ანჯაფარიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძე - (12.1V.1928, ქუთაისი, – 12. IV. 1997, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი) საქართველოს (1961) და სსრკ (1966) სახალხო არტისტი. ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1971).

1952 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ დ. ანდღულაძის კლასი). 1952-59 და 1970-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტი იყო (1979-82 – თეატრის დირექტორი). 1959-70 წარმატებით გამოდიოდა სსრკ დიდი თეატრის სცენაზე. 1972-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1976-იდან თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრის გამგე, პროფესორი (1983).

იგი გამოირჩეოდა სასიამოვნო ტემბრის ხმით, უშუალობით, მაღალი არტისტიზმით, ვოკალურ-სცენური ოსტატობითა და ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობით. იგი ქართველი ხალხის საყვარელი მომღერალია. ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე შეასრულა ლირიულ-დრამატული ტენორის ყველა წამყვანი პარტია ქართული და უცხოური რეპერტუარიდან: აბესალომი, მალხაზი, რატი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), მინდია (თაქთაქიშვილის „მინდია“), ბაში-აჩუკი (კერესელიძის „ბაში-აჩუკი“), ბერდო (ლაღიძის „ლელა“), მოხუცი (ყანჩელის „და არს მუსიკა“), გერმანი, ვოდემონი (ჩაიკოვსვის „პიკის ქალი“, „იოლანტა“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი, ოტელო (ვერდის „აიდა“, „დონ-კარლოსი“, „რიგოლეტო“, „ოტელო“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“) და სხვ.

ვრცელი კამერული და საოპერო რეპერტუარით შემოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. 1964 წ. წარმატებით შეასრულა გერმანის პარტია (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) მილანის თეატრის „ლა სკალას“ სცენაზე, სსრკ დიდი თეატრის გასტროლების დროს. არაერთი ქართული ოპერა დადგა თბილისის და ქუთაისის ოპერის თეატრებში. ანჯაფარიძემ სანიმუშოდ გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში „პიკის ქალი“ და „იოლანტა“ (მიენიჭა სპეციალური პრმია). დაკრძალულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში. (ა. წულუკიძე)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ზურაბ ანჯაფარიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები