ანწუხის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანწუხის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია.

არ არის ცნობილი მისი წარმოქმნის ან გაუქმების დრო. წუქეთსა და დიდოეთს შორის მდებარე ანწუხი ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა (ამჟამად ანწუხის სახელწოდების მქონე დაბა შედის დაღესტნის თლიარათის რაიონში, რ.ფ.). ანწუხები ხუნძთა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ (პირიქითა ლეკები) და ადგილობრივ ენაზე მათ ანცუს უწოდებენ (აქედან მომდინარეობს ქართ. „ანწუხი“). ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გაქრისტიანება, სავარაუდოდ, X ს-იდან იწყება. ეს მხარე შევიდა მცხეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში (პოლიტ. და ადმინ. გაერთიანებულ ქართულ მონარქიაში). ცნობა ანწუხის ეპარქიის შესახებ გვხვდება ე.წ. მაღალაშვილისეული სახარების 1310 წ. ანდერძ-მინაწერში, რომელიც ეკუთვნის მთავარეპისკოპოს კირილე დონაურს: „ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩუენმან ექ(უ)თიმე მოიხილა კახეთს ანწუხისა საეპისკოპოზო(ჲ) და მიერითგან გარდმოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი: კასრი სამებისა(ჲ), ყუმი ღმრთისმშობლისა(ჲ)... კუალად საყდარნი ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჯ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხახ-მამრეხისა და ყოვლისა ვაკისა, ესე იგი არს ძუელისა მოვაკანისა და გლისენისა(ნი), ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალაზნისა, და ამან სანატრელმან ექუთიმე მიბრძანა ქურმუხისა მთავარეპისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარსა კგრილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეული-ათვის ეკლესიისა...“ საბუთში ნახსენები პატრიარქი ექუთიმე არის გიორგი V-ის დროინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ექვთიმე (ეფთჳმე) III. (დაახლ. XIV ს. 10-იანი წლებიდან 30-იანი წლების II ნახევრამდე), რომელიც სამეფო ხელისუფლებასთან ერთად ენერგიულად იბრძოდა მონღოლთა ბატონობის შედეგად მორღვეული სახელმწიფოებრივი და საეკლესიო წესრიგის აღდგენისათვის. გიორგი V ბრწყინვალემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ქართული სახელმწიფოებრივი წყობილების განმტკიცებას საქართველოს მთაში, სადაც მდგომარეობა, როგორც ჩანს, განსაკუთრებით რთული იყო. სავარაუდოდ, იმავე მიზნით მოიარა უფრო ადრე ეს მხარე პატრიარქმა ექვთიმემ. იმავე სახარების მეორე ანდერძ-მინაწერი (1333) ხაზს უსვამს გიორგი V ბრწყინვალის დამსახურებას მთაში ქრისტიანობის განტკიცების საქმეში: „ღმერთმან წარუმართნეს უძლეველსა მეფესა გიორგი ბრწყინვალესა, რომლისა მეოხებითა უმეტესად განძლიერ და ქრისტიანობაჲ მთეულთა შორის და კუალად განმტკიცდა ერთობაჲ საქართველოსა შინა.“ ანწუხის ეპარქიაც „მთეულთა“, ანუ მთის ეპარქიათა, რიცხვში შედიოდა და საფიქრებელია, რომ მის სამღვდელოებას მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებოდა ქრისტიანული ცხოვრების წესის აღდგენის საქმეში. ანდერძ-მინაწერიდან არ ჩანს, თუ ვინ იყო პატრიარქ ექვთიმეს მთაში მოგზაურობის დროს ანწუხელი მღვდელმთავარი (კირილე დონაური ქურმუხელად მოიხსენიებს საკუთარ თავს), მაგრამ ფაქტია, რომ ეპარქია ამ დროს მოქმედია და ის კახეთის ეპარქიათა რიცხვში შედიოდა.

მ. შაორშაძე

ლიტერატურა

პაპუაშვილი თ., საინგილოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 2008.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები