აჟაჰარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ჟაჰარა (აფხ. Ажьаҳара) – ფუძის ანგელოზი, ოჯახისა და მისი გამრავლების მფარველი სული, რომლის სახელზე რამდენიმე შემთხვევაში ლოცულობდნენ.

ქორწილიდან ორი კვირის შემდეგ აფხაზებში ცნობილი იყო ე.წ. აფნიდუნაგარას ანუ ახალრძლის დიდ (ძირითად) სახლში შეყვანის წესი (მანამდე ახალდაქორწინებულები მათთვის განკუთვნილ ნაგებობაში, "ამჰარაში", ცხოვრობდნენ).

აღნიშნული რიტუალის შესრულებამდე პატარძალს ეკრძალებოდა ძირითად საცხოვრისში შესვლა; საამდღისოდ ოჯახი გამოაწყობდა მდიდრულ სუფრას და თავს ზემოთ გადაჯვარედინებულ ხანჯლებქვეშ სახლში შეჰყავდათ; შესასვლელთან ქალს მამამთილი ან გვარში უფროსი მამაკაცი შეხვდებოდა შამფურზე წამოცმული საქონლის გულ-ღვიძლითა და ჭიქა ღვინით და აჟაჰარას შესთხოვდა მიეღო ოჯახის ახალი წევრი, დაელოცა და გაემრავლებია იგი. ამ ინკორპორაციული ხასიათის რიტუალის შემდეგ პატარძალი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა და შეეძლო მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს შესულიყო მთავარ საცხოვრებელში ან, თუ ამის საშუალება იყო, ქმართან ერთად ღამეც იქ გაეთია.

პირველი მშობიარობის შემდეგ ქალი თავისი მშობლების ოჯახში მიდიოდა და იქ ლოცულობდა აჟაჰარას სახელზე: მსხვერპლად სწირავდნენ დაკოდილ თხას და კვერებს, ე.წ. აკვაკვარებს; უფროსი მამაკაცი მიმართავდა აჟაჰარას: „ჩვენი წინაპრების მსგავსად, გწირავთ რა მსხვერპლს, უმორჩილესად გთხოვთ, გადაწყვიტო მისი ამ ოჯახიდან გასვლა და ქმრის ოჯახში დამკვიდრება, დალოცე და მიანიჭე შვილიერება“. უშვილობის ან ბავშვის სიკვდილიანობის შემთხვევაში აჟაჰარას სახელზე კვლავ მშობლების ოჯახში ლოცულობდნენ.

ტერმინი აჟაჰარა ნ. ჯანაშიამ კომპოზიტად მიიჩნია და მისი პირველი ელემენტი ა-ჟ სავსებით სწორად დაუკავშირა აფხაზურში „ხორცის“ (იგულისხმება სხეულის ხორცი და არა საჭმელი) აღმნიშვნელ ცნებას (პირველი საფეხურის ნათესაობის ანუ „სისხლით ნათესაობის“ გამოსახატავად აბაზურ-აფხაზურში გამოიყენება სწორედ ხორცის აღმნიშვნელი სიტყვის ძირი); რაც შეეხება ტერმინის მეორე – აჰარა სეგმენტს, იგი აიჰარადან „მეტი“ მომდინარედ ჩათვალა და აჟაჰარა გაშიფრა როგორც „გვარის (ხორცის) ზრდა“. აღნიშნული ტერმინის ასეთ გააზრებაში ეჭვი შეაქვს ქ. ლომთათიძეს, რომელიც შესაძლებლად თვლის -აჰა ელემენტის დაკავშირებას "მთავრის" და "შეძენის" ფუძეებთან.


ლიტერატურა

  • С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Ш. Д. Инал-Ипа. Очерки по истории брака и семьи у абхазов. Сух., 1954;
  • ქ. ლომთათიძე. ნათესაური ურთიერთობის განსაზღვრის საფუძველი ენობრივ მონაცემთა მიხედვით // მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1983. №3.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები