აჟდაჰაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჟდაჰაკ-ი (სომხ. Աժդահակ ← ირან. აჟი დაჰაკა – „გველეშაპი“) – ურჩხული (ვიშაპი) სომხურ მითოლოგიაში. ეპოსში („ვიპასანკი“) იგი მარების (მიდიელების) მეფე (იგულისხმება მიდიის მეფე ასტიაგი) და სომეხთა მეფის, ტიგრანის, ანტაგონისტია; უფრთხის რა ტიგრანს, მის მოკვლას განიზრახავს; ტიგრანის დაზე – ტიგრანუიზე – იმ მიზნით ქორწინდება, რომ ცოლი ძმის წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ აჟდაჰაკის განზრახვის თაობაზე ქალი ტიგრანს ამცნობს; ტიგრანი კლავს აჟდაჰაკს, დაიხსნის თავის დას, ატყვევებს მარების მეფის პირველ ცოლს – ანუიშს – და მრავალ მარს, რომლებსაც სომხეთში, მასისის აღმოსავლეთით დაასახლებს (ხალხური ეტიმოლოგიით, მარი „გველს“, „ვიშაპს“ ნიშნავს, ამიტომ ანუიშს „ვიშაპთა დედას“ უწოდებენ). მართალია, გადმოცემა ისტორიულ ვითარებას ასახავს (ტიგრან მეორის მიერ მიდიის დედაქლაქის – ეკბატანის – აღება, სომხეთის მოკავშირის, მცირე მიდიის მეფის ქორწინება ტიგრანის ქალიშვილზე და სხვ.), მაგრამ მასში ჩართულია მითოლოგიური მასალაც: მოქმედი პირები წარმოადგენენ როგორც ადამიანებს, ისე ვიშაპებს. მითოლოგიური პერსონაჟია თვით აჟდაჰაკი. „ჭექა-ქუხილის“ მითებში ქუხილის ურჩხული ატყვევებს ღვთაების დას ან ცოლს. ამ როლებს ეპოსში აჟდაჰაკი, ტიგრანი და ტიგრანუი ასრულებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ სომხურ ლეგენდებში აჟდაჰაკის წინააღმდეგ, საფიქრებელია, თავდაპირველად ვაჰაგნი გამოდიოდა, რომელიც შემდგომში ტიგრანით შეუცვლიათ. სხვათა შორის ამ ფაქტშიც ხედავენ სომხეთში მეფეების გაღმერთების ერთ-ერთ დადასტურებას.


ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Арутюнян С. Б. Аждахак// Мифы народов мира. Т. I. М., 1980.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები