ანჩისხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანჩის ხატი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ანჩისხატი

ანჩისხატი - ანჩისხატი ეწოდება უფლის ხელთუქმნელ ხატს.

ანჩის ხატის ჩამობრძანება თბილისში მოხდა მე-17 საუკუნეში, როდესაც ქართველთა შორის ცოდვათა გამრავლებისათვის მაჰმადიანობამ იმძლავრა და ტაო-კლარჯეთი სოფ. ანჩითურთ თურქების ხელში გადავიდა. ქრისტიანული სიწმიდეები ჯერ სამცხე-ახალციხეში გადმოიტანეს, იქიდან კი საქართველოს სხვადასხვა მხარეს შეაფარეს.

1660 წელს დომენტი კათოლიკოსმა 120 თუმნად ჩამოატანინა გორელ ვაჭარს - ამირჯანა ივანგულიშვილს სამცხედან 10 ხატი, რომელთა შორის უპირველესი იყო ანჩისხატი. იგი ჯერ გორში დააბრძანეს, შემდეგ კი სოფელ ჭალაში, თავად იოთამ ამილახვარის ბინაში, სადაც დარჩა როსტომ მეფის გარდაცვალებამდე. იოთამის შვილს - გივი ამილახვარს ანჩისხატის კარედის კარები მოუჭედინებია. ამას გვამცნობს კარებზე გაკეთებული წარწერა. შემდეგ დომენტი კათოლიკოსმა 1664 წელს დიდი ლიტანიობით ჩამოაბრძანა ჯერ მცხეთაში, შემდეგ კი თბილისში, ღმრთისმშობლის შობის ეკლესიაში, რომელიც მე-7 საუკუნიდან კათოლიკოს ბაბილას მიერ საქართველოს საკათედრო ტაძრად იყო გადაქცეული. იმ დღიდან, როცა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა დაიმკვიდრა ეს ეკლესია, იგი იწოდება ანჩისხატის ეკლესიად.

ხატი ამჟამად დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში. განსაკუთრებით გამოირჩევა ხატის მოჩარჩოება, რომელიც ქართული ჭედური ხელოვნების ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევართაგანია. მისი ავტორია განთქმული ქართველი ოქრომჭედელი ბექა ოპიზარი, რასაც მოწმობს მოჩარჩოების ქვედა ნაწილზე მოთავსებული წარწერა.

სარჩევი

ისტორია

ხატის შექმნის ისტორია ასეთია: ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების დროს, ედესის მთავარი ავგაროზი უკურნებელი სენით გახდა ავად. მან შეიტყო, რომ იერუსალიმში დიდი წინასწარმეტყველი იესო, რომელიც ყოველგვარ სენს კურნავდა და ასეთი წერილი გაუგზავნა მას: „მესმის შენთვის და კურნებთა შენთათვის, რამეთუ ვითარმედ თვინიერ წამლისა იქმ კურნებათა და სიტყვითა ოდენ ბრმათა ხედვასა მიმადლებ, მკელობელთა (კოჭლთა) სვლასა და ყრუთა სმენასა. ამიტომ ვთვლი, რომ შენ ან ღმერთი ხარ, ან ძე ღმრთისა, ჩვენთვის ზეციდან გადმოსული, ამისთვის მთხოვნელი ვარ, რათა მოხვიდე ჩემდა და განკურნო სნეულება ჩემი“. და იმასაც ახსენებდა ავგაროზი, რომ ქრისტეს ებრაელები სდევნიდნენ და სთხოვდა, ჩასულიყო ედესში, სადაც ხელს ვერავინ ახლებდა და ავგაროზსაც განკურნავდა. მთელ მსოფლიოში ცნობილია ქრისტეს ეს ერთადერთი წერილი, რომელიც გაუგზავნა წარმართ ავგაროზს, რადგანაც ავგაროზმა უნახავად ზუსტად ამოიცნო, რომ ქრისტე იყო ძე ღვთისა. (ქრისტეს პასუხი ავგაროზის წერილზე) იესოს წერილის მიღებით ბედნიერმა ავგაროზმა მოინდომა, რომ მაცხოვრის ხატი ჰქონოდა. ამიტომ მან გაგზავნა მხატვარი ანანია, რათა გამოეხატა უფლის სახე, მაგრამ ანანიამ ვერ შესძლო ავგაროზის დავალების შესრულება. ბოლოს ანანია ბორცვზე ავიდა და იქიდან ცდილობდა დაეხატა მოწაფეებით გარშემორტყმული იესო. იესომ შეამჩნია მხატვარი, დაუძახა და ჰკითხა, რა მიზანი ჰქონდა მის აქ ყოფნას. მხატვარმა სიმართლე მოუთხრო. მაშინ იესომ ანანიას გამოართვა ტილო, რომელზეც უნდა დაეხატა, დაასველა და სახეზე მიიდო. ტილოზე გადავიდა მაცხოვრის სახის გამოსახულება. ასე შეიქმნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის საქართველოში არსებობას მთელი საქრისტიანო აღიარებს, ოღონდ ცოტა სხვადასხვანაირად, მაგ: რუსული „სამაგიდო წიგნი მღვდელმსახურთათვის“ ამბობს, რომ ედესში გაგზავნილმა ხატმა ანაბეჭდი გააკეთა ვიღაცის ლაბადაზე და ეს ხატია საქართველოში; ზოგან კი პირდაპირ წერია, რომ საბერძნეთიდან გადმოტანილი ხელთუქმნელი ხატი ინახება საქართველოში.

კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი III, ვახტანგ VI-ის ძმა ძალიან განათლებული იყო. მას მოვლილი ჰქონდა იერუსალიმი, საბერძნეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები. იგი დაწვრილებით მოგვითხრობს ხატის ისტორიას და სადავოს არა ხდის ედესის ხატისა და ანჩის ხატის იგივეობას.

უფლის ხელთუქმნელი ხატის კეცზე ამოტვიფრული პირი

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ედესში მხატვარმა ანანიამ და მოციქულმა თადეოზმა წააბრძანეს. გზაში შემოაღამდათ და ღამე სოფელ იეროპოლისში, ერთი მექოთნის ოჯახში გაათენეს. ხატი რომ არ დაჭმუჭნულიყო, მოათავსეს ორ კეცს შორის. ღამე მთელი სოფელი საოცრად გაანათა ზეციდან გადმოსულმა დიდმა ნათელმა, რომელიც ეცემოდა ამ ქოხს. ყველამ იხილა, რომ ეს საოცარი ნათელი სვეტი ზუსტად იმ ორ კეცზე ეშვებოდა, რომელთა შორისაც იყო მოთავსებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. როდესაც კეცები მოაცილეს ტილოს, დაინახეს, რომ ერთ-ერთ კეცზე, საითაც პირი ჰქონდა მიქცეული ხატს, აღბეჭდილიყო ხელთუქმნელი ხატის უზუსტესი გამოსახულება.

ეს ხატი ცნობილია, როგორც კეცზე ამოტვიფრული პირი უფლის ხელთუქმნელი ხატისა. იგი ქოხის პატრონმა თავისთან დაიტოვა (ერთ-ერთი ვერსიით ქალაქის გამგებელმა წაიღო ახალი ხატი), რომელიც მე-6 საუკუნეში ერთ-ერთი არიოზელის ხელში აღმოჩნდა. იგი ანტონ მარტყოფელმა შემთხვევით იპოვა, ხატი ჩუმად წამოიღო და შემოაბრძანა საქართველოში, როცა სხვა 13 ასურელ მამასთან ერთად შემოვიდა ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ამ ხატს მარტყოფში აუშენა ტაძარი, რომელიც იწოდება ღვთაების ეკლესიად. დიდი თურქობის დროს ეს ხატი გადამალეს და ჯერ არ ვიცით სად არის. ჩვენი პატრიარქის აზრით, ჯერ-ჯერობით არა ვართ ჩვენ იმის ღირსნი, რომ კიდევ ერთი სიწმიდე ვიხილოთ. დადგება დრო და ისიც გამოჩნდება.

უფლის ხელთუქმნელი ხატის სასწაულები ქალაქ ედესში

მოციქულმა თადეოზმა და მხატვარმა ანანიამ, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით (მთავარი ხატით), გზა გააგრძელეს ედესიისაკენ. ედესიის კარიბჭესთან მათ იხილეს ერთი კუტი მათხოვარი ბიჭი. თადეოზმა მას შეახო ხატი და ბიჭი განიკურნა. სასწაულის შესახებ ამბავი უმალ გავრცელდა ქალაქ ედსში. როდესაც ავგაროზმა ის ბიჭი დაიბარა და გაიგო, თუ როგორ განიკურნა იგი, ექვსი წლის ავადმყოფი ავგაროზი ბრწყინვალე სამოსით შეიმოსა და ისე მიეგება სასწაულმოქმედ ხატს. ავგაროზი ისეთი დიდი სასოებით ემთხვია მას, რომ უმალვე თითქმის სრულიად განიკურნა. ავგაროზი დაემხო მის წინაშე და ცრემლით ჰმადლობდა ღმერთს. ამის შემდეგ იგი ცოლ-შვილთან და შინამოსამსახურეებთან ერთად მოინათლა. ედესის მთავარმა ხატი ფიცარზე დააკვრევინა და ზედ დააწერა: „ქრისტე ღმერთო, რომელი გესვიდეს შენ, არა სადა დავარდეს.“

ხატი ქალაქის კარიბჭეზე დაასვენა, რომ ყველას, ვინც კი იქ გაივლიდა, თაყვანი ეცა უფლის ხატისათვის. კარიბჭეზე ხატი 200 წელიწადი ესვენა.

ავგაროზის ერთ-ერთი მემკვიდრის დროს, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა, პირი ღმრთის ხატი, უფლის ნებით, საიდუმლოდ დაკრძალეს ქალაქის კედელში (ზოგი ვერსიით თვით ეკლესიის გალავანში). ხატს წინ კელაპტარი დაუნთეს და აგურებით ამოაშენეს. ასე იმყოფებოდა იგი თითქმის 400 წელიწადი.

539 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე ხოსროს ჯარი ქალაქ ედესიას გარს შემოეწყო, ქალაქის ეპისკოპოსმა, ევლავიოსმა სიზმარში უფლის მინიშნებით ის ადგილი ნახა, სადაც პირი ღმრთის ხატი იყო დასვენებული. მაშინ დიდი ლოცვით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულმოქმედი ხატი, რომლის წინაც ისევ სასწაულებრივად ენთო 400 წლის წინათ ანთებული კელაპტარი. ხატი ჯვრისებურად სამჯერ შემოატარეს ქალაქს. ამ დროს სპარსელების ბანაკში რაღაც არეულობა მოხდა და გაეცალნენ ქალაქს. ასე იხსნა უფლის ხელთუქმნელმა ხატმა ედეს-ქალაქი სპარსელებისაგან.

ამ ამბის შემდეგ 100 წელიც არ იყო გასული, რომ ედესიას ახლა არაბები შემოესივნენ. ბერძნებმა განდევნეს ისინი და პირი ღმრთის ხატი კონსტანტინოპოლში წმ. სოფიის ტაძარში გადაასვენეს 16 (29) აგვისტოს (ძველი სტილით 16, ხოლო ახალი სტილით კი 29 აგვისტოს).

წყარო

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები