ანჩისხატის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჩისხატის ეკლესია

ანჩისხატის ეკლესია - თბილისის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (მცხეთა-თბილისის ეპარქია). მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი შავთელის ქ-ის №5/7).

ანჩისხატის ეკლესია თბილისის ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლია. აგებულია VI ს. დასაწყისში მეფე დაჩი უჯარმელის დროს. გ. ჩუბინიშვილის აზრით, ახლანდ. ანჩისხატის ეკლესია უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისალში“ მოხსენიებული „მარიამ წმიდალ ეკლესიად“. არსებობს მოსაზრება, რომ ანჩისხატის ეკლესიას ძველ დროში „ზარის საყდარს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ არაბთა ბატონობის დროს, მხოლოდ ამ ტაძარს, როგორც ქართლის კათოლიკოსის ეკლესიას, ჰქონდა ზარის რეკის უფლება. „ანჩისხატი“ ტაძარს ეწოდა მას შემდეგ, რაც ანჩის მონასტრიდან წამოღებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი („ანჩის ხატი“) აქ დააბრძანეს (XVII ს.). ვახუშტი ბატონიშვილი მას საკათოლიკოსო ეკლესიად მოიხსენიებს: „არს კუალად ანჩისხატი დიდი უგუმბათო კათალიკოზისა...“.

სარჩევი

აღწერილობა

ანჩისხატის ეკლესია თბილისის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ხუროთმოძღვრულ ძეგლთა რიგშია, რომელმაც ჟამთა ვითარებას გაუძლო და, რიგი გადაკეთებების მიუხედავად, დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული ხუროთმოძღვრების, ისე თბილისის ისტორიისთვის. „ანჩისხატი“ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს (ზომები: 22 X 13 მ). იგი მოყვითალო ტუფის კვადრებითაა აგებული. აქვს სამნავიანი ბაზილიკისთვის დამახასიათებელი პროფილი – ორქანობა სახურავით გადახურული შუა ამაღლებული ნავითა და დაბალი, ცალფერდა სახურავით გადახურული გვერდითი ნავებით.

ტაძრის ინტერიერი გარეგნული პროფილის ანალოგიურადაა დანაწევრებული: შუა ნავი გვერდითებზე მაღალი და ფართოა. იგი აღმოსავლეთით გეგმით ნალისებური აფსიდით ბოლოვდება. აფსიდაში დიდი ზომის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია. აფსიდისგან გამოყოფილ პასტოფორიუმებს შესასვლელები გვერდითი ნავებიდან აქვს. სადიაკვნე გეგმით კვადრატულია, სამკვეთლო კი – წაგრძელებული. იგი ჩრდილოეთ ნავზე უფრო ფართოა და მისი გრძივი ღერძი ჩრდო-სამხრეთისკენაა მიმართული. ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე იგი კედლის საერთო აბრისიდან გამოსულია და ტეხილ კონტურს ქმნის. ძალზე მაღალი პასტოფორიუმები გაურკვეველი ფორმის კამარებითაა გადახურულთ რომლებიც ჯვრულ კამარებს მოგვაგონებს. ნავები ერთმანეთისგან აგურის მრგვალი სვეტების ორი მწკრივითაა გაყოფილი. იმის გამო, რომ განივი კედლებიდან მათი დაშორება არათანაბარია, სვეტებზე დაყრდნობილ თაღებს განსხვავებული რადიუსი და მოყვანილობა აქვს. თაღების დასავლეთი წყვილი ყველაზე მცირე ზომის მალით ხასიათდება. მისი დასავლეთ მონაკვეთები ნალისებურია. თაღების ცენტრალური წყვილი ნახევარწრიული და ოდნავ დადაბლებულია, აღმოსავლეთ წყვილს კი აფსიდასთან ნალისებური მოყვანილობა აქვს და შემდეგ ნახევარწრიულ მოხაზულობაში გადადის. ნავები სიგრძეზე კამარებითაა გადახურული. ცენტრალური ნავის კამარა შეისრული ფორმისაა, გვერდითი კამარები კი – ნახევარწრიული. აფსიდა ცენტრალური ნავის კამარაზე გაცილებით დაბალია, ამის გამო ტრიუმფალური თაღის ზემოთ ვერტიკალური, მაღალი შუბლია აღმართული, რომლის უკან, კონქის თავზე, ბნელი სათავსი-სამალავის არსებობაა სავარაუდო.

საკურთხევლის აფსიდაში წინ ძლიერ გამოწეული, გეგმით კვადრატული ქვის ტრაპეზი დგას. ტაძრის სამი – დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ – შესასვლელი სწორკუთხა მოყვანილობისაა. დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ღია ლუნეტებია, სამხრეთისაზე კი – პარალელურწირთხლებიანი სწორკუთხა სარკმელი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელზე იატაკის დონიდან დაწყებული არაღრმა თაღოვანი ნიშია.

ტაძრის გარე მასები სადა და ლაკონიურია. განსაკუთრებით ღირებულია აღმოსავლეთ ფასადი, რომელსაც შემორჩა როგორც ძველი წყობის ძირითადი ნაწილი, ასევე ყველა ღიობი. კარგად მორგებული თლილი კვადრებით შესრულებული წყობა ქართული ძეგლებისთვის დამახასიათებელი ფასადის სიბრტყეს ქმნის. აფსიდას დიდი სარკმელი ნალისებური თაღითა და პარალელური აყოლებით 103 სმ სიგანისა და 265 სმ სიმაღლისაა. მის ზემოთ ნახევარწრიული მოყვანილობის თავსართის წყობის ნაშთები ჩანს მოკლე ჰორიზონტალური გადანაკეცებით, ოდესღაც კედლის სიბრტყიდან გამოწეული, დღეს იგი სრულიად მონგრეულია. დღეისათვის თავსართის ზუსტი სურათი აღდგენილია. იგი სიგანით 21 სმ იყო და სარკმლის თავს 38 სმ დაშორებით უვლიდა. მისი ნალისებური თაღების მწკრივით შედგენილი დეკორი ადრეული პერიოდის ქართულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ გავრცელებულ მოტივს წარმოადგენს, რომელსაც კარნიზებისა და თავსართების შესამკობად იყენებდნენ. აფსიდის სარკმლის ორსავე მხარეს პასტოფორიუმების ნახევარწრიული თაღებით დაბოლოებული სარკმლებია განლაგებული. აღმოსავლეთ ფასადზე მხოლოდ გვერდითი ნავების ზედა ნაწილები და მთავარი ნავის ზედა ნაწილის ნახევარზე მეტია განახლებული. გარდა ამისა, XVII ს. გემოვნების შესაბამისად შეცვლილია სახურავის ქანობი და კარნიზის ფორმა. დასავლეთ ფასადი მკაცრად სიმეტრიულია: სწორკუთხა შესასვლელის თავზე მდებარე ლუნეტის მაღლა ასევე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ზევით „ჯვრის ამაღლების“ რელიეფური კომპოზიციის ფრაგმენტებია გვიანდელ წყობაში ჩართული. ამ ფასადის გვერდითი მონაკვეთები სხვადასხვა ზომისა და ფორმის აგურითაა მთლიანად შეკეთებული. წყობის ნახატის მიხედვით, დასავლეთ ფასადის ლუნეტის თავზე სიბრტყიდან გამოწეული თავსართი უნდა ყოფილიყო ჰორიზონტალური გადანაკეცებით.

სამხრეთ ფასადის წყობა დასავლეთისაზე უკეთესადაა შემონახული. მთავარი ნავის ქვის ძველი წყობა კარგადაა შემორჩენილი მის აღმოსავლეთ მხარეს. აგურით ამოშენებულ დანარჩენ მონაკვეთებში კი ქვები ცალკეული ფრაგმენტების სახით მოჩანს. ჩრდილოეთ ფასადი სხვებზე მეტადაა დაზიანებული. თითქმის მთელი სიბრტყე აგურითაა შეკეთებული და მხოლოდ აქა-იქ მოჩანს ძველი ქვები. ფასადებს შორის იგი ყველაზე ყრუა. ტაძრის კედლებს გვიანდ. შუა საუკუნეების ძეგლებისთვის დამახასიათებელი „ხერხულა“ კარნიზი აგვირგვინებს.

„ანჩისხატ“-ში სამი ძირითადი სამშენებლო ფენაა გამოვლენილი:
1 – VI ს. დასაწყისის ბაზილიკის ფენა;
2 – XVII ს. მეორე ნახ-ის სარესტავრაციო სამუშაოების ფენა;
3 – XIX ს. დამატებები და მინაშენები.

ნიშანდობლივია, რომ XIX საუკუნის I ნახევარშიში ეკლესიის ინტერიერი და ფასადები მნიშვნელოვნად დაამახინჯეს სხვადასხვა სახის მინაშენებითა თუ გადაკეთებებით: ბაზილიკას ქართული ძეგლებისთვის სრულიად უცხო, გეგმით მრგვალი, ცრუ გუმბათი ედგა, ნახევრად სფერული სახურავითა და ყრუ სარკმლებით. ეკლესიის დასავლეთ ფასადს თითქმის მთლიანად ფარავდა მრავალსართულიანი სამრეკლო. სამხრეთის ფასადს ორ რიგად განლაგებული თანამედროვე სტილის ფანჯრები და პატარა, თუნუქით აკრული კარი ჰქონდა. ტაძარი გარედან კირით იყო შეთეთრებული.

ტაძრის ინტერიერი

ამაზე უფრო ეკლექტიკური იყო ტაძრის შიდა სივრცე. ტომეტის ფერადი ფილებით დაგებული ამაღლებული იატაკის ფონზე ორი წყვილი, გეგმით მრგვალი, დაბალი, გაჯით შელესილი და ზეთის საღებავებით შეფერადებული სვეტები სრულიად უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ცენტრალური ნავის დასავლეთ ბოლოში მოწყობილ ხის პატრონიკეს შესასვლელი სამრეკლოდან (XI-X ს.) ჰქონდა. ტაძრის მთავარი სივრცის კედლებს, თაღებს სვეტების კაპიტელებს ძველი ქართული ხელოვნებისთვის სრულიად უცხო, ზეთის საღებავებით შესრულებული მხატვრობა ფარავდა.

მინაშენებისა და შელესილობების მოხსნის შედეგად გამოაშკარავდა VI და XVII სს. სამშენებლო ფენები: VI ს. სვეტების საძირკვლები და სამხრეთ მინაშენის კედლები. გაირკვა, რომ VI ს. აგებული ბაზილიკის ტუფის კვადრებიდან თითქმის ყველა კედელი იყო შემორჩენილი კამარების ქუსლების დონემდე, გარდა ცენტრალური ნავის გრძივი კედლების დიდი ნაწილისა. საბოლოოდ გამოვლინდა ბაზილიკის პირვანდელი სახე: ეს იყო სამნავიანი ბაზილიკა მინაშენით სამხრეთიიდან, რომელიც აგებული იყო კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით. ბაზილიკაში სამი წყვილი, გეგმით ჯვრისებური, სვეტი იდგა. სვეტების მწკრივს ოთხ-ოთხი ნალისებური ფორმის თაღი ეყრდნობოდა. დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს ნალისებური ღია ლუნეტები ჰქონდა. სამხრეთ კარი კი, რომელიც კარიბჭეში გადიოდა, ულუნეტო იყო და ფასადის მხრიდან არქიტრავზე გამოკვეთილი ჰქონდა „ჯვრის ამაღლების“ კომპოზიცია. მისი ფრაგმენტები XVII ს. დასავლეთ ფასადის წყობაში ჩაურთავთ. სამხრეთ ნავს სამი დიდი ნახევარწრიული ფანჯრის ნაცვლად ოთხი სწორკუთხა სარკმელი ამშვენებდა. ინტერიერი გადახურული უნდა ყოფილიყო არა ამჟამინდელი შეისრული ფორმის, არამედ ნახევარწრიული კამარის ნალისებური საბჯენი თაღებით. „აანჩისხატს“ ძველი ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნალისებურთაღიანი კარნიზი აგვირგვინებდა, რომლის ერთადერთი ნატეხი დასავლეთ ფასადთან მიწის დადაბლების დროს აღმოჩნდა.

აღდგენითი სამუშაოები

XVII ს. აღდგენითი სამუშაოების დაწყებისთვის ტაძარი ისე ყოფილა დაზიანებული, რომ სამი წყვილის ნაცვლად ორი წყვილი სვეტის აგება მოუხდათ. კედლების ზედა ნაწილები გადახურულია ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ფორმებითა და იმ დროს გავრცელებული მასალით – აგურით. ვინაიდან XVII ს. ფენა „ანჩისხატის“ ისტორიაში გარკვეულ საფეხურს წარმოადგენს როგორც რაოდენობით, ისე კონსტრუქციული მნიშვნელობით, ამიტომ ეკლესიის აღდგენა შეიზღუდა XVII ს. წყობის ფარგლებში შემონახული კარ-სარკმლების აღდგენითა და წყობის დაზიანებული ადგილების გამაგრებით, სახურავის შეკეთებითა და ძეგლის კეთილმოწყობით. ძეგლის პირვანდელი გეგმის თვალსაჩინოებისთვის იატაკის დაგების დროს ის ადგილები, სადაც ძვ. სვეტების საძირკვლები ჩანდა, ღიად იქნა დატოვებული. სამხრეთ მინაშენის კედლებს, რომელშიც წყობის ერთი ან ორი რიგია შენარჩუნებული, ერთი დაბალი რიგიც დაემატა ნგრევისგან დასაცავად. როგორც ირკვევა, მინაშენი ვიწრო და გრძელი იყო. იგი განივი კედლებით სამ განცალკევებულ: იზოლირებულ ნაწილად იყო გაყოფილი, ამათგან აღმოსავლეთი თავის დროზე ოდნავ სცილდებოდა აღმოსავლეთ ფასადის სიბრტყეს. მინაშენის სიგრძე ტაძრის სიგანეს უტოლდებოდა, სიგანე კი 4 მ უდრიდა. ამ სათავსში, სავარაუდოდ, ნათლობის რიტუალი ტარდებოდა, რასაც მიუთითებს ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მისი განლაგება, ბოლნისის სიონის ანალოგიური მდებარეობის მქონე ორაფსიდიანი სათავსის მსგავსად. ნავთაშორისი სვეტების საძირკვლების სრულ გახსნამდე გამოჩნდა აკლდამები იატაკის ორივე ფენაში განლაგებული საფლავის ქვებით. ზოგიერთ საფლავს ახლომდებარე კედელში ჩაშენებული მესამე ქვაც ჰქონდა.

მოხატულობა

XIX ს. შუა წლებში ტაძრის მთელი ინტერიერი აგაფონ ოვნათამოვის მიერ იყო მოხატული ზეთის საღებავებით გაჯის ნალესობაზე. მოხატულობის სტილი XIX ს. რუსი და ევროპელი მხატვრობის მსგავსია. კედლებიდან ბათქაშის მოშორებით გამოვლინდა XVII ს. მოხატულობის ფენა, რომელიც 1683 წ. კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის (1678-1688; 1692-1695) დაკვეთითაა შესრულებული. ამ ფენას ეკუთვნის აფსიდის სარკმლის ზედა ნაწილის ორსავე მხარეს ევქარისტიის სცენის ნაწილობრივ შემორჩენილი ფიგურები და სარკმლის თავზე ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის ფიგურის ქვედა ფრაგმენტი. აფსიდის ჩრდილოეთ კიდეში 1683 წლით დათარიღებული მხედრული წარწერაა. კონქის შუბლი მთლიანადაა დაფარული იესეს ხის რთული, მრავალფიგურიანი კომპოზიციით. მთელი ეს მხატვრობა დასერილი იყო XIX ს. ზედ დადებული ბათქაშის შესაჭიდებლად.

„ანჩისხატის“ ინტერიერში მოხატულობის ორივე ფენის ფრაგმენტები აღინიშნება კონქში, კონქის შუბლზე (სრულად), ნავების კამარებსა და ცენტრალური ნავის მაღალი კედლების მონაკვეთზე, ასევე თაღებსა და სვეტების ბალიშისებურ კაპიტელებზე რუსული წარწერებითა და მცენარეული მოტივით.

წარწერები

„ანჩისხატ“-ის ერთადერთმა ლაპიდარულმა წარწერამ ჩვენამდე მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტების სახით მოაღწია. ის „ჯვრის ამაღლების“ რელიეფზეა შემორჩენილი. გრაფემებს არქაული ხასიათი აქვთ. მასზე შემდეგი იკითხება; „უფალო/მეფესა/დაჩი/ს/ შეხეწიე“ (სახელი დაჩი ვარაუდით არის აღდგენილი). მეფის ტიტულის მოხსენიების ფაქტი უდავოს ხდის, რომ იგი შესრულებული უნდა იყოს არა უგვიანეს 523 წ., ე.ი. მანამდე, ვიდრე ირანი გააუქმებდა სამეფო ხელისუფლებას საქართველოში. მეორე ლაპიდარული წარწერა, რომელიც ბაზილიკას ეხება, ჩაყოლებულია XVII ს. სამრეკლოს დასავლეთ ფასადის წყობაში. წარწერა მხედრულითაა შესრულებული. იგი ამოკვეთილია თეთრი ფერის ერთმანეთის თავზე მოთავსებულ ორ ქვაზე. წარწერა სამრეკლოს აგებისა და ტაძრის განახლების თარიღს (1675) გვაუწყებს.

„ანჩისხატის“ მესამე წარწერა ფრესკულია. მასში მოხსენიებულია კათოლიკოსი ნიკოლოზი (ამილახვარი), რომელიც ცნობილია, როგორც მხატვართა მფარველი და მოხატულობის დამკვეთი.

1958 წ. ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა.

1981 წ. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რამდენიმე მეტრში, XVIII ს. აგურით ნაგები შენობის მძლავრი კედლები გამოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, კათოლიკოს დომენტის სასახლის ნაშთები უნდა იყოს.




წყარო

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები