპერიამ გააუქმა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა (ავტოკეფალია) და განახორციელა ადმინისტრაციულ-სტრუქტურული და ეკონომიკური ხასიათის ცვლილებები. აღმოსავლეთ საქართველოს საკათოლიკოსო რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გადაკეთდა. ეგზარქოსებად ნიშნავდნენ რუსეთიდან მოვლინებულ მღვდელმთავრებს. მთავარ ტაძრებში წირვა-ლოცვა სლავურ ენაზე ტარდებოდა. საეკლესიო ქონება აღწერეს, რათა იგი რუსეთის ხაზინას გადასცემოდა. რუსეთის მთავრობამ ქართულ ეკლესიას ეკონომიკური საფუძველიც წაართვა. ეს კი ცარიზმისთვის გარანტია იყო იმისა, რომ ქართული ეკლესიის როლი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ქართული ეროვნული სულის შენარჩუნების საქმეში.

1811 წ. 10 ივნისს ალექსანდრე პირველმა ანტონ II-ს ამცნო, რომ „სრულიად რუსეთის სახელმწიფოსთან საქართველოს მიერთების შემდეგ, საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უნდა შეერთებულიყო უწმინდესი და უმართებულესი სინოდის გამგეობას. ახალ მმართველობასთან შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის დატოვება... ყოვლადწყალობით გითხოვთ საქართველოს ეკლესიის საქმეთა მართვისაგან, უწმინდესი სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის წოდების შენარჩუნებით“. ამავე წერილში იმპერატორი ჰპირდებოდა ანტონ II-ს „წყნარ და უშფოთველ ცხოვრებას შუაგულ რუსეთში“. დაკარგული თავისუფლების სანაცვლოდ ანტონ II-ს უბოძეს ხავერდის მანტია, წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ყოველწლიური პენსია 54 ათასი მანეთი, იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულის ნაქონი ექვსცხენიანი ოქროცურვილი ეტლი და რუსეთის სინოდის წევრობა.

ანტონ II სხვადასხვა დროს ცხოვრობდა პეტერბურგში, მოსკოვში, ტამბოვში, ბოლოს კი საცხოვრებლად აირჩია ნიჟნი-ნოვგოროდი, სადაც ვახტანგ VI-ის შთამომავლები ცხოვრობდნენ. თავდაპირველად სოფელ ლისკოვოში დასახლდა. იქ ქართულ ეკლესიაში ეწეოდა ღვთისმსახურებას. 1824 წლიდან კი ნიჟნი-ნოვგოროდის ღვთისმშობლის საფარვლის მონასტრის ხარლამპის ეკვდერში ქართულად ასრულებდა წირვა-ლოცვას. 1822 წ. მარტში ანტონ II-მ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს, რათა ნება დაერთოთ, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ჯანმრთელობაშერყეულს იქ გაეტარებინა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ხელისუფლებამ მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ასტრახანში დასახლების უფლება მისცა, თუმცაანტონ II. ისევ ნიჟნი-ნოვგოროდში დარჩა. დასნეულებულმა ანტონ II-მ 1825 წ. 19 ოქტომბერს შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად, მთელი ქონება ერთგულ მეგობარს, თავის დისწულს, ესტატე ციციშვილს დაუტოვა. ანტონ II გარდაიცვალა 1827 წ. 21 დეკემბერს. დაკრძალეს ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების ტაძარში. 1841 წ. ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი ფერისცვალების ახალ მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმ. დიმიტრის ეკვდერის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.

ანტონ II-ის მემკვიდრე, ესტატე ციციშვილი, მისი გარდაცვალებიდან ხუთი თვის თავზე გარდაიცვალა. კათოლიკოსის პირადი ნივთები, გულსაკიდი ხატი (პანაგია), ბარტყულის ბრილიანტის ჯვარი და მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც ანტონ II-ის ბიბლიოთეკის ნაწილს წარმოადგენდა, რუსეთის უწმინდეს სინოდს გადაეცა. ჯვრისა და პანაგიის საფასური კი ესტატეს შვილს, პრაპორშჩიკ დავით ციციშვილს გადაეგზავნა.

ქართველმა მწერლებმა (ბესარიონ გაბაშვილი, დავით — ალექსი-მესხიშვილი, იოანე ლარიძე) ანტონ II-ს მიუძღვნეს რამდენიმე პოეტური ნაწარმოები. ლექსი უძღვნა მას ძმამ, ბატონიშვილმა მირიანმა. ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე დიდი ღვაწლისა და გადატანილი დევნა-შევიწროების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა 2011 წ. 11 ივლისს მრავალვნებულის სახელით ანტონ II. წმინდანად შერაცხა. წმ. სინოდის გადაწყვეტილებით დაიწერა ანტონ II-ს ხატი და შეიქმნა წმინდანისადმი მიძღვნილი _ სავედრებელი ტროპარი.

ქ. ნადირაძე
ე. ბუბულაშვილი

ლიტერატურა

  • ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგ. 1, თბ., 1980;
  • ბუბულაშვილი ე., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, თბ., 2002;
  • კარბელაშვილი პ., იერარქია საქართველოს ეკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, ტფ., 1900.

იხილე აგრეთვე


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები